მირზა ნოზაძე: "ნამდვილად არ ვართ ჰესების აშენების წინააღმდეგი, მაგრამ თუ საჭირო გახდა, საპროტესტო ტალღას თბილისში გადმოვიტანთ"
ნინა გარდაფხაძე
(19.04.2021)


176-ე ღამეა რიონის ხეობის მცველები ცდილობენ კომპანია ,,ენკას“ ნამოხვანჰესის აშენების შესაძლებლობა არ მისცენ. პროტესტი ნელ-ნელა უფრო მასშტაბურ სახეს იღებს და პარალელურად ხელისუფლებას უწევს აღიარება, რომ მოლაპარაკებები აუცილებელია. 

მიუხედავად გრძელვადიანი პროტესტისა, მასშტაბურ აქციებამდე მთავრობა ამბობდა, რომ პროექტს პრობლემები არ გააჩნია არც უსაფრთხოების, არც მიწის გასხვისების ფორმის და არც ეკოლოგიის ნაწილში. ერთადერთი პრობლემა მოსახლეობის დაბალი ცნობიერება და არაინფორმირებულობა იყო. ტონი მხოლოდ ფართომასშტაბიანი აქციების შემდეგ შეიცვალა. რა იქნება შედეგი, ჯერ უცნობია.  პროტესტის მონაწილეები პრემიერის პასუხს ელიან. იქამდე კი კომპანია აგრძელებს მშენებლობისათვის მოსამზადებელ სამუშაოებს, მიუხედავად იმისა, რომ კომისია რომელიც ხელისუფლების ინიციატივით შეიქმნა, ჯერ კიდევ მსჯელობს რამდენად დასაბუთებულია ,,ენკას“ მიერ ჩატარებული კვლევები. 

გუმათში პროსტესტის მონაწილეების საბოლოო მოთხოვნა ,,ენკასთან“ კონტრაქტის შეწყვეტაა, რაც მთავრობისათვის ამ დრომდე წითელი ხაზია.  ,,ბიზნეს-რეზონანსი“ შეგახსენებთ რამდენიმე მაგალითს, როგორ მოშალა ინვესტორთან ხელშეკრულება ,,ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ სხვადასხვა მიზეზით და როგორ  გავიდნენ ისინი ქვეყნიდან. 

დავიწყოთ ენერგო დამოუკიდებლობისათვის ერთ-ერთ დიდ პროექტზე საუბრით:  118 000 ევრო არის თანხა, რომელსაც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო საერთაშორისო იურიდიულ კომპანია "ჰოუგან ლოველსს" ხუდონფესის ელექტროსადგურის პროექტზე, კომპანია "ტრანს ელექტრიკასთან" არსებული ხელშეკრულების პოტენციური მოშლის პირობების მოსამზადებლად გადაიხდის. ეს გადაწყვეტილება ქართულმა მხარემ გასული წლის მაისში მიიღო. მას შემდეგ, აღარ არის მეტი დეტალი ცნობილი და არც თავად ეკონომიკის სამინისტროს სსურს ისაუბროს რა ეტაპზეა ხელშეკრულების მოშლის პროცესი.პროექტის საინვესტიციო ღირებულება 1 მლრდ აშშ დოლარი იყო და 702-მეგავატიანი ელექტროსადგურის მშენებლობასთან დაკავშირებით პირველი მემორანდუმი 2011 წელს გაფრომდა. 

როგორც ,,ნამოხვანის“ შემთხვევაში იქაც არაერთ კერძო მესაკუთრეს უკვე გაყიდული ჰქონდა მიწა. რატომ გადაწყვიტა სახელმწიფომ ამ სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგურზე უარის თქმა და რა წილი იყო ამაში ადგილობრივი მოსახლეობის პროტესტისა, უცნობია. მთავრობის ეკონომიკური გუნდი და მათი სპიკერები დიდი ხანია აღარ ახსენებენ ხუდონს. 

თბილისის მერმა, მოსვლიდან სულ ცოტა ხანში, საქართველოდან გაუშვა ებრაული ,,სითი პარკი“. დავა, ამ დრომდე მიმდინარეობს და არ ვიცით რა შედეგით დასრულდება. მიზეზი მაშინ კომპანიის მხრიდან პირობების შეუსრულებლობა იყო, თუმცა თბილისის მცხოვრებთათვის კერძო კომპანიის სახელმწიფოთი ჩანაცვლების გარდა, არაფერი შეცვლილა. 

ასევე, ,,ქართული ოცნების“ ხელისუფლების დროს, კონტრაქტი შეწყდა საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე დიდ, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტზეც, სადაც ადგილობრივებისაგან კონსორციუმმა მიწა იმდენად მაღალ ფასად გამოისყიდა, რომ ამაზე მოარული ხმები და ლეგენდები დიდხანს დადიოდა. მთავრობამ კონტრაქტი გაწყვიტა, თუმცა ადგილობრივებისათვის მიწის დაბრუნება, ცხადია, არავის მოუთხოვია, რაზეც ხშირად აპელირებს ხელისუფლება რიონის ხეობის შემთხვევაში. ანაკლიის პორტის თემის განხილვა ერთ მასალაში შეუძლებელია, თუმცა ფაქტია, ქვეყნის ეკონომიკისათვის უმნიშვნელოვანესი პროექტი, გაურკვეველი ვადით გდაიდო.  კონსორციუმმა კი საქართველოს წინააღმდეგ საარბიტრაჟო დავა დაიწყო. 

,,ბიზნეს-რეზონანსი“ ნამოხვანჰესის წინააღდეგ მიმართული პროტესტის ერთ-ერთი ორგანიზატორს, მირზა ნოზაძეს ესაუბრა. 

,,ბიზნეს-რეზონანსი“: პირველ რიგში რა ეტაპზეა ახლა პროტესტი და მოლაპარაკება ხელისუფლებასთან?

მირზა ნოზაძე: ჩვენი ბოლო შეხვედრა იყო პრემიერის მიერ გამოგზავნილ წარმომადგენლებთან, სადაც ორივე მხარემ დაუშვა შესაძლებლობა რომ ჰესი აპრიორი არ აშენდება და ეს გახდება მსჯელობის საგანი. ისინი ამაზე პირველად დაგვთანხმდნენ. აქამდე, მსგავსი არაფერი ყოფილა. ხელისუფლება ყოველთვის ამბობდა, რომ დისკუსიისთვის მზადაა, მაგრამ ჰესი უნდა აშენდეს. ასეთ შემთხვევაში რა აზრი აქვს  დისკუსიას? 

ახლა ეს ტონი შეცვლილია და ითქვა, რომ თუ ხელშეკრულება არის ანტისახელმწიფოებრივი, ჰესი არ აშენდება. ასეთი იყო ხელისუფლების მხარის პოზიცია. ეს ჩვენ პირველად მოვისმინეთ მათგან. იმისთვის, რომ დიალოგი დაიწყოს უნდა შესრულდეს რამდნიმე მოთხოვნა, რაც უბრალოდ აუცილებელია. შემდეგ უკვე დიალოგის შედეგად უნდა გადაწყდეს აშენდება თუ არა ჰიდროელექტროსადგური. სამივე მოთხოვნა, რომელიც მოლაპარაკებების წინ დავაყენეთ, არის ამ დაშვებაზე დაფუძნებული. 

,,ბიზნეს-რეზონანსი“: რა არის მთავარი წითელი ხაზი, რის გამოც მიიჩნევთ, რომ ჰესი არ უნდა აშენდეს?

მ.ნ: ჩვენ გვაქვს ბევრი არგუმენტი, რატომ  არ უნდა შენდეს ეს კონკრეტული პროექტი, ნამოხვანის ჰესების კასკადი. სულ ვიმეორებთ, რომ ნამდვილად არ ვართ ჰესების წინააღმდეგი, არ ვართ მოძრაობა - არა ჰესებს. ოღონდ გვაქვს კონკრეტული კითხვები და კონკრეტული პრობლემები, რომელსაც ვხედავთ. პირველი არის მიწის საკითხი, რაზეც ხელისუფლებას მხოლოდ ლოზუნგური პასუხები აქვს. არადა, ,,ენკასთან“ გაფორმებული ხელშეკრულების ქვეპუნქტებში ვხვდებით ისეთ დეტალებს, რაც მიუღებელია. კომპანიაზე გადაცემულია 610 ჰექტარი მიწა. აქედან 310 გადაეცა კერძო ინვესტორს პირდაპირი გაგებით მუდმივ სარგებლობაში, დანარჩენი 300 ჰექტარი კი გადაცემულია 99 წლის ვადით. ხელშკრულების მიხედვით, რაჭა-ლეჩხუმსა და იმერეთში, თუ კომპანია დაასაბუთებს რომ სჭირდება ესა თუ ის მიწის ნაკვეთი, მათ შორის კერძო მესაკუთრის ეზო და სახლიც კი, ხელისუფლება ვალდებულია გადასცეს აღნიშნული ექსპროპრიაციის მეთოდით. 

ეს არის ძალაინ მცირე ჩამონათვალი. ამის გარდა დარღვეულია უსაფრთხოებისა და ეკოლოგიის უამრავი ნიუანსი. არ ვამბობთ, რომ ჩვენი პოზიცია არის ჭეშმარიტება, მაგრამ ყველა დეტალზე უნდა ვიმსჯელოთ და იქამდე მშენებლობაზე უნდა გამოცხადდეს მორატორიუმი. 

,,ბიზნეს-რეზონანსი“: რა არის სამომავლო გეგმა თუ ხელისუფლება არ გაითვალისწინებს თქვენს მიერ დაყენებულ მოთხოვნებს? 

მ.ნ: ჩვენ გამიზნულად ვდგავართ იქ, სადაც ხელისუფლებას და კომპნიას ვუქმნით დისკომფორტს. სხვა გზა რომ არ არის, დაგვანახა გამოცდილებამ და პრაქტიკამ. შუახევის ჰესების კასკადთან დაკავშირებით მოსახლეობამ აირჩია სამართლებრივი გზა და ხელისუფლებამ ისე ააშენა ჰესი, რომ დავა ჯერ კიდევ მიმდინარეობს. ამიტომ, თუ ხელისუფლება არ ხედავს ხალხში დიდ ძალას და მას პროტესტი ყელში არ გაეჩხირა, არ აქვს მნიშვნელობა რამდენხანს გაგრძელდება მცირე ჯგუფების აქციები. 

ბევრი გვეუბნება, რომ თბილისში უნდა გადმოვიდეს პროტესტი და უფრო აქტიური პროტესტია საჭირო. რაც მეტად გვესმის ეს შეძახილები, უფრო ფრთხილები ვართ და ვერიდებით პროცესის ესკალაციას. თუ ხელისუფლება განაგრძობს პროტესტის უგულებელყოფას, აქციები ცხადია გაგრძელდება დედაქალაქშიც და ამაზე პასუხისმგებელი სრულად იქნება ხელისუფლება და არა ჩვენ.

რესპონდენტის მიერ ჩამოთვლილი არგუმენტები და პოზიცია, სრულად ვერ მოხვდა მასალაში. ,,რეზონანსი“ კვლავ გააგრძელებს თემის გაშუქებას და შეეცდება, შემოგთავაზოთ ყველა მხარის პოზიცია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე