თამთა ჩაჩანიძე
(12.02.2025)

დასავლეთის ბოიკოტის ფონზე, საქართველოს ხელისუფლებამ საგარეო პოლიტიკა აზიის მიმართულებით გაააქტიურა, ბოლო პერიოდში პრემიერ-ირაკლი კობახიძემ რამდენიმე ვიზიტი განახორციელა აღმოსავლეთში. კობახიძე ამჯერად არაბთა გაერთიანებულ საამიროებს სტუმრობს, სადაც11-13 თებერვალს დაგეგმილია მსოფლიო მთავრობათა სამიტი.

საკითხზე, რატომ გააქტიურდა საქართველოს საგარეო პოლიტიკა აზიის მიმართულებით და რითია გამოწვეული კავშირების ინტენსიფიკაცია, ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე "რეზონანსთან" აცხადებს, რომ ამაზე ქართულ ოპოზიციას თავისი მოსაზრება აქვს, თუმცა ესაა პოლიტიკური პროცესი, როცა "ერთი მხარე გეჩხუბება, მეორისკენ ტრიალდები".

"აზიის მიმართულების გააქტიურებაზე ოპოზიციას თავისი აზრი აქვს, რომ დიქტატურისკენ მივდივართო, რუსული მიმართულება გვერდზე გადადეს და აზიური მიმართულება გახდა სალაპარაკო. საპასუხოდ ის მოსაზრება მაქვს, რომ მაგალითად ყაზახეთი რომ ავიღოთ, არიქა პოლიტიკური წყობა იდეალური აქვსო და ამიტომ იქ მივდივართო, ეს სერიოზულად აღსაქმელი არაა, თუმცა აზიაში ვგულისმობ დიდ მოთამაშეებს და ჩვენ ჩინეთთან გვაქვს სერიოზული ურთიერთობები.

"ერთ-ერთი სერიოზული ალტერნატივა ჩინეთია, ამ შემთხვევაში ტრანზიტზე ვლაპარაკობთ, რომ ჩინეთის ტრანზიტმა ევროპაში ტვირთები გადაზიდოს და ამან ჩვენზე გაიაროს, ამიტომ აღმოსავლეთის მიმართ მიმართ ინტერესი ბუნებრივია. მეორეს მხრივ, ზოგადად აღმოსავლეთის მიმართ ინტერესი სააკაშვილის პერიოდში გარკვეული თვალსაზრისით შემცირებული იყო, მთელი აქცენტი დასავლეთზე იყო.

"ახლა შეიძლება ითქვას, რომ ეს ბალანსდება, რადგან თუკი ტრანზიტული ქვეყანა ვართ, ჩვენ ვართ ხიდი აღმოსავლეთ-დასავლეთს შორის. ევროპულმა ქვეყნებმა ჩვენი არსებობა ისე კარგად იციან, რომ ყოველ მეორე დღეს გვაკრიტიკებენ, ახლა აღმოსავლეთის ქვეყნებისკენაც რომ გავიხედოთ ურიგო არაა. მით უმეტეს, იმავე ევროპულ ქვეყნებს თუ დავანახებთ, რომ ურთიერთობაში ალტერნატივა გვაქვს, არც ეს იქნება ურიგო. გაგახსენებთ, რომ 2008 წლის ომის მერე, რადგან ტალიავინის კომისიამაც ჩათვალა, რომ საქართველომ ომის წამოწყებაში გარკვეული როლი ითამაშა, შეცდომით თუ განზრახ და თავისი პასუხისმგებლობა საქართველოს ჰქონდა, 22 თვის განმავლობაში მიშა სააკაშვილს არსად არ პატიჟებდნენ. ბოიკოტის რეჟიმი გამოუცხადეს ევროპელებმა, მიშა კი ირანში წავიდა და ირანელებს შეპირდა ევროპის ბაზრის გახსნას ხელს შევუწყობო, ამ ნაბიჯის მერე მიშას კარებთან განლაგდნენ ევროპელები.

"ასე, რომ პოლიტიკური პროცესია, რადგან ერთი მხარე გეჩხუბება, მეორე მხარისკენ შეტრიალდები და მერე ამასობაში ხაზი გასწორდება",- განაცხადა რამაზ საყვარელიძემ "რეზონანსთან".

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი და ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე კი "რეზონანსთან" აცხადებს, რომ კობახიძესა და "ოცნების" სხვა წევრებს დასავლეთის დემოკრატიულ ქვეყნებში არ ჩაესვლებათ და ეს გააქტიურებაც ამის გამოძახილია.

"კობახიძეს და დე ფაქტო ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებს უკვე არ ჩაესვლებათ დასავლეთის რომელიმე დემოკრატიულ ქვეყანაში - არც ევროპაში და არც ამერიკაში. გამონაკლისი შეიძლება უნგრეთი და სლოვაკეთი იყოს, სხვაგან არასად არ ჩაესვლებათ და მეორეს მხრივ პირდაპირ ჯერ ვერ ბედავენ, რომ პირდაპირ რუსეთში ჩავიდნენ და ამ მიმართულებით კმაყოფილდებიან.

"უნდა ითქვას ისიც, რომ რუსეთსა და საქართველოს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ბრუნვა წლიდან წლამდე იზრდება და ისედაც საქართველო რუსეთის თამაშს თამაშობს, როდესაც დემოკრატიულ დასავლეთს შორდება. აქედან გამომდინარე, "ქართულ ოცნებას", როგორც ხელისუფლებას რამდენიმე აზიური სახელმწიფო აღიარებს, მათ შორის არცერთი არაა დემოკრატიული, შესაძლოა არაბთა გაერთიანებული საიმიროები მდიდარი და მაღალი შემოსავლების მქონე ქვეყანაა ნავთობით, ერთ სულ მოსახლეზე მშპ 60 ათას დოლარს აღემატება, მაგრამ მეორეს მხრივ ეს დემოკრატიული ქვეყანა არაა.

"ფრიდომ ჰაუსის" მონაცემებით, რომელივ ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციაა და რომელიც ამა თუ იმ ქვეყანაში დემოკრატიის ხარიხს ადგენს, არცრთი ქვეყანა, რომელსაც კობახიძე ესტუმრა დემოკრატიული არაა, ყველა არათავისუფალია. ეს დასავლეთის ბოიკოტის გამო ხდება. ახლა უფრო მნიშვნელოვანი იყო მიუნხენის საერთაშორისო კონფერენციაზე ჩასულიყვნენ, მაგრამ დღევანდელი ვითარებიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა არავის არ სურს კობახიძისა და მისნაირების ნახვა ამ კონფერენციაზე.

"მთავრობის წევრებზე სავიზო რეჟიმი გაუქმებულიც რომ არ ყოფილიყო, ოფიციალურად არც მიიწვევდნენ, მით უმეტეს სანქციები კიდევ დამატებით პრობლემას ქმნის მათთვის და საერთო ჯამში ქვეყნისთვის. თუნდაც შვებულებითაც რომ მოინდომონ სადმე წასვლა იტალიის, საბერძნეთის, ან ესპანეთის ზღვის სანაპიროზე ვერ წევლენ.

"კარგად გვახსოვს, რომ იგივე ბიძინა ივანიშვილი თავის დროზე დაპირებებს გასცემდა, რომ მხარდამჭერებს ჰქონოდათ რაღაც იმედი, ახლაც ამ ინვესტციებზე საუბარიც არარეალურია. 6 მილიარდი დოლარის ინვესტიცია საქართველოში არავის არ ჩაუდია, ადრე უფრო დიდი კომპანიები იყვნენ შემოსულები. ჯერ ერთი, თუ 6 მილიარდზეა საუბარი, მაშინ უნდა დაასახელონ კონკრეტული თარიღი რამდენ ხანში მიიღებს საქართველო ამ თანხას, 2 წელში თუ 50 წელში, სიტყვების თამაშია, ამით მოქალაქეებს აწყნარებენ.

"ამას იმიტომ აკეთებენ, რომ თითქოს იმედები არსებობს და ვერაფერს დაგვაკლებს დასავლური სანქციები. მაგალითად არაბთა გაერთიანებული საამიროების საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ გვერდზე არ დევს ის ინფორმაცია, რომ 6 მილიარდი დოლარის ინვესტიციას აპირებს, მხოლოდ საუბარია, რომ კი ხელშეკრულება გაფორმდა, მაგრამ კონკრეტულ თანხაზე საუბარი არ იყო",- განაცხადა ნიკა ჩიტაძემ "რეზონანსთან".

სად ჰქონდა ვიზიტები ირაკლი კობახიძეს

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე 11-13 თებერვლის ვიზიტის ფარგლებში ქუვეითის სახელმწიფოს პრემიერ-მინისტრს, აჰმედ ალ აბდულა ალ აჰმედ ალ საბაჰს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ცნობით, საუბარი შეეხო საქართველოსა და ქუვეითის სახელმწიფოს შორის როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში არსებულ მჭიდრო თანამშრომლობას.

„ირაკლი კობახიძემ ქუვეითის სახელმწიფოს პრემიერ-მინისტრს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. შეხვედრისას ყურადღება დაეთმო ორი ქვეყნის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების დინამიკას და მისი შემდგომი განვითარების პერსპექტივებს.

"საუბარი შეეხო საქართველოში არსებულ ხელსაყრელ ბიზნესგარემოს და სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის ტურიზმის, უძრავი ქონებისა და ენერგეტიკის სექტორებში ინვესტირების შესაძლებლობებს. აღინიშნა, რომ ტურიზმი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი სექტორია და ამ კუთხით ქუვეითის სახელმწიფოსთან თანამშრომლობის გაღრმავება პრიორიტეტულია.

"ქუვეითის სახელმწიფოს პრემიერ-მინისტრმა საქართველოს მთავრობის მეთაური ქუვეითში ვიზიტით მიიწვია. თავის მხრივ, ირაკლი კობახიძემ აჰმედ ალ აბდულა ალ აჰმედ ალ საბაჰი საქართველოში მოიწვია", - ნათქვამია ინფორმაციაში.

ამასთან, კობახიძის თქმით, "საქართველოსა და არაბთა გაერთიანებული საამიროების პარტნიორობის წარმატებული მაგალითია მემორანდუმის ხელმოწერა, რომელიც უპრეცედენტო ინვესტიციას ითვალისწინებს - 6 მლრდ დოლარის კაპიტალდაბანდებას EMAAR-ჯგუფი და Eagle Hills განახორციელებს"

კობახიძე 5-6 თებერვალს ყაზახეთში გაემგზავრა, ის ყაზახეთის პრეზიდენტს და პრემიერ-მინისტრს, ყასიმ-ჟომარტ ტოყაევსა და ოლჟას ბეკტენოვს შეხვდა. ვიზიტისას „ქართული ოცნების" დელეგაციაში კობახიძის გარდა იმყოფებოდნენ მთავრობის სხვა წევრებიც - ლევან დავითაშვილი, მაკა ბოჭორიშვილი, ირაკლი ქარსელაძე, დავით სონღულაშვილი, ალექსანდრე წულაძე, შალვა გოგოლაძე, ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი.

როგორც კობახიძემ შეხვედრების დასრულებისას განაცხადა, საქართველოსთვის ყაზახეთი არის ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური პარტნიორი და ამასთან ერთად, ძალიან მნიშვნელოვანი ეკონომიკური პარტნიორიც.

„ჩვენ გვაქვს ამბიციური მიზანი, მაქსიმალურად აღვუდგინოთ ჩვენს ქვეყანას ისტორიული ფუნქცია და ეს ფუნქცია არის ევროპის და აზიის დაკავშირება ერთმანეთთან, აღმოსავლეთის და დასავლეთის დაკავშირება. ამ კუთხით, რა თქმა უნდა, ყაზახეთთან თანამშრომლობას აქვს ჩვენთვის სტრატეგიული მნიშვნელობა. შესაბამისად, საუბარი გვქონდა ყველა თემაზე, პოლიტიკურ თანამშრომლობაზე და ეკონომიკური თანამშრომლობის ძალიან ბევრ სხვადასხვა საკითხზე.

"ეს ვიზიტი ხელს შეუწყობს ჩვენი ინტერესების შემდგომ დაახლოებას და ძალიან კონკრეტული პროექტების განხორციელებას. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მათ შორის, ყაზახი ინვესტორების მუშაობა. საქართველოში არის არაერთი წარმატებული პროექტი, რომელიც ხორციელდება ჩვენი ერთობლივი თანამშრომლობით და არის კონკრეტული ინტერესი სამომავლო თანამშრომლობასთან დაკავშირებითაც სხვადასხვა სექტორში, მათ შორის ენერგეტიკის და სხვა სექტორებში. რა თქმა უნდა, ჩვენ შევქმნით ყველა პირობას, რათა მაქსიმალურად წარმატებული იყოს ასეთი ინიციატივები", - განაცხადა პრემიერმა.

კობახიძე მიმდინარე წლის 26 იანვარს არაბთა გაერთიანებულ საამიროებში გაემგზავრა, რომლის ფარგლებში შეხვედრა გამართა არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტთან, შეიხ მოჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰიანთან, ასევე არაბთა გაერთიანებული საამიროების ტოლერანტობის მინისტრთან, შეიხ ნაჰიან ბინ მუბარაქ ალ ნაჰიანთან.

ამავე დელეგაციის შემადგენლობაში კობახიძესთან ერთად პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, თბილისის მერი კახა კალაძე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი იმყიფებოდნენ.

როგორც კახა კალაძემ ვიზიტისას თქვა, საქართველოში "მსოფლიოში ერთ-ერთი უძლიერესი დეველოპერული კომპანია Emaar Group-ი შემოდის, რომელიც თბილისსა და აჭარაში, ბათუმში განახორციელებს პროექტებს.საქართველოში", მისი თქმით, "რამდენიმე მილიარდი დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია განხორციელდება... ეს ნიშნავს, რომ არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და საქართველოს ურთიერთობა უკვე სულ სხვა საფეხურზე გადავიდა".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე