"ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ არცერთ უცხოურ ორგანიზაციას "ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევის შესაძლებლობა აღარ მიეცემათ", "ოცნების" დეპუტატი ირაკლი ზარქუა პირდაპირ აცხადებს, რომ გარკვეული ქვეყნის ელჩები თუ საელჩოები "ქართველი ხალხის ნებისა და საქართველოს ინტერესების საწინაარმდეგოდ პირდაპირ იყვნენ ჩართულები სახელმწიფო გადატრიალების საქმეში".
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილიც აცხადებს, რომ ზოგიერთი ქვეყნის ელჩსაც თავისი თავი წარმოდგენილი ჰყავდა, როგორც ინსტრუქტორი, რომელსაც საქართველოს ხელისუფლებისთვის უნდა მიეცა ინსტრუქცია, როგორი კანონები უნდა მიეღო და როგორ უნდა ყოფილიყო ესა თუ ის პუნქტი ჩამოყალიბებული.
ანალიტიკოსთა ნაწილი აცხადებს, რომ ესაა კიდევ ერთი დამატებითი ნაბიჯი საერთაშორისო იზოლაციისკენ, რადგან "ოცნებამ" იცის, რომ "მისი პოლიტიკის გაგრძელების შემთხვევაში ისედაც მოექცევა იზოლაციაში" და ახლა ცდილობს წინმსწრებად დაადანაშაულოს დასავლეთი. ნაწილი ანალიტიკოსებისა კი აცხადებს, რომ "ოცნება" სუვერენიტეტის დაცვას ცდილობს, რასაც სხვადასხვა კანონებით დაარეგულირებს.
რა პროცესთან გვაქვს საქმე
ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე "რეზონანსთან" აცხადებს, რომ "ქართული ოცნება" ამ განცხადებებით ცდილობს "ქვეყნის სუვერენიტეტი დაიცვას", ამას კი კანონებით დაარეგულირებს.
"იმ პროცესთან გვაქვს საქმე, რასაც ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვა ჰქვია და როდესაც ღირსება არის ყველაზე უმთავრესი საკითხი ქართველი ერის, რომ საბოლოოდ ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნოდეს. ვინმეს თუ წარმოუდგენია, რომ საქართველო ისეთი სახელმწიფოა ვისაც რა და როცა გაუხარდება ის აკეთოს და თავში ხელი წამოარტყას, ძალიან ცდება.
"ჩვენ ერთხელ და სამუდამოდ მონური მდგომარეობიდან უნდა გამოვიდეთ, როდესაც ოკეანის გაღმა თუ გამოღმა საქართველოს შესახებ ვიღაცა რაღაცას გაიბჟუტურებს, რომ ეს უნდა გააკეთოს და ჩვენ აქ ასკინკილა უნდა ვირბინოთ? ეს უნდა დასრულდეს და ვხედავ კიდევაც რომ სრულდება",- განაცხადა გვენეტაძემ.
კითხვაზე, რა ბერკეტები შეიძლება გამოიყენოს ამისთვის "ოცნებამ" გვენეტაძემ განაცხადა: "შეიძლება იყოს ისეთი კანონების მიღება, რომელიც დასავლეთის დემოკრატიულ სახელმწიფოებს აქვთ მიღებული, მაგალითად "კანონი პრესის შესახებ", "ფარას" კანონი, სახელმწიფოს სუვერენიტეტის განმტკიცების შესახებ კანონი, რისი მეშვეობითაც შეიძლება ამის გაკეთება.
"მე ასე მესმის, რომ საელჩოს მისი ფუნქცია აქვს და ქვეყნის საშინაო საქმეებში ჩარევის უფლება არ აქვთ. ყველას ის უნდა განესაზღვროს, რაც საერთაშორისო სამართლის მიხედვით გააჩნიათ. მაგალითად, რასაც ახლა გერმანიის ელჩი აკეთებს, ყოვლად გაუგონარია, თუნდაც ბრიტანეთის და საფრანგეთის ელჩები, ამიტომ ყველამ თავის საქმეს მიხედოს",- განაცხადა ედიშერ გვენეტაძემ "რეზონანსთან".
ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე "რეზონანსთან" აცხადებს, რომ "ოცნებამ" კარგად იცის, რომ მისი პოლიტიკით საერთაშორისო იზოლაციაში ექცევა და ახლა ცდილობს წინმსრებად დაადანაშაულოს დასავლეთი, საელჩოები და ელჩები, რომ თითქოს ქვეყნის შიდა საქმეებში ერევიან.
"ქართული ოცნება" მშვენივრად ხვდება იმას, რომ მისი პოლიტიკის გაგრძელების შემთხვევაში, იზოლაციაში მოექცევა და წინა შემთხვევის მსგავსად, აქაც წინმსწრებად აკეთებს განცხადებას, რომ მერე თავის ამომრჩეველთან და მხარდამჭერებთან იმის თქმის საშუალება ჰქონდეს, რომ ჩვენ არ მივეცით ქვეყნის საშინაო საქმეებში ჩარევის უფლება და ამიტომაც გვიბრაზდება დასავლეთი, თორე დემოკრატია, ადამიანის უფლებები არაფერ შუაშია და კანონები რეპრესიული კი არ არის, არამედ დასავლურია.
"ისრები სხვა მიმართულებით გადააქვთ, ცდილობენ, რომ მედია ეს იქნება სახელისუფლებო თუ ოპოზიციური ამ მხარეს გადაიყვანონ - ილაპარაკონ იმაზე, თურმე როგორ ერევიან უცხო ქვეყნის ელჩენი და წარმომადგენლები ქვეყნის შიდა საქმეებში და არა იმაზე, რომ ქვეყანაში ავტორიტარული მმართველობა მყარდება, ფაქტიურად 12 წელია კონსტიტუციის ჩარჩოებიდან ვართ გასული, ამაზე ლაპარაკი რეალურად მათ არ უნდათ, არც ამაზე კამათი უნდათ, ასეთ მანევრირებებს ამიტომ იწყებენ.
"სხვათა შორის ეს ზოგადად არცთუ ისე ცუდია, ჩვენს პარტნიორებს თუ რაიმე ილუზია აქვთ, რომ ამ ხელისუფლებასთან შეიძლება რაღაც პოზიტიური ურთიერთობა გქონდეს, მიხვდებიან, რომ ეს შეუძლებელია.
ამიტომ იმ ნაბიჯებს გადადგამენ დროულად, რომელიც აუცილებელია იმისათვის, რომ ქვეყანა ევროპული განვითარების გზას დაუბრუნდეს. ეს არის ნაბიჯი იზოლაციისკენ, დანარჩენი კი არის პროპაგანდისტულად შეზავებული იზოლაციონისტური პოლიტიკა",- განაცხადა ძაბირაძემ "რეზონანსთან".
რას აცხადებენ "ოცნებაში
"ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ არც ერთ უცხოურ ორგანიზაციას ქვეყნის შიდა საქმეში ჩარევის შესაძლებლობა არ მიეცეს - არა აქვს მნიშვნელობა იქნება ეს ელჩი, საელჩოს თუ ნებისმიერი სხვა საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელი! ამასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ინიციატივები გვექნება", - განაცხადა "ქართული ოცნების" დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ.
როგორც ზარქუამ ამ კონტექსტში აღნიშნა, გარკვეული ქვეყნების ელჩებმა და საელჩოებმა თავიანთი ფუნქცია დაივიწყეს.
„სამწუხაროდ, გარკვეული ქვეყნის საელჩოები და ელჩები ქართველი ხალხის ნების და საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგოდ პირდაპირ იყვნენ ჩართული სახელმწიფო გადატრიალების საქმეში. ამის არაერთი დემონსტრირება ვნახეთ.
"ასევე ვნახეთ უცხო ქვეყნების თანამდებობის პირების საქართველოში ჩამოსვლა და მათი მიტინგებში მონაწილეობა. ეს პირდაპირ ითარგმნება იმაში, რომ სურთ, ამბოხსა და ჯანყს შეუწყონ ხელი.
"სამწუხაროდ, გარკვეული ქვეყნების ელჩებმა და საელჩოებმა თავიანთი ფუნქცია დაივიწყეს. ჩვენ საქმე გვაქვს რევოლუციის მცდელობებთან. ამაში უამრავი თანხები იხარჯება, რაც უნდა დასრულდეს.
"ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ არც ერთ უცხოურ ორგანიზაციას ქვეყნის შიდა საქმეში ჩარევის შესაძლებლობა არ მიეცეს - არა აქვს მნიშვნელობა იქნება ეს ელჩი, საელჩოს თუ ნებისმიერი სხვა საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელი. ამასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ინიციატივები გვექნება.
"გგონიათ აშშ-ში რომელიმე საელჩოს აქვს უფლებამოსილება, რომ შიდა გადატრიალებებში მიიღოს მონაწილეობა?! არა! - მივიღებთ იგივე კანონებს, როგორ არის აშშ-სა და ევროპაში. არც მეტი, არც ნაკლები!", - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.
„ქართული ოცნების" დეპუტატს მიაჩნია, რომ „საერთაშორისო ორგანიზაციები და მათი პარტნიორები საქართველოში არაერთ ქვეყნის საწინააღმდეგო ქმედებას სჩადის".
„მათ შორის არის USAID, რომელსაც თავად აშშ-ს მთავრობა კრიმინალებს და თაღლითებს ეძახის. მათი საქმიანობა თავიდან ბოლომდე შესასწავლია. ასევე არის ევროპული ფონდები - გერმანული „ადენაურის ფონდი" და ბიოლის ფონდი, რომელიც ლგბტ პროპაგანდას აფინანსებდა.
"ყველა ელჩი საქმის კურსში იყოს იმ თანხების შესახებ, რომელიც ჩვენი ქვეყნის საწინააღმდეგოდ იხარჯებოდა. მათ შორის არის შვედეთის საელჩო. ყველაფერი შესწავლილი და გამოძიებული იქნება!
"მადლობა, რომ გვაქვს ტრამპის ადმინისტრაციის მაგალითი, რომელმაც იმის ლუსტრაცია მოახდინა, თუ როგორ იხარჯებოდა საერთაშორისო თანხები ამა თუ იმ ქვეყნის საწინააღმდეგოდ", - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.
პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის თქმით, ზოგიერთი ქვეყნის ელჩსაც თავისი თავი წარმოდგენილი ჰყავდა, როგორც ინსტრუქტორი, რომელსაც საქართველოს ხელისუფლებისთვის უნდა მიეცა ინსტრუქცია, როგორი კანონები უნდა მიეღო და როგორ უნდა ყოფილიყო ესა თუ ის პუნქტი ჩამოყალიბებული.
„კლასიკურად, ქვეყნებს შორის ურთიერთობა ხერხდებოდა დიპლომატიური არხებით, ელჩებით და ხელისუფლებების შეხვედრებით, სადაც ინტერესების თანხვედრის მცდელობებია, ყალიბდება ალიანსები და სადაც ინტერესები არ ემთხვევა, დიპლომატიის ამოცანაა, რომ კონფლიქტები არ წარმოიშვას. ამის ნაცვლად ეს დიპლომატია ჩანაცვლდა საგარეო დახმარების სტრუქტურებით, რა დროსაც ფული სხვადასხვა დონორის მეშვეობით შემოედინება.
"მაგალითად, აშშ-ის ხელისუფლების მხრიდან მხილებული იქნა USAID-ი. შემოდის ფული, რომლითაც შემდეგ ამა თუ იმ ქვეყანაში იქმნება არასამთავრობო ორგანიზაციები, ხდება პოლიტიკურ პარტიებთან დაკავშირება, მიმღები საზოგადოებისთვის უცხო იდეების შემოტანა, ჩანერგვა და წარმოჩენა, თითქოს ეს არის იმ საზოგადოების ინტერესი. მაგალითად, ლგბტ პროპაგანდა, რომელზეც ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია.
"შემდეგ დონორი თუ ელჩი ხელისუფლებას ელაპარაკება, თითქოს ეს არის ხალხის ინტერესი და მის დასაცავად იბრძვიან. ეს პრაქტიკაშიც ასე ხდებოდა. თეა წულუკიანმაც ისაუბრა ამაზე და მეც არაერთხელ ვთქვი.
როცა ჩემს კაბინეტში ამა თუ იმ უცხო ქვეყნის ელჩი მელაპარაკებოდა ქართველი ხალხის ინტერესებზე. იმ დონეზე მივიდა შიდა პოლიტიკაში ჩარევა, როდესაც თავად დონორები ქმნიან რაღაც თემას, მაგალითად, ლგბტ უფლებების საკითხი, რამდენიმე ქვეყანა იყო ამაში განსაკუთრებით აქტიური. ისინი ქმნიან თემას და გეუბნებიან, ეს არის თქვენი ხალხი ინტერესიო. ეს ხდებოდა ბოლო წლებში ნაცვლად დიპლომატიისა.
"საბჭოთა კავშირის დროს მეორე მდივნის ფუნქცია იყო ასეთი, რომელიც მოსკოვიდან ინიშნებოდა. ის როგორც წესი, ჩრდილში იყო ხოლმე, მაგრამ გადამწყვეტ მომენტებში მას ეკუთვნოდა სიტყვა. ზოგიერთმა, სამწუხაროდ, ძალიან მოირგო ეს როლი, რომელმაც ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებას, სხვა ქვეყნის კონსტიტუციის და ხალხის წინაშე ფიცდადებულმა ადამიანმა, უნდა მისცეს ინსტრუქციები, რა და როგორ აკეთოს. იმედი მაქვს, აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის პოლიტიკა პატივს სცემს სხვა ქვეყნების ინტერესებს და ამაზე იქნება საუბარი", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე