ძაბირაძე: „მისგან ლიდერი ოპოზიციამ უნდა შექმნას... ასეთი გაერთიანება „ქართული ოცნებისთვის“ დამანგრეველი იქნებოდა, მაგრამ...“
თამთა ჩაჩანიძე
(11.02.2025)

„ქართული ოცნების" განცხადებით, ოპოზიცია კიდევ ერთხელ გაერთიანებას და ამ გაერთიანების სათავეში ფორმალურად მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის დაყენებას ცდილობს. ანალიტიკოს ვახტანგ ძაბირაძის შეფასებით, ბოლო პროცესებიდან გამომდინარე, ასეთი გაერთიანების მცდელობა მართლაც ჩანს, თუმცა, ეს მხოლოდ ერთ შემთხვევაში შეიძლება გამოდგეს წარმატებული.

ძაბირაძის თქმით, დღეს არცერთი ოპოზიციური პოლიტიკური ლიდერი არ არის იმ წონის, რომ საზოგადოებრივ ლიდერად იქცეს და ამ მხრივ ყველაზე მეტი შანსი ზურაბიშვილს აქვს, ისიც ერთ შემთხვევაში - თუ არსებული ოპოზიციონერი ლიდერები უკანა პლანზე გადავლენ და ამ გაერთიანებას დაემატება ის ჯგუფები, რომლებიც პროტესტის შედეგად წამოვიდნენ წინა პლანზე არაპარტიულად. თუმცაღა მიიჩნევს, რომ ეს საკმაოდ რთული პროცესია.

10 თებერვალს, მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი შეხვდა „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის", პარტია „გახარია საქართველოსთვის", კოალიცია „ძლიერი საქართველოსა" და „კოალიცია ცვლილებისთვის" წარმომადგენლებს. მათი განცხადებით, შეხვედრა ზურაბიშვილის ინიციატივით შედგა და ერთობლივი მუშაობა გაგრძელდება.

11 თებერვალს კი ზურაბიშვილი არასამთავრობო ორგანიზაციებსა, მედიამენეჯერებს და სამოქალაქო აქტივისტებს შეხვდა. როგორც აუდიენციის დასრულების შემდეგ სამოქალაქო ატივისტმა ნიკო მანაგაძემ განაცხადა, შედგა შეთანხმება, რომ „შეიქმნება მუდმივმოქმედი საბჭო, რომელიც პრეზიდენტ ზურაბიშვილთან ითანამშრომლებს მიმდინარე პროცესების ფარგლებში. საბჭოს მიზანია სამოქალაქო საზოგადოების ხმა ისმოდეს და პრეზიდენტი იყოს ამ ინფორმაციის გამტარი, როგორც საპროტესტო აქციების, ასევე, ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით".

რას აცხადებს „ოცნება"

„ოპოზიციის ახალი მცდელობაა, რომ მოძრაობის სათავეში სალომე ზურაბიშვილი დაიყენონ და პოლიტიკურ არენაზე საკუთარი ბედი ასე სცადონ. არ მგონია ეს წარმატებული იყოს", - განაცხადა პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა.

მისივე თქმით, ზურაბიშვილი თუ ოპოზიციას სათავეში ჩაუდგება, ეს შესაძლოა იყოს მისი ფორმალური ხელმძღვანელობა, რეალური მართვის სადავეები კი ისევ „ნაცმოძრაობას" ექნება.

„ოპოზიციამ აწყობა და გადაწყობა ბევრჯერ სცადა, მაგრამ შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება. მათი ახალი მცდელობაა, რომ ამ მოძრაობის სათავეში სალომე ზურაბიშვილი დაიყენონ და პოლიტიკურ არენაზე საკუთარი ბედი ასე სცადონ. არ მგონია, ეს წარმატებული იყოს.

„საქართველოში პოლიტიკურ აქტიურობას სერიოზული პარტიული ინფრასტრუქტურა სჭირდება. ეს „ნაცმოძრაობას" აქვს და სალომე ზურაბიშვილი ამ სახის ინფრასტრუქტურას სრულიად მოწყვეტილია. ზურაბიშვილი თუ მათ სათავეში ჩაუდგება, ეს შეიძლება იყოს მისი ფორმალური ხელმძღვანელობა, რეალური მართვის სადავეები კი ისევ „ნაცმოძრაობას" ექნება. ალბათ ზურაბიშვილი ამ მოძრაობის შირმა და სახე იქნება", - განაცხადა მახაშვილმა.

გაერთიანების როგორ კონფიგურაციას აქვს პერსპექტივა

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ დღეს ზურაბიშვილი ოპოზიციის ყველაზე რეალური პოტენციური ლიდერია.

„დღესდღეობით ისეთი ვითარებაა, რომ არცერთი ოპოზიციური პარტიის პოლიტიკური ლიდერი არ არის იმ ზომის და წონის, რომ საზოგადოებრივ ლიდერად ჩამოყალიბდეს. თუ ვინმეა ასეთი, ყველაზე მეტი შანსი სალომე ზურაბიშვილს აქვს, ოპოზიციამ უნდა ეცადოს მისგან შექმნას ლიდერი, თუმცა იქ არის უამრავი პრობლემები.

„ოპოზიცია უნდა ეცადოს, რომ ზურაბიშვილი რეალურ ლიდერად აქციოს და არა პონეტციურ ლიდერად. დღეს ზურაბიშვილი პოტენციური ლიდერია, მაგრამ, როგორც ჩანს, ეს პროცესი ძალიან ნელა მიდის. ამასთანავე, უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ პროტესტანტების მხრივ, რომლებიც პარტიული ნიშნით არ გამოდიან, მაგრამ პროტესტს გამოთქვამენ და ყოველდღე რუსთაველზე არიან, აქაც ხდება უკვე კრისტალიზაცია გარკვეული საზოგადოებრივი ჯგუფების, თუნდაც დოიაშვილის მიერ გაკეთებული პერფორმანსი და მისი გასტროლები - ეს ერთი ნაწილია, მეორე - საზოგადოებრივი ევროვნული ასამბლეის შექმნა. დარწმუნებული ვარ, სხვა ჯგუფებიც იქნება.

„ამ პროცესის კრისტალიზაცია უნდა მოხდეს და შემდეგ საზოგადოებრივი დიდი გაერთიანება შედგეს. ვნახოთ რა შედეგებამდე მიგვიყვანს, რადგან ასეთი გაერთიანების შემთხვევაში, ის ფიგურები, რომლებსაც წინა ხელისუფლების პირობებში მეტ-ნაკლებად მოწინავე პოზიციები ეჭირათ, ამ გაერთიანების სათავეში არ უნდა იყვნენ, ასევე სხვებიც, ვის მიმართაც საზოგადოების ნდობა მაინცდამაინც მაღალი არაა. ასეთი გაერთიანება „ქართული ოცნებისთვის" დამანგრეველი იქნებოდა, მაგრამ, ჯერჯერობით, ვერ ხერხდება", - განაცხადა ძაბირაძემ.

კითხვაზე, იმ ოთხი ბარიერგადალახული პლატფორმიდან, ვინ შეიძლება შევიდეს ამ გაერთიანებაში, ძაბირაძემ გვითხრა:

„მე ვისურვებდი, რომ ოთხივე, ოღონდ იმ დათქმით, რომ არსებული პოლიტიკური ლიდერები კულისებში უნდა გადავიდნენ, ასეთი კი საკმაოდ ბევრია დღევანდელ ოპოზიციურ სპქეტრში. ამათგან უნდა გაიწმინდოს ეს ახალი ძალა. თუ ამას კიდევ დაემატებიან ისეთი ადამიანები, რომლებსაც ამ ორომტრიალში მეტ-ნაკლებად გამოცდილება აქვთ, მაშინ უკეთესი იქნება, მაგრამ ჯერჯერობით სამუშაოა და ჯერჯერობით ამისთვის მზად არავინ არ არის", - განაცხადა ანალიტიკოსმა.

ძაბირაძემ ისაუბრა ექსპრემიერ გიორგი გახარიას პოზიციაზე, რომელიც ამბობს, რომ ის არც „ნაცებთან" იქნება, არც "ქოცებთან".

„ეს გაერთიანება „ნაცმოძრაობასთან" კი არ უნდა გაკეთდეს, ფაქტიურად ახალი პოლიტიკური ჯგუფი უნდა შეიქმნას ამ ოთხი პლატფორმიდან და არა მარტო ამ ოთხიდან - არსებული პოლიტიკური სპექტრის ბაზაზე, პლიუს საზოგადოებრივი ორგანიზაციები, რომლებიც ამ პროტესტის შედეგად იქმნება, ამას დამატებული საზოგადიებისთვის მეტ-ნაკლებად ცნობილი, მაგრამ არცთუ პოლიტიკაში გაცვეთილი ადამიანები. ეს პროცესი რთულია, მაგრამ დღესდღეობით ესაა ერთადერთი რეალური გზა ზურაბიშვილის მეთაურობით რა თქმა უნდა", - განაცხადა ძაბირაძემ.

ანალიტიკოსმა ლევან მახაშვილის განცხადების იმ ნაწილსაც გაუსვა ხაზი, სადაც დეპუტატი ამბობს, რომ ასეთი გაერთიანების შემთხვევაში ზურაბიშვილი მისი ხელმძღვანელი მხოლოდ ფორმალურად იქნება და რეალური მართვის სადავეები ისევ „ნაცმოძრაობას" დარჩება.

„ქართული ოცნება" ერთ რამეს ლაპარაკობს - რომ ყველა ოპოზიციური პარტია „ნაცმოძრაობაა". ეს უნდა დაიძლიოს. არსებობს ამის დაძლევის გზები და საშუალებები, თუ ამის სურვილი ნამდვილად აქვთ ოპოზიციას. თუ ოპოზიციის სურვილი ისაა, რომ თავად მოხვდეს როგორმე პარლამენტში და დანარჩენი მაინცდამაინც არ აინტერესებს, მაშინ რაღაზეა სალაპარაკო... ის, რომ „ახლა ჩვენ მანდატები დავტოვეთ და ა.შ.", ეს არგუმენტი არაა. რეალობა თუ იქნება ის, რომ მათ მართლა უნდათ, რომ „ქართული ოცნება" შეცვალონ, მაშინ ეს არის გზა, რაც ზემოთ აღვნიშნე", - განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ „რეზონანსთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე