პრემიერის ღია წერილის შემდეგ, პარლამენტმა განცხადება მიიღო
ნატალია ჯვარიძე
(14.05.2025)

 

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის მიერ მიღებული „მეგობარი აქტის" საპასუხოდ, საქართელოს პარლამენტმა 14 მაისს საგანგებო განცხადება მიიღო. პარლამენტი აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის მიერ მიღებულ აქტს საქართველოს სახელმწიფოს, ქართველი ხალხისა და მის მიერ არჩეული ხელისუფლების, მათ შორის საქართველოს პარლამენტის მიმართ უაღრესად მტრული აქტად აფასებს. ოპოზიცია კი „ოცნების" მხრიდან ამერიკასთან ვა-ბანკზე წასვლაზე საუბრობს.

„გაუგებარია კობახიძის წერილის დამატებით ვა-ბანკზე წასვლა რატომ არის, რადგან როგორც ჩანს, ბოიკოტის რეჟიმი დასავლეთმა არ მოხსნა და საქართველოს მიმართ ნაბიჯების გადმოდგმაში წინსვლა ამერიკისა და დასავლეთის მხრიდან არაა. თუ ამას ეს სახელი დაერქმევა, რომ ხელისუფლება აკეთებს რადიკალურს, რათა სიტუაცია შეიცვალოს, კი ბატონო, იყოს ვა-ბანკზე წასვლა", - განაცხადა ანალიტიკოსმა რამაზ საყვარელიძემ „რეზონანსთან".

ანალიტიკოს ვახტანგ ძაბირაძის შეფასებით კი, „ქართულ ოცნებას" აშშ-სთან ურთიერთობის დალაგების ყველა იმედი ამოეწურა და ახლა „გაღმა შედავების პრინციპით" მოქმედებს.

პასუხი „მეგობარი აქტზე"

პარლამენტის განცხადების პროექტის მიხედვით, „დიფ სთეითი" და მისი ინსტიტუტები საქართველოში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრას ცდილობდნენ. განცხადების ტექსტი 14 მაისის სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა პირადად წარმოადგინა.

განცხადების თანახმად, ე.წ. „მეგობარი აქტი" ეფუძნება სამ ძირითად ცრუ ბრალდებას: ა) საქართველოში აღინიშნება დემოკრატიის მნიშვნელოვანი უკუსვლა; ბ) საქართველოში აღინიშნება ხელისუფლების მიერ ევროატლანტიკური ინტეგრაციის დაბლოკვა; გ) საქართველო ამყარებს არასათანადო კავშირებს „რუსეთთან, ჩინეთსა და სხვა ავტორიტარულ რეჟიმებთან" (მოგვიანებით დაკონკრეტდა, რომ „სხვა ავტორიტარულ რეჟიმებში" ირანი იგულისხმება).

„ე.წ. „მეგობარი აქტი" საგანგებო ანალიზს არ საჭიროებს, რადგან მასში ერთი შეხედვითაც იკითხება მტრული სულისკვეთება საქართველოს, ქართველი ხალხისა და ქვეყნის ხელისუფლების მიმართ. აღსანიშნავია ისიც, რომ ეს აქტი ტექნიკურადაც კი გაუმართავია და არაერთ ფაქტობრივ შეცდომასა და ლოგიკურ წინააღმდეგობას შეიცავს.

„თუმცა საქართველოს პარლამენტს მიზანშეწონილად მიაჩნია, ე.წ. „მეგობარ აქტში" წარმოდგენილ თითოეულ ცრუ ბრალდებას ფაქტებზე დაყრდნობით გასცეს პასუხი:

„1. საქართველოში „მნიშვნელოვანი დემოკრატიული უკუსვლის" შესახებ ბრალდების მცდარობას უტყუარად ადასტურებს კონკრეტული ფაქტები და ის საერთაშორისო რეიტინგები, რომელთა თანახმად, საქართველომ 2012 წლის შემდეგ ყველა მიმართულებით ფუნდამენტური პროგრესი განიცადა; კერძოდ, ქვეყანაში 2012 წლის შემდეგ:

„- მიღებულ იქნა კონსტიტუცია, რომელიც სრულად შეესატყვისება უმაღლეს დემოკრატიულ სტანდარტებს და რომელმაც „დიპ სტეიტის" მიერ მართული სააკაშვილის რეჟიმის პროავტორიტარული კონსტიტუცია ჩაანაცვლა;

„- ორნახევარჯერ შემცირდა ციხეებში პატიმართა რაოდენობა, ხოლო ათჯერ - მათი სიკვდილიანობა. აღიკვეთა ხელისუფლების მიერ პატიმრების წამებისა და მათ მიმართ არაადამიანური მოპყრობის სისტემური პრაქტიკა, რომელიც „დიპ სტეიტის" მიერ მართული სააკაშვილის რეჟიმის ხელწერის ერთ-ერთი უმთავრესი შტრიხი იყო, რაც ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ აღიარა და დაადასტურა;

„- აღიკვეთა ბიზნესის რეკეტის სისტემური პრაქტიკა, რომელსაც „დიპ სტეიტის" მიერ მართული სააკაშვილის რეჟიმი ავტორიტარული მმართველობის ერთ-ერთ უმთავრეს ინსტრუმენტად იყენებდა. აღსანიშნავია, რომ ფრეიზერის ინსტიტუტის ეკონომიკური თავისუფლების მსოფლიო ინდექსში საქართველოს 25-ე ადგილი უკავია;

„- ჩამოყალიბდა მრავალფეროვანი მედიაგარემო უმაღლესი ხარისხის პლურალიზმით. თუ 2012 წლამდე „დიპ სტეიტის" მიერ მართულ სააკაშვილის რეჟიმს მედიასივრცე, პრაქტიკულად, სრულად ჰქონდა მონოპოლიზებული, დღეს საქართველოს შეუძლია, მედიის დამოუკიდებლობის თვალსაზრისით, აშშ-სა და ევროპის ქვეყნების უდიდეს უმრავლესობას მაგალითი მისცეს.

„- ჩამოყალიბდა დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა, რომელიც მანამდე სრულად ექვემდებარებოდა „დიპ სტეიტის" მიერ მართული სააკაშვილის რეჟიმის პოლიტიკურ კონტროლს.

„- საქართველოს ძლიერი, გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული სახელმწიფო ინსტიტუტები აქვს. კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით, იგი ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანაა.

„- საქართველოში სამართლიანი და დემოკრატიული არჩევნები იმართება. მიუხედავად იმისა, რომ 2020 და 2024 წლებში „დიპ სტეიტს" საპარლამენტო არჩევნების დელეგიტიმაციის მასშტაბური კამპანია წინასწარ ჰქონდა დაგეგმილი, ორივე არჩევნები იმდენად სამართლიანი იყო, რომ არსებითი დარღვევის ფაქტები და მტკიცებულებები ვერავინ წარმოადგინა.

„- სამოქალაქო თავისუფლების კუთხით არსებული 11-წლიანი პროგრესით საქართველოს მსოფლიოში მე-9 ადგილი.

„ყველა ეს ფაქტი უტყუარად ადასტურებს არა მხოლოდ საქართველოს მიერ 2012 წლის შემდეგ განცდილ ფუნდამენტურ დემოკრატიულ პროგრესს, არამედ იმასაც, რომ დღეს ის არის დემოკრატიული ქვეყანა, რომელიც მტკიცედ იცავს სამართლის უზენაესობას და ადამიანის ძირითად უფლებებსა და თავისუფლებებს.

„2. საქართველოს „ევროატლანტიკური ინტეგრაციის დაბლოკვის" შესახებ ბრალდების მცდარობას ასევე უტყუარად ადასტურებს კონკრეტული ფაქტები და მტკიცებულებები. 2017 წელს სწორედ მოქმედმა ხელისუფლებამ შეიტანა საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილება, რომლითაც ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია ქვეყნის ხელისუფლების ამოცანად განისაზღვრა, რასაც იმ დროს პარლამენტში წარმოდგენილმა არცერთმა ოპოზიციურმა პარტიამ მხარი არ დაუჭირა.

„3. ასევე სიცრუეს ეფუძნება ბრალდება საქართველოს მიერ რუსეთთან, ჩინეთსა და ირანთან არასათანადო კავშირების დამყარების შესახებ:

„- იმ ფონზე, როდესაც საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტი რუსეთის ფედერაციის მიერ არის ოკუპირებული, საქართველოს, ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროპის ქვეყნების უდიდესი უმრავლესობისგან განსხვავებით, რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობებიც კი არ აქვს.

„- საქართველოსა და ჩინეთს იმ დონის პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობები აქვთ, როგორიც ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ჩინეთს შორის არსებობს. საქართველოს პარლამენტი ყურადღებით აკვირდება პრეზიდენტ ტრამპის ოპტიმისტურ განცხადებებს ჩინეთთან თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ. ამ ფონზე სრულიად გაუგებარია აშშ-ის საყვედური საქართველოს მიმართ ჩინეთთან ურთიერთობებთან დაკავშირებით;

„- იგივე ითქმის საქართველოსა და ირანის ურთიერთობებზე, რომლებიც, სამწუხაროდ, იმ დონისაც კი არ არის, როგორიც ირანს რეგიონის სხვა ქვეყნებთან აქვს. აღსანიშნავია, რომ აშშ-ში ირანთან დაკავშირებით სპეკულაციების საბაბად იქცა საქართველოს პრემიერ-მინისტრის დასწრება ირანის პრეზიდენტის ინაუგურაციაზე, რომელშიც რეგიონის ყველა სახელმწიფოს უმაღლესი წარმომადგენელი მონაწილეობდა.

„ყველა ეს სიცრუე და უსამართლობა ადასტურებს, რომ ე. წ. „მეგობარი აქტი" საქართველოსადმი „დიპ სტეიტის" უხეში, მტრული დამოკიდებულებით არის ნაკარნახევი. ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესი, იმის ნაცვლად, რომ „დიპ სტეიტისგან" დამოუკიდებლად მოქმედებდეს და აშშ-ის ახალ ადმინისტრაციას წინა ადმინისტრაციის მიერ დაწესებული უსამართლო სანქციების გაუქმებას სთხოვდეს, პირიქით, მისგან ახალი სანქციების დაწესებასაც კი მოითხოვს.

„საქართველოს პარლამენტის შეფასებით, ქვეყნისადმი უხეშ, უსამართლო დამოკიდებულებასა და ორმაგ სტანდარტს შეიძლება ერთადერთი რამ განაპირობებდეს - „დიპ სტეიტმა" საქართველოს ვერ აპატია ის, რომ მისმა ხელისუფლებამ არ შეასრულა „დიპ სტეიტის" წარმომადგენლის მიერ ხელისუფლების უმაღლეს თანამდებობის პირებთან გამართულ შეხვედრებზე დაყენებული მოთხოვნა „მეორე ფრონტის გახსნის" თაობაზე.

„საქართველოს პარლამენტი გამოთქვამს იმედს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაცია „დიპ სტეიტს" წარმატებით შეასუსტებს, რის შედეგადაც აშშ-ის კონგრესი დაიბრუნებს ძველ დიდებასა და სახელს, რომელიც მას 200-წლიანი მოღვაწეობით ჰქონდა მოპოვებული.

„საქართველოს პარლამენტი გამოთქვამს მზადყოფნას, ითანამშრომლოს ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესთან ყველა საკითხზე, რომლებმაც შეიძლება საქართველოსა და აშშ-ის ურთიერთობების გაჯანსაღება უზრუნველყოს", - ნათქვამია განცხადებაში.

რაზე აქვს გათვლა „ოცნებას"

ოპოზიციაში მიიჩნევენ, რომ ეს განცხადება და ასევე 13 მაისს გამოქვეყნებული პრემიერ ირაკლი კობახიძის წერილი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსისასდმი, იმაზე მიუთითებს, რომ „ქართული ოცნება" აშშ-სთან ვა-ბანკზე მიდის. „კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ განაცხადა, რომ „ოცნებას" გააზრებულიც არ აქვს, თუ რა მძიმე შედეგებს მოუტანს ეს ხელისუფლებას.

„მე ვფიქრობ, უსამართლო რეჟიმი ძალიან სწრაფად დამარცხდება. იმაზე სწრაფად, ვიდრე გვგონია. ზოგადად, თუკი რამეში ვარ დარწმუნებული ამაში, რომ „ქართული ოცნება" როგორც რეჟიმი რაღაც გაწერილი გეგმით არასდროს დამარცხება. მსოფლიოში რეჟიმები ასე არასდროს მარცხდებიან. ასეთი რეჟიმი ყველასთვის მოულოდნელად ნარცხდებიან ძირს. ეს ბედი უცილებლად ეწვევა ივანიშვილს. ამ გზაზე დგას.

„ქართლმა ოცნებამ" ამერიკის შეერთებული შტატებისგან პასუხი მიიღო - სუფთა ფურცლიდან ურთიერთობების დაწყება შესაძლებელია ახალი არჩევნების ჩატარებით და არა მიტაცებული ძალაუფლების პირობებში. ეს მას უთხრეს როგორც ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, ასევე სხვა ამერიკელმა ბიუროკრატებმა. ივანიშვილმა ძალიან კარგად იცის, რა უნდა გააკეთოს იმისათვის, რომ ურთიერთობა სუფთა ფურცლიდან დაიწყოს ამერიკასთან, ამას სჭირდება ახალი არჩევნები, მაგრამ ამ ახალი არჩევნების ეშინია," - განაცხადა მელიამ.

რამაზ საყვარელიძის შეფასებით, „ქართული ოცნება" მხოლოდ გაფუჭებული ურთიერთობების გაჯანსაღებას ცდილობს და ეს არ შეიძლება შეფასდეს „ვა-ბაკზე წასვლად".

„თუკი შიდა ურთიერთობებზეა ლაპარაკი, მეეჭვება „ოცნებას" საიმისო გასაჭირი ჰქონდეს, რომ შიდა ურთიერთობებში მოსახლეობის მხარდაჭერისთვის დამატებითი მოძრაობების გაკეთება უნდოდეს. დამატებითს იმიტომ ვამბობ, რომ საკამოდ დიდი „შრომა" აქვს ჩადებული „ოცნების" რეიტინგის შენარჩუნებაში ოპოზიციას თავისი დაშვებულ შეცდომების ხარჯზე. ამიტომ ლაპარაკი იმაზე, რომ ხელისუფლება ვა-ბანკზე მიდის ძნელია, თუმცა ოპოზიცია ამას ამბობს.

„რაც შეეხება გარე მოხმარებას, ეს მისთვის აუცილებელი არაა, რადგან ვიცით ქვეყნები, რომლებიც იდეალურად იყვნენ სანქციებში გახვეულები, მაგრამ არ დაიხოცნენ. ამის კლასიკური მაგალითი ირანია. რა თქმა უნდა, დასავლეთის მხრიდან სანქციები უწესდება იმ ქვეყნებს, რომლებსაც ისინი არადასავლურად მიიჩნევენ და ამ მიმართულებით ხშირად დგამენ ნაბიჯებს. თუმცაღა, ვიმეორებ, ასეთი იზოლირებული ქვეყნები არიან და არ დაღუპულან.

„რასაკვირელია, სასურველია საქართველოს ყველასთან ინტენსიური ურთიერთობა ჰქონდეს და გამოცხადებულიც აქვს, რომ მისთვის არც ერთი ქვეყანა არაა მტერი, გარდა ოკუპანტისა. მითუმეტეს, საქართველოს გამოცხადებული აქვს ისიც, რომ იგი ცდილობს დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის ხიდი იყოს. თუ ამასობაში დასავლეთი აღმოსავლეთს გაებუტება, ხიდი ცალმხრივი გამოვა. ასე რომ, ამ მხრივ დასავლეთის ბოიკიტის ის სტილი, რომელიც აქამდე აქვს, წამგებიანია.

„გაუგებარია კობახიძის წერილის დამატებით ვა-ბანკი რატომ არის, რადგან, როგორც ჩანს, ბოიკოტის რეჟიმი დასავლეთმა არ მოხსნა, საქართველოს მიმართ ნაბიჯების გადმოდგმაში წინსვლა ამერიკისა და დასავლეთის მხრიდან არაა. თუ ამას დაერქმევა სახელი, რომ ხელისუფლება აკეთებს რადიკალურს, რათა სიტუაცია შეიცვალოს, კი, ბატონო", - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ.

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე კი კითხვაზე, მიდის თუ არა „ქართული ოცნება" აშშ-სთან ვა-ბანკზე, ამბობს:

„ირაკლი კობახიძის წერილის მერე შეიძლება ითქვას, რომ „ოცნებას" ყველანაირი ბერკეტი და იმედი ამოეწურა, რომ ამერიკასთან ურთიერთობა დაალაგოს. შესაბამისად, მას უბრალოდ მეტი გზა არ დარჩენია, რომ გაღმა შედავების პრინციპით იმოქმედოს.

„მათი მოთხოვნები კატეგორიული იქნება, თუმცა არ გამოვრიცხავ, რომ იქნება მცდელობა ამერიკის ხელისუფლებასთან კონტაქტები გამოძებნონ და რაღაც ურთიერთობა დაამყარონ, მაგრამ ოფიციალურად ჯერჯერობით „ქართულ ოცნებას" ის პოზიცია ექნება, რომ „მეგობარი აქტი" არის საქართველოს მიმართ მტრული აქტი და არა ხელისუფლების მიმართ", - განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ „რეზონანსთან".

მოსალოდნელი შედეგები

რამაზ საყვარელიძის აზრით, რთული წარმოსადგენია რაღა შეიძლება მოხდეს ამაზე უარესი, რაც დღესაა.

„ეს ნაბიჯი გაუარესებას არ მოიტანს იმიტომ, რომ ამაზე უარესი, რაც ახლაა, რთული წარმოსადგენია რამე მოხდეს. რა თქმა უნდა, გამორიცხული არც ისაა, კიდევ უფრო მძიმე რაღაცები მოხდეს ეკონომიკასთან დაკავშირებით, მაგრამ ესეც ფაქტია - დასავლეთი ასეთი მძიმე არტილერიის ჩაბმას ჯერჯერობით არ აპირებს.

„ერთადერთი რაც შეიძლება ამას მოჰყვეს, იქნება ის, რომ შენარჩუნდეს იგივე მდგომარება - დასავლეთი ისევ აღმოჩნდეს „გაგებუტე-გაგებუტე"-ს როლში. ქართული ხელისუფლების მხრიდან ნაბიჯი იდგმევა, რომ ეს გაფუჭებული ურთიერობა გაუმჯობესდეს. თუ ამას დაარქმევენ ვა-ბანკზე წასვლას, დაერქვას. უბრალოდ სხვა რა შეიძლებოდა გაკეთებულიყო, რთული წარმოსადგენია.

„ოპოზიცია ალბათ იტყვის, უნდა გაკეთებულიყო ის, რომ შეესრულებინათ მოთხოვნები. ამის გაკეთება ლოგიკურად არ შეიძლებოდა. ჯერ ერთი - ხელმეორე არჩევნებს მიზეზი უნდა და ამის მიზეზი არ არის. მეორეც - რომ დაენიშნათ, თვითონ „ოცნების" მხარადამჭერებში უკმაყოფილებას გამოიწვევდა. ის კიდევ ცალკე სასაუბროა - იმ ე.წ. პოლიტპატიმრების გამოშვება. საერთოდ აღარაფერს ვამბობ სააკაშვილის გათავისუფლებაზე. ასე რომ, ეს მოთხოვნები ვერ დაკმაყოფილდება", - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ „რეზონანსთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე