თამთა ჩაჩანიძე
(27.02.2025)

მეხუთე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის 5-პუნქტიანი გეგმა ოპოზიციის დიდი ნაწილისთვის გარკვეულწილად მიუღებელი აღმოჩნდა. ენმ-ში ამბობენ, რომ ესაა "თავის მოტყუება", რადგან პირველი რიგის ამოცანა უნდა იყოს არა ახალი არჩევნების გეგმა, არამედ "სისტემის დემონტაჟი", გახარიას პარტიაშიც აცხადებენ, რომ არავისთან არც გაერთიანდებიან და არც ერთიან სიაში შევლენ.

ზურაბიშვილის გეგმა შემდეგია: 1. არჩევნების პირობების დაწესება; 2. საარჩევნო კომისიებისა და დამკვირვებლების „ჯარის" მომზადება; 3. საერთაშორისო პარტნიორების მონაწილეობით ახალი არჩევნების გაყალბებისგან დაცვა; 4. პოლიტიკურ ძალებს შორის კოორდინაცია ახალი არჩევნებისთვის; 5. ერთიანი საარჩევნო პროგრამა - „ქართული ქარტია" და მისი პრიორიტეტები: პოლიტპატიმრების გათავისუფლება, "რუსული კანონების" გაუქმება, სამართლიანი სასამართლოს აღდგენა.

ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე "რეზონანსთან" აცხადებს, რომ ზურაბიშვილმა "თავისი ადგილი ვერ ნახა" და ოპოზიციისთვისაც წამგებიანია.

„სალომე ზურაბიშვილი არამკითხე მოამბეა, რომელიც მომაგონებს სულხან-საბა ორბელიანის პერსონაჟს - ცხენს ჭედავდნენ, იქვე მივიდა ბაყაყი და ფეხი ასწია მეც დამჭედეთო. ანალოგიურ სიტუაციაშია ახლა ის, რომელმაც თავისი ადგილი ვერ ნახა და მას ვურჩევ, რომ დაიხუროს თავსაფარი და წავიდეს ის, სადაც მისი სამშობლოა - ევრობიუროკრატებთან.

„ოპოზიციაში კი არიან ბრიყვები, მაგრამ სულ მთლად ბრიყვებიც არ არიან, ისინი ხედავენ, რომ სალომე ზურაბიშვილი პირიქით, ანტირეკლამაა, ამიტომ რაღაცით ხომ უნდა გამოიყვანონ თავი და ასეთ განცხადებებს აკეთებენ ოპზიციაში",- განაცხადა ედიშერ გვენეტაძემ "რეზონანსთან".

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე მიიჩნევს, რომ ოპოზიციაში ყველა თავისკენ ექაჩება, რადგან თუ ამ პუნქტებს შეუერთდებიან, ესე იგი ზურაბიშვილის ლიდერობას აღიარებენ. ძაბირაძის თქმით, ზურაბიშვილის მიმართ ინტერესი ნელ-ნელა იკლებს და თუ სურს, რომ ეს ინტერესი გაიზარდოს, რაიმე მოძრაობა ან პარტია უნდა შექმნას და სათავეში ჩაუდგეს.

„რამდენი გეგმაც გამოავქყენა ზურაბიშვილმა, ქარტიიდან დაწყებული დღემდე, ამ პროცესში პოლიტიკურ სპექტრს და შემადგენელს აკლია სურვილი ბრძოლის და ერთი საქმის კეთების, ყველა თავისკენ ექაჩება. თუ ზურაბიშვილის ამ პუნქტებს მართლა გულწრფელად აღიარებენ, ეს ნიშნავს, რომ ოპოზიცია ფაქტიურად მის ლიდერობას აღიარებს, ეს კი არ უნდათ, თორემ აქამდეც ჰქონდათ ამის საშუალება.

„ეს პროცესი ალბათ მაინც გაგრძელდება და ვნახავთ რა შედეგს მიივიღებთ, მაგრამ არ მგონია, რომ ამ გეგმამ რაღაც გადატრიალება მოახდინოს ოპოზიციის რიგებში, ან სხვაგვარად ჩამოაყალიბოს პოლიტიკური ოპოზიციური სპექტრი. დიდი იმედი არ მაქვს, რომ ამ გეგმით რაღაც ახლის შექმნა დაიწყება.

„ალბათ მაშინ (ზურაბიშვილის პრეზიდენტობის თანამდებობაზე ყოფნისას), ოპოზიცია თვლიდა, რომ ზურაბიშვილის პოზიცია მათთვის მნიშვნელოვანი იყო დასავლეთთან ურთიერთობაში, რადგან ზურაბიშვილი იყო ერთადერთი ლეგიტიმური პიროვნება, რომელიც ოპოზიციის პრინიპებს და მოთხოვნებს იზიარებდა. დღეს, კი ბატონო, ამბობენ, რომ ზურაბიშვილი რეალური პრეზიდენტია, მაგრამ დღეს მას ის მექანიზმები არ აქვს.

„ზურაბიშვილს მაშინაც შეზღუდული მექანიზმები ჰქონდა, მაგრამ დღეს ასეა, ამიტომაც მისადმი ინტერესი ნელ-ნელა იკლებს, თუ რა თქმა უნდა, ზურაბიშვილი არ წავა უფრო რადიკალური ნაბიჯების გადადგმაზე და არ დაიწყებს დამოუკიდებელ პოლიტიკურ თამაშს. ამ შემთხვევაში, შესაძლოა, მისადმი ინტერესი უფრო გაიზარდოს. ეს შეიძლება იყოს პარტიის ჩამოყალიბება, ან საზოგადოებრივი მოძრაობის შექმნა, არა პოლიტიკოსებით, არამედ არასამთავრობო ორგანიზაციებით, ვინც დღეს ამ პროტესტში მონაწილეობს. ეს ჯგუფები უნდა გამოიკვეთოს და შეიქმნას ახალი გნებავთ მოძრაობა დაარქვით და გნებავთ პოლიტიკური პარტია,ჯერჯერობით ეს უფრო რეალური ჩანს",- განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ „რეზონანსთან".

პოლიტიკური შეფასებები ზურაბიშვილის გეგმაზე

„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ირაკლი ფავლენიშვილის განცხადებით, პირველი რიგის ამოცანა უნდა იყოს არა ახალი არჩევნების გეგმა, არამედ სისტემის დემონტაჟი.

„უნდა მოვრჩეთ თავის მოტყუებას და როცა ვსაუბრობთ ივანიშვილზე, ის ახდენს დიქტატურის კონსოლიდაციას. მას არ ჩაუნიშნავს და არც ეტყობა, რომ უახლოეს დღეებში აპირებს არჩევნების ჩანიშვნას. ორიენტირებულები უნდა ვიყოთ ამ სისტემის დემონტაჟზე. თუნდაც არჩევნების ჩატარების თანხმობის შემთხვევაში, იმ პუნქტების ეფექტურობას განსაზღვრავს ის, დათმობს თუ არა ივანიშვილი ძალაუფლებას. თუ სუს-ი ისევ იქნება ივანიშვილის განკარგულებაში, თუ ძალოვანი სტრუქტურები იქნებიან მის განკარგულებაში, ეს სისტემა მახინჯი დარჩა, არჩევნებს აზრი არ აქვს. ჩვენ თუ ვთანხმდებით იმაზე, რომ არჩევნები გაყალბდა და არ გამოხატავდა ქართველი ხალხის ნებას, ვერანაირი გარანტია ვერ გვექნება იმის, რომ შემდგომი არჩევნები არ იქნება იმავენაირად ჩატარებული. ორი მთავარი მოთხოვნა რაცაა, ეს ორი მოთხოვნა რეალისტურია, თუ მოხდება სისტემის დემონტაჟი. ვთქვათ, სინდისის პატიმრები გათავისუფლდნენ. არაერთხელ გვინახავს, როცა პატიმრებით უვაჭრია ივანიშვილს. ერთი ტალღა რომ მორჩება, შეიძლება მეორე ტალღა დაიწყოს უახლოეს თვეებშიც და დღეებშიც კი. იმიტომ, რომ ასეთია ივანიშვილის ბუნება. როცა ვსაუბრობთ არჩევნებზე, რაღაც დათმობებზე ყოველთვის წასულა ივანიშვილი, მაგრამ ისევ იმიტომ წასულა, რომ იცოდა, სად უნდა გადავეგდეთ მომავალში",- განაცხადა ფავლენიშვილმა "პალიტრანიუსთან".

"საქართველოსთვის" წევრი ბერდია სიჭინავა ამბობს, რომ გახარიას პარტია სალომე ზურაბიშვილთან მჭიდრო კოორდინაციაშია, ზურაბიშვილის გეგმაში ახალი არაფერია და მთავარი ისაა, „არჩევნებამდე როგორ მივდივართ".

„ჩვენ დამოუკიდებლად გავედით არჩევნებზე, ჩვენი პარტია რომ ვინმესთან გაერთიანდება, ამის ილუზია არავის უნდა ჰქონდეს. ჩვენი, დამოუკიდებელი გზა გვაქვს, მაგრამ ხაზს ვუსვამ იმას, რომ კოორდინაციის აუცილებლობაზე ვსაუბრობთ და ვისაუბრებთ ყოველთვის. კოორდინაციაში ვიქნებით ორ ფუნდამენტურ საკითხთან დაკავშირებით და ამაში არანაირი კითხვის ნიშანი არ იქნება. ყველა ასეთ შეხვედრაზე დავდივართ, როდესაც სალომე ზურაბიშვილს აქვს ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთან. ახალი არჩევნების საკითხზე და რეჟიმის, სინდისის პატიმრების გათავისუფლებასთან დაკავშირებით კოორდინაციაში ვიქნებით ყველასთან. ამიტომ ამ საკითხის ისე დავიწროება, რომ ყველა ფოტოში აუცილებლად ამ ადამიანებთან ერთად უნდა ვიდგეთ, ერთ შტაბში უნდა ვისხდეთ და ერთი საკითხით ვიყოთ დაკავებული, ეს ასე არ იქნება", - განაცხადა ბერდია სიჭინავამ "პალიტრანიუსთან".

პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან თქვა, რომ ოპოზიციის მეთაური სალომე ზურაბიშვილი იქნება თუ არა, ამას მნიშვნელობა არ აქვს, რადგან „მათი მხრიდან მსახურთა, აგენტთა და უსამშობლოთა ქვეყანა შეიქმნება, რომელსაც, რასაკვირველია, გარანტირებული აქვს სერიოზული მარცხი, როგორც საერთაშორისო ასპარეზზე, ასევე ეკონომიკურად და თუნდაც ფიზიკურად".

„ზურაბიშვილი ადრეც ამბობდა, რომ მთავრობას და პრემიერ-მინისტრს დანიშნავს. მათი მიზანია, რომ საქართველოში არჩევნები ცესკო-მ კი არ ჩაატაროს, არამედ საერთაშორისო რაღაც სტრუქტურამ ჩაატაროს, ისიც ამ ვითარებასთან შეუსაბამო ვადამდელი არჩევნები. არადა, საპარლამენტო არჩევნები საერთაშორისო სტრუქტურებმა უკვე შეაფასეს და არჩევნები აღიარეს. განსხვავებული აზრი მხოლოდ რევოლუციურ ფორმატშია. ეს ყველაფერი სალომე ზურაბიშვილს და არამარტო მას, მეორე პლანზე აქვს გადაწეული. კოლექტიურ

"ნაცმოძრაობას" რიგგარეშე არჩევნების ჩატარება და ამ პროცესებიდან „ქართული ოცნების" სრული გამოთიშვა აერთიანებს. მათი მიზანია, ამ გზით ხელისუფლებაში მოსვლა, რათა ვიღაცას ემსახურონ. ეს არის მთავარი მოთხრობა, რომელიც დიდი ხმის წინ დაწერეს და ახლა ამის განხორციელებას ცდილობენ. არსებული რეალობა კარგი არ არის, მაგრამ მეორე რეალობაა, რომელიც მათი მხრიდან შეიძლება განვითარდეს - სახელმწიფოს ნგრევა დაიწყოს, რომელსაც შეუქცევადი პროცესი ექნება. ეს ადამიანები, ვინც უკვე ქვეყანას სერიოზული ზარალი მიაყენა, ხელისუფლებაში მოსვლას რევოლუციური გზით ცდილობენ. მათი მეთაური სალომე ზურაბიშვილი იქნება თუ არა, ამას მნიშვნელობა არ აქვს, რადგან მათი მხრიდან მსახურთა, აგენტთა და უსამშობლოთა ქვეყანა შეიქმნება, რომელსაც რა საკვირველია, გარანტირებული აქვს სერიოზული მარცხი, როგორც პოლიტიკურ საერთაშორისო ასპარეზზე, ასევე ეკონომიკურად და თუნდაც ფიზიკურად. ეს იმის ალტერნატივაა, რაც დღეს გაგვაჩნია", - განაცხადა ვოლსკიმ.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე