თამთა ჩაჩანიძე
(25.02.2025)

მიმდინარე და მომდევნო კვირა საკმაოდ დატვირთულია ისეთი შეხვედრებითა და კონსულტაციებით, რომელიც, სავარაუდოდ, გადამწყვეტი იქნება უახლოესი ათწლეულების მსოფლიო მოწყობის თვალსაზრისით. ევროპელი ლიდერები აშშ-ის პრეზიდენტს დონალდ ტრამპს ერთმანეთის მიყოლებით ხვდებიან, 6 მარტს კი ევროპული საბჭოს საგანგებო სამიტი იმართება. ანალიტიკოსების შეფასებით, ეს ყველაფერი ეპოქალურ ცვლილებებს მოასწავებს, რომელიც იმაში გამოიხატება, რომ სრულდება ერა, როდესაც ევროპის უსაფრთხოება აშშ-ს ჰქონდა „გადაბარებული" და ახლა ევროპა, უკრაინაში მიმდინარე სრულმასშტაბიანი ომისა და რეალური საფრთხეების ფონზე, ფაქტიურად დამოუკიდებლად ცდილობს თავისი უსაფრთხოების ახალი არქიტექტურის ჩამოყალიბებას.

24 თებერვალს საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მეკრონი ვაშინგტონში აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შეხვდა. მთავარი თემა იყო რუსეთ-უკრაინის ომის დასრულება და ევროპის უსაფრთხოება. ტრამპმა შეხვედრაზე განაცხადა, რომ „უკრაინაში ომი შეიძლება ძალიან მალე, რამდენიმე კვირაში დასრულდეს", ხოლო „თუ ჭკვიანები არ ვიქნებით, გაგრძელდება - შეიძლება მესამე მსოფლიო ომში გადაიზარდოს".

კითხვაზე, შეიძლება თუ არა უკრაინამ ტერიტორიები დაიბრუნოს, აშშ-ის პრეზიდენტმა უპასუხა, რომ „ეს მარტივი საქმე არ არის". მისი თქმით, უახლოეს პერიოდში უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის ვაშინგტონში ელოდება, რათა „შეთანხმებას ხელი მოაწეროს".

საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებით კი, „მშვიდობა უკრაინის დანებებას ან გარანტიების გარეშე ცეცხლის შეწყვეტას არ უნდა ნიშნავდეს".

მანამდე გაეროს უშიშროების საბჭომ უკრაინის საკითხზე აშშ-ის მიერ მომზადებული რეზოლუცია მიიღო. მას უშიშროების საბჭოში 10-მა ქვეყანამ დაუჭირა მხარი, - მათ შორის აშშ-მა, რუსეთიმა და ჩინეთმა. საფრანგეთმა, დიდმა ბრიტანეთმა, დანიამ, საბერძნეთმა და სლოვენიამ თავი შეიკავეს.

უშიშროების საბჭოს 15 წევრი ჰყავს, მათგან 5 მუდმივი წევრია - აშშ, ბრიტანეთი, რუსეთი, საფრანგეთი და ჩინეთი,რომელთაც ვეტოს ექსკლუზიური უფლება. თუმცა ამჯერად, მიუხედავად იმისა, რომ ევროპისთვის რეზოლუციის ტექსტი მიუღებელი იყო, არც ბრიტანეთსა და არც საფრანგეთს ვეტო არ გამოუყენებიათ. აქვე აღსანიშნავია, რომ უშიშროების საბჭოს რეზოლუციები სავალდებულოდ ითვლება.

აქვე უნდა ითქვას, რომ შეერთებულ შტატებს ზუსტად იგივე რეზოლუცია ჰქონდა ინიციირებული გაეროს გენერალურ ასამბლეაზეც, რომელშიც შესწორებები შევიდა. ასამბლეაზე რეზოლუციის ამ ვერსიას თავად აშშ-მაც არ დაუჭირა მხარი, თუმცა რეზოლუცია მაინც მიიღეს. ასამბლეის რეზოლუციები სარეკომენდაციო ხასიათისაა.

გენერალურმა ასამბლეამ ასევე მიიღო მიიღო კიდევ ერთი - უკრაინისა და ევროკავშირის ქვეყნების მიერ ინიციირებული რეზოლუცია, რომელიც ითხოვს უკრაინიდან რუსეთის ჯარის დაუყოვნებლივ გაყვანას.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს განცხადებით, „შეერთებულმა შტატებმა მხარი არ დაუჭირა გაერო-ს რეზოლუციას, რომელიც რუსებს უკრაინაში მიმდინარე ომის გამო აკრიტიკებს, რადგან ის ანტაგონისტურია და ორივე მხარის მოლაპარაკებების მაგიდასთან დასმისა და ომის დასრულების მცდელობებს ეწინააღმდეგება".

რა პროცესები მიდის მსოფლიოში

ყოველივე ამის პარალელურად, ევროპის უსაფრთხოების საკითხი სულ უფრო აქტუალური ხდება. ბრიტანული „ტელეგრაფი" წერს, რომ საფრანგეთი მზადაა, თავისი ბირთვული შეკავების ძალები ევროპის დასაცავად გამოიყენოს - ბირთვული იარაღის მატარებელი მოიერიშე თვითმფრინავები, შეიძლება, გერმანიაში განათავსოს იმ ფონზე, როცა აშშ თავისი ძალების კონტინენტიდან გაყვანით იმუქრება.

ფრანგმა ოფიციალურმა პირმა გამოცემას განუცხადა, რომ მოიერიშე თვითმფრინავების განლაგება გზავნილს გაუგზავნის ვლადიმერ პუტინს, ხოლო ბერლინში დიპლომატები ვარაუდობენ, რომ ეს ზეწოლას მოახდენს გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერზე, რათა მანაც იგივე გააკეთოს.

„გერმანიაში რამდენიმე ფრანგული ბირთვული გამანადგურებლის განთავსება არ უნდა იყოს რთული და ამით ძლიერ გზავნილს გააგზავნის", - აღნიშნა წყარომ.

„ფრიდრიხ მერცმა, რომელიც, მოსალოდნელია, რომ გერმანიის შემდეგი კანცლერი გახდება, ბრიტანეთსა და საფრანგეთს მოუწოდა, გააძლიერონ ბირთვული თავდაცვა, რადგან ის დონალდ ტრამპის ამერიკისგან ევროპის „დამოუკიდებლობას" ეძებს", - წერს „ტელეგრაფი".

აღსანიშნავია, რომ ემანუელ მაკრონი თეთრ სახლში ვიზიტამდე ფრიდრიხ მერცს ტელეფონით ესაუბრა.

„ტელეგრაფი" წერს, რომ საფრანგეთის ბირთვული არსენალი შედგება დაახლოებით 300 ქობინისგან, რომლის გაშვება ზღვიდან და ჰაერიდანაა შესაძლებელი. ბრიტანეთის Trident-ის ბირთვული შემაკავებელი სისტემა კი შედგება ოთხი Vanguard-ის კლასის წყალქვეშა ნავისაგან და მათგან თითოეულს 16-მდე ქობინის ტარება შეუძლია.

პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან, ანტონიო კოსტასთან გამართულ შეხვედრაზე იმედი გამოთქვა, რომ ევროპის თავდაცვითი მობილიზაცია ფაქტად იქცევა.

„იმედი მაქვს, რომ ევროპის, წევრი ქვეყნებისა და მთლიანად ევროპის დიდი თავდაცვითი მობილიზაცია ფაქტად იქცევა. კვირას ლონდონში ვიქნებით, სადაც ჩვენს ბრიტანელ მეგობრებთან და ლიდერთა ჯგუფთან ერთად, თავდაცვის ერთობლივ გეგმებს განვიხილავთ", - განაცხადა დონალდ ტუსკმა.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, ანტონიო კოსტას ცნობით, ლიდერები ევროპის თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერების საკითხებს მომავალ კვირას დაგეგმილ საგანგებო სამიტზე განიხილავენ.

„რუსეთი საფრთხეს წარმოადგენს არა მხოლოდ უკრაინისთვის, არამედ მთლიანად ევროპის უსაფრთხოებისთვის, განსაკუთრებით კი მისი აღმოსავლეთ საზღვრისთვის - პოლონეთისთვის, ბალტიის ქვეყნებისთვის, რუმინეთისთვის და ევროკავშირის აღმოსავლეთ ფლანგისთვის", - აღნიშნა კოსტამ.

ვის რა მიზანი აქვს და როგორი მსოფლიო წესრიგი ყალიბდება

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ერთდროულად ბევრი პროცესი მიდის, რომლის ავანგარდშიც აშშ-დგას და სავარაუდოდ, ახალი დღის წესრიგის ჩამოყალიბებასაც მისი პოზიცია განსაზღვრავს.

„ბევრი პროცესი მიდის ერთდროულად, ჩვენთვის შესამჩნევიც კი და ალბათ შეუმჩნეველი კიდევ უფრო მეტი. ტრამპს ამ კონფლიქტის შეჩერება უნდა, ხოლო უკრაინა და ევროპის პოლიტიკური წრეები ცდილობენ შეინარჩუნონ ის პოზიცია, რომ მშვიდობა გვინდა, მაგრამ სამართლიანიო. აგერ დემოკრატიულად განწყობილი და ტრამპის კრიტიკოსი რუსი ანალიტიკოსებიც იძახიან, რომ თუ აგრესორი რუსეთი არ გამართლდა, ისე მშვიდობას რა აზრი აქვსო. ეს განწყობილება კი საკმაოდ გავრცელებულია.

„მეორეს მხრივ, რუსეთს ადამიანური რესურსები საკმაოდ აქვს, უკრაინას კი მცირე და საბოლოო ჯამში გამარჯვება გაუჭირდება. ამ ფონზე, ტრამპის პროექტი უფრო რეალურია და მეტ-ნაკლებად წარმატებული იქნება, რათა თუნდაც დროებით შეჩერდეს ცეცხლი. ეს უკვე დიდი წინსვლა იქნება და გადაარჩენს უკრაინას სრული განადგურებისგან. მთელი ძალების ახლა დახარჯვა მემგონი არც უკრაინისთვის იქნება ხესაყრელი.

„აქვე ამ პროცესებს მეორე მხარე აქვს - ახალი დღის წერიგის შექმნა. თუკი ომი გაჩერდა, ლიბერალური ძალები დასუსტდებიან და ეს მათი მარცხი იქნება, რადგან ისინი თავიდანვე ძალიან დიდი რესურსით და ენერგიით იყვნენ ჩაბმული ამ ომში. ტრამპის პროექტი ერთის მხრივ ცეცხლის შეწყვეტას, მეორეს მხრივ კი ევროპის მხრიდან მარცხის აღიარებას გულისხმობს. ევროპა ამ ომში იყო ჩართული, ამ ომში იყო ჩართული ამერიკაც და შეიძლება ვინმემ თქვას, რომ აი, აშშ-მაც ვერ გაიმარჯვაო, მაგრამ ტრამპს ეგ საკითხი არ აწუხებს, რადაგნ მისი კი არა, ბაიდენის ადმინისტრაცია იყო ჩართული და ეს მარცხი მას მიეწერება.

„ერთხანს მქონდა იმის მოლოდინი, რომ უკრაინის მხრიდან ძალიან ძლიერი შეტევების ფონზე, რუსეთი ნელ-ნელა დაკარგავდა დომინანტი ქვეყნის მდგომარეობას, მაგრამ თუ რუსეთმა შემოტრიალება მოახერხა, ის ისევ რჩება წამყვანი ქვეყნის სტატუსით, ყოველ შემთხვევაში იმ სივრცეში, სადაც მისი გავლენა ვრცელდება.

„ალბათ ევროპაც ეცდება, რომ ერთ-ერთი ცენტრი გახდეს, მაგრამ მეეჭვება, რომ ეგ მოხერხდეს, რადგან ამერიკა ნატოს წამყვანი ქვეყანაა და ევროპის უსაფრთხოების მთავარი გარანტიც ის იყო, ამან კი ევროპა გაანებივრა და პრაქტიკულად არაფერი არ უქნია მეორე მსოფლიო ომის მერე. ამიტომაც ძალიან საეჭვოა, რომ უახლოეს ხანში მან მოახერხოს ისეთი მდგომარეობის შექმნა, ამ გლობალურ დიდ დაპირისპირებებში შეძლოს და შეინარჩუნოს ის მდგომარეობა, რისი პრეტენზიაც აქვს", - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ „რეზონანსთან".

როგორც საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის გეოპოლიტიკური კვლევების ხელმძღვანელი და სამხედრო ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია "რეზონანსთან" აცხადებს, თუ ევროპამ ახალი სამხედრო-პოლიტიკური ბლოკი შექმნა, მაშინ მსოლფიოშო ოთხი მოთამაშე იქნება, უკრაინა კი ევროპის ფარში იქნება.

„ჯერჯერობით ტრიპოლარული საერთაშორისო წესრიგისკენ მიდის საქმე. თუმცა, გერმანის კანცლერობის კანდიდატი მერცი აცხადებს, რომ საჭიროა ევროკავშირმა შექმნას სამხედრო-პოლიტიკური ბლოკი. „ვაიმარის სამკუთხედმა" და ბრიტანეთმა, როგორც ჩანს, შეიმუშავეს გეგმა ამასთან დაკავშირებით და ახლა მიდის შეთანხმება ტრამპთან.

„ტრამპის გადაწყვეტილებები ნატოსთან მიმართებაში ძალიან ბევრ კითხვებს აჩენს და შესაბამისად, გაურკვვეველია ევროპის ადგილიც. ახლა მიდის კონსულტაციები და მერციც ალბათ მომავალ კვირას ვაშინტონში ჩავა, როცა გაირკვევა მისი კანცლერობის ამბავი. თუ ტრამპმა კვლავ არასტაბილური პოზიციების დაფიქსირება დაიწყო ნატოს-სთან მიმართებაში, მერე ალბათ ევროკავშირის ლიდერები - „ვაიმარის სამკუთხედი" (საფრანგეთი, გერმანია, პოლონეთი) და ბრიტანეთი ახალი სამხედრო უსაფრთხოების ჩამოყალიბებას დაიწყებენ.

„თუ ევროპა ამას შეძლებს, რომ ჩამოაყალიბოს ერთიანი თავდაცვითი სივრცე, მაშინ სამყარო ოთხპოლუსიანი იქნება და ევროპის ფარში იქნება უკრაინაც, უკვე გაერთიანებული ევროპა აიღებს საკუთარ თავზე უკრაინის უსაფთხოებას და უკრაინის სუვერენიტეტის დაცვას",- განაცხადა მაისაიამ.

რატომ არ დაადეს საფრანგეთმა და ბრიტანეთმა ვეტო აშშ-ის რეზოლუცას

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ბრიტანეთმა და საფრანგეთმა ტრამპის პოზიცია გაითვალისწინეს.

„როგორც ჩანს, მსოფლიო პოლიტიკაში გაზაფხული უფრო ადრე მოდის და ლიბერალური ყინული ლღვება, ანუ თავად ინგლისსაც და საფრანგეთსაც, როგორც ჩანს, ტრამპის განწყობები ესმის და მასთან და ზოგადად კონსერვატორებთან დაპირისპირების სურვილი არ აქვთ. სხვა თუ არაფერი, ეს ფენომენი, რასაც ტრამიზმი ჰქვია, ნელ-ნელა ევროპაზეც ვრცელდება - ვნახეთ გერმანიაში ტრამპისტული ტიპის პოლიტიკურმა ჯგუფმა საკმაოდ შთამბეჭდავი შედეგები მიიღო და მეორე ადგილზე გავიდა არჩევნებში.

„თუკი ევროპის მმართველები ტრამპს ჭიდაობას დაუწყებენ და საკუთარ მოსახლეობას ომის გამო კიდევ უარეს დღეში ჩააგდებენ, შეიძლება იქ უკვე მოსახლეობამ განაცხადოს უარი მათზე და მოსახლეობის სურვილს ევროპელი პოლიტიკისები უმეტესწილად ემორჩილებიან, სხვა გზა არ აქვთ",- განაცხადა რამაზ საყვარელიძემ.

სამხედრო ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია კი „რეზონანსთან" აცხადებს, რომ საფრანგეთი-ბრიტანეთს ტრამპის წინააღმდეგობა არ აწყობს.

„პირველ რიგში, ვეტოს დადების აუცილებლობა არ იყო იმიტომ, რომ გაერომ მეორე რეზოლუციაც მიიღო - პროუკრაინული და პროევროპული, რომელიც უფრო კარგად გამოხატავდა დასავლეთის ინტერესებს. თან უკრაინულმა რეზოლუციამ იმაზე მეტი ხმები მიიღო, ვიდრე ამერიკულმა.

„თუ ვეტოს დაადებდნენ, მაშინ ეს რეზოლუცია არ გავიდოდა, მაგრამ ასეთ შემთხვევაში ტრამპისგან წინაღმდეგობა წამოვიდოდა და როგორც ჩანს ამას მოერიდნენ. ტრამპთან დაპირისპირება ევროპელებს არ აწყობთ ახლა და მიდის „დაზვერვა ბრძოლით".

„ჯერჯერობით მსოფლიოში სიტუაცია ბურუსითაა მოცული. ალბათ ერთ თვეში ეს ბურუსი გადავა. ეს ერთი თვე ბევრ რამეს გადაწყვეტს, პირველ რიგში გამოიკვეთება რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების პერიპეტიები, ასევე ევროპული უსაფრთხოების საკითხი. ტრამპის ადმინისტრაციისგანაც არაა მკვეთრადგამოხატული საგარეო პოლიტიკური ორიენტაცია და ამასობაში ჩინეთის ფაქტორიც გაირკვევა",- განაცხადა ვახტანგ მაისაიამ „რეზონანსთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე