27 იანვარს სტარასბურგში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესია გაიხსნება, სადაც საქართველოს დელეგაციას პარლამენტის ვიცე-სპიკერი თეა წულუკიანი უხელმძღვანელებს. „ქართულ ოცნებაში" ელიან, რომ სესიის დროს იქნება ქართული დელეგაციისთვის უფლებამოსილების შეზღუდვის მცდელობა. ანალიტიკოსების ვარაუდით, ეს შეიძლება გამოიხატოს საქართველოს დელეგაციისათვის ხმის მიცემის უფლების შეზღუდვით, თუმცა ფიქრობენ, რომ ამაზე, შესაძლოა, წულუკიანის ფაქტორმა იქონიოს გავლენა, რომელსაც გარკვეული კონტაქტები აქვს სტრასბურგში.
მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ ზამთრის სესიას ახალი მოწვევის პარლამენტის დელეგაცია წელსაც ჩვეულებრივ დაესწრება და შესაძლებელია, განიხილონ ქართული ოპოზიციის „ექსტრემისტული ტონით გაგზავნილი წერილიც ევროსაბჭოში"."
„მრავალი წელია, რაც საქართველო არის ევროსაბჭოს, ამ საერთაშორისო ორგანიზაციის წევრი და ჩვენ ყოველთვის ვიყავით ძალიან კარგი პარტნიორები. ჩვენ ახლაც, დათქმულ დროს, როდესაც იხსნება ზამთრის სესია, მივემგზავრებით სტრასბურგში, ჩვენი ახალი მოწვევის პარლამენტის დელეგაცია, და რა თქმა უნდა, გვექნება გამოსვლაც ასამბლეის წინაშე, სხვადასხვა პოლიტიკურ ჯგუფს შევხვდებით", - განაცხადა თეა წულუკიანმა.
„ოცნების" დეპუტატი, გივი მიქანაძე ვარაუდობს, რომ იქნება მცდელობა, საქართველოს საპარლამენტო დელეგაციას უფლებამოსილება ევროსაბჭოში შეუზღუდონ.
„როდესაც სტრასბურგში, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესია გაიმართება, იქნება მცდელობა იმისა, რომ საქართველოს ახალარჩეული პარლამენტის დელეგაციას უფლებამოსილება შეუზღუდონ. ფაქტია, „დიფ სთეითისთვის" მიუღებელია საქართველოში მშვიდობაზე ორიენტირებული ხელისუფლების არსებობა და ყველა მიმართულებით ცდილობს, საკუთარი შესაძლებლობები გააქტიუროს", - განაცხადა მედიასთან მიქანაძემ.
ოპოზიციაში კი ხაზგასმით, ამბობენ რომ სტრასბურგში კიდევ ერთხელ გაჟღერდება, თუ როგორი სისატიკით ექცევა ივანიშვილი საკუთარ ხალხს.
„ქართული ოპოზიციის ლიდერები მიწვეულები არიან სტრასბურგში, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე, ასამბლეის ხელმძღვანელობის სპეციალური მიწვევით, სადაც კიდევ ერთხელ გაჟღერდება ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტები, ის სისასტიკე, სადიზმი და არაადამიანური მოპყრობა, რომელსაც ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი ქართველი ხალხის წინააღმდეგ ახორციელებს.
„შეხვედრები იქნება დიდ ფორმატში - საპარლამენტო ასამბლეის გენერალური შეხვედრის ფორმატში. ასევე ცალკეული ქვეყნის დელეგაციებმა გამოთქვეს სურვილი, რომ საქართველოს დემოკრატიული ოპოზიციის ლიდერებს შეხვდნენ, რაც მეტყველებს იმაზე, რომ საქართველო მათთვის პრიორიტეტულია და არ შეეგუებიან საქართველოში დემოკრატიის დასამარებას და საქართველოში რუსული რეჟიმის გაძლიერებას", - განაცხადა „სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთმა ლიდერმა სერგო ჩიხლაძემ.
ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ორშაბათის სესიაზე საპარლამენტო ანსამბლეამ შესაძლოა შეუზღუდოს ხმის მიცემა საქართველოს დელეგაციას.
„არ არის გამორიცხული საქართველოს დელეგაცია შემდეგ სესიებზე არც მიიწვიონ. დიდი ალბათობით, ხმის მიცემას შეუზღუდავენ. რაც შეეხება თეა წულუკიანს, მას აქვს ევროსასამართლოში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. ამიტომ შესაძლებელია ძველი კონტაქტები ჰქონდეს შენარჩუნებული, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში დიდი ხანია დაბრუნდა. ამიტომ სავსებით შესაძლებელია, ის ცდილობდეს ამ კონტაქტების გამოყენებას, რათა ევრსაბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მძიმე არ იყოს. თუმცა, ჩვენ ვიცით, რომ გადაწყვეტილებას იღებენ არა მხოლოდ კონკრეტული სტრუქტურის წარმომადგენლები, როგორიცაა გენერალური სამდივნო, მინისტრთა კომიტეტი, არამედ ევროპის საბჭოს წევრი სახელმწიფოების პარლამენტარები, მათი უმრავლესობა კი დემოკრატიული ქვეყანაა. ამიტომ მოსალოდენელია, რომ ისინი დე ფაქტო ხელისუფლებას გააკრიტიკებენ.
„ვფიქრობ, ხმის მიცემის საკითხს დროებით მაინც შეუზღუდავენ. ასეთი პრაქტიკაც არსებობს ევროპის საბჭოში. მაგალითად, თავის დროზე რუსეთს შეეზღუდა ხმის მიცემის უფლება და დღეს ის ევროსაბჭოს წევრიც აღარაა. თუმცა, არ მგონია დღეს საქართველოს აქედან გარიცხვა ემუქრებოდეს", - განაცხადა ჩიტაძემ „რეზონასნთან".
საქართველოს დელეგაციისთვის ხმის მიცემის შეზღუდვას არ გამორიცხავს რამაზ საყვარელიზეც.
„არის იმის შანსი, რომ ხმის მიცემა შეგვიზღუდონ. თუმცა, ვფიქრობ, თეა წულუკიანი ბოლომდე იბრძოლებს და შესაძლოა, ბევრი რამ შეცვალოს. ასე რომ, ბრძოლის საკითხზეა ყველაფერი დამოკიდებული.
„შეიძლება იქაურმა პოლიტიკურმა ელიტამ ხმის ჩამორთმევა განიხილოს, როგორც სანქცია და გადადგან მკაცრი ნაბიჯები, მაგრამ, აღვნიშნავ, რომ ქართული დელეგაციაც საკმაოდ მომზადებული იქნება.
„ვფიქრობ, თუკი გამართლდა ოპოზიციის ვარაუდები და ყველაფერი ისე წარიმართა, როგორც მათ სურთ (თუმცა, ამას გამოვრიცხავ), ყველაფერს გააკეთებენ, რათა ქვეყანაში დააბრუნონ საპროტესტო მუხტი. თუმცა ეს არაფრის მომცემი იქნება და ევროსაბჭოს გადაწყვეტილებაც მიმდინარე პროცესებზე დიდად გავლენას ვერ მოახდენს", - აღნიშნა საყვარელიძემ „რეზონანსთან"
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე