„ოცნების" მიერ გამოქვეყნებული განცხადება აშშ-ის მიმართ, აშკარად გამლანძღველი ფორმულირებითაა შედგენილი. მე ვეთანხმები ოპოზიციის აზრს, რომ ხელისუფლება აშშ-სთან ვა-ბანკზე მიდის, მაგრამ თვითონ ქართული ოპოზიცია არამდგრადია", - აცხადებს პოლიტოლოგი იგორ კვესელავა, რომელსაც „რეზონანსი" მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე ესაუბრა.
„ამერიკას და ევროპას ისტორიულად უნდოდათ და ახლაც სურთ ურთიერთობა სამხრეთ კავკასიასთან და ამ შემთხვევაში საქართველოსთან. სხვადასხვა მთავრობების დროს ეს დადებითად აისახებოდა პოლიტიკურ, ეკონომიკურ, კულტურულ და სოციალურ სიტუაციაზე. მთავრობა, რომელიც ამჟამად საქართველოს განაგებს, როგორც ჩანს, მხოლოდ თავისი გზით მიდის. ჩვენ არ ვიცით, ეს რა გზაა - დასავლური, აზიური თუ სხვა. ეს ძალიან ჰგავს მიწასა და ცას შორის გამოკიდებულ ადამიანს. ვერ გავიგე, სად მივდივართ, რას ვაკეთებთ, რა იდეოლოგია გვაქვს და შესაბამისად, რა ტაქტიკა გვაქვს გამომუშავებული.
„განცხადება, რომელსაც დიდი ქვეყანა აკეთებს, რჩევაა. საუბარია უზარმაზარ ქვეყანაზე, რომელსაც თავის დროზე საქართველოსთვის მილიარდობით თანხა აქვს გამოყოფილი. როგორც ევროპას, ისე ამერიკას დიდი დახმარება აქვს ჩვენთვის გაწეული. ის, რაც საქართველოში გაკეთდა ყველა მიმართულებით, მათი დამსახურებაა. ახლა ამ ხელისუფლებას გზა არ აქვს და არ იცის, მარჯვნივ წავიდეს, მარცხნივ თუ პირდაპირ.
„წერილი აშკარად შედგენილია გალმანძღველი ფორმულირებებით. ამერიკა შედარებით ახალგაზრდა ქვეყანაა, მაგრამ პოლიტიკური გამოცდილება დიდი აქვს და იცის ქიციც და ქიცმაცურიც. ჩვენი მთავრობა, რომელიც უმძიმეს მდგომარეობაშია, ასე არ უნდა პასუხობდეს. ამათ პარლამენტში პოლიტიკურად მოაზროვნე ერთი ადამიანიც კი არ ჰყავთ, რომელიც ეტყოდა, რომ ეს არასწორია.
„ქართული ოცნების" ქმედება ნიშნავს იმას, რომ პატარა ქვეყანა დიდ სახელმწიფოს უთვლის, თქვენ უნდა გაითვალისწინოთ ჩვენი აზრი. თითქოს საქართველო ეხმარებოდეს ამერიკას და ვითომ მათ ჩვენი დაკარგვის ეშინიათ, ვაი თუ დავკარგავთ დავიღუპებითო. ეს უბედურებაა. ცნობილი იგავია - გეგმი ზღვაში დგას, ამ დროს პატარა ნავი მოდის და ამ გემს ეჯახება, შეხედეს გემს და არაფერი ემართება, ეკითხებიან, რა არის ესო? მე კარგად ვიცი, რომ არაფერი გამოვა, მაგრამ დიდ გემთან მებრძოლს შემარქმევენო. ზუსტად ასეა საქართველო. ის უზარმაზარ ხომალდს ებრძვის, რომ თქვან, აი, საქართველო დიდ სახელმწიფოსთან მებრძოლიაო. შედეგი ნულია. მე მთავრობას ვურჩევ, პოლიტიკურად გაიაზრეთ, როგორ უნდა მართოთ ქვეყანა, ვისთან უნდა გქონდეთ ურთიერთობები. ურთიერთობები არ არის პერანგი, რომ ასე ხშირად იცვალო. ქვეყნებს შორის ურთიერთობების ხშირ ცვლას უბედურებები მოაქვს."
იგორ კვესელავამ ყურადღება ოპოზიციაზეც გაამახვილა და თქვა, რომ მას „ლოზუნგური პოლიტიკა" აქვს, რომელიც რეალურ შედეგს ვერ დადებს.
„მე ვეთანხმები ოპოზიციის აზრს, რომ „ქართული ოცნება" ამერიკასთან ვა-ბანკზე მიდის, მაგრამ თვითონ ქართული ოპოზიცია არამდგრადია. მას ერთი პოლიტიკური მიზანი არ აქვს და შესაბამისად ერთი ამოცანა, როგორ და საით უნდა წავიდეს ქვეყანა. მარტო ევროპა-ამერიკის ძახილი საკმარისი არაა. მე მინდა ოპოზიცია ამ ლოზუნგების დონეს აცდეს და უფრო სერიოზულ, პოლიტიკურ ჩამოყალიბებულ მუშაობაზე გადავიდეს. ოპოზიციას ეს ლოზუნგური პოლიტიკა არ გამოადგება, რადგან ეს არ იმარჯვებს."
იგორ კვესელავამ რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკაბების შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ თუკი შეთანხმება ვერ შედგა, ძალიან მძიმე პროცესები დაიწყება.
„თუკი ვერ შედგა მოლაპარაკება რუსეთსა და უკრაინას შორის, უმძიმეს პროცესებს უნდა ველოდოთ. საერთოდ, გულახდილად რომ გითხრათ, უკრაინის ბედს წყვეტს ამერიკა და რუსეთი და არ შეიძლება რომელიმე ერთმა ქვეყანამ გაიმარჯვოს. შუალედური გადაწყვეტილება უნდა მიიღონ. როცა გერმანიასთან ომი დასრულდა, იქაც დიდმა ქვეყნებმა გადაწყვიტეს - ამერიკამ და ბრიტანეთმა. მაშინ გერმანიას ამას არც ეკითხებოდნენ. ახლა ის დრო არაა, უკრაინას საერთოდ არ შეეკითხონ, თუმცა მაინც ძირითადად, დიდი სახელმწიფოები წყვეტენ. მე ადრეც ვთქვი, უკრაინით დაინტერესებულია ყველა, რადგან ის არის ევროპაში ერთ-ერთი უმდიდრესი ქვეყანა. ეს შეიძლება ლამაზ ქალს შევადაროთ, რომლისთვისაც ბრძოლა მიდის. რა თქმა უნდა, უკრაინამ რაღაც უნდა დათმოს, ისე შეუძლებელია. მე არ მინდა, რომ უკრაინა შუაზე გაიხლიჩოს - ერთი ნაწილი, რომელიც დაავლეთის და ამერიკის იქნება და მეორე, აღმოსაღვლეთ უკრაინა, რომელიც რუსეთის იქნება. ამის სურვილი არ მაქვს, არც უკრაინას, მაგრამ ეს რუსეთს უნდა და, სხვათაშორის, ამერიკასაც", - განაცხადა იგორ კვესელავამ „რეზონანსთან".
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე