ნატალია ჯვარიძე
(26.02.2025)

„მოსახლეობამ პირველ რიგში დათოვლილი სახლები უნდა გაწმინდოს. მესმის, რომ ეს ძალიან რთულია და ბევრ რისკებთანაა დაკავშირებული, მაგრამ სხვანაირად სახლები დაინგრევა", - აცხადებს „რეზონანსთან" „მწვანეთა მოძრაობის" თავმჯდომარე ნინო ჩხობაძე, რომელიც დასავლეთ საქართველოს მოსახლეობას ურჩევს, რომ გზებზე სიარულს მაქსიმალურად მოერიდონ.

„პირველ რიგში, მოსახლეობამ რამენარად თოვლის გაწმენდა უნდა მოახერხონ, რათა სახლები არ ჩაინგრეს - დათოვლილ სახლებში გაჩერება ძალიან საშიშია. მაქსიმალურად უნდა გაკვალონ გზები. რა თქმა უნდა, ძალიან რთული სამუშაოა და საჭიროა, რომ მეზობლები ერთმანეთს დაეხმარონ.

„ამასთან, პროდუქტები უნდა იყოს მომარაგებული, ვინაიდან ცენტრალური გზები შეიძლება ჩაკეტილი იყოს და საკვების მიტანა ვერ მოხერხდეს. ასევე მნიშვნელოვანია, რომ მაქსიმალურად მოერიდონ ტრასებზე სიარულს, რადგანაც დაბალი ტემპერატურაა მოსალოდნელი და გზებზე ძალიან სერიოზული ყინული იქნება.

„თითოეული ოჯახი რაც შეიძლება მეტად უნდა მობილიზდეს. რთული სიტუაციაა იმ მხრივ, რომ ბევრაგან წყლის ამოღება უჭირთ, ამ შემთხვევაში რამენაირად თოვლი უნდა გამოიყენონ ტექნიკური წყლისთვის.

„ამ ყველაფერს მობილიზება, ცოდნა და უნარი სჭირდება, რაც ასეთ ვითარებაშია გასაგებია, რომ ასე მარტივი არაა. მითუმეტეს, თოვლის გადათოვლა, როდესაც ოჯახში მოხუცები და ბავშვები ცხოვრობენ. შეძლებენ თუ არა ამას ისე, რომ სახლები არ დაენგრეთ, დიდი მნიშვნელობა აქვს და საკმაოდ სერიოზულ რისკებთანაა დაკავშირებული", - განაცხადა ნინო ჩხობაძემ „რეზონანსთან".

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველში დიდთოვლობის შედეგად შექმნილი პრობლემების აღმოსაფხვრისა და დაზარალებული მოსახლეობის დახმარების პროცესში თავდაცვის ძალების ქვედანაყოფები ექვს მიმართულებაზე მუშაობენ.

ამასთან, თავდაცვის სამინისტროში აღნიშნავენ, რომ ჯარი სტიქიის სალიდიკვაციო სამშაოებში პირადი შემადგენლობითა და შესაბამისი ტექნიკით არის ჩართული.

„დღეს დილიდან სამხედრო მოსამსახურეები შესაბამისი ტექნიკური საშუალებებით გავიდნენ ყველა იმ კრიტიკულ ობიექტზე, სადაც მოსახლეობა დახმარებას საჭიროებას.

ჯარი სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში პირადი შემადგენლობითა და შესაბამისი ტექნიკით არის ჩართული. თავდაცვის ძალების წარმომადგნლები შსს-ს სამაშველო სამსახურთან, მოსახლეობის დახმარების მიზნით, მუდმივ კოორდინაციაშია.

დასავლეთ საქართველოში დიდთოვლობის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დახმარების პროცესში თავდაცვის ძალები გუშინ საქართველოს პრემიერ-მინისტრის,ირაკლი კობახიძის ბრძანების საფუძველზე ჩაერთო. თავდაცვის მინისტრის ბრძანებით, საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების მხარდასაჭერად თავდაცვის ძალებიდან გამოყოფილია დასავლეთისა და აღმოსავლეთის, სპეციალური ოპერაციების, ჯარების ლოჯისტიკური უზრუნველყოფის, ასევე წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობების ქვედანაყოფები და სპეციალური ტექნიკური საშუალებები", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

დასავლეთ საქართველოში მოსულ დიდთოვლობას სამი ადამიანის სიცოცხლე ემხსვერპლა, ათობით ადამიანი დაზარალდა და დაინგრა საცხოვრებელი სახლები.

ბოლო ცნობებით, ბათუმში მეტაქსსას ქუჩაზე, თოვლის უხვი ნალექის შედეგად იტალიური ტიპის საცხოვრებელი სახლის ნაწილი, ხოლო სახურავი მთლიანად დაინგრა.

„საცხოვრებელი სახლის ნაწილი ჩამოინგრა, სახურავი მთლიანად ჩამოიშალა, აქ ოთხი ოჯახი ვცხოვრობთ, წასასვლელი არსად გვაქვს. ახლა მოვიდნენ ბათუმის მერიის წარმომამდგენლები და ბინებში გადაყვანას გვთავაზობენ, ალბათ, მანამდე აქ სიტუაციას შეისწავლიან. დაინგრა საერთო საცხოვრებლის სახურავი და შენობის ნაწილი", - ამბობს მოქალაქე.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ჩამონგრეული ორსართულიანი ბარაკული ტიპის საცხოვრებელ სახლში ორი მოქალაქე იყო მოყოლილი, რომლებიც მაშველებმა ნანგრევებიდან გამოიყვანეს. მათივე თქმით, ისინი სამედიცინო დაწესებულებაში არიან გადაყვანილები და ამ დროისთის მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

აღსანიშნავია ისიც, რომ გურიის რამდენიმე სოფელი ამ დრომდე გარე სამყაროსაა მოწყვეტილი.

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტს საკრებულოს ოპოზიციონერი წევრის ბაჩო ახალაძის ინფორმაციით, მოსახლეობას არ მიეწოდება ელექტროენერგია და არის საკვების დეფიციტის პრობლემაც.

„ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში კვლავ რთული მდგომარეობაა. რამდენიმე სოფლის გზა ცენტრამდე გაიწმინდა. შიდა სასოფლო გზები არსად არის გაწმენდილი. თოვლის საფარმა წუხელ კიდევ მოიმატა, მაგრამ დიდად არა. ყველაზე რთული ზონა არის საჭამიასერი, ქვემო ხეთი, ზემო ხეთი, კოხნარი - ეს სოფლები მოწყვეტილია გარე სამყაროს. ელექტროენერგია არ არის.

„ვიცით რამდენიმე მარტოხელა მოხუცი, რომელიც საერთოდ კონტაქტზე არ გამოდის, როგორ არიან, არც ვიცით და მათ შესახებ ინფორმაცია არ გვაქვს. გარდა ამისა საკვების პრობლემაც. ხელისუფლებას მოვუწოდებ მოქმედებისკენ, რათა არსებული პრობლემები დროული მოგვარდეს", - განაცხადა ბაჩო ახალაძემ.

10-მდე საცხოვრებელი სახლი დანგრეულია ქობულეთის მუნიციპალიტეტში, სადაც 1000-ზე მეტი ოჯახი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.

„შიდა სასოფლო გზები ჯერჯერობით ვერ იწმინდება, ამ ეტაპზე, სოფლის ცენტრამდე მოსასვლელი გზა იწმინდება. 10-მდე სახოვრებელი სახლია დაზიანებული, მოსახლეობა გადაყვანილია უსაფრთხო ადგილზე, ამ ეტაპზე ცენტრალური გზები იწმინდება. ელექტროენერგია ნაწილობრივ აღდგენილია, შუქის გარეშე 1000-ზე მეტი ოჯახია დარჩენილი. პაციენტებს, რომლებსაც დახმარება ესაჭიროებათ, სამაშველო სამსახურთან ერთად ვეხმარებით", - აცხადებენ ქობულეთის მერიაში.

პრემიერი ირაკლი კობახიძე სტიქიის ზონაში ჩავიდა. მან გურიის რეგიონში, საკოორდინაციო შტაბის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ბევრი გამოწვევაა, თუმცა ყველა პრობლემის გადასაჭრელად მაქსიმალურად იმუშავებენ.

„დღეს განვიხილეთ რეგიონში არსებული მდგომარეობა. მდგომარეობა არის საკმაოდ რთული. გუშინდელმა თოვამ კიდევ უფრო მეტად გაართულა ვითარება, შესაბამისად, დღეს უკვე აუცილებელი გახდა, თავდაცვის ძალების ჩართვა, რასთან დაკავშირებითაც, გადაწყვეტილება იქნა მიღებული. სრულად იქნება კოორდინირებული, მობილიზებული ყველა უწყება იმისთვის, რომ ამ სტიქიას ვებრძოლოთ. მთლიანობაში გეგმა არსებობს, ვითარება რთულია, გამოწვევა ძალიან ბევრია, თუმცა ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რომ მაქსიმალურად ვიმუშაოთ ყველა პრობლემის გადაჭრაზე", - განაცხადა კობახიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე