ნატალია ჯვარიძე
(13.05.2025)

საქართველოს დელეგაცია, სავარაუდოდ, იანვარში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე დაბრუნდება. ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილისსა ევროსაბჭოს საპარალამენტო ასამბლეის პრეზიდენტ თეოდოროს რუსოპულოსს შორის უნგრეთში გამართული შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი. სამშაბათს ასევე გაირკვა, რომ საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილიევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 134-ე სესიაში მიიღებს მონაწილეობას.

პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილის ცნობით, რომელიც თან ახლდა უნგრეთში ვიზიტისას პარლამენტის თავმჯდომარეს, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის („პასე") პრეზიდენტმა თეოდოროს რუსოპულოსმა მზადყოფნა გამოთქვა, რომ ყველაფერი გაკეთდეს, რათა საქართველო დაუბრუნდეს საპარლამენტო ასამბლეას.

„პასე"-ს პრეზიდენტს სურს, რომ ურთიერთობები მალე აღდგეს და საქართველო დაბრუნდეს ასამბლეაში. მზადყოფნა გამოთქვა, რომ როცა იანვარში განახლდება მანდატი, ამ ეტაპისთვის ყველაფერი გაკეთდეს, რომ ბარიერები მოიხსნას და საქართველო დაუბრუნდეს საპარლამენტო ასამბლეას", - განაცხადა დეპუტატმა.

როგორც მან აღნიშნა, ქართულმა მხარემ პირობები დააყენა, რისი უკან წაღების შემთხვევაშიც საქართველო მზად არის, საპარლამენტო ასამბლეას დაუბრუნდეს.

„რუსოპულოსმა განაცხადა, რომ ეს არ არის პირობები, ეს არის იდეები და შეთავაზებები. ჩვენი მთავარი სათქმელი იყო, რომ ეს იდეები კი არ არის, გაცხადებული პირობები იყო, რაც რადიკალურმა ჯგუფებმა დააყენეს, ეს იყო საქართველოს მიმართ უსამართლო მიდგომა", - განაცხადა მახაშვილმა.

შეხვედრა ბუდაპეშტში

პაპუაშვილი-რუსოპულოსის შეხვედრა უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში 12 მაისს შედგა, სადაც ევროკავშირის ქვეყნებისა და პარტნიორების პარლამენტების თავმჯდომარეთა კონფერენცია იმართება.

როგორც პარლამენტის მიერ გავრცელებულ ოფიციალურ ინფორმაციაშია ნათქვამი, შალვა პაპუაშვილმა საქართველოში არსებულ ვითარებაზე ისაუბრა და მიმოიხილა ადგილობრივი არჩევნებისთვის მომზადების პროცესი.

„მხარეებმა ასევე, განიხილეს ის ფაქტი, რომ დღესდღეობით ასამბლეაში საქართველოს პარლამენტს დელეგაცია არ ჰყავს. ამ კუთხით, შალვა პაპუაშვილმა ყურადღება გაამახვილა „პასე"-ს მიერ იანვარში მიღებულ რეზოლუციაზე, რომელმაც პარლამენტის წევრებს დელეგაციის დატოვებისკენ უბიძგა.

„შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ საქართველო ევროპის საბჭოს ძირითადი პრინციპებისა და ღირებულებების ერთგული რჩება. მან აღნიშნა, რომ ხალხი არჩევანის პატივისცემა დემოკრატიის ქვაკუთხედია და ამ პრინციპის უპატივცემულობა მიუღებელია.

„მხარეებმა გამოხატეს კონსტრუქციული დიალოგის გაგრძელების მზაობა.

შეხვედრა შედგა უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში, სადაც ევროკავშირის ქვეყნებისა და პარტნიორების პარლამენტების თავმჯდომარეთა კონფერენცია იმართება.

„საქართველოს დელეგაციის წევრები არიან: პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი", - ნათქვამია ინფორმაციაში.

აღსანიშნავია ისიც, რომ საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი 13-14 მაისს ლუქსემბურგში, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 134-ე სესიაში მიიღებს მონაწილეობას.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მინისტერიალის მონაწილეები იმსჯელებენ ევროპის საბჭოს როლზე ახალ გეოპოლიტიკურ კონტექსტში და რეიკიავიკის დეკლარაციით გათვალისწინებულ საკითხებზე, მათ შორის ადამიანის უფლებების, გარემოს დაცვის, განათლების საკითხებზე.

„მაკა ბოჭორიშვილი სესიის მონაწილეებს სიტყვით მიმართავს, ასევე მონაწილეობას მიიღებს თემატურ დისკუსიაში, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარის, ლუქსემბურგის დიდი საჰერცოგოს ვიცე-პრემიერისა და საგარეო საქმეთა და საგარეო ვაჭრობის მინისტრის, ქსავიე ბეტელის მიწვევით, რომელიც მიეძღვნება ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის ინიციატივას „დემოკრატიის ახალი პაქტი ევროპისთვის".

„მინისტერიალის ფარგლებში ასევე დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები კოლეგა მინისტრებთან.

„ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 134-ე შეხვედრა ლუქსემბურგის დიდი საჰერცოგოს თავმჯდომარეობით იმართება. მინისტერიალის დასრულების შემდგომ ლუქსემბურგი მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარეობას ოფიციალურად გადასცემს მალტას, რომელიც მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში უხელმძღვანელებს ევროპის საბჭოს აღმასრულებელ ორგანოს", - ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაში.

სკანდალური წინაისტორია

შეგახსენებთ, რომ ქართული დელეგაცია იანვარში მომხდარი სკანდალის შემდეგ არ მონაწილეობს ასამბლეის მუშაობაშე. 29 იანვარს, ზამთრის საპარლამენტო სესიაზე, ასამბლეამ მხარი დაუჭირა ქართული დელეგაციის უფლებამოსილების აღიარებას მისი შეჩერების დათქმით იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს ხელისუფლება არ შეასრულებს გარკვეულ პირობებს. მათ შორის ნახსენები იყო საქართველოს პარლამენტის ვადამდელი არჩევნების დანიშვნა. ამის საპასუხოდ, ქართულმა დელეგაციამ ასამბლეაში მუშაობაზე უარი თქვა და თავისი დელეგაციის წევრები ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეიდან გაიწვია.

10 აპრილს, უკვე საგაზაფხულო სესიაზე, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია სათაურით „საქართველოში არსებული ვითარება და რეზოლუციის შემდგომი ქმედებები „საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ჯერ კიდევ არარატიფიცირებული უფლებამოსილების არსებითი საფუძვლით გასაჩივრებაზე". ასამბლეამ ამ რეზოლუციით დაგმო საქართველოს დელეგაციის უარი „პასე"-ში მუშაობაზე და აღნიშნა, რომ საქართველოში სიტუაცია გაუარესებულია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე