თამთა ჩაჩანიძე
(26.02.2025)

25 თებერვლის აქციის მთავარი მოთხოვნა ვადამდელი არჩევნების ჩატარება და პოლიტპატიმრების გათავისუფლება იყო, თუმცა როგორც "ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, ვადაზე ადრე არჩევნების ჩანიშვნის საკითხი არ განიხილება. ოპოზიცია კი გაზაფხულზე "გადამწყვეტ ბრძოლას" აანონსებს, პროტესტანტები კი ამბობენ, რომ აქციები უწყვეტი იქნება, სანამ მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.

ანალიტიკოსები პოლიტიკურად აქტიურ გაზაფხულს ელიან, თუმცა განსხვავებული პროგნოზები აქვთ.

პროტესტის 90-ე დღეს, 25 თებერვალს, საბჭოთა ოკუპაციის დღეს, თბილისში რამდენიმე მარში გაიმართა ჯერ გმირთა მოედნის მიმართულებით, შემდეგ კი გმირთა მოედანზე გაერთიანებული დემონსტრანტები ასევე მსვლელობით გაემართნენ რუსთაველის გამზირისკენ.

მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა რუსთაველის გამზირზე, პირველი გიმნაზიის წინ შეკრებილ აქციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა. ზურაბიშვილმა სამოქმედო გეგმაზე ისაუბრა და როგორც განაცხადა, ახალი არჩევნების დანიშვნა უალტერნატივოა.

"ერთი, რომ უნდა მოვამზადოთ არჩევნების პირობები - ამისთვის მზად ვართ პრაქტიკულად და მომავალ დღეებში გაეცნობით დოკუმენტს, რა უნდა იყოს არჩევნების პირობები.

"მეორე - უნდა მოვემზადოთ არჩევნებისთვის. ეს იმას ნიშნავს, რომ დღესვე უნდა მოვამზადოთ კომისიის წევრები და დამკვირვებლები, მთელი ჯარი იმისთვის, რომ მეორედ ვერავინ შეძლოს არჩევნების გაყალბება. ეს ჩვენი ყველას გასაკეთებელია.

"მესამე - ამაზე ვმუშაობ. ჩვენ უნდა მოვიპოვოთ ჩვენი სანდო პარტნიორებისაგან ყველანაირი დახმარება იმისთვის, რომ ის ფორმები გაყალბების, რაც გამოიყენეს, ვეღარ გამოიყენონ. ეს ეხება ტექნოლოგიურ არჩევნებს, ბევრ რამეს", - განაცხადა ზურაბიშვილმა.

ვინ რა პოტენციალით ხვდება გაზაფხულს

ანალიტიკოსი გია აბაშიძე "რეზონანსთან" აცხადებს, რომ გაზაფხულზე აქციები იქნება, თუმცა ამით რეალური ცვლილება მოსალოდნელი არაა.

"25 თებერვლის აქციამ დააფიქსირა ის, რომ ქართულ რადიკალურ ოპოზიციაში არაფერი იცვლება, რეალობას აბსოლუტურად აცდენილები არიან. სასოწარკვეთილად იმ სისულელეებს იოთხოვენ, რაც არასოდეს აუსრულდებათ. ე.წ. ვადამდელი არჩევნებს ითხოვენ, მათ შორის ე.წ. სალომე ზურაბიშვილი.

"როდესაც საქართველოს რელაობაში ამდენი პრობლემა და გამოწვევაა და ამაში მმართველ გუნდს არ ჰყავს არგუმენტირებული და საქმეებზე ორიენტირებული ოპოზიციზ, ესაა ქართული დემოკრატიის დიდი ტრაგედია. ნაცაქტივისტები წინ და უკან დარბიან, ეს არიან დაფინანსებულები, თუ შეცდომაში შეყვანილი ახალგაზრდები რაღაც სისულელეებს ითხოვენ, მთავრობას ამუნათებენ ე.წ. პრორუსულ პოლიტიკაზე, მაგრამ რეალური პრობლემებისგან ძალიან შორს არიან.

"ქვეყნის რეალური პრობლემები ძალიან ბევრია თვალნათლივ, თუ კულუარებში, ამაზეა საჭირო ნებისმიერი ოპოზიციური ძალის ყურადღების მიპყრობა. ამბობენ, რომ თითქოს ისინი ნაცოპოზიციას არ მიეკუთვნებიან, მაგრამ რეალურად მათ დაკვეთსა ასრულებენ. შეიძლება 25 თებერვალს რუსთაველზე რამდენიმე ათასი ადამიანი იყო, შეიძლება რამდენიმე ასეული იყოს დღეს-ხვალ-ზეგ, მაგრამ პრობლემები, რომლებიც საზოგადოებას აწუხებს, პრობლემებად რჩება.

"ქართული ოცნება", თუ ნებისმიერი მმართველი პარტია ვერსად ვერასოდეს იქნება იდეალური, მას სჭირდება კონსტრუქციული, ანგუმენტებზე დაფუძნებული ოპოზიციური ძალა.

"პირადად მე, გაზაფხულზე ამ მავნებელი სამარცხვინო ძალებისგან არაფერს არ ველოდები, გარდა პერფორმანსებისა. ვიღაც საცოდავი ნაცსპიკერები აცხადებენ, რომ ნანული ჟორჟოლიანი თურმე მომავალი პრემიერ-მინისტრია, გესმით რა საცოდავ მდგომარეობაში არიან ის ძალები, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ ვიღაც ლუზერი ჟურნალისტი თურმე საქართველოს პრემიერ-მინისტრი უნდა იყოს? მე და საქართველოს 99%-ს არ გვსურს ასეთი უბადრუკი ოპოზიცია.

"ეს ლოზუნგები თებერვალში იქნება, მარტში თუ მაისში, ან ხალხი ამდენი ათასი იქნება, თუ იმდენი ამას მნიშვნელობა არ აქვს, ოპოზიციურ სპექტრში ქართველ საზოგადოებაზე ვინც არ ზრუნავს, ის მუდმივად დამარცხებული იქნება. წინ ოქტომბრის ადგილობრივი არჩევნებია, თუ საქმეზე ორიენტირებული პოლიტიკური აქტორები არიან, მაშინ არჩევნებისთვის უნდა მოემზადონ, მაგრამ როგორ მოემზადებინ, როცა მათი კერპები ნანული ჟორჟოლიანი, ჭიჭე ვაშაძე და სხვები არიან",- განაცხადა "რეზონანსთან" გია აბაშიძემ.

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი და ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე "რეზონანსთან" აცხადებს, რომ 25 თებერვლის აქცია ყინვის და უამინდობის ფონზე მრავალრიცხოვანი იყო და გაზაფხულზე უფრო მასშტაბური გამოსვლებია მოსალოდნელი.

"25 თებერვლის აქცია ფართომასშტაბიანი იყო, მომიტინგეთა ჯგუფები რვა სხვადასხვა ლოკაციიდან დაიძრნენ, მერე გადაინაცვლეს ჯერ გმირთა მოედანზე, შემდეგ რუსთაველზე. თოვლისა და ყინვის მიუხედავად, საკმაოდ მრავალრიცხოვანი იყო აქცია. ბრძოლა გაგრძელდება, საქართველოს პრეზიდენტმაც განაცხადა, რომ გაზაფხულიდან ახალი ბრძოლა იწყება, მოსალოდნელია აქციები 3-8 მარტს უფრო ქალთა მარშების სახით, ასევე სხვა ტიპის დიდი აქციებიც იქნება.

"ძალთა თანაფარდობას რაც შეეხება, სოციოლოგიური კვლევების მიხედვით, უფრო ბევრი ადამიანი უფრო ოპოზიციურად არის განწყობილი, გარკვეული ნაწილი ნეიტრალურს ინარჩუნებს. გაზაფხულიდან, როცა კლიმატური პირობები გაუმჯობესდება, უფრო მეტი ადამიანი გამოვა. ამასთან, მნიშვნელოვანია დემოკრატიული დასავლეთი რამდენად პრინციპული იქნება საქართველოს დღევანდელი დე ფაქტო ხელისუფლების მიმართ.

"დღეს დე ფაქტო ხელისუფლება გარკვეულწილად სარგებლობს იმით, რომ აშშ დაკავებულია ევროპასთან ურთიერთობების გარკვევით, რუსეთ-უკრაინის საკითხით. გარკვეულწილად ისიც უნდა ითქვას, რომ დასავლეთიც ჩვენ გველოდება რამდენად გვაქვს ბრძოლის უნარი, ჩვენ უნდა ვაკეთოთ ჩვენი გასაკეთებელი",- განაცხადა ნიკა ჩიტაძემ "რეზონანსთან".

რას აცხადებენ "ოცნებასა" და ოპოზიციაში

"ქართული ოცნების" დეპუტატი ვლადიმერ ბოჟაძე აცხადებს, რომ ახალი არცევნების დანიშვნის საკითხი არ განიხილება, მისი თქმით, ყველაზე გონივრული იქნება, ოპოზიცია თვითმმართველობის არჩევნებისთვის მოემზადოს.

„საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის საკითხი არ განიხილება. საპარლამენტო არჩევნები 2028 წლის 28 ოქტომბერს ჩატარდება, ხოლო თვითმმართველობის არჩევნები - 4 ოქტომბერს. შეიძლება, სალომე ზურაბიშვილი სწორედ ამ არჩევნებისთვის მზადებას გულისხმობდა.

"ეუთო-ს დასკვნაში შავით-თეთრზე წერია, რომ საპარლამენტო არჩევნები კონკურენტუნარიანი იყო. ის, რომ ოპოზიცია არჩევნებში დამარცხდა, გაიბუტა და პარლამენტში არ შემოვიდა, ეს რეალობას არ ცვლის - პარლამენტი მუშაობს!" - განაცხადა ვლადიმერ ბოჟაძემ.

„ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა, რომ ახალ არჩევნებთან ერთად, მნიშვნელოვანია რეჟიმის ტყვეების გათავისუფლებაც.

„ახალი არაფერი არ უთქვამს სალომე ზურაბიშვილს. ახალი არჩევნები ეს არის საქართველოს პოლიტიკური კრიზისის განმუხტვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი. არჩევნები და რეჟიმის ტყვეების გათავისუფლება. ამიტომ, ეს არის ის, რაზეც არა მხოლოდ ის, არამედ საუბრობს ყველა ადამიანი, რომელსაც აწუხებს საქართველოში იმ რეჟიმის არსებობა, რომელიც არსებობს. ვფიქრობ, რომ ახალი არჩევნები არის აუცილებელი დღეს საქართველოში.

"რაც შეეხება ქართულ ქარტიას, „ქართული ქარტია" არის პრინციპები, რომელიც აერთიანებს საქართველოს ევროპერსპექტივას. ეს არის რეფორმები, რომელიც აუცილებელია ევროკავშირში გაწევრიანებისთვის, ეს არის საარჩევნო რეფორმა, სასამართლო რეფორმა. ამიტომ ვფიქრობ, რომ ის პრინციპები, რაც ქარტიაშია, მნიშვნელოვანია, რომ გაზიარებულია თითქმის, ყველა ოპოზიციური პარტიის მიერ", - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე