თამთა ჩაჩანიძე
(11.02.2025)

ევროპის საბჭოს კონგრესის ბიურო საქართველოს მთავრობას ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები გადადებას მოუწოდებს, რათა „გზა გაუხსნას" განმეორებით საპარლამენტო არჩევნებს. მათი შეფასებით, არსებულ პირობებში მუნიციპალური არჩევნების ჩატარება „სიტუაციის გამწვავების რისკს ქმნის". რას შეიძლება ნიშნავდეს დასავლეთის მიერ საკითხის ასე დაყენება?

აღსანიშნავია, რომ დასავლეთიდან ახალი საპარლამენტო არჩევნების აუცილებლობაზე გაკეთებული განცხადებების ფონზე, ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ოფიციალურ განცხადებაში ადგილობრივ არჩევნებზეცაა საუბარი.

„ოცნებაში" ამ მოწოდებას უსაფუძვლოს უწოდებენ და ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევად მიიჩნევენ. ოპოზიციაში კი აცხადებენ, რომ ახალი საპარლამენტო არჩევნების გარდა, კრიზისის გადალახვის სხვა გზა უკვე აღარ დარჩა და ამას დასავლეთშიც აცნობიერებენ.

„ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის სალომე სამადაშვილის თქმით, აღნიშნული ორგანიზაცია იშვიათად აკეთებს მსგავს განცხადებას და წინააღმდეგ შემთხვევაში, საერთაშორისო წნეხი გაძლიერდება „ოცნებაზე".

20 იანვარს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ განაცხადა, რომ მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის არჩევნები 2025 წლის 4 ოქტომბერს ჩატარდება.

კონსტიტუციონალისტების შეფასებით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ჩატარების ვადებს განსაზღვრავს საარჩევნო კოდექსი, კოდექსის მიხედვით კი ეს 2025 წლის ოქტომბერია, ოქტომბრის განმავლობაში თარიღს პრეზიდენტი ადგენს, თვის შეცვლას კი საარჩევნო კოდექსში ცვლილებები სჭირდება გარდამავალი დებულების სახით, ეს პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს.

როგორც ევროპის საბჭოს კონგრესის ბიურო აღნიშნავს, მოწოდების მიზაზი ისაა, რომ მოცემული კრიზისის პერიოდში ადგილობრივი არჩევნები დაძაბულობის ახალი მიზეზი გახდება. ამას არც ანალიტიკოსები არ გამორიცხავენ, თუმცა განსხვავებული მოსაზრებები აქვთ. ნაწილი ამბობს, რომ გადადების შემთხვევაში შეიძლება ადგილობრივი თვითმმართველობის არალეგიტიმურობის საკითხმა იჩინოს თავი. ნაწილი კი მიიჩნევს, რომ ადგილობრივი არჩევნების გადადებისა და საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების შემთხვევაში, სავსებით შესაძლებელია საპარლამენტო და ადგილობრივი არჩევნების ერთდოულად ჩატარება.

აცხადებს, რომ მართლაც გახდება ახალი დაძაბულობის მიზეზი, რადგან პროტესტანტები თავად ცესკო-ს უცხადებენ უნდობლობას.

რას აცხადებს ევროპის საბჭოს კონგრესის ბიურო

ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის ბიურო საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, ეროვნულ დონეზე თავისუფალ და სამართლიან განმეორებით არჩევნებს გზა გაუხსნას.

„კონგრესის ბიურო მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, სრულად სცეს პატივი ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის ევროპულ სტანდარტებს, ეროვნულ დონეზე თავისუფალ და სამართლიან განმეორებით არჩევნებს გზა გაუხსნას, ასევე თავისუფალ და სამართლიან ადგილობრივ არჩევნებს და სამართლიანად მოეპყროს ყველა ქართველს, მათ შორის ადგილობრივ არჩეულ წარმომადგენლებს", - ნათქვამია განცხადებაში.

ბიურო საქართველოს ხელისუფლებას პოლიტიკური და სოციალური პოლარიზაციის აღმოსაფხვრელად დაუყოვნებლივ შესაბამისი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებს.

„მათ სამართალდამცავი უწყებების, სასამართლო სისტემის და ყველა საჯარო დაწესებულების დამოუკიდებლობა უნდა უზრუნველყონ. ადგილობრივ და ეროვნულ დონეზე საჯარო მოხელეები თანამდებობიდან გაათავისუფლეს პოლიტიკური მიზეზების გამო. ეს პრაქტიკა უნდა შეწყდეს. ასევე, თავიანთი დემოკრატიული უფლებების, გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების გამოყენების საშუალება ყველას უნდა მიეცეს. ხელისუფლების წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციებში არაძალადობრივი მონაწილეობის გამო დაკავებულები დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდნენ. მათ შორის ადგილობრივი და ეროვნული პოლიტიკოსები, ჟურნალისტები, როგორიც მზია ამაღლობელია, რომლის შესახებაც კონგრესი განსაკუთრებულ შეშფოთებას გამოხატავს", - აცხადებს ბიურო.

განცხადების თანახმად, საქართველოს ხელისუფლებამ პოზიცია უნდა შეიცვალოს და ოპოზიციასთან ღია და კონსტრუქციული დიალოგის მიმართ ერთგულება უნდა დაადასტუროს.

„ამან გზა ახალ ეროვნულ არჩევნებს უნდა გაუხსნას, რომელიც ევროპულ სტანდარტებსა და საერთაშორისო დამკვირვებლების დასკვნებზე იქნება დაფუძნებული. ასევე, ხელი შეუწყოს წინსვლას თავისუფალი და სამართლიანი ადგილობრივი არჩევნებისკენ. ამ მხრივ, საქართველოს ხელისუფლებამ ვენეციის კომისიასთან უნდა ითანამშრომლოს, საარჩევნო კოდექსში შეტანილი ბოლო ცვლილებების შესახებ კონგრესის მიერ მოთხოვნილ მოსაზრებასთან დაკავშირებით. შემდეგი ადგილობრივი არჩევნები წელს, ოქტომბერში უნდა ჩატარდეს. არსებულ პირობებში მისი ჩატარება სიტუაციის გამწვავების რისკს ქმნის. ამიტომ, პოლიტიკური გარემოს არსებითი ცვლილების გარეშე, ეს არჩევნები უნდა გადაიდოს", - აღნიშნულია განცხადებაში.

განცხადებაში ნათქვამია, რომ ბიუროს სჯერა დემოკრატიული ევროპული მომავლის, რომელიც ყველა ქართველის ინტერესებში შედის.

„ეს მოითხოვს ყველა პოლიტიკური აქტორის მონაწილეობას, ხელისუფლების ყველა დონეზე, მათ შორის მმართველი პარტიის, ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების დიალოგის აღდგენას. კონგრესი ამ მიზნით მხარდაჭერისთვის მზად არის. 2025 წლის 25-27 მარტს დაგეგმილ კონგრესის მომდევნო სესიაზე საქართველოს შესახებ დებატები გაიმართება", - ნათქვამია ევროპის საბჭოს ბიუროს განცხადებაში.

რა არის კანონმდებლობით განსაზღვრული

კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ადგილობრივი არჩევნების ჩატარების ვადები საარჩევნო კოდექსითაა განსაზღვრული და მის შეცვლას პარლამენტის შესაბამისი გადაწყვეტილება სჭირდება.

„ადგილობრივი არჩევნების ჩატარების ვადები საარჩევნო კოდექსითაა განსაზღვრული. კოდექსით ასეა, რომ ადგილობრივი არჩევნები ოქტომბერში უნდა გაიმართოს და ოქტომბრის განმავლობაში არჩევნების თარიღს ნიშნავს პრეზიდენტი და თვის შეცვლას სჭირდება ცვლილებების შეტანა საარჩევნი კოდექსში გარდამავალი დებულების სახით, ეს გადაწყვეტილება კი პარლამენტმა უნდა მიიღოს", - განაცხადა ვახტანგ ხმალაძემ.

კითხვაზე, თუ გადაიდება ადგილობრივი არჩევნები, რამდენად შეიძლება წელს შემოდგომაზე ადგილობრივის ნაცვლად, ახალი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს, ხმალაძემ გვითხრა:

„ნაცვლად არა. უნდა შეიქმნას არჩევნების კანონიერად და სამართლიანად ჩატარების პირობები, შემდგომ პარლამენტის არჩევნები უნდა გაიმართოს და პარლამენტის არჩევნებთან ერთად, ვთქვათ, გაიმართოს ადგილობრივი არჩევნები. შესაძლებელია ორივე არჩევნები ერთდროულად ჩატარდეს, თუ შესაბამისი შეთანხმება იქნება მიღწეული", - განაცხადა ხმალაძემ.

კითხვაზე, შეთანხმება ვისა და ვის შორის უნდა შედგეს, კონსტიტუციონალისტმა გვითხრა:

„უნდა შეთანხმდეს მმართველი პარტია და ოპოზიციური პარტიები და ყველა ეს არჩევნები და თვითონ მთელი საარჩევნო პროცესი და მათ შორის შეთანხმების პროცესიც სასურველია გაიმართოს დემოკრატიული ქვეყნების წარმომადგენლობის ზედამხედველობით", - განაცხადა ვახტანგ ხმალაძემ „რეზონანსთან".

გაითვალისწინებს თუ არა „ოცნება" ახალ მოწოდებას

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძე აცხადებს, რომ ნებისმიერ მოწოდებაზე, რომელიც იქნება ყველანაირ საფუძველს მოკლებული, რომელიც იქნება პირდაპირ საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევის მცდელობა, ქართველი ხალხის პასუხი იქნება ისეთი, როგორიც ეს ეკადრება ღირსეულ ადამიანებს.

„საინტერესოა, მათ ქვეყნებში ადამიანებმა სახეში რომ ულაწუნონ პოლიციელებს, პირდაპირ მაშხალები ესროლონ, ცოცხლად დაწვის მცდელობები რომ ჰქონდეთ პოლიციელებისა, მაშინ რა რეაქცია ექნებათ?! ან საკუთარ ქვეყანაში ჩატარებულ არჩევნების შემთხვევაში ვინმემ სხვამ, თუნდაც რომელიმე ქართველმა პოლიტიკოსმა, განცხადება რომ გააკეთოს, რომ „ჩვენ არ ვცნობთ არჩევნებს იმიტომ, რომ..." და „იმიტომ"-ის მერე, რატომ არ ცნობენ, ამას არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, რა განცხადებებს გააკეთებენ და როგორი იქნება მათი დამოკიდებულება?

„შესაბამისად, ნებისმიერი განცხადება, რომელიც იქნება ყველანაირ საფუძველს მოკლებული, რომელიც იქნება პირდაპირ ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევის მცდელობები... ურჩევნიათ ამ ადამიანებს, რომ გაჩუმდნენ მაინც. წინააღმდეგ შემთხვევაში ქართველი ხალხის პასუხი იქნება, რა თქმა უნდა, ისეთი, როგორიც ეს ეკადრება ღირსეულ ადამიანებს", - განაცხადა გორდულაძემ.

როგორც ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ დასავლეთიდან წამოსული ეს ახალი მოწოდება ლოგიკასაა მოკლებული.

„ამის პრეცედენტები იყო თუ არა, არ ვიცი, მაგრამ თუ ამ განცხადებას ლოგიკაში შეყვები, მოწოდების გათვალისწინება ნიშნავს, რომ ამასობაში ადგილობრივ ორგანოებს გაუვა ვადა და ისინი იქნებიან არალეგიტიმური. ესე იგი მოგვიწოდებენ, რომ გვქონდეს არალეგიტიმური ადგილობრივი თვითმმართველობა. ეს მათი გადაწყვეტილებაა და რატომ, ეგეც გაუგებარია.

„საერთოდ გაუგებარია, თუ დაბეჯითებით იძახიან, რომ განმეორებითი არჩევნები აუცილებელიაო, რატომ არის ადგილობრივის მაგივრად მისი ჩატარება საჭირო? თუ მაინცდამაინც ისიც ჩატარდეს და ესეც, ორივე ერთად კი შეიძლება ჩატარდეს.

„ევროპას, როგორც ჩანს, ლოგიკის გასაღები დაკარგული აქვს. არალოგიკურ რამეებს ამბობს. იძახის, რომ ადგილობრივი გადაიდოს იმისთვის, რომ პარლამენტის ჩატარდეს და თუ გადაიდება, ადგილობრივი გამოვა არალეგიტიმური. ამაზე არ ფიქრობს უკვე ბატონი ევროპა, ამიტომ მეეჭვება, რომ მაგ პროცესმა შედეგი გამოიღოს.

„თან ამ დღეებში გამოქვეყნდა სოციოლოგიური დამოკიდებულების შედეგები, რომელიც ჩაატარა იმ ჯგუფმა, ვისთვისაც პროტესტის ეს იდეალები მისაღებია, ამ ჯგუფის ჩატარებული შედეგებითაც კი, 38%-ს ისევ „ოცნება" იღებს. მაშინ რა აზრი აქვს პროტესტის მაგ მოთხოვნას, რომ არიქა, თავიდან ჩატარდეს არჩევნები?!" - განაცხადა საყვარელიძემ.

გახდება თუ არა დაძაბულობის ახალი მიზეზი ადგილობრივი არჩევნები

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე „რეზონანსთან" არ გამორიცხავს, რომ თვითმმართველობის არჩენები ახალი დაძაბულობის მიზეზი გახდეს, მაგრამ მისი გადადებასაც არასამართლიანად მიიჩნევს.

„ეს კი მართალია (შეიძლება ადგილობრივი არჩევნები დაძაბულობის ახალი მიზეზი გახდეს), მაგრამ საპარლამენტო არჩევნები არ გახდება? საპარლამენტო არჩევნებიც ხომ ამ საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში უნდა ჩატარდეს? ოპოზიციის მოთხოვნა კი არის, რომ ახალი არჩვენებისთვის საარჩევნო ადმინისტრაცია დასავლეთის წარმომადგენლებით დაკომპლექტდეს, მაგრამ საერთაშორისო გამოცდილებაა აქ ძალიან ფრთხილი, ამას იშვიათად აკეთებენ, რადგან ეს სუვერენიტეტის პირდაპირი დარღვევაა.

„ევროპელები ადმინისტრაციის საკითხს მემგონი არ აყენებენ. კი, ეჭვი ეპარებათ სამართლიანი იქნება თუ არა, მაგრამ როგორ უნდა გახდეს უფრო სამართლიანი, ეგ არის საეჭვო. მით უმეტეს, როცა ხელისუფლება ამბობს, რომ ევროპა „ოცნების" ხელისუფლების წინააღმდეგ მოქმედებს. ფაქტიურად გამოდის, რომ ევროპა არის „ოცნების" მტერი და რატომ უნდა დათანხმდეს „ოცნება", რომ ევროპული იყოს საარჩევნო ადმინისტრაცია?!" - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ.

ვახტანგ ხმალაძე ასევე ეთანხმება იმ აზრს, რომ კრიზისულ პერიოდში ადგილობრივი არჩევნების ჩატარება, შესაძლოა, ახალი დაძაბულობის მიზეზი გახდეს.

„მთელი ეს პროტესტი სწორედ იმის გამო დაიწყო, რომ არჩევნების შედეგები ლეგიტიმურად არ მიაჩნია საზოგადოების მნიშვნელოვან ნაწილს. ლეგიტიმურად არ მიაჩნიათ ევროკავშირის წევრ თითქმის ყველა სახელმწიფოს, ერთი-ორი გამონაკლისის გარდა, აშშ-ს - მოკლედ, დემოკრატიულ სამყაროს. პროტესტანტებს კი ორი მოთხოვნა აქვთ - ახალი საპარლამენტო არჩევნები და პოლიტიკურ საფუძველზე დაპატიმრებული პირების გათავისუფლება. ადგილობრივი არჩევნების იმავე პირობებში ჩატარება, როგორციც საპარლამენტო არჩევნები გაიმართა, ბუნებრივია, რომ ამ პროტესტს მხოლოდ გააძლიერებს და არანაირად არ შეუწყობს ხელს პროტესტის ხარისხის შემცირებას.

„ჩვენთან ყველაფერი არეულია. სამართლებრივი თვალსაზრისით, პარლამენტი ლეგიტიმური არაა, ანუ მას არ აქვს კანონების მიღების უფლება, თუმცა ახორციელებს ფაქტობრივ ძალაუფლებას. შესაბამისად, კანონებს იღებს, კანონში ცვლილებები შეაქვს. ასეთი დომხალი გვაქვს სამართლებრივი თვალსაზრისით, მაგრამ, რადგანაც ფაქტობრივ ხელისუფლებას ეს პარლამენტი ახორციელებს, ამიტომ არჩევნების თარიღის შეცვლა შესაძლებელია საარჩევნო კოდექსში ცვლილების შეტანით. თუმცა ეს ბევრს არაფერს შეცვლის, რადგან არჩევნების კანონის დაცვით და კანონიერად ჩატარების გარანტია არ არსებობს ამ პარლამენტის და ამ საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში. თუ არ შეიცვალა საარჩევნო ადმინისტრაცია და თუ არ იქნა პარლამენტის არჩევნები ჩატარებული, მხოლოდ თარიღის გადატანა არაფრის მომცემი იქნება", - განაცხადა ვახტანგ ხმალაძემ „რეზონანსთან".

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე