ევროსაბჭოსთან, რომელიც საქართველოს დელეგაციამ პროტესტის ნიშნად იანვარში დატოვა, ურთიერთობები მას შემდეგ ცოტა დათბა, თუმცა მისი გენმდივნის ბოლო განცხადება ყველაფერ ამას ხაზს უსვამს და სიტუაციას ისევ კონფრონტაციის რეჟიმში აბრუნებს. არადა, ორიოდე დღის წინ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ამავე ორგანიზაციის პრეზიდენტს საკმაოდ კონსტუქციულ კონტექსტში შეხვდა, რაც ერთგვარი ფრთხილი ოპტიმიზმის საფუძველს იძლეოდა.
ლუქსემბურგში 13-14 მაისის ევროპის საბჭოს მინისტერიალის ფარგლებში, სადაც საგარეო უწყების ხელმძღვანელი მაკა ბოჭორიშვილიც იღებდა მონაწილოებას, გემდივან ალან ბერსეს საკმაოდ კრიტიკული გზავნილები ჰქონდა საქართველოს ხელისუფლების მისამართით. მისი თქმით, ამ მხრივ მომავალი 12 თვე იქნება გადამწყვეტი. ბერსე ხაზს უსვამს რეფორმების, კანონის უზენაესობას და დემოკრატიული განვითარების აუცილებლობას.
აღსანიშნავია, რომ ალან ბერსეს ვიზიტი თბილისში გასული წლის დეკემბერში დიდი სკანდალის მიზეზი გახდა. ოპოზიციამ მიიჩნია, რომ ეს ვიზიტი ოქტომბრის არჩევნების ლეგიტიმაციას ახდენდა, და ზოგიერთმა პოლიტიკოსმა ბერსეს ბოიკოტი გამოუცხადა.
თავის მხრივ, ბოჭორიშვილმა სესიაზე სიტყვით გამოსვლისას თქვა, რომ ქვეყანას „თვალსაჩინო პროგრესი აქვს, რაც საერთაშორისო რეიტინგებში აისახება", თუმცა პარტნიორების მხრიდან უსამართლო დამოკიდებულებასა და ორმაგ სტანდარტებს აწყდება.
მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალიას განცხადებით, ევროსაბჭოს მინისტერიალზე საქართველოს მონაწილეობა იმის ხაზგასმაა, რომ ქვეყანა აგრძელებს ამ ორგანიზაციასთან თანამშრომლობას.
„როგორც ჩანს, 12 თვე ნიშნავს იმას, რომ მაინც ელოდებიან, საქართველოს ხელისუფლება იმ მოთხოვნებს და დათქმებს შეასრულებს, რაც იყო მოცემული ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ბოლო რეზოლუციაში - მათ შორის ხელახალ საპარლამენტო არჩევნებსა და პატიმრების გათავისუფლებას. სხვა ახსნა არ შეიძლება ჰქონდეს. დათქმა, რაც შალვა პაპუაშვილმა მიიღო ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტისგან, რომ იანვარში საქართველოს დელეგაცია სტრასბურგში დაბრუნდება, როგორც ჩანს, უკავშირდება ამ მოთხოვნების შესრულებას",- განაცხადა „რეზონანსთან" ანალიტიკოსმა ზაალ ანჯაფარიძემ.
მანამდე, 12 მაისს, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ბუდაპეშტში ევრსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტ თეოდოროს რუსოპულოსს შეხვდა, პარალამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, „პაპუაშვილმა საქართველოში არსებულ ვითარებაზე ისაუბრა და მიმოიხილა ადგილობრივი არჩევნებისთვის მომზადების პროცესი. მხარეებმა, ასევე, განიხილეს ის ფაქტი, რომ დღესდღეობით ასამბლეაში საქართველოს პარლამენტს დელეგაცია არ ჰყავს. ამ კუთხით, შალვა პაპუაშვილმა ყურადღება გაამახვილა პასე-ს მიერ იანვარში მიღებულ რეზოლუციაზე, რომელმაც პარლამენტის წევრებს დელეგაციის დატოვებისკენ უბიძგა.
„შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ საქართველო ევროპის საბჭოს ძირითადი პრინციპებისა და ღირებულებების ერთგული რჩება. აღნიშნა, რომ ხალხი არჩევანის პატივისცემა დემოკრატიის ქვაკუთხედია და ამ პრინციპის უპატივცემულობა მიუღებელია. მხარეებმა გამოხატეს კონსტრუქციული დიალოგის გაგრძელების მზაობა", - წერია ინფორმაციაში.
ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ გაურკვეველია, ბერსემ გზავნილი რატომ გაამკაცრა.
„ალან ბერსემ გზავნილი რატომ გაამკაცრა, ცოტა გაურკვეველია, როცა მას ადრე საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან კომუნიკაცია ჰქონდა და თითქოს შეთანხმდნენ იმაზე, რომ ყველა ისეთი საჭოჭმანო საკითხი, რაც გაუგებრობას და პოლიტიკურ ნევრალგიას იწვევს ევროსაბჭოში, ერთობლივად გადაეწყვიტათ.
„ევროსაბჭოს გენმდივანი დემოკრატიის უკუსვლაზე საუბრობს მაშინ, როდესაც ყველა საერთაშორისო რეიტინგებში საქართველო უსწრებს ძალიან ბევრ ქვეყანას, მათ შორის ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს და ევროსაბჭოს წარმომადგენლები საქართველოს კონკრეტულად რას ედავებიან, ალბათ ეს კონტაქტების დროს უნდა დაკორექტირდეს. რა გამოდის, რომ მარტო ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებებს და დასკვნებს ეყრდნობიან, ადგილობრივი ოპოზიციის პოლიტიკური ნარატივებს, თუ ამის იქითაც იხედებიან, ეს ცოტა გაურკვეველია და შესაბამისად, ტონალობის მკვეთრი ცვლილება ჩემთვის პირადად, ცოტა არ იყოს, გაუგებარია", - განაცხადა ანჯაფარიძემ.
პრესკონფერენციაზე საქართველოს მისამართით იმედგაცრუება გამოხატა ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრმა ქსავიერ ბეტელმაც, რომელიც, ბოლო 6 თვის მანძილზე, ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის მორიგე თავმჯდომარის ფუნქციას ასრულებდა. 14 მაისს ლუქსემბურგმა ეს ფუნქცია, როტაციით, მალტას გადააბარა.
„ძალიან გულწრფელად ვუთხარი ქართულ მხარეს, რომ ეს ჩემთვის ერთ-ერთი უდიდესი იმედგაცრუებაა, იმ დღეს, როდესაც გადავწყვიტეთ, რომ მათ ევროპული მომავალი უნდა ჰქონდეთ, მათ უკუმიმართულებით წასვლა გადაწყვიტეს. და ეს რთულია, ვინაიდან საქმე ეხება ჟურნალისტებს, ხალხს, უმცირესობებს - იმ ყველაფერს, რასაც თვეები და წლებია ამბობდნენ, რომ ევროპასთან დაახლოება სურთ. და იმ დღეს, როდესაც ვთქვით, რომ „მოდით, თაფლობის თვე დავიწყოთ", მათ გაყრის პროცედურა დაიწყეს. ასე რომ, ეს რთულია. მათთან გულწრფელები უნდა ვიყოთ და ვუთხრათ, რომ არასწორი მიმართულებით თუ წავლენ - ევროპულ მომავალს უფრო დაშორდებიან, ვიდრე ეს გასულ წელს იყო", - ასე უპასუხა ქსავიერ ბეტელმა საქართველოსთან დაკავშირებულ კითხვას.
„მიუხედავად უსაფრთხოების სერიოზული გამოწვევებისა, ბოლო ათწლეულის განმავლობაში, განსაკუთრებით ევროინტეგრაციის პროცესში გატარებული რეფორმების შედეგად, საქართველომ მოახერხა რეგიონში ლიდერის პოზიციის დამკვიდრება სხვადასხვა მიმართულებით", - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტზე სიტყვით გამოსვლისას.
„ჩვენ გავაძლიერეთ კანონის უზენაესობა, დავამკვიდრეთ ადამიანის უფლებების დაცვის მაღალი სტანდარტები და შევქმენით ეფექტური მექანიზმები კორუფციასთან ბრძოლის წინააღმდეგ."
ბოჭორიშვილის თქმით, ეს ყველაფერი აისახება საერთაშორისო რეიტინგებში და დასტურდება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყეტილებებით.
„მიუხედავად ამ თვალსაჩინო პროგრესისა, საქართველოს მიმართ არასამართლიანი დამოკიდებულება და ორმაგი სტანდარტები, რომლებსაც ჩვენი პარტნიორების მხრიდან ვაწყდებით, წუხილს იწვევს და აზიანებს ნდობას. საერთაშორისო ინსტიტუტებმა უნდა წაახალისონ კონსტრუქციული თანამშრომლობა ურთიერთპატივისცემის საფუძველზე და უნდა აღკვეთონ მათი პოლიტიკური იარაღად გამოყენება", - თქვა მინისტრმა.
რაც შეეხება ალენ ბერსეს პოზიციას, მან პრესკონფერენციაზე ისაუბრა ქვეყანაში მიმდინარე ბოლო მოვლენებზე და საქართველოსთან თანამშრომლობაზე. როგორც ბერსემ აღნიშნა, ყველა მოვლენა, რაც ბოლო თვეებში ვიხილეთ, იყო ცუდი. ამასთან, მისი თქმით, სურს საქართველოსთან დიალოგის განახლება იმისთვის, რათა „ყველაფერზე ვილაპარაკოთ იმის ცოდნით, რომ ეს სწორი მიმართულებით არ მიდის".
„დეკემბერში ვიყავი საქართველოში, რათა წარმოდგენა შემექმნა ვითარებაზე. ვესაუბრე ყველა მხარესა და კონტაქტს საქართველოში. ზუსტად ისაა, რაც აქამდე ითქვა - 18 თვის წინ ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატის სტატუსი მიენიჭა საქართველოს. 18 თვის შემდეგ უნდა ვიცოდეთ, რომ ყველა მოვლენა, რაც ბოლო თვეებში ვიხილეთ, ცუდი იყო, კარგი მიმართულებით არ იყო.
„სწორედ ამიტომ, დეკემბერში ვცადე კონკრეტულად საქართველოსთან ერთად მუშაობა ღირებულებებისთვის, საჭირო რეფორმებისთვის, ვინაიდან, გვყავს თბილისში მომუშავე გუნდი, გვაქვს სამოქმედო გეგმა საქართველოსთან, რომლებიც სწორედ ამისთვის მუშაობენ - რომ მხარი დაუჭირონ საქართველოს მოსახლეობის ევროპულ მისწრაფებებს. სწორედ ამის გაკეთებას ვცდილობთ.
„კიდევ ერთი წარმატება იყო სამუშაო ჯგუფის შექმნის მცდელობა, რომელიც სხვადასხვა კანონებსა და შესწორებებზე იმუშავებდა, და გვსურს, რომ განვაახლოთ დიალოგი, ერთად ვიმუშაოთ, სტრუქტურული დიალოგი გვქონდეს, რათა ყველაფერზე ვილაპარაკოთ იმის ცოდნით, რომ ეს სწორი მიმართულებით არ მიდის.
„მტკიცედ მჯერა, რომ მომდევნო 12 თვე გადამწყვეტი იქნება იმ მხრივ, რომ დავინახოთ რა მიმართულებით არის შესაძლებელი მუშაობა და სიარული. საქართველო ევროპის საბჭოს წევრია. გვჭირდება ერთად მუშაობა. გვინდა, რომ განვითარება სწორი მიმართულებით იყოს, გვინდა მეტი საუბარი ღირებულებებისთვის, დემოკრატიისთვისა და კანონის უზენაესობისთვის. სწორედ ამას ვაკეთებთ სამოქმედო გეგმით, მაგრამ იმას ვგულისხმობ, რომ ახლა საკმაოდ მომთხოვნი და საკმაოდ შემაშფოთებელი ვითარებაა", - აღნიშნა ბერსემ.
იანვარში „ქართული ოცნების" გადაწყვეტილებით საქართველოს დელეგაციამ დატოვა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა, თუმცა საქართველო ევროპული საბჭოს წევრ ქვეყნად დარჩა. „ოცნების" წარმომადგენლების განცხადებით, მათთვის ის დათქმები, რომლებიც ევროსაბჭომ საქართველოს 29 იანვარს მიღებულ რეზოლუციაში დაუწესა, „უსამართლო და საფუძველმოკლებულია".
29 იანვარს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ კენჭისყრაზე მიიღო რეზოლუცია, რომელიც საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, 2025 წლის აპრილამდე გაათავისუფლოს პოლიტიკური პატიმრები და გამოაცხადოს ახალი საპარლამენტო არჩევნები. რეზოლუციის თანახმად, 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ განვითარებული მოვლენები - მათ შორის, შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების დარღვევა და ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების დარბევა - ევროსაბჭოში საქართველოს წევრობის ვალდებულებებს ეწინააღმდეგება.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე