თამთა ჩაჩანიძე
(26.02.2025)

"ფარა"-ს კანონს, რომელიც "ოცნების" თქმით, ამერიკული კანონმდებლობიდან სიტყვა-სიტყვით თარგმნეს, სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებები ახლავს თან. კანონპროექტის მიხედვით, "უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტის" დარღვევა, გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობა, ან არაჯეროვნად შესრულება ისჯება ჯარიმით, ან თავისუფლების აღკვეთით 5 წლამდე ვადით, იურიდიული პირი კი ისჯება ჯარიმით.

გასული წლის გაზაფხულზე მიღებული ე.წ. რუსულ კანონში ასახული მოთხოვნების შეუსრულებლობა კი ადმინისტრაციული ჯარიმების დაკისრებას ითვალისწინებს.

უნდა აღინიშნოს, რომ 24 თებერვალს პარლამენტში „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტის" სახელწოდებით "ფარა"-ს სიტყვა-სიტყვით ნათარგმნი პროექტი დარეგისტრირდა, რომელშიც მათ შორის გადმოტანილია ტერმინები - „აშშ-ს პრეზიდენტი", „კონგრესი", „სახელმწიფო დეპარტამენტი", „ხაზინის მდივანი". "ოცნების" თქმით, როგორც კი ფარას კანონს მიიღებენ, მაშინვე გაუქმდება ძველი კანონი, რომელიც დღეს ფაქტიურად არ მოქმედებს.

პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის თქმით, კანონში ტერმინები "განზრახ არის დატოვებული", რომ "სპეკულაციებისთვის ერთი გრამი შესაძლებლობაც არ დარჩენილიყო".

"საქართველოში გადმოღებული "ფარას" კანონი არ გამოდგება იმ მიზნის, მისაღწევად, რაც სჭირდება გამჭვირვალობის უზრუნველყოფას. გარდა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისა, რომლებიც რუსულ კანონში იყო, აქ შემოაქვთ სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობაც, რაც კიდევ უფრო დაამძიმებს ვითარებას",- ამბობს "რეზონანსთან" კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე.

"ფარა" ქართულ რეალობასთან შესაბამისობაშია, კანონებს ადამიანები რეალობასთან შესაბამისად იღებენ, კანონები განსაკუთრებით მაშინ მკაცრდება, როდესაც ქვეყანა მძიმე ვითარებაში იმყოფება, ჩვენ 2022 წლის 24 თებერვლიდან დღემდე ფაქტიურად საომარ მდგომარეობაში ვიმყოფებით",- განაცხადა ანალიტიკოსმა ედიშერ გვენეტაძემ "რეზონანსთან".

თავსებადია თუ არა კოპირებული "ფარა" ჩვენს კანონმდებლობასთან

კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე "რეზონანსთან" აცხადებს, რომ ქვეყანაში რომელიმე კანონის უცვლელად გადმოტანა ისე, რომ არ იყოს მორგებული, როგორც შიდა მდგომარეობაზე, ისე კანონმდებლობაზე, სასარგებლო შედეგს არ მოიტანს.

"ქვეყანაში რომელიმე კანონის უცვლელად შემოტანა ისე, რომ ის არ იყოს მორგებული ზოგადად ქვეყანაში მოქმედ კანონმდებლობას, ქვეყნის მდგომარეობას, ეს არანაირად არ შეიძლება და არასოდეს არ მოიტანს სასარგებლო შედეგს. ეს დაახლოებით ისეთია, როცა რაღა ავტომობილს თვითმფრინავის ძრავას ჩაუდგამთ, ეს ავტომობილი ვერც იმოძრავებს, ვერც გაფრინდება და უბრალოდ ნაწილებად დაიშლება.

"არაფრით არ შეიძლება ზოგადად სამართლებრივ სისტემასთან მოურგებლად რაიმეს კოპირება. როცა მორგებაზე ვსაუბრობ, ამაში ბევრი რამ იგულისხმება, იგულისხმება, როგორც სისტემა, რომლის მიხედვითაც ქვეყანაში ხდება დაფინანსება იმ არასამთავრობო სექტორის, მედიასაშუალებების, ისე ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა.

„დღეს კი ეკონომიკური ვითარება იმდენად მძიმეა და სოციალურად დაუცველ ადამიანთა რაოდენობა იმდენად დიდია, რომ ამ არასამთავრობო ორგანიზაციების არსებობას ფინანსები სჭირდება, შესაბამისად, ეს ფაქტორიც უნდა იქნას გათვალისწინებული. კიდევ მრავალი სხვა ფაქტორია, რომელთა ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს.

"ნებისმიერი კანონის მიღებისას, უნდა იქნას განსაზღვრული მიზანი, ეს მიზანი უნდა იყოს ლეგიტიმური და შემდგომ, ამ მიზნის მისაღწევი საშუალებები უნდა იქნას შერჩეული - ასე უნდა კეთდებოდეს.

ის კანონი, რომელიც მიიღეს, "რუსულ კანონს" რომ უწოდებენ, მიზანი იყო გაცხადებული გამჭვირვალობის უზრუნველყოფა, მაგრამ ის საშუალებები, რომელიც ამ კანონში იყო ჩართული, არ შეესაბამებოდა ამ მიზანს.

"საქართველოში "ფარას" კანონის პირდაპირ დანერგვა უბრალოდ შეუძლებელი იქნება, ერთ-ერთი მთავარი ელემენტი, რომელიც ამ კანონის პირდაპირ გადმოღებისას პრობლემური იქნება, ეს გახლავთ სასამართლოს დამოუკიდებლობა. აშშ-ში სასამართლო დამოუკიდებელია, ერთ-ერთ მაგალითს მოვიყვან - მოგეხსენებათ, რომ ფედერალურმა მოსამართლემ შეაჩერა პრეზიდენტის ბრძანება, რომელიც "იუ-ეს-ეი-აიდის" დაფინანსებისა და მოქმედების შეჩერებას ითვალისწინებდა. დღეს საქართველოში მსგავსი გადაწყვეტილებები სასამართლოს მხრიდან უბრალოდ წარმოუდგენელიც კია.

"ამიტომაც საქართველოში გადმოღებული "ფარას" კანონი არ გამოდგება იმ მიზნის, მისაღწევად, რაც სჭირდება გამჭვირვალობის უზრუნველყიფას. გარდა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისა, რომლებიც რუსულ კანონში იყო, აქ შემოაქვთ სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობაც, რაც კიდევ უფრო დაამძიმებს ვითარებას. სრულიად აშკარაა, რომ ამ კანონის რეალური მიზანი, ესაა რეპრესიების შესაძლებლობა.

"კანონის მიღებამდე ვინ რა გააკეთა, ამაზე სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა ვერ გავრცელდება, მაგრამ თუ ეს კანონი მიიღეს, მაშინ ამ კანონის ამოქმედების დღიდან უკვე ნებისმიერი ასეთი მოქმედება - რეგისტრაციაზე უარის თქმა, რაღაც ინფორმაციის წარუდგენლობა, ეს უკვე იქნება სისხლის სამართლის დანაშაული, აქედან გამომდინარე რეპრესიებიც",- განაცხადა ვახტანგ ხმალაძემ "რეზონანსთან".

ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე "რეზონანსთან" ამბობს, რომ "ფარას" ქართული ვერსია, ქვეყნის კანონმდებლობასა და სიტუაციასთან შესაბამისობაშია.

"ფარა" ქართულ რეალობასთან შესაბამისობაშია, კანონებს ადამიანები რეალობასთან შესაბამისად იღებენ, კანონები განსაკუთრებით მაშინ მკაცრდება, როდესაც ქვეყანა მძიმე ვითარებაში იმყოფება, ჩვენ 2022 წლის 24 თებერვლიდან დღემდე ფაქტიურად საომარ მდგომარეობაში ვიმყოფებით, რომელიც ჩვენს წინააღმდეგ შექმნა აშშ-ის წინა ხელისუფლების მიერ აღიარებულმა ე.წ.-მა დიფ სტეიტმა ადგილობრივი აგენტურის მეშვეობით.

"როდესაც საომარი მდგომარეობაა, მაშინ მკაცრდება კანონები, ამის გარეშე სახელმწიფო და ხალხი დაიღუპება. როგორც თევზისთვის წყალი და ადამიანისთვის ჰაერი, ახლაც ეს კანონი აუცილებელია სახელმწიფოს გადარჩენისთვის იმ აგენტურისგან, რომელიც ჩვენს ქვეყანაში აგერ უკვე თითქმის 35 წელია თარეშობს. ეს აუცილებელი გასაკეთებელი იყო და კიდევაც კეთდება",- განაცხადა გვენეტაძემ.

კითხვაზე, ეს გამოიწვევს თუ არა ისეთივე პროტესტს, როგორიც წინა შემთხვევებში იყო, ანალიტიკოსმა გვითხრა:

"რა პროტესტი უნდა გამოიწვიოს, ის პროტესტი, რომელიც 2023 წლის 7-8 მარტს იყო, როდესაც პრეზიდენტმა საკუთარი დამცველების ცოცხლად დაწვისკენ მოუწოდა, ის პროცესი უკვე აღარაა. ამათი სათავე აშშ იყო და დღეს ეს სიტუაცია აღარაა",- განაცხადა ედიშერ გვენეტაძემ.

რას ამბობს პარლამენტის თავმჯდომარე

"განზრახ არის დატოვებული ტერმინები, რომელიც გამოყენებულია ამერიკულ „ფარაში", რომ სპეკულაციისთვის ერთი გრამი შესაძლებლობაც არ დაგვეტოვებინა - ერთადერთი გზა, რომ ჩვენ მიერ ახლად დაინიცირებული კანონი გააკრიტიკონ ისაა, თქვან, რომ ამერიკის შეერთებული შტატები არის ცუდი და ამას ლიბერალური ინტერნაციონალი, თავისთავად, ვერ იტყვის", - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.

მისი თქმით, აღნიშნული კანონპროექტი „ფარას" იდენტურია, ახლა კი პარლამენტი მას ტერმინოლოგიურად მოარგებს ქართულ რეალობას.

„ჩვენ სიტყვა-სიტყვით დავაინიცირეთ ამერიკული ფარა, მათ შორის განზრახ დატოვებულია ტერმინები, რომელიც გამოყენებულია ამერიკულ „ფარაში", რომ სპეკულაციისთვის ერთი გრამი შესაძლებლობაც არ დაგვეტოვებინა, რომ არ თქვა, იქ სხვა რამე წერია და აქ სხვა.

"ახლა იდენტურია - ყველა ტერმინი, სიტყვა, მძიმე, წერტილი არის იდენტური და ახლა, პარლამენტი უკვე ტერმინოლოგიურად მოარგებს ამას ქართულ რეალობას. მაგრამ მგონი ყველა შეთანხმდა, რომ ეს არის ამერიკული „ფარა". ამერიკა რომ გამჭვირვალობის პრინციპის კრიტიკოსებისთვის სამაგალითო და მისაბაძი ქვეყანაა, ესეც ყველამ ვიცით.

ამიტომ, თუ უნდათ ამერიკის შეერთებული შტატები აკრიტიკონ, იციან, სად არის ამერიკის საელჩო. ვნახეთ, მათ ლიბერალურ ისტორიაში პირველად გუშინ, როგორ შეუვარდნენ აშშ-ის საელჩოს ვებ-გვერდს.

"ფაქტობრივად, აშშ-ის საელჩომ თავის თავზე იგრძნო ის, რასაც დიდი ხანია მათ მიერ დაფინანსებული „ენჯეოებისგან" ვგრძნობთ ხელისუფლება და საზოგადოება - ბულინგს, ზიზღის ენას, მუქარას, რომელიც მოედინებოდა ხოლმე ქართველი სუბიექტების მიმართ. გუშინ ვნახეთ ეს სრულად გადაღვრილი ამერიკის შეერთებული შტატების

„ფეისბუქ" გვერდზე. ამას მკაცრად აღიქვამს ვინმე, თუ არამკაცრად, ეს უკვე მათი საკითხია, მთავარია ერთი რამ - ეს არის იდენტური ამერიკულთან. თუ რაიმე პრეტენზია აქვთ, მაშინ უნდა აკრიტიკონ ამერიკა",- განაცხადა პაპუაშვილმა.

ამასთან, პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებით, დღეს ოპოზიცია და უცხოეთიდან დაფინანსებული NGO-ები დაკავებული არიან საქართველოს ციხის შიგნიდან მსხვრევით და მტვრევით.

„უნდა მოემზადონ არჩევნებისთვის, ოქტომბერში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები იქნება, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთად დანიშნავს. როცა ამ არჩევნებს დანიშნავენ, პრეზიდენტის და პრემიერის მიერ დანიშნულ არჩევნებში მონაწილეობა უნდა მიიღონ და გამოიტანენ სამსჯავროზე თავის სამარცხვინო ქცევას. კიდევ ერთხელ, ამ სამარცხვინო ქცევას განაჩენს ქართული საზოგადოება გამოუტანს, რაც არაერთხელ მომხდარა და ეს კიდევ ერთხელ განმეორდება", - განაცხადა პაპუაშვილმა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე