თამთა ჩაჩანიძე
(25.01.2025)

საქართველოში უწყვეტი პროტესტის პარალელურად, ანტისამთავრობო მასშტაბური გამოსვლები სლოვაკეთსა და სერბეთშიც დაიწყო. ქართული ოპოზიციის შეფასებით, ეს მოვლენები ერთმანეთთან კავშირშია, ხალხი პროსუსული რეჟიმების წინააღმდეგ გამოდის და შესაბამისად, საქართველოს მოვლენებიც ამ გლობალური პროცესის ნაწილია. რამდენად რელევანტურია ასეთი შეფასება, თუ ეს ოპოზიციის ახალი მესიჯბოქსია „ქართულ ოცნებასთან" მიმდინარე საინფორმაციო ომში?

აღსანიშნავია, რომ ასეთი მოსაზრება დასავლეთის პოლიტიკურ წრეებშიც გამოითქმება - უკვე კეთდება განცხადებები იმაზე, რომ პრორუსული ხელისუფლებების წინაში სახალხო პროტესტმა უკვე ერთგვარი ტენდენციის სახე მიიღო და საქართველოს მოვლენებიც ამ კონტექსტში უნდა იყოს განხილული.

ქართველ ანალიტიკოსთა შეფასებები კი ამასთან დაკავშირებით განსხვავებულია. ნაწილი ფიქრობს, რომ ეს გამოსვლოები უბრალოდ დროში დაემთხვა ერთმანეთს და ქართული ოპოზიცია ცდილობს ეს სათავისოდ გამოიყენოს. ნაწილი კი აცხადებს, რომ ჩვენთან უწყვეტი პროტესტი მართლაც გლობალური პროცესის ნაწილია, რომელიც რუსული რეჟიმებთან ბრძოლისკენაა მიმართული.

გარდა ამისა, არსებობს მოსაზრება, რომ ეს პროცესი მხოლოდ ამ სამი ქვეყნით არ შემოიფარგლება. მაგალითად, არის საუბარი უნგრეთშიც დაიწყოს პრემიერ ვიქტორ ორბანის წინააღმდეგ გამოსვლები და ასევე ბელარუსშიც, სადაც 26 იანვარს საპრეზიდენტო არჩევნებია.

პროცესები საქართველოში, სლოვაკეთსა და სერბეთში

საქართველოში უწყვეტი პროტესტი მას შემდეგ დაიწყო, რაც პრემიერმა ირაკლი კობახიძემ გასული წლის 28 ნოემბერს განაცხადა, რომ მთავრობა 2028 წლამდე აღარ მოახდენს საქართველოს ევროკავშირში გაწვერიანებაზე მოლაპარაკების დაწყების ინიცირებას. მას მერეც და მანამდეც კობახიძე აცხადებდა, რომ პროტესტანტები უცხოური ძალების დაფინანსებით მაიდნის მოწყობას გეგმავენ საქართველოში. პროტესტანტები კი აცხადებენ, რომ გაჩერებას არ აპირებენ, სანამ ახალი არჩევნები არ ჩაინიშნება.

სლოვაკეთში ანტისახელისუფლებო მასშტაბური გამოსვლები უკვე რამდენიმე დღეა მიმდინარეობს. პროტესტის მონაწილეები აცხადებენ, რომ მიზეზი პრემიერ რობერტ ფიცოს რუსეთთან დახალოების პოლიტიკაა. განსაკუთრებული გაღიზიანება კი რამდენიმე კვირის წინ ფიოს მოსკოვში ვიზიტმა გამოიწვია. აქციის ორგანიზატორების ცნობით, ბრატისლავაში გამართულ ბოლო აქციაზე 60 ათასი ადამიანი გამოვიდა. ამის გარდა აქციები 20 სხვადასხვა ქალაქშიც გაიმართა ბანერებით - „გადადგეს ფიცო", „სლოვაკეთი ევროპაა", „სლოვაკეთი რუსეთი არ არის".

რობერტ ფიცომ 23 იანვარს ქვეყანაში „სახელწიფო გადატრიალების საშიშროების გამო" უსაფრთხოებოს საბჭოს საგანგებო სხდომა მოიწვია. მანამდე განაცხადა, რომ „სლოვაკეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე არის ექსპერტთა ჯგუფი, რომელიც მონაწილეობდა საქართველოს მოვლენებში, ასევე უკრაინის „მაიდანში" და და ახლა ამზადებს გადატრიალებას სლოვაკეთში". მისი თქმით, აღნიშნული ჯგუფი აშშ-დან ფინანსდება და ამჟამად მისი მონიტორინგი მიმდინარეობს.

„მთელი სერიოზულობით შემიძლია ვთქვა, რომ ოპოზიცია ემზადება „მაიდნისთვის", - აღნიშნა სლოვაკეთის მთავრობის ხელმძღვანელმა და დასძინა, რომ ოპოზიციამ, როგორც ჩანს, ვერ შეამჩნია, რომ „მსოფლიოში ვითარება შეიცვალა".

„ქართული ოცნება" იზიარებს სლოვაკეთის პრემიერის მოსაზრებას, რომ მსოფლიოში და ევროპაში ტენდენცია იცვლება, რომ კონსერვატიული ძალები იმარჯვებენ და ამას გარე ძალები ებრძვიან - „დიფ სტეიტი" და „გლობალური ომის პარტია". უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმაც ტრამპის ინაუგურაციის მერე განაცხადა: „ჩვენ დავბრუნდით ევროპის მთავარ ქუჩაზე, ჩვენ ახალი მეინსტრიმი ვართ".

პრემიერი ირაკლი კობახიძე სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებას სლოვაკეთში ექსპერტთა ჯგუფის არსებობაზე „აბსოლუტურად ლოგიკურს" უწოდებს.

„ამასთან დაკავშირებით მე დეტალები არ ვიცი. ასეთი ტიპის პროცესები სხვადასხვა ქვეყანაში ერთი ხელიდან არის კოორდინირებული. მე ხშირად ვციტირებდი ხოლმე რობერტ ფიცოს კონკრეტულ ვიდეო მიმართვას, სადაც ის აღწერს სლოვაკეთში მიმდინარე პროცესებს, მათ შორის ლიბერალური ფაშიზმის განვრცობას სლოვაკეთის ტერიტორიაზე. რასაც ის აღწერს ვიდეო მიმართვაში, არის აბსოლუტურად იდენტური იმისა, რაც ხდება საქართველოში. შესაბამისად, ასეთი პირდაპირი კოორდინაცია არა თუ ვერ გამოირიცხება, არამედ არის აბსოლუტურად ლოგიკური. შესაბამისად, მე ეჭვს ვერ შევიტანდი, რა თქმა უნდა, სლოვაკეთის პრემიერის ამ განცხადებაში", - აღნიშნა კობახიძემ.

ქართულ ოპოზიციას კი მიაჩნია, რომ საქართველოში, სლოვაკეთსა და სერბეთში ხალხი პრორუსული რეჟიმების წინააღმდეგ გამოდის და რუსეთი თავის საცეცებით მისი მომხრე პოლიტიკური ძალების გაძლიერებას ცდილობს ხალხის ნების წინააღმდეგ.

ამავე აზრისაა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.

„არჩევნების შედეგებს ჩვენი ევროპელი და ამერიკელი პარტნიორები, უნგრეთის გარდა, არ აღიარებენ, იმიტომ, რომ არჩევნები მანიპულაციის შედეგი იყო, რომელიც, თუ რუსეთის მიერ არ ყოფილა მოწყობილი, მაშინ მათი მხარდაჭერილი იყო. ამასთან, პარლამენტის არაკონსტიტუციური გზით მოწვევა მოხდა", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ევროპარლამენტარი ნატალი ლუაზო „იქს"-ზე წერს, რომ თბილისიდან ბრატისლავამდე და ბელგრადამდე ხალხს აღარ შეუძლია რუსი მარიონეტების მმართველობის მოთმენა.

„თბილისიდან ბრატისლავამდე და ბელგრადამდე ხალხს აღარ შეუძლია რუსი მარიონეტების მმართველობის მოთმენა. აღარ შეუძლიათ ევროკავშირზე თავდასხმების მოთმენა. მათ იციან რა სურთ. მათ უნდა ვუსმენდეთ", - წერს ლუაზო.

რაც შეეხება სერბეთს, ანტისამთავრობო აქციებს ბიძგი მისცა გასული წლის 1-ლ ნოემბერს მომხდარმა შემთხვევამ, როცა ახლადგარემონტებულ რკინიფზის სადგურზე ჭერი ჩამოინგრა და 15 ადამიანი დაიღუპა. პროკურატურამ 13 ადამიანი, მათ შორის ყოფილი ინფრასტრუქტურის მინისტრი დაადანაშაულა, თუმცა ბრალი ჯერ ოფიციალურად არ წარდგენიათ.

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ქვეყანაში კორუფცია და ნეპოტიზმი ყვავის და რომ პრეზიდენტმა ალექსანდრ ვუჩიჩმა აღმასრულებელი ხელისუფლების მითვისებით კონსტიტუცია დაარღვია. თავად ვუჩიჩი მსგავს ბრალდებებს უარყოფს.

სერბეთში მიმდინარე ანტისამთავრობო აქციების გამო 24 იანვარს ბელგრადში სკოლები, წიგნის მაღაზიები, თეატრები და ბარები ერთი დღით დაიხურა. ინფორმაციას ამის შესახებ „როიტერი" ავრცელებს.

გლობალური პროცესის ნაწილი, თუ დროში დამთხვევა

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ამ სამ ქვეყანაში - საქართველოში, სლოვაკეთსა და სერბეთში - საპროტესტო გამოსვლები უბრალოდ დროში დაემთხვა ერთმანეთს, ოპოზიცია კი ცდილობს საქართველოში განვითარებული მოვლენები გლობალური პროცესის ნაწილად წარმოაჩინოს.

„მემგონი ეს უფრო დროში დამთხვევა იყო. საქართველოში პროტესტები გაცილებით ადრე დაიწყო, ვიდრე საპროტესტო აქციები იგივე სლოვაკეთში. აქ გლობალურ პროცესებთან კავშირს ვერ ვხედავ. რა თქმა უნდა, არიან ევროპაში ძალები, ვისაც „ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მეოთხედ მოსვლა არ მოსწონთ. მათ ასევე არ მოსწონთ სლოვაკეთის ლიდერის ფიცოს მმართველობა და მისი სტილი.

„ფიცოს წინააღმდეგ ამჟამინდელი გამოსვლები, როცა მანამდე არაფერი ხდებოდა და ახლა უცებ იფეთქა, არაა გამორიცხული, რომ გარკვეულწილად გარედანაც იყოს ინიცირებული. სლოვაკეთის შიდა პროცესებს მაინცდამაინც ყურადღებით არ ვადევნებ თვალს, მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, ადრე ასეთი მასობრივი საპროტესტო გამოსვლები არ ყოფილა, შესაძლოა იქ რაღაც შიდა წინააღმდეგობები დაგროვდა და რამდენადაც ვიცი და მედიაშიც წავიკითხე, რომ პროტესტი, რაც სლოვაკეთშია, არ უკავშირდება სახელმწიფოს პოლიტიკურ კურსს, არამედ სულ სხვა, არაპოლიტიკური მოვლენა გახდა ამ საპროტესტო აქციების გამომწვევი. ამიტომაც რთულია ასეთი კავშირის დანახვა, თუმცა, ოპოზიციას ეს აწყობს, რომ რაღაცნაირად პარალელი გაავლოს", - განაცხადა ანჯაფარიძემ.

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე კი „რეზონანსთან" აცხადებს, რომ საქართველოში მიმდინარე პროტესტი გლობალური პროცესის ნაწილია, რასაც რუსულ გავლენებთან ბრძოლა ჰქვია.

„საქართველოში ყოველთვის იყო და მით უმეტეს ახლა ძლიერია რუსული გავლენები. მე უფრო შორსაც წავიდოდი - ბოლო 30 წლის განმავლობაში, დღეს ყველაზე მეტადაა გაძლიერებული რუსული გავლენები საზოგადოებაზეც, პოლიტიკაზეც და რა თქმა უნდა ხელისუფლებაშიც. ასე რომ, პროცესი, რომელიც საქართველოში მიდის, მიდის ევროპაშიც და არა მხოლოდ ევროპაში, ეს გლობალური თემაა.

„რუსეთი რა თქმა უნდა ცდილობს, რომ საკუთარი გავლენები გააძლიეროს, მათ შორის თავად ევროკავშირში და სწორედ სლოვაკეთი და უნგრეთია ამის დამადასტურებელი ფაქტორები, რომ რუსული გავლენა იზრდება. არანაირი კონსერვატიზმზე აქ ლაპარაკი არაა. თუ კონსერვატიზმში ვინმე იმას გულისხმობს, რომ საბჭოთა კავშირში უნდა დავბრუნდეთ, ეს სხვა თემაა.

„სხვა მხრივ ყველაფერი მიდის იქითკენ, რომ საქართველოში რუსული გავლენა იზრდება და შესაბამისად იზრდება პროტესტიც. ვნახოთ ამას როგორი დასასრული ექნება. იმედი მაქვს, რომ ყველაფერი რიგზე იქნება. უნგრეთში და სლოვაკეთში ჩატარებული არჩევნები მეტნაკლებად ევროპულ ყაიდაშია მოწყობილი, რასაც ჩვენთან მიმართებაში ვერ ვიტყვით. აქ პრობლემა სამართალთან დაკავშირებითაა, იქ შესაძლოა ეს იყოს იდეოლოგიასთან და გარკვეულწილად ავტორიტარიზმთან დაკავშირებით, მაგრამ ჩვენთან ეს პირდაპირ უკავშირდება არასამართლებრივი სახელმწიფოს არსებობას.

„მიუხედავად ყველაფრისა, არც უნგრეთს და არც სლოვაკეთს ევროკავშირიდან გამოსვლა არ სურთ. სამწუხაროდ, როგორც ორბანს, ისე ფიცოს დაავიწყდა - ერთს 1956 წელი (1956 წლის 23 ოქტომბერს უნგრეთში სახალხო აჯანყება დაიწყო) და მეორეს 1968 წელს, როცა რუსულმა ტანკებმა მათ გადაუარეს. ჩვენ არ დაგვიწყებია. 9 აპრილიდან არც ისეთი დრო გასულა და მაგასაც რომ თავი დავანებოთ, ვხედავთ რა ხდება აფხაზეთსა და სამაჩაბლოში.

„ყველა სახელმწიფო ცდილობს თავისი გავლენები გაზარდოს, ეს პრობლემა არაა და რუსეთიც ამას აკეთებს. პრობლემა ისაა, რომ ჩვენი და რუსეთის ინტერესები ერთმანეთს არ ემთხვევა", - განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ „რეზონანსთან".

გაგრძელდება თუ არა იგივე უნგრეთსა და ბელარუსში

კითხვაზე, უნდა ველოდოთ თუ არა საპროტესტო გამოსვლების დაწყებას უნგრეთსა და ასევე ბელარუსში, სადაც 26 იანვარს საპრეზიდენტო არჩევნებია, ზაალ ანჯაფარიძე „რეონანსთან" ამბობს, რომ ამის შანსი 50/50-ზეა.

„შანსები 50/50-ზეა, შეიძლება დაიწყოს და შეიძლება არა. მაგალითად, უნგრეთში ადრეც ყოფილა ორბანის საწინააღმდეგო გამოსვლები, მაგრამ არაფრით არ დამთავრებულა, რადგან სახელმწიფო სტრუქტურები თავის ადგილზე იდგნენ და ოპოზიციის მხარეს კი არ იყვნენ ისეთი პოპულარული ლიდერები.

„რაც შეეხება ბელარუსს, კი, ჩვენ (2020 წელს) ოპოზიციის გამოსვლები ვნახეთ, მაგრამ ისიც ვნახეთ ეს გამოსვლები საბოლოოდ რითი დამთავრდა - არც არაფრით, ლუკაშენკომ ხელისუფლება შეინარჩუნა და თუ არ ვცდები, უკვე 2 წელია, რაც ბელარუსში არაფერი ისეთი განსაკუთრებული არ ხდება. შესაბამისად, მე ველოდები, რომ ამ არჩევნების წინაც იქაურ ხელისუფლებას ქვეყანაში სიტუაცია კონტროლის ქვეშ ექნება აყვანილი, თუმცა არ გამოვრიცხავ, რომ ოპოზიციამ სცადოს და კიდევ ერთხელ ააგოროს საპროტესტო ტალღა", - განაცხადა ზაალ ანჯაფარიძემ „რეზონანსთან".

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძეც ფიქრობს, რომ უნგრეთსა და ბელარუსშიც პროტესტი მოსალოდნელია, თუმცა ამ ქვეყნებში განსხვავებული სიტუაციაა.

„აქაც განსხვავებული ვითარებაა. უნგრეთშიც იყო არჩევნების პერიოდში საპროტესტო გამოსვლები, მაგრამ იქ ორბანმა შეძლო და ამ გამოსვლების მიუხედავად ძალაუფლება შეინარჩუნა. ოღონდ ორბანი ეს სხვა მეთოდებით ქნა და ის არ გაუკეთებია, რაც ლუკაშენკომ გააკეთა.

„შესაძლოა გამოსვლები ერთგანაც იყოს და მეორეგანაც, მაგრამ განსხვავებაა ძირითად პრონციპებში. ბელარუსში ფაქტიურად დიქტატურაა დამყარებული. არ ვიცი საპროტესტო ელექტორატიო რამდენად დარჩა, რადგან წინა არჩევნებისა და დიდი გამოსვლების შემდეგ, იქ ოპოზიციური ელექტორატი ფაქტიურად გაანადგურეს, ოპოზიციონერი ლიდერები ბელარუსიდან გაიკრიფნენ და რა დარჩა, ვერ გეტყვით.

„უნგრეთში ალბათ საპროტესტო გამოსვლები იქნება. შეძლებს თუ არა ხელისუფლების შენარჩუნებას ორბანი, არ ვიცი. ის იმ მეთოდებით არ იბრძვის, რითაც „ქართული ოცნება" და ლუკაშენკო იბრძვიან", - განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ „რეზონანსთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე