მარიამ ვეკუა
(27.01.2025)

ევროკავშირის საბჭომ ქართველი დიპლომატებისა და ოფიციალური პირებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო. ამას გარდა იმსჯელეს ასევე უვიზო ახალ არჩევნებსა და პერსონალურ სანქციებზე. მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ თითოეული გადაწყვეტილება ქართველი ხალხის დასჯასა და შურისძიებას ემსახურება. „ყველგან ბრიუსელი, არსად ევროპა" - განაცხადა ჟურნალისტებთან პაპუაშვილმა.

ორშაბათს ევროკავშირის საბჭომ ქართველი დიპლომატებისა და ოფიციალური პირებისთვის უვიზო მიმოსვლა შეაჩერა. „საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ჩვეულებრივი პასპორტის მფლობელები არიან, კვლავაც ისარგებლებენ უვიზო რეჟიმით ევროკავშირში ხანმოკლე ყოფნისას", - აღნიშნულია პრესრელიზში.

ამაზე პაპუაშვილმა თქვა, რომ „დიპლომატებს ომშიც კი არ ეხებიან".

შეხვედრის დაწყებამდე მედიასთან ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა საქართველოზე კომენტარები გააკეთეს. ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრმა, კასპარ ველდკამპმა, ბრიუსელში საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებს უთხრა, რომ შეშფოთებულია საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესებით და ჟურნალისტების თავისუფლებასთან დაკავშირებული საკითხებით. ის მხარს უჭერს პერსონალურ სანქციებს და ქართველ ხალხს სრული მხარდაჭერა გამოუცხადა.

„ნიდერლანდები ყოველთვის მხარს უჭერს პერსონალურ სანქციებს მათ წინააღმდეგ, ვინც რეპრესიებზეა პასუხისმგებელი. ამ მომენტისთვის გადასადგამი ნაბიჯი არის ქართული დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერება. ვფიქრობ, ეს არის მნიშვნელოვანი პირველი ნაბიჯი. ჟურნალისტებთან და ჟურნალისტების თავისუფლებასთან დაკავშირებული საკითხებით ძალიან შეშფოთებული ვარ, ჩვენ ვდგავართ მათ გვერდით", - აღნიშნა ნიდერლანდების საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ ხელისუფლება პატივს არ სცემს ქართველ ხალხს და პარტნიორების მხარდაჭერაც არ იქნება მიმართული მთავრობისკენ. ბაიბა ბრაჟემ განაცხადა, რომ კონკრეტულ პირებს, ვინც მშვიდობიან საპროტესტო აქციების ჩახშობაშია ჩართული და თავს ესხმის ჟურნალისტებს, მისი ქვეყნის ტერიტორიაზე შესვლა აეკრძალება.

„ასე რომ, არის ზეწოლა, მაგრამ ასევე არის ღია კარი ევროპული მომავლისთვის, თუკი ხალხის ნებას პატივს სცემენ", - აღნიშნა ლატვიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

 ლიეტუის საგარეო უწყების ხელმძღვანელმაც აღნიშნა, რომ ერთადერთი გამოსავალი არჩევნების ჩანიშვნაა. „საუკეთესო გამოსავალი კრიზისიდან, რომელიც ახლა არის საქართველოში, არის ახალი არჩევნების ორგანიზება".

მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ ნებისმიერი გადაწყვეტილება, მცდელობა, რომელსაც ქვეყნის ზიანის მიყენებას ისახავს მიზნად, წარუმატებლობისთვისაა განწირული.

„ვერ გეტყვით, რა გადაწყვეტილებას მიიღებენ. რაც შეეხება ოპოზიციის მოქმედებას, მათი მოქმედებები თავიდან ბოლომდე გარედან არის კოორდინირებული ისეთი სუბიექტების მიერ, ვისაც ქვეყნის წინსვლა და განვითარება არ სურთ. თუმცა მთელი ოთხი წლის განმავლობაში მიზანს ვერ აღწევენ. ამ შემთხვევაშიც მათი ნებისმიერი მცდელობა, რომ ქვეყანას რაიმე ზიანი მიაყენონ, წარუმატებლობისთვის არის განწირული - ეს ეხება როგორც ოპოზიციას, ასევე მათ მფარველებს ქვეყნის ფარგლებს გარეთ", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

„ყველგან ბრიუსელი, არსად ევროპა" - ასე შეიძლება შეფასდეს," - აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი. „ - სამწუხაროა, რომ ევროპულ ღირებულებებს სცილდებიან ბრიუსელელი ჩინოვნიკები. ვნახეთ წინასაარჩევნო კამპანიაში ევროკავშირის სხვადასხვა წევრი სახელმწიფოს ხელისუფლებების პირდაპირ ჩართულობა, განსაკუთრებით გამოირჩეოდნენ ევროკავშირის წევრი პოსტსაბჭოთა ქვეყნები, რომლებიც პირდაპირ მონაწილეობდნენ ჩვენს არჩევნებში. ეს დღისით, მზისით ხდებოდა, დაუფარავად, უხეშად. ქართველმა ხალხმა მათ, ყველას უარი უთხრა იმაზე, რომ მათი მითითებით აერჩიათ საკუთარი პოლიტიკური ხელმძღვანელობა. ეს არის ქართველი ხალხის დასჯის მცდელობა იმ ჯგუფების მხრიდან, რომლებიც ქართულ არჩევნებში უკანონოდ, საერთაშორისო სამართლის დარღვევით მონაწილეობდნენ და დამარცხდნენ ამ არჩევნებში. ვნახეთ ქალბატონი იუკნევიჩიანეს განცხადებაც, რომელიც ამბობდა, რომ ევროკავშირის მხრიდან გარკვეული რეაქციები პირდაპირ გამოწვეულია ქართველი ამომრჩევლის მიერ „ქართული ოცნების" მხარდაჭერით. ეს არის შურისძიება და ქართველი ხალხის დასჯა", - აღნიშნა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან.

ზაალ ანჯაფარიძეს აქვს მოლოდინი, რომ საბჭოს მიღებული გადაწყვეტილებები „დიდად ვერაფერს შეცვლის".

„არა მგონია, მიღებულმა გადაწყვეტილებებმა საქართველოში არსებულ საპროტესტო მუხტზე დიდი გავლენა იქონიოს, რადგან ეს მაინცდამაინც არაა მძიმე სასჯელი. ევროკავშირს ადრეც დაუწესებია საქართველოსთვის გარკვეული შეზღუდვები, თუმცა ამას არ გამოუწვევია ხალხის ქუჩაში გამოსვლა".

ანჯაფარიძე „ოცნების" რიტორიკას, რომ „მშვიდობისთვის სჯიან", ემიჯნება. მთავარ ფაქტორად რუსეთ-უკრაინის ომში საქართველოს მინიმალურ ჩართვას ასახელებს.

„ვფიქრობ, რომ ეს ნაბიჯი საერთაშორისო პარტნიორებისგან არა იმდენად „მშვიდობისთვის დასჯაა", რამდენადაც საქართველოს როლით უკმაყოფილებაა უკრაინასთან მიმართებით, რომ ჩვენ აქტიურად არ ვართ ჩართული უკრაინის ომში. ამიტომ, ჩემი აზრით, ამ ფაქტორზე არიან კონცენტრირებულები. ანალიტიკურად ასე მგონია. ევროკავშირს არ მოსწონს, პირველი, უკრაინის საკითხი, მეორე - რუსეთთან დამოკიდებულება, მესამე - „ქართული ოცნება" რამდენად ზედმიწევნით ასრულებს ევროპიდან წამოსულ დირექტივებს - ეს არის არასრული ჩამონათვალი, რის გამოც საქართველოს ხელისუფლებასა და ევროკავშირს შორის არსებობს უთანხმოება. ევროკავშირს ამ სიტუაციის შეცვლა სურს", - დასძინა ანჯაფარიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე