ნატალია ჯვარიძე
(11.02.2025)

პროკურატურამ ახალი გამოძიება დაიწყო, რომელიც ქვეყანაში საბოტაჟის მცდელობასა და „უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას" უკავშირდება. ამაში ჩართული იქნება სუს-ისა და შსს-ს შესაბამისი დანაყოფებიც. კონკრეტულად ვის წინააღმდეგ იწარმოებს გამოძიება და რა პოლიტიკური შედეგები ექნება მას?

ოფიციალური ინფორმაციით, გამოძიების დაწყების საფუძველი საზოგადოებრივი მოძრაობა „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს" მიერ პროკურატურაში შეტანილი განცხადება გახდა. ჯერჯერობით დაზუსტებული არ არის რა იგულისხმება საბოტაჟში, ვინ ჩაითვლება „უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებულ ორგანიზაციებად", რა ჩაითვლება მათი მხრიდან „მტრულ საქმიანობად" და რა იგულისხმება „დახმარებაში".

ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ გამოძების მთავარი ფიგურანტები, სავარაუდოდ, კონკრეტული ოპოზიციონერები და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები იქნებიან, თუმცა უჭირთ დაზუსტებით იმაზე საუბარი, თუ საბოლოოდ რა პოლიტიკური შედეგები ექნება ამ პროცესს.

„მე ვფიქრობ, ამ გაერთიანების სარჩელში სხვა პუნქტებია ჩადებული, რაც ეხება წინა წლებში „ნაციონალური მოძრაობის" და მასთან აპელირებული ჯგუფების მიერ ჩადენილ გარკვეულ ქმედებებს, რომელიც, როგორ მე მივხვდი მათი განცხადებებიდან, წინააღმდეგობაში მოდის ქვეყნის ეროვნულ ინტერესებთან და შეიცავს საბოტაჟის ნიშნებს", - განაცხადა ანალიტიკოსმა ზაალ ანჯაფარიძემ „რეზონანსთან".

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორისა და ანალიტიკოსის, ნიკა ჩიტაძის აზრით კი, გამოძიების მთავარი მიზანი განსხვავებული აზრის მქონე ადამიანების დაშინებაა:

„ეს გამოძიება პირველ რიგში მიმართული იქნება ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების და სამოქალაქო სექტორის მიმართ, რომლის მიზანია განსხვავებული აზრების მქონე ადამიანების და პოლიტიკური ლიდერების დაშინება. შესაბამისად, ამით პარტიების და საზოგადოებრივი მოძრაობის დასუსტება"

პროკურატურის განცხადება და მმართველი გუნდის მინიშნებები

პროკურატურის ინფორმაციით, გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში 8 თებერვალს გამოძიება დაიწყო საბოტაჟის დამამძიმებელ გარემოებაში, საბოტაჟის მცდელობის და საქართველოს სახელმწიფო ინტერესების ხელყოფის მიზნით უცხოეთის ორგანიზაციისთვის და უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების ფაქტებზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 318-ე მუხლის მე-2 ნაწილით და 319-ე მუხლებით.

როგორც პროკურატურის განცხადებაშია აღნიშნული, დანაშაული სასჯელის სახით 5-დან 10 წლამდე და 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო საზოგადოებრივი მოძრაობა „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს" წარმომადგენლების მიერ საქართველოს გენერალურ პროკურატურაში შემოტანილი განცხადება, სადაც ისინი ბოლო წლებში და განსაკუთრებით კი ბოლო პერიოდში ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით მიუთითებდნენ და აღნიშნავდნენ, რომ შიდა თუ გარე აქტორების ქმედებებში იკვეთება საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული და საქართველოს კონსტიტუციური წყობილებისა და უშიშროების საფუძვლებისათვის საფრთხის შემცველი მოქმედებების ერთობლიობა.

„საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო დანაყოფთან ერთად, საგამოძიებო ჯგუფში ჩაერთნენ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფები, რათა ეფექტურად მოხდეს შესაბამისი ღონისძიებების გატარება და ყოველმხრივი, სრულყოფილი და ობიექტური გამოძიება, რომლის მიმდინარეობის და შესაბამისი სამართლებრივი შეფასებების შესახებ საზოგადოებას პერიოდულად მივაწვდით ინფორმაციას", - აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.

თუმცა, მმართველი გუნდის მხრიდან უკვე გაკეთდა გარკვეული მინიშნებები, თუ ვინ შეიძლება იყოს ამ გამოძების ფიგურანტი და რა კონკრეტული მიზეზით.

„მუხლი, რითაც გამოძიება არის დაწყებული, ხაზს უსვამს იმ გარემოებებს, რომ ქვეყანაში ძალები და ადამიანები არსებობენ, რომლებიც სხვადასხვა ორგანიზაციის თუ გავლენიანი წრეების გავლენების ქვეშ არიან, ქვეყნის საბოტაჟს ცდილობენ, როგორც ეკონომიკური ჩამოშლის, სუვერენიტეტის შელახვის თუ საერთაშორისო დონეზე ქვეყნის იმიჯის დაზიანების მიმართულებით.

„მთავარია, ქვეყანაში საბოტაჟი არავის გაუვიდეს, რადგან თავმოყვარე ქვეყნის და თავმოყვარე ხალხის სამართალდამცავების ფუნქციაა, რომ ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ საბოტაჟი აღკვეთოს. საბოტაჟია, როცა ადამიანები კანონებსა და ქართველი ხალხის გადაწყვეტილებას ფეხქვეშ თელავენ და ქვეყნის საწინააღმდგოდ ყველაფერს აკეთებენ. ეს ადამიანები ქვეყნის ინტერესების ღალატს თავისუფლების სახელით ფუთავენ. მიხეილ სააკაშვილს „დემოკრატიის შუქურას" უწოდებდნენ და ის ყველაფერს აკეთებდა, რომ ადამიანებისთვის ღირსება აეყარა და გამეწარებინა. ეს შეფარული იყო იმით, რომ თითქოს, ეს იყო საუკეთესო გზა დემოკრატიის აყვავებისთვის. ზუსტად იგივე მცდელობა აქვთ გარედან მართულ ძალას. ამიტომ არიან ეს ადამიანები გავეშებულებულები და ცდილობენ, რომ არასამართლიან ქვეყანაში დაგვაბრუნონ, რომელიც ასე ჰქონდათ აშენებული", - განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ.

„ხალხის ძალის" აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა ამ თემაზე საუბრისას ავტომაგისტრალების გადაკეტვა ახსენა.

„გამოძიების პროცესში ვისაც დაიბარებენ, ყველამ ნება იბოძოს და მისცეს ახსნა-განმარტება, საბოტაჟს რატომ აწყობდნენ. ეუთო/ოდირმა თქვა, რომ არჩევნები კონკურენტუნარიანად ჩატარდა, რადიკალებმა კი საწინააღმდეგო ვერაფერი მოიტანეს, თუმცა საბოტაჟს მაინც აგრძელებენ. გამოძიების დაწყება კარგია, რადგან ყველამ პასუხი უნდა აგოს, თუ რაიმე აქვთ ჩადენილი. ვხედავთ, სამწუხაროდ, გაჩნდა ისეთი განცდა, რომ, მწირი უმცირესობის მიუხედავად, აქვთ ამბიცია, რომ მათი გადაწყვეტილება მიღებული უნდა იყოს. დემოკრატია ასე არ მუშაობს. რამდენიმე ადამიანს მაგისტრალების გადაკეტვა რომ უნდა, ეს საბოტაჟია. დარწმუნებული ვარ, ბევრი რაღაც გაირკვევა", - აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.

ანალიტიკოსთა შეფასება

ზაალ ანჯაფარიძე მიიჩნევს, რომ სავარაუდოდა გამოძიება წარიმართება ენმ-სა და მასთან დაკავშირებული სხვადასხვა ჯგუფების საქმიანობის შესასწავლად, რომელიც შესაძლოა წინააღმდეგობაში მოდიოდეს ქვეყნის ეროვნულ ინტერესებთან და შეიცავდეს საბოტაჟის ნიშნებს.

„ეს სარჩელი შეიტანა არა ხელისუფლებამ, არამედ საზოგადოებრივმა გაერთიანებამ „ერთიანმა ნეიტრალურმა საქართველომ". შესაბამისად, ამ ორგანიზაციის წევრებმა უნდა ილაპარაკონ, თუ რას გულისხმობენ.

„რაც შეეხება მაგისტრალის გადაკეტვას და თუნდაც სტრასბურგში ოპოზიციონერების გამგზავრებას, ეს სისხლის სამართლის დევნის საფუძვლად ვერ ჩაითვლება. გასაგებია, რომ მაგისტრალის გადაკეტვა ახალი რეგულაციებით უკვე დასჯადი ქმედებაა, მაგრამ, მე ვფიქრობ, ამ გაერთიანების სარჩელში სხვა პუნქტებია ჩადებული, რაც ეხება წინა წლებში „ნაციონალური მოძრაობის" და მასთან აფილირებული ჯგუფების მიერ ჩადენილ გარკვეულ ქმედებებს, რომელიც, როგორ მე მივხვდი მათი განცხადებებიდან, წინააღმდეგობაში მოდის ქვეყნის ეროვნულ ინტერესებთან და შეიცავს საბოტაჟის ნიშნებს", - განაცხადა ზაალ ანჯაფარიძემ „რეზონანსთან".

ნიკა ჩიტაძის აზრით კი, გამოძიების მთავარი მიზანია კონკრეტული ოპოზიციონერებისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენელთა დისკრედიტირება და დაშინება, რამაც მათი დასუსტება უნდა გამოიწვიოს. თუმცა, არ გამორიცხავს, რომ ამ ყველაფერს დაპატიმრებებიც მოყვეს.

„ეს გამოძიება პირველ რიგში მიმართული იქნება ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებისა და სამოქალაქო სექტორის მიმართ, რომლის მიზანია განსხვავებული აზრების მქონე ადამიანების და პოლიტიკური ლიდერების დაშინება და შესაბამისად, ამით პარტიების და საზოგადოებრივი მოძრაობის დასუსტება. ასევე მათი მიზანია საინფორმაციო კამპანიის წარმოება იმისათვის, რომ საზოგადოება დაარწმუნონ, თითქოს ეს ადამიანები უცხოური ძალების აგენტები არიან და ანტიქართულ საქმიანობას ეწევიან. შესაძლოა გამოძიება იმ ადამიანების მიმართაც მიდიოდეს, ვინც ავტომაგისტრალი გადაკეტა, მაგრამ ძირითადად, საუბარი იქნება იმაზე, რაც ვთქვი.

„ყველაფერი შეიძლება მოხდეს - ვიღაცას ცრუ ბრალდებები წაუყენონ, დაპატიმრებები წავიდეს და ა.შ. თუმცა მათთვის მთავარია ის, რომ ხალხი დააჯერონ, თითქოს ოპოზიციას ამხელენ. შესაძლოა პროცესი გაიწელოს კიდეც და ამ შემთხვევაში ხელისუფლება ზეწოლას გააგრძელებს", - განაცხადა ნიკა ჩიტაძემ „რეზონანსთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე