ნატალია ჯვარიძე
(28.02.2025)

საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები ამჟამად ყველაზე დაბალ დონეზეა, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა. მისივე თქმით, რეფორმები არ ხორციელდება და გადადგმულია ნაბიჯები, რომლებიც საქართველოს ევროკავშირს აშორებს. ანალიტიკოს ზაალ ანჯაფარიძის შეფასებით, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების ძველ ნიშნულზე დაბრუნებას საკმაოდ დიდი დრო დასჭირდება.

„ძალიან დაბალ ნიშნულზე ვართ, ამაზე შემიძლია ბატონ ჰერჩინსკის დავეთანხმო და ალბათ, საკმაოდ დრო დასჭირდება იმას, რომ ეს ურთიერთობები ამოიწიოს თუნდაც იმ დონეზე, რომელიც იყო 2020 წელს",- უთხრა ანჯაფარიძემ „რეზონანსს".

„ჩემი როლი არ არის სხვების განცხადებებზე კომენტირება. ჩემი, როგორც ევროკავშირის ელჩის როლი არის ევროკავშირის პოზიციის წარმოდგენა. ეს არის ის, რასაც ვაკეთებდი ჩემი ჩამოსვლის პირველი დღიდან და ეს არის ის, რასაც ვაკეთებ. რა თქმა უნდა, მსურს, შევაქო ხელისუფლება რეფორმებისთვის. მსურს, ვთქვა პოზიტიური რამ საქართველოში განვითარების შესახებ, მაგრამ საქმე როდესაც ეხება ევროკავშირ-საქართველოს ურთიერთობებს, ჩვენ ამჟამად ყველაზე დაბალ დონეზე ვიმყოფებით. მაღალი დონის ვიზიტები არ არის; ჩვენ შევაჩერეთ ფინანსური დახმარება მთავრობისთვის; შემოვიღეთ სავიზო შეზღუდვები დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის და მხარდაჭერას მთავრობის დახმარებიდან გადავამისამართებთ სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის მხარდასაჭერად, რომლებსაც, სხვათა შორის, სულ უფრო რთულ პირობებში უწევთ მუშაობა.

ჩემი როლი, როგორც ევროკავშირის ელჩის, არის საზოგადოებისთვის წარმოდგენა, თუ რა მდგომარეობაშია ურთიერთობა ევროკავშირსა და საქართველოს შორის. როგორც ევროკავშირის ელჩს, რა თქმა უნდა, მსურს, სხვა მდგომარეობაში ვიყოთ. თუმცა, სამწუხაროდ, როგორც ყველამ ვიცით, ვითარება ამჟამად უკიდურესად რთულია. როგორც ევროკავშირმა, ჩვენ 2023 წლის დეკემბერში გავუღეთ კარი საქართველოს იმ პირობით, რომ რეფორმები განხორციელდება. როგორც ვხედავთ, ამ რეფორმების უმეტესობა არ ხორციელდება. პირიქით, გადადგმულია ნაბიჯები, რომლებიც საქართველოს არ აახლოებს ევროკავშირთან, არამედ კიდევ უფრო აშორებს. ეს, რა თქმა უნდა, ძალიან სამწუხაროა, მაგრამ ეს არის ამჟამინდელი მდგომარეობა საქართველოსთან მიმართებით", - განაცხადა ჰერჩინსკიმ.

ზაალ ანჯაფარიძის აზრით, ჰერჩინსკის ამგვარი განცხადებები მიმართულია იმისკენ, რომ „ოცნების" მხარდამჭერები მის წინააღმდეგ განეწყვნენ. როგორც მან აღნიშნა, ურთიერთობის დაზიანებაში ორივე მხარემ თავისი წვლილი შეიტანა, განსაკუთრრბით კი ევროკავშირმა.

„მისთვის, ვინც ექსპერტულ დონეზე აკვირდება საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობებს, ალბათ ჰერჩინსკის ეს განცხადება სიახლე არ იქნებოდა. ევროკავშირის და საქართველოს ურთიერთობები რომ შევადაროთ, თუ როგორი იყო რამდენიმე წლის წინ და როგორია ახლა, აშკარად განსხავებულია. განსაკუთრებით 26 ოქტომბრის არჩევნების მერე, ასევე მას შემდეგ, რაც გაიზარდა რიტორიკა ერთის მხრივ, „ქართული ოცნების" და მეორეს მხრივ კი ევროკავშირის ცალკეული ქვეყნების მხრიდან. ამასთან, ამაზე გავლენა მოახდინა კონკრეტულმა გადაწყვეტილებებმა, მხედველობაში მაქვს ევროპარლამენტის ბოლო რეზოლუცია, რომელიც მოითხოვს საქართველოს ოფიციალური პირებისთვის სანქციების დაწესებას და სავიზო უვიზო რეჟიმის გადახედვას. ასევე, ევრსაჭოს საპარლამენტო ასამბლეის ბოლოდროინდელი რეზოლუცია, სადაც პირდაპირ არის ჩაწერილი მოთხოვნა ვადამდელ არჩევნებზე და ასევე იმაზე, რომ ევროკავშირი ჩვენს პრეზიდენტს არ აღიარებს და ლეგიტიმურ პრეზიდენტად სალომე ზურაბიშვილს მიიჩნევს.

„ამ ყველაფერში ალბათ ორივე მხარემ შეიტანა წვლილი, მაგრამ ობიექტურობიდან გამომდინარე მინდა ავღნიშნო, რომ ქართული მხარის ეს ხისტი რიტორიკა იყო გარკვეული პასუხი, რაც ევროკავშირიდან მოდიოდა. ეს ყველაფერი იმიტომ მოვყევი, რომ ჩვენ უკეთ გავიაზროთ, რა წერტილში ვართ. ძალიან დაბალ ნიშნულზე ვართ, ამაზე შემიძლია ბატონ ჰერჩინსკის დავეთანხმო და ალბათ, საკმაოდ დრო დასჭირდება იმას, რომ ეს ურთიერთობები ამოიწიოს თუნდაც იმ დონეზე, რომელიც იყო 2020 წელს. ასე რომ, მე ვფიქრობ, ბატონი ჰერჩინსკი საქართველოს პოლიტიკის მიმართ აჟღერებს იმ სიგნალებს, რაც ბრიუსელიდან მოდის. ის დამოუკიდებლად არ მოქმედებს. ეს არის იმ ინსტრუქციების და დავალებების გახმოვანება, რასაც ის ღებულობს მისი ზემდგომი სტრუქტურებიდან. მე ასე მგონია, რომ ეს ყველაფერი ემსახურება მეორე არგაცხადებულ მიზანს, რომ რადგან ევროკავშირის ელჩის პირიდან ისმის ასეთი განცხადებები, რაღაცნაირად შეწუხდნენ „ოცნების" მხარდამჭერები და პასუხი მოსთხოვონ, თუ რატომ არის ასე", - განაცხადა ზაალ ანჯაფარიძემ „რეზონანსთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე