მარიამ ვეკუა
(28.02.2025)

არასამთავრობო ორგანიზაციები საჯარო გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩართული აღარ იქნებიან. პარლამენტი საკანონმდებლო პაკეტის განხილვას იწყებს, რომლის ინიციატორებიც „ქართული ოცნებისა" და „ხალხის ძალის" წევრები არიან. მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ ე.წ. ენჯეოები სახელმწიფოსთვის ძირგამომთხრელ საქმიანობას ეწეოდნენ. არასამთავრობო ორგანიზაციებში კი კანონპროექტს აკრიტიკებენ და ამბობენ, რომ „ოცნება" მიზანმიმართულად ცდილობს ხალხის დემორალიზებასა და მათ გაქრობას.

პარლამენტის არსებული რეგლამენტი და მთელი რიგი კანონები არასამთავრობო ორგანიზაციების საჯარო პროცესებში აქტიურ ჩართვას სავალდებულოდ მიიჩნევს. თუმცა, დაგეგმილი ცვლილებების შემდეგ, მაგალითად, საპროკურორო საბჭოს წევრობისა და საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის კანდიდატები აღარ შეირჩევიან ენჯეოების მიერ წარდგენილი პირებისგან. გარდა ამისა, მარეგულირებელ ორგანოსთან არსებულ მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის შესარჩევ საკონკურსო კომისიის შემადგენლობაში არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები აღარ იქნებიან.

პროექტის ინიციატორები არიან: მამუკა მდინარაძე, არჩილ გორდულაძე, თორნიკე ჭეიშვილი, რატი იონათამიშვილი, დავით მათიკაშვილი, გურამ მაჭარაშვილი, ალექსანდრე ტაბატაძე, თენგიზ შარმანაშვილი, ალუდა ღუდუშაური, ვიქტორ ჯაფარიძე, სოზარ სუბარი, ნოდარ ტურძელაძე, ირმა ზავრადაშვილი, ლევან მაჭავარიანი, რამინა ბერაძე, ირაკლი კირცხალია, სალომე ჯინჯოლავა, თორნიკე ბერეკაშვილი, გენრიეტა წიწავა.

მათი განცხადებით, USAID-ის გარშემო განვითარებულმა პროცესებმა აჩვენა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების საჯარო გადაწყვეტილების პროცესში მონაწილეობა სახელმწიფო მმართველობის ეფექტიან განხორციელებას აფერხებს, რადგან არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი უცხოეთიდან ფინანსდება.

„მათი დიდი ნაწილი უცხოეთიდან ფინანსდება. საჯარო გადაწყვეტილების მიღების პროცესში მათი ქმედებები დამყარებულია არა ადგილობრივი საზოგადოების ინტერესებზე, არამედ გარე ძალების პოლიტიკურ და ეკონომიკურ დღის წესრიგს ემსახურება," - აცხადებენ კანონპროექტის ინიციატორები.

იმასაც ამბობენ, რომ ისეთი საკითხების გადაწყვეტისას, როგორიცაა საპროკურორო საბჭოს წევრებისა და საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის არჩევა, გადაწყვეტილებები სრულად მხოლოდ ქართველი ხალხის ინტერესებზე უნდა რეალიზდეს. მმართველი პარტიის წევრები აცხადებენ, რომ გადაწყვეტილების მიღების პროცესში ე.წ. NGO-ების ჩართულობა ქვეყნის ეროვნულ მიზნებსა და ამოცანების შესრულებას აფერხებს.

„არასამთავრობო ორგანიზაციების დიდი ნაწილი, ვისაც ჩვენ მდიდარ NGO-ებს ვეძახით, ანტიეროვნულ და დემოკრატიისთვის ძირგამომთხრელ საქმიანობას ეწეოდა. არასამთავრობო ორგანიზაციების გავლით საქართველოში შემოდინებული თანხები დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრას, ანტიდემოკრატიულ და ანტისახელმწიფოებრივ მიზნებს ხმარდებოდა," - განაცხადა „ქართული ოცნების" დეპუტატმა დავით მათიკაშვილმა.

მისი თქმით, პარლამენტში განსახილველად წარდგენილი საკანონმდებლო პაკეტის ამოქმედების შედეგად არასამთავრობო ორგანიზაციები საჯარო გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ჩართული აღარ იქნებიან, „გამჭვირვალობის კანონი" კი პრევენციულად საკმარისი არ აღმოჩნდა პრობლემების გადასაჭრელად.

არასამთავრობო სექტორი აცხადებს, რომ „ოცნება" მაქსიმალურად ცდილობს კრიტიკული აზრის ჩახშობას და ადამიანების დემორალიზებას.

„ნაცვლად იმისა, რომ მოლდოვას სამოქალაქო სექტორის მსგავსად ვმსჯელობდეთ იმაზე, რა რეფორმები უნდა გავატაროთ, რათა წინ წავიწიოთ ამა თუ იმ სფეროში და გაუმჯობესდეს ადამიანების მდგომარეობა, ვლაპარაკობთ იმაზე, როგორ დრამატულად გაუარესდა ყველაფერი ჩვენს ირგვლივ," - განაცხადა თამარ ხიდაშელმა, „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის" დირექტორმა- თბილისი „მარიოტში", ევროკავშირის დაფინანსებით გამართულ დისკუსიაზე, სახელწოდებით „საქართველო და ევროკავშირი: ახლა საით?"

ხიდაშელმა აღნიშნა, რომ არსებული მდგომარეობიდან ერთადერთი გამოსავალი ახალი არჩევნების ჩანიშვნა და აქციებზე დაკავებულთა გათავისუფლებაა.

„ოცნება" არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ მტრულადაა განწყობილი როგორც საკანონმდებლო, ისე რიტორიკის თვალსაზრისით. ასეთ პირობებში „ოცნებასთან" თანამშრომლობას ისედაც არ ვაპირებდით, თუმცა ვხედავთ, რომ არსებული „ფორმალური შესაძლებლობებიც" ისპობა. ეს ნიშნავს „ოცნების" გაცხადებულ პოლიტიკას - შეზღუდოს დამოუკიდებელი ხმა და არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობა," - განაცხადა საია-ს თავმჯდომარე ნონა ქურდოვანიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე