თამთა ჩაჩანიძე
(10.02.2025)

ოპოზიციაში გაერთიანების საკითხი კვლავ აქტუალურია, თუმცა "გახარია საქართველოსთვის" ამ ერთობაზე უარს ამბობს. გარდა ამისა, მანდატების გაუქმებაზე საკანონმდებლო ორგანოსთვის არ მიუმართავთ, რაც ოპოზიციის ნაწილში ეჭვებს აჩენს, თუმცა, თავად პარტიაში აცხადებენ, რომ პარლამენტის თავმჯდომარის სახელზე დაწერილი განცხადება უფრო აძლევს ლეგიტიმაციას მეთერთმეტე მოწვევის პარლამენტს.

ოპოზიციაში აცხადებენ, რომ "ბრძოლის ახალ ეტაპზე" გადადიან, "სტრატეგია აღმასენებელის ლიდერი გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ ოპოზიციის ერთიანობა საჭიროა, რაც ნიშნავს ერთიან შტაბს, ერთად მუსაობას და ერთიან სიასაც კი. მისი თქმით, ოპოზიციის ნაწილი მის პოზიციას ეთანხმება, მაგრამ არიან ისეთებიც ვინც მის ხედვას ერთიანიობაზე არ იზიარებენ, თუმცა კოორდინაციაში ყოფნა სურთ.

ანალიტიკოსთა ნაწილის შეფასებით, ერთობაზე განცხადებები არაფერს არ იძლევა და სწორი სტრატეგიაა მოსაძებნი, ნაწილი კი არ გამორიცხავს, რომ ოპოზიცია გარკვეულ შედეგზე გავიდეს მეხუთე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მონაწილოებით.

რა პერსპექტივა აქვს ერთობას

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი და ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე "რეზონანსთან" აცხადებს, რომ შესაძლოა ოპოზიცია გარკვეულ შედეგებამდე მივიდეს, მიუხედავად იმისა, რომ გახარიას პარტია ერთობის წინააღმდეგია.

"გახარია ერთის მხრივ სადეპუტატო მანდატებზე უარს არ ამბობს და მეორეს მხრივ უარს ამბობს ერთობაზე. გახარიას თავისი ნიშა აქვს დაკავებული, რომ ის სხვა ოპოზიციური პარტიებისგან და მათ შორის ე.წ. კოლექტიური ნაცებისგან განსხვავდება.

გახარიას ელექტორატი ძირითადად ის ადამიანები არიან, ვინც ადრე "ქართულ ოცნებას" აძლევდა ხმას, მაგრამ ახლა მათი პოლიტიკა არ მოსწონს. ამავე დროს წინააღმდეგი იყო, რომ სხვა სამი ოპოზიციური ძალიდან რომელიმესთვის მიეცათ ხმა.

"გახარიას სურს ნიშა შეინარჩუნოს, რომ თითქოს ის არის დამოუკიდებელი ოპოზიციური პარტია, რომელსაც არანაირი კავშირი არ აქვს არც "ქოცებთან", არც "ნაცებთან" და თავის 10-15% შეინარჩუნოს. ცდილობს თქვას, რომ მე დამოუკიდებელი მოთამაშე და მესამე ცენტრი ვარო. სხვა საკითხი არის ფინანსებთან დაკავშირებული, გახარიას პარტია სახელმწიფო დაფინანსებას - ბიუჯეტიდან მილიონ ლარს მიიღებს. 4 წლის განმავლობაში 4 მილიონ ლარს. ამასთან, დეპუტატებს ხელფასები შეუნარჩუნდებათ და იმუნიტეტით ისარგებლებენ.

"გათვლა აქვთ, რომ თავად "ქართულმა ოცნებამ" გადაწყვიტოს აპრილ-მაისშიო. თუ დეპუტატი სხდომებს არ ესწრება შეიძლება გაუუქმონ მანდატები, მაგრამ შესაძლოა არც გაუუქმონ, რომ მერე თქვან, რომ აი კიდევ ერთი ოპოზიციური პარტიაა პარლამენტში.

მსგავსი პოზიცია ასევე დამოკიდებულია პიროვნულ თვისებებზე, რომელიც მედროვე ადამიანებს ახასიათებთ. თავად გახარია, როცა ადრე ქართულ ჯიგრულ პონტზე საუბრობდა, ოპოზიციის გადასვლის შემდეგ კი კორუფციაზე ალაპარაკდა. ასევე, როცა მეზვრიშვილი შს მინისტრის მოადგილე იყო 20 ივნისის მოვლენები არ დაუგმია.

"ჯერ ოპოზიცია თავს არიდებს, რომ გახარია პირდაპირ აკრიტიკოს, რომ ოპოზიციურად განწყობილი ელექტორატისთვის რომ ბზარი არ გაჩნდეს. გიორგი ვაშაძემაც რბილად მოიხსენია და მინიშნება გააკეთა, რომ გახარია ამ ერთობის წინააღმდეგია. გაითვალისწინა პოლიტიკური კონიუქტურა.

"ალბათ პრეზიდენტი ზურაბიშვილი ოპოზიციურ პარტიებს მოუწოდებს, რომ ერთმანეთთან კოორდინაცია ჰქონდეთ. რამდენიმე ვარიანტზე არის საუბარი ეროვნულ ასამბლეასთან დაკავშირებით. აზრთა სხვადასხვაობაა, მაგრამ შესაძლოა გარკვეულ შედეგებამდე მივიდნენ. შესაძლოა პრეზიდენტიც და პოლიტიკური პარტიებიც უახლოეს მომავალში გამოვიდნენ და გეგმებზე ისაუბრონ, შეასძლოა საერთო სიის წარდგენაზე არ იყოს საუბარი, მაგრამ მჭიდრო კოორდინაცია იქნება",- განაცხადა ნიკა ჩიტაძემ "რეზონანსთან".

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე "რეზონანსთან" აცხადებს, რომ გაერთიანებაზე საუბრები და მანევრები არაფრის მომტანი არაა და სწორი "გასაღები" უნდა მოუძებნოს ოპოზიციამ "ელექტორატის გულის კარს".

"გახარიას უარი უფრო გასაგებია, ვიდრე თანხმობა, რადგან ჯერ კიდევ პრემიერობის დროს მან "ნაცმოძრაბას" გამოუცხადა, რომ დაგასრულებთო.

ოპოზიციის გადასვლის შემდეგ კი, მისთვის როგორც "ოცნება, ისე "ნაცმოძრაობა" ერთნაირად მიუღებელია. მისი პოლიტიკური მოღვაწეობის სხვადასხვა ეტაპზეც კი, დიდი სიმპატია მას არ გამოუვლენია იმათ მიმართ, ვინც დღეს ოპოზიციაში წამყვან როლს თამაშობენ. გახარია ყოველთვის ხაზს უსვამდა იმას, რომ ცდილობს იყოს არც ერთი, არც მეორე, არამედ მესამე ძალა.

"ეჭვს არაფერი უშლის ხელს, ოტელოც ეჭვიანი იყო და შექსპირმა ტრაგედია დაწერა. ასე რომ, თავის პლიუსი ეჭვებსაც აქვს, მაგრამ რაში აწყობს გარიგება ან ხელისუფლებას, ან გახარიას? ინტერესებს ხომ უნდა შევხედოთ. იძახიან, რომ ხელისუფლებასთან თანამშრომლობს, მაგრამ ოპოზიციასთანაც თანამშრომლობა და ქუჩაში სიარული აწყობს გახარიას? მან ადრე თქვა, რომ ჩემს ამომრჩეველს ჩემთვის ხმა არ მოუცია იმისთვის, რომ ქუჩაში ვიაროო.

"კონკრეტულად გახარია, ან ნებისმიერი ადამიანი რას იზამს ამის თქმა ძნელია, თუმცა, ლოგიკით რომ მივუდგეთ, პარლამენტში უნდა შევიდეს ეგეც და დანარჩენებიც. იმავე ლოგიკით და მსჯელობით, რაც გახარიამ თქვა, არცერთი მათგანისთვის ამომრჩეველს (და საკმაოდ დიდი რაოდენობა იყო ოპოზიციის ამომრჩეველი) ქუჩაში ყოფნისთვის ხმა არ მიუცია. ამ პარტიებს ქუჩაში ყოფნა ისედაც შეეძლოთ არჩევნებში მონაწილოების გარეშეც.

"მე თუ მკითხავთ, ერთიანობაზე იგივე "ნაციონალური მოძრაობაც" უარზე უნდა იყოს, ოპოზიციურ ერთიანობაში "ნაცმოძრაობას" ყველაზე მეტი წონა აქვს, ყველაზე მეტი ამომრჩეველი ჰყავს და რად უნდა დანარჩენების აკიდება? იდეები, რომ აბა გავერთიანდეთ და გავიმარჯვებთო, დიდად გონივრული პოზიცია არაა.

"საერთოდ ადამიანი როცა რაიმეს ვერ ახერხებს ასე იქცევა - უზნაძის ერთი მაგალითის მიხედვით, ადამიანმა ჩაიყო ჯიბეში ხელი, გასაღები ამოიღო, რომ კარი გაეღო და ვერ აღებს, რა უნდა ქნას? უნდა გაქანდეს კარი შეამტვრიოს, გასაღები გადააგდოს, თუ როგორ მოიქცეს? უზნაძე ამ ვერსიებს არ განიხილავს, ჩვენი ოპოზიცია განიხილავს. უზნაძე განიხილავს, რომ გასაღებს უნდა დახედოს, გაარკვიოს ამ კარის გასაღებია, თუ სხვა და მერე ის იპოვოს, რომლითაც ეს კარი იღება.

"უკვე 12 წელია ჩვენი ოპოზიციონერები ქართველი ამომრჩევლის გულის კარს ვერ აღებენ, უნდა გაარკვიონ რატომ ვერ აღებენ და მერე მოიქცნენ ისე, რომ გააღონ. მე ვერსიასაც გამოვთქვამ რატომ ვერ აღებენ, იმიტომ, რომ "ნაციონალური მოძრაობის" გუნდი ჩანს, თან ისინი არიან ყველაზე ძლიერები და ამ მოსახლეობას არ უნდა ხელისუფლებაში "ნაცმოძრაობა".

თუკი ეს ვარიანტი სწორია და ვვარაუდობ, რომ სწორია მთელი 9 წლიდან გამომდინარე, მაშინ ჩვენი ოპოზიციის განცხადებები, რომ გავერთიანდეთ და პირველი მეორე ხმა ვთქვათო, ასეთი მანევრები არაფერს არ იძლევა.

"ანუ წარსულზე უარი უნდა თქვან, ამათ იმ წარსულზე უარის თქმა არ უნდათ. არ უნდათ რამოდენიმე მიზეზით, ჯერ ერთი თვითონ არიან "ნაციონალების" "ახლობლები", მეორეც, იმ ხმების დაკარგვა არ უნდათ, რაც ენმ-ს მომხრეებს აქვთ. ეშინიათ, რომ თუ გავლენ, დანარჩენ ხმებს ვერ მოიპოვებენ და არიან გაწამაწიაში.

"ევროპული საქართველოც" თითქოს ძალიან მჭიდროდ დაკავშირებული იყო ენმ-სთან და გვერდით გამოვიდა თუ არა, ხმები დაკარგა, რადგან "ნაცმოძრაობას" პასპორტში უწერია, რომ სააკაშვილის სული და გული ამ პარტიაშია.

"ხალხს, ვინც ენმ-ს მხარს უჭერს, სააკაშვილი უყვარს და მაგიტომ უჭერენ მხარს, თორე იქ დოქტრინებზე ლაპარაკი არაა. გიგა ბოკერია მაგით მოტყუვდა, მიაჩნდა, რომ დიქტრინების შეთავაზებით ამომრჩევლის გულს მოიგებდა, არმოჩნდა, რომ ამომრჩეველს დოქტრინები არ აინტერესებს",- განაცხადა რამაზ საყვარელიძემ "რეზონანსთან".

რა ერთობაზე საუბრობს ვაშაძე

„სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ მისთვის ოპოზიციური ერთიანობა ნიშნავს ერთიან შტაბს, ერთად მუშაობას და საერთო ჯამში ერთიან სიას არჩევნებზე. ვაშაძე ფიქრობს, რომ სწორედ ამ სქემით უნდა მოხდეს „ჯერ პოლიტპატიმრების გათავისუფლება და ახალი არჩევნების თარიღის მოპოვება" , შემდგომ კი უკვე არჩევნებში ერთიანი სიით გამარჯვება.

ვაშაძემ „პალიტრანიუსის" ეთერში ჩართვისას მის მიერ სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე" გაკეთებული განცხადება განმარტა და დაასახელა რამდენიმე კომპონენტი, რომელიც მისი აზრით, ბრძოლის ახალ ეტაპზეა საჭირო.

„ჩვენ გადავდივართ ბრძოლის ახალ ეტაპზე, სადაც მნიშვნელოვანია სრული ერთიანობა. რას აკეთებს ივანიშვილი და ეს რეჟიმი - 500 მოძალადეზეა დაფუძნებული, უეცრად ბევრ სვლას აკეთებს იმისთვის, რომ აჩვენოს ვითომ ძლიერია. რეალურად დღითიდღე სუსტდება. ჩვენ ხომ ჩვენი ძალა უნდა ვაჩვენოთ.

ძალა ერთობაშია. ერთიანობა ჩემთვის ნიშნავს ერთიან შტაბს, ნიშნავს 24/7-ზე ერთად მუშაობას, ერთად ბევრი აქციის ორგანიზებას, ერთად საინფორმაციო ომის წინააღმდეგ ბრძოლას. ჯერ პოლიტპატიმრების გათავისუფლება, ახალი არჩევნების თარიღის მოპოვებას და შემდგომ უკვე არჩევნებში გამარჯვების მოპოვებას ერთიანი სიით. ამაზე ვართ შესათანხმებელი", - განაცხადა ვაშაძემ და დასძინა, რომ სწორედ ეს არის საზოგადოების მოთხოვნა.

მისი თქმით, შესაბამისი შეთავაზება მას ოპოზიციურ პარტიებთან ჰქონდა.

„ბოლოს როდის ნახეთ ერთად შეკრებილი ოპოზიცია. როდის იყო ოპოზიცია ერთად შეკრებილი და რამე საერთო გზავნილი უთხრა საზოგადოებას. წერილობით მუშაობა ძალიან ეფექტურია საერთაშორისო ასპარეზზე, რა თქმა უნდა შედეგებიც გვაქვს, ევროსაბჭოში რეზოლუციას ერთიანობით მივაღწიეთ", - განაცხადა ვაშაძემ და აღნიშნა, რომ ეს არ არის საკმარისი.

ვაშაძის განცხადებით, ოპოზიციაში ლიდერების ნაწილი ეთანხმება მის პოზიცია, თუმცა არიან ისეთები, რომლებიც ვაშაძის ხედვას ერთიანობაზე არ იზიარებენ.

„მე მათ ყველა ლიდერთან მქონია საუბარი ამ საკითხზე. ყველამ იცის ჩემი პოზიცია. ზუსტად ვიცი, რომ ზურაბ ჯაფარიძე, ელენე ხოშტარია, სხვები ეთანხმებიან ამ პოზიციას... მაგრამ ვიღაცა ამბობს, რომ კოორდინაციაში ვიყოთ, მაგრამ არა ერთიანი არ ვიყოთ. არ გამოვა ასე. არ გამოვა", - განაცხადა ვაშაძემ.

კერძოდ, ვაშაძის თქმით, „გახარია ერთიანობაზე ამბობს უარს".

„არ უნდა მას, გავიგე. ეს მისი არჩევანია. კი არ ვებრძვი, დანარჩენმაც თქვას ასე ღიად", - დასძინა ვაშაძემ.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ფიქრობს, რომ სალომე ზურაბიშვილმაც უნდა დააფიქსიროს პოზიცია.

„ყველაზე მნიშვნელოვანი - სალომე ზურაბიშვილმაც თავის პოზიცია უნდა დააფიქსიროს. ხვალ გვაქვს შეხვედრა და კარგი იქება, რომ ამ შეხვედრაზე სიღრმისეული მსჯელობა გვექნება. აქვს მას უფრო მნიშვნელოვანი როლი? - აქვს. ვაღიარებთ ჩვენ მას ლეგიტიმურ პრეზიდენტად? - ვაღიარებთ.

ვფიქრობ, ცოტა მეტია საჭირო იმისთვის, რომ ერთიანი ეროვნული ფრონტი ჩამოყალიბდეს, რომელიც საბოლოო ჯამში გამარჯვებას დადებს. მე ამის მჯერა, დანარჩენი საზოგადოებამ გადაწყვიტოს",- დასძინა ვაშაძემ.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე