„მონაწილეობას მიიღებენ იმ შემთხვევაში, თუ ამავე დროს საპარლამენტო არჩევნებიც გაიმართება“
თამთა ჩაჩანიძე
(27.02.2025)

„ოცნება" დაახლოებით ხუთ თვეში აპირებს გამოაცხადოს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების თარიღი - ამ განცხადებიდან რამდენიმე დღეა გასული, თუმცა, ოპოზიციას ჯერ ამაზე კონკრეტული პოზიცია არ გამოუხატავს, აპირებს თუ არა არჩევნებში მონაწილოებას, ან ვინ აპირებს ბარიერგადალახული თუ ზოგადად ოპოზიციური სპექტრიდან.

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ხშირად ადგილობრივ არჩევნებზე გამარჯვება აღიქმება, როგორც რაციონალური გზა ხელისუფლებაში საბოლოოდ მოსვლისკენ, თუმცა ნაკლები მოლოდინი აქვს, რომ ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა, რადგან ოპოზიციაში ყოფნა უფრო ეკომფორტულება.

„დავუშვათ ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში ყველგან გაიმარჯვა, მერე ხომ უკვე აღარაფერი აღარ უდგას წინ მის გამარჯვებას საპარლამენტო არჩევნებზე? ძალიან ხშირად ადგილობრივ დონეზე გამარჯვება აღიქმება, როგორც რაციონალური გზა ხელისუფლების საბოლოო აღებისკენ. თუკი ხელისუფლების აღება არ უნდათ, მაშინ ალბათ ადგილობრივ არჩევნებშიც არ მიიღებენ მონაწილეობას. მე საერთოდ დიდი ხანია ეჭვი მაქვს, რომ შეიძლება ჩვენს ოპოზიციას რეალურად ხელისუფლების აღება არ უნდა.

„თუკი რევოლუციურად და უცხოეთის დახმარებით ამოტრიალდება ხელისუფლების სკამები, ოპოზიციონერები შემოვლენ და შეიძლება დათანხმდნენ მაგას, მაგრამ ის, რომ იბრძოლონ, გაიჭირვონ და მერე ბევრმა ერთად ხელისუფლება აიღოს, ეს, მე მგონი, არ აწყობთ, რადგან მერე თუ ამდენი სუბიექტი იქნა ოპოზიციაში, ერთმანეთთან ანგარიში ექნებათ გასასწორებელი. მათი თვალსაზრისით ვიღაც ხომ ზედმეტი იქნება?!

„ყოველ შემთხვევაში, ვერ ხედავენ პერსპექტივას ბევრი სუბიექტის პირობებში და არც მაგის დიდი უნარი არ აქვთ, რომ ერთმანეთი ჩამოიშორონ. არაა გამორიცხული, რომ კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფისთვის უფრო წამგებიანი იყოს ხელისუფლებაში მოსვლა და ამ უმაღლეს დონეზე ბრძოლები გინდ ქვეყნის გარეთ და გინდ ქვეყნის შიგნით, ვიდრე წყნარად ყოფნა ოპოზიციაში, თანხების მიღება და ამით დაკმაყოფილება", - განაცხადა საყვარელიძემ.

კითხვაზე, ვისგანაა მოსალოდნელი, რომ საბოლოოდ გადაწყვიტოს ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა, საყვარელიძემ განაცხადა:

„სიმართლე გითხრათ, არავისგან არ ველოდები, რომ გამოვიდეს და თქვას, რომ ადგილობრივ არჩევნებში მინაწილეობას იღებს. ახლა 2024 წლის ოქტომბრის არჩევნებზე ყველა ხაზს უსვამდა, „ოცნება" რაიონებში დარბისო და ოპოზიციისგან ვერავინ ვერ ვნახეთ ხალხთან მოსაუბრეო. ანუ ოპოზიცია იმ არჩევნებზეც პასიური იყო და ამიტომ არ მგონია ამჟამად გააქტიურდეს.

„მეტ-ნაკლებად ალბათ გახარიასგანაა მოსალოდნელი, მან ოპოზიციის შაბლონს გადაუხვია. როგორც ჩანს, პარლამენტშიც შევა და ალბათ არაა გამორიცხული, რომ შემდეგ საფეხურებშიც მიიღოს მონაწილეობა. გახარიას პარტიასაც აკლია მოსახლეობასთან ურთიერთობა, შესაბამისად, არც რეიტინგი იყო მაღალი ბოლო არჩევნებზე, 8-10% არაა ისეთი სერიოზული რეიტინგი, რომ ხელისუფლების აღების შანსი ჰქონდეს", - განაცხადა საყვარელიძემ „რეზონანსთან".

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი და ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ შესაძლოა, ოპოზიციამ ერთობლივად წამოუყენოს „ოცნებას" ულტიმატუმი, რომ ერთ შემთხვევაში მიიღებს მონაწილეობას ადგილობრივ არჩევნებში, თუ მასთან ერთად ახალი საპარლამენტო არჩევნები გაიმართება,

„არ გამოვრიცხავ, რომ ოპოზიციამ ან ერთობლივად მიმართოს დე ფაქტო ხელისუფლებას, წაუყენოს ულტიმატუმი, რომ ადგილობრივი თვთმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებენ იმ შემთხვევაში, თუ ამავე დროს საპარლამენტო არჩევნებიც გაიმართება. თუ ჩატარდება საპარლამენტო არჩევნები, მაშინ სასურველია ჩატარდეს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან ერთად, რადგან ნაკლები დანახარჯი იქნება და 120-150 მილიონი ლარი ჯდება.

„წინააღმდეგ შემთხვევაში, ვფიქრობ, ოპოზიციისთვის აზრი არ აქვს, რადგან ჯერ პარლამენტი უნდა იყოს ლეგიტიმური, მერე მთავრობა და პრეზიდენტი, რომ მათ ჰქონდეთ ლეგიტიმაცია არჩევნების გამოცხადების. ალბათ ოპოზიცია ჯერჯერობით იმიტომ არ აფიქსირებს პოზიციას, რომ ან ჯერ არ არიან ჩამოყალიბებული, ან ერთიან გეგმაზე მუშაობენ, რათა ერთიანი განცხადება გააკეთონ.

„გახარიამ შეიძლება ცალკე მიიღოს გადაწყვეტილება, თითქოს ცდილობს თავისი ნიშა დაიკავოს, დამოუკიდებლად მოქმედებს და ცდილობს წარმოაჩინოს, რომ არის მესამე ძალა", - განაცხადა ნიკა ჩიტაძემ "რეზონანსთან".

„საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის საკითხი არ განიხილება. ყველაზე გონივრული იქნება, ოპოზიცია თვითმმართველობის არჩევნებისთვის მოემზადოს",- განაცხადა ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ვლადიმერ ბოჟაძემ. მისივე თქმით, ეუთო-ს დასკვნამ დაადასტურა, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები კონკურენტუნარიანი იყო.

„საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის საკითხი არ განიხილება. საპარლამენტო არჩევნები 2028 წლის 28 ოქტომბერს ჩატარდება, ხოლო თვითმმართველობის არჩევნები - 4 ოქტომბერს. შეიძლება, სალომე ზურაბიშვილი ამ არჩევნებისთვის მზადებას გულისხმობდა. ეუთო-ს დასკვნაში შავით თეთრზე წერია, რომ საპარლამენტო არჩევნები კონკურენტული იყო. ოპოზიცია რომ არჩევნებში დამარცხდა, გაიბუტა და პარლამენტში არ შემოვიდა, ეს რეალობას არ ცვლის, პარლამენტი მუშაობს. შესაბამისად, საპარლამენტო არჩევნები არ განიხილება. რაც უფრო მალე გამოერკვევიან და ეცოდინებათ, რომ არჩევნები არ დაინიშნება, მით უფრო მალე დაიწყებენ მზადებას ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის. ყველაზე გონივრული იქნება, ოპოზიცია სწორედ თვითმმართველობის არჩევნებისთვის მოემზადოს", - აღნიშნა ბოჟაძემ.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე