თამთა ჩაჩანიძე
(14.05.2025)

დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ოპოზიცია დიდი აქცია-მსვლელობისთვის ემზადება, რაშიც ჩართულია მეხუთე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის „26 მაისის კომიტეტი", ოპოზიციური ფლანგი და არასამთავრობო სექტორი, თუმცა ჯერჯერობით ზუსტი ლოკაცია უცბნობია. ღონისძიებების გეგმა დაამტკიცა საქართველოს მთავრობამაც და პრემიერი ირაკლი კობახიძე კი ოპოზიციას მოუწოდებს „ფეხი არ დაუცდეთ"" თავის მხრივ ოპოზიციაში ეს მუქარად აღიქვეს და საპასუხო განცხადებები გააკეთეს.

ანალიტიკოსთა ნაწილის აზრით, 26 მაისი გარკვეული თვალსაზრისით ოპოზიციისათვის ბოლო შანსია, რომ ხელისუფლებას დათმობაზე წასვლა აიძულოს. მათი შეფასებით, გაზაფხული დასასრულს უახლოვდება, ზაფხული აქციებისთვის არც ისე ხელსაყრელია, შემოდგმაზე კი მთავარი პოლიტიკური თემა ადგილობრივი თვითმმართველობს არჩევნები იქნება.

ამასთან, როგორც ანალიტიკოსები „რეზონანსთან" აღნიშნავენ, ოპოზიცია ამჟამად დასუსტებულია, საკუთარი დღის წესრიგის შექმნას ვერ ახხერხებს და „ოცნების" დღის წესრიგს მისდევს. შესაბგამისად, თუკი „ოცნებამ" რაიმე კონკრეტული გადაწყვეტილებით თავადვე არ მოახდინა საპროტესტუ მუხტის მკვეთრი გაზრდა, ოპოზიციას ამს შესაძლებლობა თავად არ აქვს.

რაც შეეხება უშუალოდ 26 მაისს მოსალოდნელ სცენარებს, ანალიტიკოსები არც იმას გამორიცხავენ, რომ გაუთვალისწინებელი რამ მოხდეს და არც იმას, რომ ორივე მხარემ თავი შეიკავოს რადიკალური ქმედებებისგან და ორივე ზეიმმა მშვიდობით ჩაიაროს.

აქვე აღსანიშნავია, რომ 26 მაისს თბილისში ჩამოსვლას გეგმავს ევროპარლამენტის ადამიანის უფლებების ქვეკომიტეტის ხუთი წევრი, რომლებიც „ქართული ოცნების" ხელისუფლების კრიტიკით არიან ცნობილი - ადრიან ვასკეს ლაზარა, რასა იუკნევიჩიენე, კატარინა ვიერია, ნაჩო სანჩეს ამორი და მატიუ ვალეტი. წინასწარი ცნობებით, ევროპარლამენტარებს ექნებათ შეხვედრები სხვადასხვა უწყებების წარმომადგენლებთან, მათ შორის დაგეგმილია შეხვედრა სახალხო დამცველთან. ჯერჯერობით უცნობია, ადრინდელის მსგავსად შეუერდებიან თუ არა ოპოზიციის აქციას ევროპარლამენტარები.

მზადება ორი 26 მაისისთვის

15 აპრილს საქართველოს მთავრობამ დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების გეგმა დაამტკიცა, საღონისძიებო სივრცეების ჩამონათვალში რუსთაველის გამზირი ნახსენები არ არის. ღონისძიებები გაიმართება თბილისში - ალექსანდრეს ბაღის, ორბელიანის ქუჩასა და მიმდებარე ტერიტორიაზე, ორბელიანის ქუჩაზე, პრეზიდენტის სასახლესთან. ამასთან, თავისუფლების მოედანზე წვევამდელები ფიცს დადებენ. იგივე ღონისძიება გაიმართება მუნიციპალიტეტებში.

ამასთან, პრემიერმა ირაკლი კობახიძემ ოპოზიცია გააფრთხილა, რომ „ფეხი არ დაუცდეთ".

„26 მაისი წარიმართება ისე, როგორც უნდა წარიმართოს. ჩვენ გვაქვს სათანადო ღონისძიებები დაგეგმილი ზუსტად იმავე ფორმატში, რა ფორმატითაც იმართებოდა ეს ღონისძიებები წინა წლებში. რა თქმა უნდა, ოპოზიციის არავითარ გეგმას განხორციელება არ უწერია. მკაფიო გაფრთხილებაა როგორც სალომე ზურაბიშვილის, ისე სხვა „ნაციონალების" მიმართ - ფეხი არ დაუცდეთ", - აღნიშნა კობახიძემ.

„ხომ მაგარია ჩაკეტილ შენობაში... გამოვიდეს, თუ მაგარია. ნებისმიერ მათგანთან გავივლი ქუჩაში ფეხით, რომელი გაბედავს? გამოდით, თუ მაგარი ბიჭები ხართ და ვის დაუცდება ფეხი, ერთი განახებთ. ფეხი არ დაგიცდეთ... დაიკარგონ ესენი", - ასე უპასუხა კობახიძეს კოალიცია „ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა.

მისი თქმით, „ქართული ოცნება" აღლუმს ვერ ჩაატარებს, ხოლო ოპოზიცია დიდ აქციას გამართავს.

„აღლუმი ვერც იქნება, „ქართული ოცნება" ვერ გაბედავს აღლუმის ჩატარებას. გამორიცხულია, რომ აღლუმი ჩაატარონ. არ მეგულება ისეთი ოცეული, რომელიც გამოვა და ყაველაშვილს თავს დაუხრის. ანწუხელიძეს შეურაცხყოფას აყენებენ, 2008 წლის ომის დაწყებას ჩვენ გვაბრალებენ... რა შუაშია სააკაშვილი, საქართველოს აბრალებენ.

„ჩვენ ვერ ჩავატარებთ აღლუმს, მაგრამ დიდი სახალხო სეირნობა აღვნიშნოთ, დიდი აქცია მოვაწყოთ. აღლუმს ისინი ვერ ჩაატარებენ, რადგან ვიცი, რომ ჯარში არის დრტვინვა", - განაცხადა ელისაშვილმა.

მანამდე ელისაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ სალომე ზურაბიშვილის „26 მაისის კომიტეტი" ჩართულია დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი რონისძიების მზადებაში.

„ძალიან კარგი კომიტეტია, ჩართულები ვართ თავიდან ბოლომდე, ძირითადად, ბადრი ჯაფარიძე, ამ შეხვედრების, წინააღმდეგობის შტაბის მონაწილე, რომელიც კოალიციის სახელით არის წარმოდგენილი. ძალიან დიდი მსვლელობა-აქცია იქნება 26 მაისს. ჩვენს მეგობარ ამერიკელებსაც დავენახებით, რომ ისევ ვიბრძვით, ისევ ვდგავართ და ხელები არ ჩამოგვიყრია", - განაცხადა ელისაშვილმა.

კობახიძეს საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმაც უპასუხა.

„ჩემი ფეხი არის მყარი. მინდა, რომ დაწყნარდეს. ჩვენი ფეხი არის მყარი, ყველასი. ვიცით საითკენ მივდივართ. ამიტომ არის მყარი, რომ ზუსტად ვიცით ჩვენი ორიენტაცია და არ ვკარგავთ. ძალიან ბევრნი ვიქნებით 26 მაისს და ეს სათქმელიც არ არის, მოწოდებაც არ სჭირდება ხალხს, რომ ყველა უნდა გამოვიდეთ", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

როგორც ბოლო შანსი ოპოზიციისთვის?

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ თუ პროცესები ისეთი პოლიტიკური მოცემულობით წავიდა, როგორიც დღესაა, 26 მაისის აქცია მართლაც ბოლო შანსი იქნება ოპოზიციისთვის.

„დღეის მოცემულობით, მართლაც ბოლო შანსად უნდა შეფასდეს 26 მაისის აქცია ოპოზიციისთვის, თუმც გააჩნია - თუკი რაიმე ისეთი მოვლენები განვითარდება, რაც დღეს არ ჩანს... მაგალითად, ასეთი იყო თავის დროზე კობახიძის განცხადება, რამაც უზარმაზარი საპროტესტო აქცია გამოიწვია. რაღაც ანალოგიური თუ მოხდება, იქ უკვე შეიძლება ითქვას, რომ აქციების მუხტი თავიდან შეიქმნება კალენდარის გარეშე. თუკი პროცესები მიმდინარე პირობების რეჟიმში გაგრძელდა, ეს არდადეგების წინ ბოლო შანსია.

„თუმცაღა, გააჩნია ბოლო შანსს რამ მხრივ ვიგულისხმებთ. ხელისუფლების აღება-დაუფლების თვალსაზრისით, დღესაც იყო მაგაზე საუბარი, რომ არსებობენ დონორები, რომლებიც დესტაბილიზაციის პროცესებს აფინანსებენ და შესაძლოა, რაღაც ეტაპზე დაფინანსდეს ოპოზიცია და ხელისუფლება წაიღოს.

„26 მაისი ხელისუფლების აღების თვალსაზრისით მეეჭვება, რომ რაიმე განსაკუთრებული იყოს, საზოგადოებაში საიმისო საპროტესტო განწყობილება ნამდვილად არაა, რომ ხელისუფლებას საფრთხე ემუქრებოდეს.

„თანაც, უამრავი პროტესტი გვინახავს, რომელიც ავტომატურად არ იწვევდა და არ გამოუწვევია ხელისუფლების სისტემის მოშლა. ასე რომ, ოპოზიციამ მართლაც ძალიან მასშტაბური აქცია რომც მოაწყოს (თუმც მეეჭვება), ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს ხელისუფლებაში მისვლას. დონორებისგან კი შეიძლება დიდი აქცია უფრო იყოს მოწონებული და შესაბამისად, მათთან ურთიერთობის მხრივ ოპოზიციამ რაღაც შედეგები მიიღოს", - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ.

ყოფილი სახელწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი „რეზონანსთან" აცხადებს, რომ „ბოლო შანსები" არ არსებობს და ივნისშიც შეიძლება აქციების გამართვა, თუმცა ოპოზიცია ახლა სუსტია.

„ვიდრე დედამიწა ბრუნავს, არავითარი ბოლო შანსები არ არსებობს. ივნისი კიდევ წინაა და ივნისშიც იქნება პროტესტები. პროტესტი თავითავად ძალიან კარგია, მაგრამ რაღაცისთვის უნდა იყოს. თუ პროტესტი იქნება იმისთვის, რომ ადგილობრივ არჩევნებამდე საპარლამენტო არჩევნები დაინიშნოს, ეს არ მოხდება, მე ამის შესაძლებლობას ვერ ვხედავ. ვერავითარი ძალა ვერ აიძულოებს „ოცნებას" რამეს. ტრამპი რომ ჩამოვიდეს და სთხოვოს, მაინც არ დანიშნავს არჩევნებს, სანამ არ დარწმუნდება, რომ ოპოზიცია არ აპირებს ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობას. ჯერჯერობით არ დამდგარა ის სანქციები, რომლებიც მათ შეაშინებთ, ძალიან კომფორტულად არიან. მათთვის მთავარია ადგილობრივ არჩევნებში გამარჯვება და აი, მერე დაიწყებენ ვაჭრობას.

„საზოგადოებისთვის 26 მაისი მნიშვნელოვანი იქნება. 26 მაისი ყველა მოქალაქისთვის დამოუკიდებლობის დღეა და შესაბამისად, ბევრი ადამიანი იქნება, მაგრამ ეს ოპოზიციის დამსახურება არ იქნება, ეს იქნება თავად ხალხის დამსახურება, მათი სიმტკიცე და პრინციპულობა აიძულებს სხვებს, რომ გამოვიდნენ.

„ამას რამდენად გამოიყენებს ოპოზიცია, ეჭვი მეპარება, რადგან არაფრის უნარი არ აქვთ, აზრზე არ არიან რა ხდება საქართველოსა და მსოფლიოში. ოპოზიციას არ დავუკავშირებდი 26 მაისის დღეს.

„26 მაისი თვის ბოლოა და ოპოზიცია საბოლოოდ მაინც უნდა დაფიქრდეს, რომ მერე უკვე გვიანაა. ხალხმა უნდა მოუწოდოს - ბოლოს და ბოლოს ჩამოყალიბდნენ, მიდიან თუ არა ადგილობრივ არჩევნებზე; ან მოუწოდონ, რომ წავიდნენ; ან მოუწოდონ არ წავიდნენ. ჩამოყალიბდნენ, რადგან ოპოზიციის ჩამოუყალიბებლობა და დაბნეულობა „ოცნებას" ყველაზე მეტად აძლიერებს.

„ვიდრე ადგილობრივი არჩევნები არ ჩატარდება ნებისმიერი ფორმით, მანამდე არაფერი არ შეიცვლება, არც საპარლამენტო არჩევნები არ იქნება. უკეთეს შემთხვევაში საპარლამენტო არჩევნები შესაძლოა ადგილობრივი არჩევნების დღეს იყოს, მაგრამ ამაზე ძალიან გვიან გავიგებთ, როცა საბოლოო ბოიკოტი დაფიქსირდება და ოპოზიციაში იქნება დაბნეულობა და საზოგადოების დიდი ნაწილისთვის არჩევნებში მონაწილოება მიუღებელი იქნება.

„ამასობაში მოდის ცხელი ივლისი-აგვისტო, „ოცნება" შეიყვანს თავის სატელიტ პარტიებს, გაიმარჯვებს და დაიწყებს ვაჭრობას ევროპასთან. თუ ოპოზიცია არ მიიღებს მონაწილოებას, შეიძლება არჩევნების წინ პატიმრებიც კი გამოუშვან, პოზიცია გაიმყარონ, რომ ხალხმა ხმა მისცეს. სამწუხაროდ თუ საუბედუროდ, „ოცნება" დღის წესრიგს მართავს, ოპოზიცია საერთოდ მკვდარი და ჩახსნილია, სხვა გზა არ აქვს და „ოცნების" დღის წესრიგს მიჰყვება", - განაცხადა ზაქარეიშვილმა.

დამოუკიდებლობის ზეიმის მოსალოდნელი სცენარები

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ნეგატიური სცენარის შემთხვევაში, არაა გამორიცხული ოპოზციამ დაგეგმოს იმ ტიპის პროტესტი, როცა ხელისუფლება იძულებული გახდება ძალა გამოიყენოს, თუმცა, საბოლოოდ მოვლენების ასეთ განვითარებას არ ელის.

„ერთ-ერთი სცენარია, საკმაოდ ძველი, რადგან ადრეც ყოფილა ეგეთი ჩანაფიქრი, რომ აქცენტი გააკეთონ ისეთ ღონისძიებაზე, სადაც ხელისუფლებამ აუცილებლად უნდა გაითავისუფლოს გზა. ასეთ ღონისძიებაზე შეიძლება ხელისუფლებამ ძალა გამოიყენოს. ასე მომხდარა და მემგონი ელისაშვილიც მაგას გულისხმობდა, რომ 26 მაისს დაუმიზნონ იმ ტიპის პროტესტი, როცა ხელისუფლება იძულებული იქნება ძალა გამოიყენოს.

„მაგრამ მემგონი სამაგისო სიტუაცია მაინც არ შეიქმნება, რადგან უკვე დიდი ხანია 26 მაისის დღესასწაულს აღლუმი აღარ ახლავს. აღლუმი ის პროცესია, სადაც ცენტრალური გამზირია საჭირო, ფიცის მიღება კი ნებისმიერი სხვა წერტილიდანაც შეიძლება განხორციელდეს. ვიცით, რომ საქართველოში ფიცს ბევრი ადგილიდან დებენ, მთავარსარდალი კი ერთ-ერთ ლოკაციაზე შეიძლება დადგეს ტრიბუნასთან", - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ.

კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი კი ნებისმიერ სცენარს ელოდება, მათ შორის ისეთსაც, როდესაც ხელისუფლება თავად მოახდენს ქუჩის დაპირისპირების პროვოცირებას.

„შეიძლება 26 მაისს „ქართულ ოცნებამაც" მოინდომოს და ეს დღე მიითვისოს და არაა გამორიცხული, რომ თავის ხალხი გამოიყვანოს, გარკვეულწილად დაიძაბოს სიტუაცია, რომ დაპირისპირება მოხდეს. ამისთვის მზად უნდა იყოს ოპოზიცია, თუმცა მათგან არაფერს არ ველი. მაგრამ პასუხისმგებელი საზოგადოება ფრთხილად უნდა იყოს, რადგან „ოცნებამ" ეს დღე ბოროტად არ გამოიყენოს, რათა არ აურიოს და ოპოზიციურად განწყობილი ხალხის და პროტესტის დისკრედიტაცია არ მოახდინოს.

„ნებისმიერ სცენარს ველოდები, „ქართული ოცნებისგან" ყველაფერი მოსალოდნელია, შესაძლოა სასტიკი დარბევაც იყოს და არანაირი დარბევაც არ იყოს. 9 აპრილს საერთოდაც დაუთმო ოპოზიოციას და არ მივიდა. ის ყველაფერს თავის სასარგებლოდ გააკეთებს", - განაცხადა ზაქარეიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე