თამთა ჩაჩანიძე
(24.01.2025)

გიორგი გახარია "ოცნების" საპატიო თავმჯდომარეს უპირისპირდება, მისი თქმით, ყველაფერს გააკეთებს, რომ "ივანიშვილმა დაკარგოს ყველაზე ძვირფასი: ფული და ძალაუფლება". აღნიშნული განცხადება გახარიამ თავდასხმის შემდეგ პირველივე ვრცელ მიმართვაში გააჟღერა და თან დასძინა, რომ "დაპირებას შეასრულებს". ანალიტიკოსები არ გამორიცხავენ, რომ "ოცნებამ" გახარიას პარტიაც შეიყვანოს გამოსაძიებელ სიაში.

რამაზ საყვარელიძე "რეზონანსთან" აცხადებს, რომ გახარია პოლიტიკაში "გაცრუებული იმედების სიმბოლოდ" იქცა და ვერ მოახერხა მესამე ძალა გამხდარიყო.

"გახარია პოლიტიკაში გაცრუებული იმედების სიმბოლოდ იქცა, ბევრ ადამიანს ჰქონდა მისი იმედი, როცა თანამდებობიდან წავიდა სწორედ იმ დაპირებით, რომ ის მოძებნიდა მესამე გზას და ნიშას იმისთვის, რომ ორივე პოლუსიდან დისტანცირება მოეხდინა. გაცრუებული იმედების სიმბოლო იმიტომაა, რომ მან ეს ვერ მოახერხა და აქტიურად გახდა რიგითი ოპოზიციონერი.

"რიგით ოპოზიციონერს იმიტომ ვამბობ, რომ ოპოზიციის სტილიც ძირითადად ეგაა, რომ სულ ივანიშვილის ხსენებაში არიან, რომ მთავარია ის დაძლიონ, გახარიამაც ოპოზიციური გავლენებით შექმნილი ფორმულა წამოაყენა. ძალიან დასანანია, რადგან საქართველოში ბევრი ადამიანი მასში უფრო დიდ პოტენციალს ხედავდა, ვიდრე სხვების ნათქვამის გამეორებაა",- განაცხადა საყვარელიძემ.

კითხვაზე, რას ნიშნავს გახარიას ნათქვამი, რომ ყველაფერს გააკეთებს, რომ ივანიშვილმა ფული და ძალაუფლება დაკარგოს, ანალიტიკოსმა გვითხრა:

"ეტყობა რაღაც კავშირები აქვს და მიაჩნია, რომ შეუძლია, რადგან ივანიშვილის სახლში ფეხის წვერებზე შეპარვა და ფულის წამოღება არ გამოდგება, დიდი თანხაა და თან თანხა ბანკებშია. ეტყობა იმედი აქვს, რომ ამ ბანკებთან მისასვლელი გზები მისთვის მეტ-ნაკლებად გაკაფულია, ოღონდ რა თქმა უნდა საკითხავია საიდან აქვს ამის იმედი, იმიტომ, რომ ეგრევე ამოტივტივდება მმართველი გუნდის ინტერპრეტაცია, რომ ივანიშვილის მიმართ ბანკების ეს აგრესია პოლიტიკური დატვირთვისაა, ამ ბანკებს ამერიკული მხარე აკონტროლებს და ამიტომაა მათი მხრიდან ასეთი ზეწოლა ივანიშვილზე. თუკი გახარია იმეორებს, რომ ყველაფერს გააკეთებს, ესე იგი ამ ნაკადს უნდა შეუერთდეს - ბანკების კონტროლის ნაკადს ამერიკის მხრიდან. დასავლეთიდან მომდინარე აგრესიის ტალღის ნაწილია ასევე ის მიზანიც, რომ "ოცნება" გადააგდონ და დანარჩენები მოიყვანოს, ამ ტალღის ნაწილია",- განაცხადა საყვარელიძემ.

ანალიტიკოსი არ გამორიცხავს, რომ "ოცნებამ" გამოძიება გახარიას პარტიაზეც დაიწყოს.

"გახარიაზე "ოცნების" ბრალდება, რომ ის "ნაციონალების" საქმეს აკეთებდა ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ და კრიმინალურ პროცესებს უწყობდა ამით ხელს. ასე, რომ დიდი შანსია, რომ გამოძიება გახარიასთანაც მივიდეს",- განაცხადა რამაზ საყვარელიძემ "რეზონანსთან".

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი და ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე არ გამორიცხავს, რომ დაპირისპირება განსაკუთრებით გამწვავდეს.

"სიტუაციის დაძაბვას ველოდები, პირველ რიგში ეს საინფორმაციო ომში გამოიხატება - ორივე მხრიდან დისკრედიტაცია. გვახსოვს გახარიაზე უცებ როგორ ააგორეს, რომ ნარკოტიკს როგორ მოიხმარს და ა.შ. შესაძლებელია "ოცნებამ" წაუყენოს პრეტენზია, რომ ის შს მინისტრი იყო და მის დროს მოხდა ის, რომ ხალხს თვალები დათხარეს და ყველაფერი მას დააბრალებენ თითქოს ამათი ბრალი არაა და თითქოს მერე ამათმა არ დააწინაურეს პრემიერობის პოსტზე.

"თუ საპარლამენტო საგამოძიებო კომისია იქმნება, შეიძლება კოლექტიური "ნაცმოძრაობის" რიგებში მოიაზრონ გახარია. გათვლაა სწორედ იმაზე, რომ ფაქტიურად ყველა ოპოზიციურ პარტიებზე დაიწყება გამოძიება, წინა ხელისუფლების საქმიანობა ერთია, მაგრამ დღეს ბრალს დასდებენ სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაზე, 20 ივნისის მოვლენებზე, ნიკა მელიას დაკავებაზე.

"გახარიას მხრიდანაც იქნება ივანიშვილის დისკრედიტაცია, როგორ მდიდრდება ივანიშვილი და მოსახლეობა ღატაკდება. არ გამოვრიცხავ, რომ ვაშინგტონს და ზოგადად დასავლეთს ინფორმაცია მიაწოდოს, ასევე ამ თემაზე მოსახლეობასთან შეხვედრები გამართოს და ამ მიმართულებით გააქტიურდეს. დასავლეთს საკმარისი მასალები აქვს და ივანიშვილი იციან უკვე, ვინ არის, მაგრამ რაც უფრო მეტ ინფორმაციას მიაწვდიან მაინც მნიშვნელოვანია",- განაცხადა ნიკა ჩიტაძემ "რეზონანსთან".

რა განაცხადა გახარიამ

"ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ბიძინა ივანიშვილმა დაკარგოს ყველაზე ძვირფასი - ფული და ძალაუფლება. ეს არის ჩემი დაპირება საქართველოს თითოეული მოქალაქის მიმართ და გჯეროდეთ,რომ მე ამ დაპირებას აუცილებლად შევასრულებ!" - განაცხადა „გახარია საქართველოსთვის" ლიდერმა, გიორგი გახარიამ ბრიფინგზე. გახარიას თქმით, შერატონში მომხდარი წინასწარ იყო ორგანიზებული.

„მიუხედავად ამ ყველაფრისა [ბათუმში, სასტუმრო „შერატონში" თავდასხმა], ჩემი დაშინების ან განეიტრალების ეს სასაცილო მცდელობა მიიღებს შემდეგ პასუხს, რომ მე საქართველოს თითოეულ მოქალაქე ვპირდები, რომ ამ ბრძოლაში ძალადობის და ბოროტების წინააღმდეგ ვიქნები წინა ხაზზე. ყველაფერს გავაკეთებთ და გავიმარჯვებთ იმისთვის, რომ იმის შემდგომ, რაც ბიძინა ივანიშვილმა დაკარგა, როგორც რეპუტაცია, ისე ქართველი ხალხის და ის მცირე ნდობა, რომელიც დარჩენილი ჰქონდა, ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ მან დაკარგოს ყველაზე ძვირფასი - ფული და ძალაუფლება. ეს არის ჩემი დაპირება საქართველოს თითოეული მოქალაქის მიმართ და გჯეროდეთ,რომ მე ამ დაპირებას აუცილებლად შევასრულებ", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

მისი თქმით, ივანიშვილმა ფულის სიყვარულს გადააყოლა ქვეყანა.

„ხომ ხედავთ, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში უბრალოდ შეგვჭამეს, ხან შვეიცარიულ ბანკებში ფული, ხან ბაჩიაშვილთან დაკავშირებით ფული და ბიტკოინები - ფული, ფული, ფული! ამ ადამიანმა ფულის მოხვეჭას და ფულის დაცვას, თუ არ ვიცი, რა დავარქვა, სიყვარულს გადააყოლა ჩვენი ქვეყნის მომავალი. ამ ფულს, რომლისთვისაც დღეს ის იბრძვის აი,იმ ახალგაზრდების სისხლის სუნი ასდის, რომლებიც ნაცემები და დაპატიმრებულები არიან. აქედან გამომდინარე, მე რა სტატუსი მექნება (დაზარალებულის, თუ ბრალდებულის) გულწრფელად გეუბნებით, ჩემთვის ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, იმდენად დიდი ბრძოლაში ვართ", - განაცხადა გახარიამ.

მისი თქმით, ივანიშვილმა დაკარგა „ის ჭარბი ნდობა", მას ასევე, თავის მხარდამჭერებშიც ძალიან ბევრი რამ აქვს დაკარგული, განსაკუთრებით კი, ბოლო სამი თვე.

„ახლა, ხომ ხედავთ, როგორი გამწარებული იცავს თვის გროშებს. ამისთვის იყენებს პრემიერებს, პრეზიდენტებს, სახელმწიფო ინსტიტუტებს, მაგალითად, ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ ლიდერებს სალაპარაკო მეტი არაფერი აქვთ, გარდა იმისა, რომ ისინი „ზრუნავენ" დიდი ბრიტანეთის რეპუტაციაზე, ახლა თურმე საერთოდ საერთაშორისო მედიის რეპუტაციაზე, შვეიცარიულ საბანკოს სისტემაზე, ახლა ბიტკოინებზე ზრუნვას დაიწყებენ. ეს ყველაფერი ნიშნავს იმას, რომ ამ ადამიანისთვის ფულზე უფრო დიდი ფასეულობა არ არსებობს. ამ ადამიანისთვის ჩვენი, ჩვენი შვილებს,ქვეყნის მომავალი საერთოდ არაფერი არ არის ფულთან შედარებით. ამიტომ, სანამ ჩვენ არ გავაკეთებთ ყველაფერს, რომ ეს ადამიანი ჩამოვაშოროთ ძალაუფლებას, სანამ ყველაფერს არ გავაკეთებთ იმისთვის, რომ მან დაკარგოს ის ფული, რომლის დიდი ნაწილი საქართველოს მოქალაქეებს მოჰპარა ბოლო წლების განმავლობაში, რა თქმა უნდა, ჩვენ მისიას ჩვენ შესრულებულად არ ჩავთვლით. ამიტომ, ჩემი დაპირებაც ამაში გამოიხატება - მისი სახელი და რეპუტაცია უკვე გასაგებია ქვეყნის შიგნითაც და გარეთაც. დღეს საუბარი უნდა იყოს იმაზე, რომ მან არ გააგრძელოს ბოროტება ქვეყნის მომავლის წინაშე, მან უნდა დაკარგოს მისთვის ყველაზე ძვირფასი - ფულიც და მან უნდა დაკარგოს ძალაუფლებაც იმიტომ, რომ იმ ფულის დიდ ნაწილი ეკუთვნის საქართველოს მოქალაქეებს.

ზუსტად ვიცი, რომ ბიძინა ივანიშვილისთვის მთავარი ფასეულობა არის ფული. ნებისმიერ მილიარდს გადააყოლებს ჩვენი ქვეყნის და შვილების მომავალს, უპრობლემოდ იმიტომ, რომ მისთვის ეს არის მთავარი ფასეულობა. უბრალოდ ხარბი ადამიანია ფულის კონტექსტში და ძალაუფლების კონტექსტში არის ძალიან ხარბი ადამიანი", - განაცხადა გახარიამ.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე