მას შემდეგ, რაც აშშ-ის წარმოამდგენლობითმა პალატამ ხმათა უმრავლესობით მხარი დაუჭირა „მეგობარი აქტის" მიღებას, საქართველოს პარლამენტმა გადაწყვიტა საპასუხო სპეციალური განცხადება მიიღოს. პროექტი უკვე ინიცირებულია. ანალიტიკოსები კი ვარაუდობენ, რომ შესაძლოა ამან საპირისპირო შედეგი გამოიწვიოს.
„სავარაუდოდ, ეს განცხადება კონგრესში დაგეგმილ განხილვაზე მოახდენს იმ გავლენას, რომ უფრო დააჩქარებს მის მიღებას და გაამკაცრებს", - განაცხადა ანალიტიკოსმა დავით ზურაბიშვილმა „რეზონანსთან".
ანალიტიკოსი პეტრე მამრაძე კი არ გამორიცხავს, რომ პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, მისი რეიტინგის კლების ფონზე, შესაძლოა სენატორების ინიციატივას დაეთანხმოს:
„ახლა შეერთებულ შტატებში რთული ვითარებაა. ტრამპი საკმაოდ მძიმე სიტუაციაში აღმოჩნდა, განსაკუთრებით ტარიფების კამპანიის შედეგად. მას შეიძლება ყოველი ხმა სჭირდებოდეს, ვინაიდან მისი რეიტინგი არნახულად დაცემულია".
პაპუაშვილის განცხადება
პარლამენტის მიერ მიღებული განცხადების პროექტის ინიციატორია პარლამენტის თავმჯდომარე, ფრაქციის „ქართული ოცნებისა" და ასევე, პარლამენტში არსებული პოლიტიკური ჯგუფების ხელმძღვანელები.
განცხადების პროექტი განსახილველად საგარეო ურთიერთობათა კომიტეტს გადაეცა. მისი განხილვა კი სესიაზე ოთხშაბათს შედგება. მომხსენებელი შალვა პაპუაშვილი იქნება, რომლის თქმითაც, საქართველოს პარლამენტი აშშ-ის წარმომადგენლობითი პალატის მიერ მიღებულ „მეგობარ აქტზე" საკუთარ პოზიციას აუცილებლად დააფიქსირებს.
„დღეს საზოგადოებამ აშშ-ის პრეზიდენტის მიმართ პრემიერ-მინისტრის წერილი ნახა, რომელიც მათ შორის „მეგობარ აქტს" ეხება. ამავე დროს პარლამენტში ფრაქციის და პოლიტიკური ჯგუფების მონაწილეობით პარლამენტის განცხადება მომზადდა, რომელიც ამ ე,წ. მეგობარ აქტს ეხება. განცხადებაში მოცემულია ჩვენი შეფასებები და პასუხი ამ აქტთან დაკავშირებით.
„ე.წ. მეგობარ აქტს სახელი თავადაც შეუცვალეს. რაც ჩვენ იქ ამოვიკითხეთ, ყველაფერი იყო, გარდა მეგობრობისა. ის დაფუძნებულია არა მხოლოდ მცდარ ფაქტებზე, არამედ თავისი არსით არის საქართველოშ არსებული რეალობის ამოყირავება.
„ჩვენი მიზანია არგუმენტებზე და მყარ ფაქტებზე დაყრდნობით ყველას ვაჩვენოთ, თუ რა არის რეალობა და ჩვენი შეფასება გავაკეთოთ. რაც ჩვენ აშშ-ის წარმომადგენლობით პალატაში მიღებული „მეგობარი აქტის" სახით ვნახეთ, ეს მეგობრობის ყოველგვარ გაგებას ეწინააღმდეგება", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
მოსალოდნელი შედეგი
პეტრე მამრაძეს მიაჩნია, რომ ასეთი საპასუხო განცხადება ჩვენი ხელისუფლების მხრიდან საჭიროა.
„რა თქმა უნდა, საქართველოს ხელისუფლება ვალდებული იყო რეაგირება მოეხდინა ამ სრულიად არაადეკვატურ და არამეგობრულ აქტზე. არაადეკვადურს იმიტომ ვამბობ, რომ ის შეიცავს ბინძურ ცილისწამებას, ანუ იმას, რაც ქვეყანაში არ ხდება. ბატონი ჯო უილსონი პირდაპირ ბოდავს, როცა იძახის, რომ საქართველოს ჩინეთის კომუნისტური პარტია მართავს. რუსეთზე ვერაფერს იძახის, რადგან ტრამპი მასთან მოლპარაკებების გამართვას ცდილობს. ეს სრული მარაზმია და რასაკვირველია, მოსახლეობისთვის, მნიშვნელობა არ აქვს ვისი ამომრჩეველია, გაუგებარია.
„მე ამ ასაკში მოვესწარი იმას, რომ შეერთებული შტატების კონგრესმა გამოიძახა ჩვენი სადისტური რეჟიმის ხერხემლის, ვანო მერაბიშვილის ხელქვეითი გიგაური, რათა საქართველოში არსებული ვითარება მისგან მოესმინა. ბარემ თვითონ მერაბიშვილი დაებარათ, ან ადეიშვილი. ეს დიდი უსამართლობაა. ამიტომ, რა თქმა უნდა, მივესალმები იმას, რომ ჩვენი მთავრობის მხრიდან ასეთი რეაგირება იყოს. ასევე უნდა ავღნიშნო ისიც, რომ პრემიერის წერილი წავიკითხე, სადაც რეალობა მთელი სიზუსტით არის ასახული.
„სხვა საქმეა რა გავლენას მოახდენს პარლამენტის მიერ მიღებული განცხადება. უნდა დაველოდოთ. ახლა შეერთებულ შტატებში რთული ვითარებაა. ტრამპი საკმაოდ მძიმე სიტუაციაში აღმოჩნდა, განსაკუთრებით ტარიფების კამპანიის შედეგად. მას შეიძლება ყოველი ხმა სჭირდებოდეს, ვინაიდან მისი რეიტინგი არნახულად დაცემულია, მათ შორის მისი მხადამჭერების რიცხვიც. ეს იმიტომ, რომ მხადამჭერებს ნაკლებად აინტერესებდათ საგარეო პოლიტიკა და ელოდებოდნენ შიდა პრობლემების გადაჭრას. ამ პირობებში ტრამპი უკან იხევს. აქედან გამომდინარე, შესაძლოა მისთვის სენატორების და კონგრესმენების ყოველი ხმა მნიშვნელოვანი იყოს. რთულია ახლა იმის თქმა, რას იზამს ტრამპი, მოაწერს ხელს „მეგობარ აქტს" თუ არა. ვნახოთ, რა იქნება", - განაცხადა პეტრე მამარაძემ „რეზონანსთან".
დავით ზურაბიშვილის აზრით კი, „ოცნებამ" პოლიტიკის შეცვლაზე უარი თქვა და ცდილობს „ბოლომდე გაჭიმვას". მისივე თქმით, ამას აშშ-ის გადაწყვეტილებაზე გავლენა ექნება.
„მარტივად რომ ვთქვა, „ოცნებამ" ამ სიტუაციაში რაღაც რეაგირება უნდა მოახდინოს - ან შეცვალოს პოლიტიკა, ან ბოლომდე გაიჭიმონ. როგორც ჩანს, არაფრის შეცვლა არ უნდათ და ბოლომდე იჭიმებიან.
„სავარაუდოდ, ეს განცხადება კონგრესში დაგეგმილ აქტზე მოახდენს იმ გავლენას, რომ უფრო დააჩქარებს და გაამკაცრებს. საქართველოს ხელისუფლების სასარგებლოდ ამერიკასთან და ევროკავშირთან ურთიერთობაში ამ პირობებში პრინციპულად შეუძლებელია რამე მოხდეს, თუ, რა თქმა უნდა, „ქართული ოცნება" პოლიტიკას არ შეცვლის, არ მოეშვება ამ ანტიდასავლურ რიტორიკას, არ გამოუშვებს პოლიტპატიმრებს და არ ჩაატარებს ახალ არჩევნებს. ეს იქნება ის გზა, რაც ნორმალიზებისკენ წაგვიყვანს. თუ ასე არ მოხდება, რასაკვირეველია, წავალთ იზოლაციისკენ და ალბათ. სამწუხაროდ, ამას ძალიან მძიმე შედეგები ექნება მთელი ქვეყნისთვის და პირველ რიგში ხელისუფლებისთვის", - განაცხადა დავით ზურაბიშვილმა „რეზონანსთან".
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე