თამთა ჩაჩანიძე
(23.01.2025)

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ამერიკის ახალ ადმინისტრაციას სთავაზობს "სუფთა ფურცლიდან განაახლონ ურთიერთობა", რომელსაც საფუძვლად კონკრეტული გზამკვლევი ექნება დადებული, მაგრამ ეს ყველაფერი კობახიძის თქმით, დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ "რამდენად მოახერხებს აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია, ქვეყანაში ე.წ. „დიფ სთეითის" დამარცხებას".

კობახიძის თქმით, ტრამპთან არ ჰქონიათ სატელეფონო საუბარი, მას პრეზიდენტობა როგორც სოციალური ქსელების მეშვეობით, ასევე ოფიციალური წერილით მიულოცეს.

"კობახიძის განცხადება ძალიან პრაგმატულია, რომ ურთიერთობები სუფთა ფურცლიდან დაიწყოს, რადგან საქართველო-ამერიკის ურთიერთობაში არავინ არ უნდა ერეოდეს აგენტოკრატიული თუ სხვა ანგარებიანი თვალსაზრისით",- ამბობს "რეზონანსთან" ანალიტიკოსი გია აბაშიძე.

"ეს მხოლოდ პროპაგანდის ნაწილია და მეტი არაფერი და მიმართულია არა ამერიკის მიმართ, არამედ საკუთარი ამომრჩევლისთვისაა გამიზნული, ახალი პიარი შეიქმნება, რომ აი ჩვენ ხომ სუფთა ფურცლიდან დაწყებას ვთავაზობდითო. ისევ მცდელობა იქნება ამერიკას გადააბრალონ ის, რაშიც დამნაშავე თავად არიან",- განაცხადა ანალიტიკოსმა ვახტანგ ძაბირაძემ "რეზონანსთან".

რას ნიშნავს "დაწყება სუფთა ფურცლიდან"

ანალიტკოსი გია აბაშიძე "რეზონანსთსთან" აცხადებს, რომ "დიფ სთეითის" წარმომადგენლებმა აშშ-საქართველოს ურთიერთობა ღრმად დააზიანა, "ოცნება" კი ვაშინგტონს სთავაზობს ურთიერთობა ახალი ფურცლიდან დაიწყოს, თუმცა სახელმწიფო ინტერესების გათვალისწინებით.

"დიფ სტეითის" - ღრმა სახელმწიფოს წარმომადგენლებმა ძალიან საფუძვლიანად დააზიანეს ამერიკა-საქართველოს ურთიერთიბა. საქართველო არც რუსეთისკენ იწევს, არც ჩინეთისკენ და არც არავისკენ, საქართველოს ხელისუფლებას აქვს თავისი ფუძემდებლური პრინციპი, რასაც თვითმყოფადობა და თავისუფლება ჰქვია. ამას მხარს უჭერს ქართული საზოგადოების უდიდესი უმრავლესობა.

"კობახიძის განცხადება ძალიან პრაგმატულია, რომ ურთიერთობები სუფთა ფურცლიდან დაიწყოს, რადგან საქართველო-ამერიკის ურთიერთობაში არავინ არ უნდა ერეოდეს აგენტოკრატიული თუ სხვა ანგარებიანი თვალსაზრისით.

საქართველოსა და ამერიკას შორის პრაგმატული პარტნიორობის ძალიან დიდი ისტორიაა, მაგრამ პარტნიორებს შორის არ შეიძლება გამოიყენო ის უსინდისო განცხადებები და გამოხტომები, რასაც ვხედავდით და დღესაც ვხედათ ცალკეული ჩინოვნიკებისა თუ კონგრესმენების მხრიდან.

"ფაქტია, რომ საქართველო არსად არ გარბის, ქვეყანა გარბის მხოლოდ თავისუფლებისა და თვითმყოფადობისკენ",- განაცხადა გია აბაშიძემ "რეზონანსთან".

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე "რეზონანსთან" აცხადებს, რომ "ოცნება" ახლა ცდილობს სიტუაცია გაანეიტრალოს და ეს განცხადებაც მხოლოდ პროპაგანდის ნაწილია.

"უცნაური ხალხია "ქართულ ოცნებაში", რა თქმა უნდა იმ სიტუაციიდან და მოლოდინებიდან გამომდინარე, რაც მათ 20 იანვართან დაკავშირებით შექმნეს და რაც მიიღეს, ახლა ცდილობენ ეს ყველაფერი რაღაცნაირად გაანეიტრალონ, რა თქმა უნდა, თავის ამომრჩეველში და საზოგადოებაში რაღაც ახალი მესიჯები შექმნან.

"თურმე მიულოცეს "ოცნებიდან" და დიდი ამბავი, ტრამპს იმათაც მოულოცეს, რომელთა ლეგიტიმაციას მაინცდამაინც დიდი აღფრთოვანებით არ ხვდება. ზურაბიშვილის მიწვევა და მისი შეხვედრები თუნდაც სახელმწიფო მდივანთან იმას მიანიშნებს, რომ ამერიკის და ტრამპის პოზიცია საქართველოს ხელისუფლების მიმართ საკმაოდ უარყოფითია.

"ასე რომ, ახლა ეს ყველაფერი მცდელობებია, რომ თურმე სუფთა ფურცლიდან დაწყება შესთავაზა. უცნაურია, თურმე ამერიკას სთავაზობენ რაღაცას "ქართული ოცნების" წარმომადგენლები. ეს ხომ მაინც უნდა იცოდნენ, რომ სხვადასხვა წონითი კატეგორიებია, ამერიკისა და ჩვენი გავლენები სხვადასხვაა და ღიმილისმომგვრელია, როცა კობახიძე ამერიკას სუფთა ფურცლიდან ურთიერთობის დაწყებას სთავაზობს.

"ეს მხოლოდ პროპაგანდის ნაწილია და მეტი არაფერი და მიმართულია არა ამერიკის მიმართ, არამედ საკუთარი ამომრჩევლისკენაა გამიზნული, ახალი პიარი შეიქმნება, რომ აი ჩვენ ხომ სუფთა ფურცლიდან დაწყებას ვთავაზობდითო. ისევ მცდელობა იქნება ამერიკას გადააბრალონ ის, რაშიც დამნაშავე თავად არიან",- განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ "რეზონანსთან".

რას ამბობს კობახიძე

"ე.წ. დიფ სთეითი გააქტიურებულია ევროპაში, განსაკუთრებით კი ამას გავლენა აქვს ბალტიისპირეთის ქვეყნებში, ეს აისახება ესტონეთზეც - ესტონეთთან ცალმხრივ მეგობრობის რეჟიმში ვრჩებით", - ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძემ ესტონეთის პარლამენტის განცხადებას, სადაც ისინი ევროკომისიას საქართველოს მთავრობასთან კომუნიკაციის შეზღუდვას და სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებს.

მისი თქმით, ესტონეთის პარლამენტის განცხადება ანტიქართული განცხადებაა, ერთადერთი მიზეზი, რის გამოც საქართველო ესტონეთთან ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში რჩება, ქართველი და ესტონელი ერების ისტორიული მეგობრობაა.

„იმ პირობებში როდესაც ე.წ. "დიფ სთეითზე" არის წნეხი აშშ-ში, ეს კიდევ უფრო გააქტიურებულია ევროპაში, განსაკუთრებით კი ამას გავლენა აქვს ბალტიისპირეთის ქვეყნებში, ეს აისახება ესტონეთზეც. ჩვენ ესტონეთთან ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში ვრჩებით.

ასეთი განცხადებები არის მიუღებელი და ცალსახად ანტიქართული განცხადებაა, რომელიც ქართველი ხალხის ნების მიმართ უპატივცემულობას გამოხატავს. ვრჩებით ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში ესტონეთთან, გამომდინარე ისტორიული მეგობრობიდან, რომელიც ჩამოყალიბებულია ქართველ და ესტონელ ხალხს შორის",- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ასევე, ირაკლი კობახიძემ აშშ-თან ურთიერთობებზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა მზადაა აშშ-თან ურთიერთობა სუფთა ფურცლიდან დაიწყოს, რომელსაც საფუძვლად კონკრეტული გზამკვლევი ექნება დადებული, მაგრამ ეს ყველაფერი ირაკლი კობახიძის თქმით, დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რამდენად მოახერხებს აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია, ქვეყანაში ე.წ. „დიფ სთეითის" დამარცხებას.

„დაინტერესებული ვართ, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებთან მოხდეს ურთიერთობების გადატვირთვა და უფრო მეტიც, ჩვენ განვაცხადეთ, რომ გვინდა სუფთა ფურცლიდან განვაახლოთ აშშ-თან ურთიერთობა და ეს კონკრეტული გზამკვლევით გვინდა გავაკეთოთ. ისეთივე გზამკვლევით, როგორიც არის შედგენილი ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობებისთვის, როგორიცაა ასოცირების შეთანხმების დღის წესრიგი.

„მზად ვართ, რომ კონკრეტული სამიზნე მაჩვენებლებითა და ინდიკატორებით განვაახლოთ აშშ-თან სტრატეგიული პარტნიორობა. ჩვენ მოხარული ვართ, რომ ახალი პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან ღირებულებითი თანხვედრა გვაქვს, ბევრი რამ იქნება დამოკიდებული იმაზე, რამდენად შეძლებს დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია აშშ-ში ე.წ. „დიფ სთეითის" დამარცხებას. ჩვენ ოპტიმისტურად ვართ განწყობილნი და მზად ვართ გადაიტვირთოს ურთიერთობები",- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ამასთან, კობახიძის თქმით, დონალდ ტრამპთან არ ჰქონიათ სატელეფონო საუბარი, მას პრეზიდენტობა როგორც სოციალური ქსელების მეშვეობით, ასევე ოფიციალური წერილით მიულოცეს.

„[დონალდ ტრამპთან] არ გვქონია სატელეფონო საუბარი. დონალდ ტრამპს პრეზიდენტობა ჩვენ როგორც სოციალური ქსელების მეშვეობით, ასევე ოფიციალური წერილით მივულოცეთ. ჩვენ ინტერესებშია ურთიერთობების გადატვირთვა და ველოდებით ამასთან დაკავშირებით შემხვედრ ნაბიჯებს.

ამის დროც, ვფიქრობ, რომ მოვა. „დიფ სთეითი" თუ ვერ დამარცხდა, ეს იქნება პრობლემა არამარტო ქართულ-ამერიკული ურთიერთობებისთვის, არამედ ეს იქნება პრობლემა მთელი მსოფლიოსთვის. ჩვენ დაინტერესებული ვართ, რომ ახალ ეტაპზე გადავიყვანოთ ქართულ-ამერიკული ურთიერთობები.

"ეს „დიფ სთეითის" დამარცხებაზე იქნება დამოკიდებული. ვიქონიოთ ოპტიმისტური მოლოდინები. ჩვენ ვიცით, რომ „დიფ სთეითი" დაკავებულია მთელი მსოფლიოს მასშტაბით ომების გაჩაღებით და არაერთ ქვეყანას შეუქმნა პრობლემა. რა მდგომარეობამდე მიიყვანეს უკრაინა. მსოფლიოსთვის იქნება პრობლემა „დიფ სთეითის" ვერ დამარცხება, არამარტო საქართველოსთვის. „დიფ სთეითის" პოლიტიკამ მიიყვანა უკრაინა ამ მდგომარეობამდე და საქართველო მიმართაც ჰქონდა „დიფ სთეითს" უკრაინიზაციის პირდაპირი ინტერესი",- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე