თამთა ჩაჩანიძე
(23.01.2025)

ევროპელი მარალჩინოსნები ევროპის უსაფრთხოების გაძლიერებაზე ალაპარაკდნენ - გერმანიის თავდაცვის მინისტრი ბორის პისტორიუსი უსაფრთხოების "უფრო მეტი პასუხისმგებლობის აღებაზე" საუბრობს, რა შეიძლება იყოს გეგმაში და რა როლი ექნება საქართველოს ევროპის უსაფრთხოების ახალ არქიტეტქურაში?

იანვრის დასაწყისში აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯერ კიდევ იანუგურაციამდე განაცხადა, რომ ნატოს წევრმა ქვეყნებმა თავდაცვაზე მთლიანი შიდა პროდუქტის 5% უნდა დახარჯონ, მისი თქმით, რუსული აგრესიის ფონზე, ევროპა აშშ-სთან შედარებით უფრო დიდი საფრთხის წინაშე დგას, თუმცა ნაკლებს ხარჯავს. ტრამპმა დასძინა, რომ "ამ დროისთვის 2%-იანი ზღვარი იყო დადგენილი".

ტრამპის იდეას ეთანხმება საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი, მისი თქმით, სიტუაციის გართულების ტავიდან ასარიდებლად ევროპის ქვეყნებმა მეტი უნდა დახარჯონ, ასევე მოემზადოს პოტენციური ომისთვის.

„პრეზიდენტი ტრამპი მართალია, როცა ამბობს, რომ თავდაცვაზე საკმარისს არ ვხარჯავთ. ინვესტიციების დროა. ჩვენი გზავნილი უნდა იყოს ის, რომ საერთო ევროპული თავდაცვის მიმართ ჩვენი დამოკიდებულება სერიოზულია", - განაცხადა კალასმა.

რა როლი ექნება საქართველოს ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურაში

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი და სამხედრო ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია "რეზონანსთან" აცხადებს, რომ ევროკავსირმა დაიწყო სამხედრო-პოლიტიკური ალიანსის ჩამოყალიბება და გერმანია-საფრანგეთს გეგმები აქვთ ამასთან დაკავშირებით. მაისაია ამბობს, რომ საქართველო ევროპის უსაფრთხოების განსაკუთრებულ ზონაში შედის.

"ახალი არქიტექტურა იქმნება, ჯერ ერთი ევროკავშირმა დაიწყო სამხედრო-პოლიტიკური ალიანსის შექმნა თავის ეგიდით. როგორც მოგეხსენებათ, ევროკავშირმა ახალი თავდაცვის კომისრის სტატუსი შემოიღო, შესაბამისად, არის გეგმები და გერმანია-საფრანგეთს აქვს ასეთი ინიციატივა, რომ შექმნან ევროპული ძალები, რაც სავარაუდოდ გაერთიანებული ძალების წინაპირობა იქნება.

"ალბათ გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ეს იგულსხმა, რადგან ტრამპის პოლიტიკა როგორი იქნება ნატოსთან და ევროატლანტიკურ თავდაცვით ალიანსურ უსაფრთხოებასთან არავინ არ იცის. ის, რომ 5%-ის დახარჯვა მოითხოვა, ეს გამორიცხულია, ფაქტიურად ფანტასტიკაა. ეგ კი არა, 2%-საც არ ხარჯავენ. 5%-ს ამერიკაც არ ასრულებს და ბრიტანეთი 3.2%-ზე გადის.

"ახლა აშშ-ს წინა თავდაცვის ბიუჯეტი 800 მილიარდ დოლარს მოიცავდა, ეს 4%-ზე ცოტა ნაკლებია და თუ ტრამპი ტრილიონ სამას მილიარდ დოლარს გამოყოფს, არ ვიცი, ეჭვი მეპარება. როგორც ჩანს, ტრამპს დიდი ამბიციები აქვს, თქვა, რომ მარსზე ასტრონავტების გაგზავნას აპირებს და მარსის პროექტი, სამხედრო პროექტია. ესაა აშშ-ს თავდაცვის ფარგლებში და არა ნატოსი და ალბათ ცდილობს ხარჯები შეამციროს. ესაა ეთნოკრატიული რბოლა, ანუ ჩინეთი სტრატეგიულ რბოლაში გამოიწვია, რადგან ჩინეთი და რუსეთი მთვარის პროექტის გაერთიანებას აპირებენ. უკვე დაიწყება კოსმოსური სტრატსგიული შეიარაღებით რბოლა, ამიტომაც მოკავშირეებს დაავალა, რომ ხარჯები გაზარდონ, რომ აშშ-მა ამ პროექტის რეალიზაციაზე გადაიტანოს თანხები.

"ევროპული სამხედრო უსაფრთხოების არქიტექტურაში საქართველო აუცილებლად შედის, არ დაგვავიწყდეს, ჩვენთან ევროკავშირი სამეხდრო მონიტორინგ-მისიას ახორციელებს, სამხედრო მინიტორინგი აქვს სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზეც, მართალია აზერბაიჯანი ეწინააღმდეგება, მაგრამ ის მაინც ხორციელდება. ამიტომ ევროკავშირისათვის შავი ზღვის აუზი და სამხრეთ კავკასია თავდაცვითი სამხედრო უსაფრთხოების განსაკუთრებულ სწონაში შედის",- განაცხადა ვახტანგ მაისაიამ "რეზონანსთან".

სამხედრო-ანალიტიკური ჟურნალ "არსენალის" მთავარი რედაქტორი ირაკლი ალადაშვილი "რეზონანსთან" აცხადებს, რომ პუტინისგან საფრთხე რეალურია, რასაც ევროპა თანდათან ხვდება და კარგია, რომ გერმანიაში აცნობიერებენ ამას.

"კარგია, რომ გერმანიაში ხვდებიან რა რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ იმის გამო, რომ ჩათვალეს, რომ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, მათ ახალი რუსეთისგან საფრთხე არ ემუქრებოდათ, მათ თვალი დახუჭეს და ყურადღება არ მიაქციეს ჯერ ელცინის, მერე პუტინის რეჟიმის აღზევებას, ეს გამოიხატებოდა იმაში, რომ გერმანია, რომელიც ისტორიულად ევროპაში ოდითგანვე ერთ-ერთი უძლიერესი ქვეყანა იყო, პირველ რიგში სამხედრო თვალსაზრისით,ორ დიდ ომში კი დამარცხდა, მაგრამ გერმანია პირველი ცივი ომის დროს ერთ-ერთი ძლიერი ქვეყანა იყო, როგორც ეკონომიკით, ისე სამხედრო ძლიერებით, მაგრამ შემდგომ წლებში და ბოლო 30 წელი თავიანთი სამხედრო ბიუჯეტი 2%-მდეც არ აიყვანეს და მშპ-ის 2%-ზე ნაკლებს ხარჯავენ თავდაცვაზე. მათ გააუქმეს ჯარში გაწვევა, აღარ განაახლეს ის ტექნიკა, რაც იყო და ახლა იგივე ბუნდესვერი, გერმანიის შეიარაღებული ძალები საკმაოდ სავალალო მდგომარეობაშია, ისევე, როგორც დიდი ბრიტანეთი, ფრანგებს სიტუაცია შედარებით უჭირავთ, მაგრამ იქაც საუკეთესო სიტუაცია არაა.

"ძველ ევროპაშიც თავდაცვაზე მიზერული თანხები იხარჯება, რაც ერთის მხრივ ეკონომიკაში მეტი ფული მიდიოდა და ძირითადად პენსიონერებზე, ერთი სიტყვით, კარგი ცხოვრება ჰქონდათ, მაგრამ ამით ფაქტობრივად ევროპის საერთო თავდაცვის სისტემის ნაწილი მოიშალა, რაც პირველ რიგში ცივი ომის დროს შეიქმნა ნატოს სახით, ევროპის უდიდესმა ნაწილმა მის გაძლიერებაში ნაკლები თანხები, ნაკლები ძალა ჩადო და ამერიკელების იმედზე იყვნენ.

"ტრამპმა პირველი პრეზიდენტობისას თქვა, რომ ევროპას ხარჯები 2%-მდე აუცილებლად აეწიათ, მაგრამ უმეტესმა ეს მაინც არ გააკეთა. ახლა კი ამბობს, რომ უკაცრავად, ეს აღარ კმარა და 5%-მდე უნდა აიწიოს. ეს ქვეყნები მიხვდებიან, რომ უახლოესი ოთხი წელი ამერიკის იმედზე არ უნდა იყვნენ და პუტინისგან საფრთხე მართლა რეალურია. ამიტომაც უნდა იფიქრონ, რომ გარკვეულ საკითხებზე ამხელა თანხების ხარჯვა სწორი არაა, თუნდაც მიგრანტებზე და სახელმწიფო თავდაცვაზე მეტი დახარჯონ, სამხედრო სამრეწველო კომლექსის წარმოება აღადგინონ და თავიანთ არმიებს მიხედონ, თუმცა ეს უცებ არ მოხდება, ამას წლები უნდა",- განაცხადა ალადაშვილმა.

კითხვაზე, ახალი ევროპის უსაფრთხოების კონტექტსში საქართველოს რა როლი აქვს, ალადაშვილმა გვითხრა:

"ტრამპის დაბრუნებით დიდ პოლიტიკაში ბევრი რამ ძალიან სწრაფად იცვლება, ჯერ რამდენიმე დღეა ამას ვხედავთ და უახლოეს პერიოდში რა მოხდება კაცმა არ იცის. ჯერ ჩვენ დონემდე ეს ყველაფერი არ მოდის იმ გაგებით, რომ ჯერ დიდ პოლიტიკაზეა საუბარი. ჩვენი ხვედრი საუკუნეების განმავლობაში მხოლოდ ის იყო, რომ ბეწვის ხიდზე უნდა გვევლო, რომ არც ერთს არ შევეჭამეთ. ორი აზრი არაა, რომ ჩვენი გზა დასავლეთისკენ უნდა იყოს და არა რუსეთისკენ. ამ გზასაც აქვს მნიშვნელობა როგორ უნდა წავიდეთ და რა შევინარჩუნოთ რა დავთმოთ და ა.შ. რა თქმა უნდა, როცა სხვის სახლში მიდიხარ და მასთან გინდა, იქაური ქუდი უნდა დაიფარო და მათ გარკვეულ წეს-ჩვეულებებს და კანონებს შეეგუო, მაგრამ არის ისეთი რაღაც, რაც არავითარ შემთხვევაში ქართველმა ერმა არ უნდა დათმოს.

"ერთი უნდა ვიცოდეთ, რომ აბსოლუტური დემოკრატია და აბსოლუტური თანასწორობა არ არსებობს, არც არასოდეს ყოფილა და ვერც იქნება. ეს კარგია თუ ცუდი, ეს ასეა. მიმაჩნია, რომ ქართველებმა ჩვენი ინტერესები უნდა დავიცვათ, ეს ეხება ხელისუფლებასაც და ოპოზიციასაც, რომ პირველ როიგში საქართველოს ინტერესი უნდა იყოს და მერე ყველა სხვა.

"ისევე, როგორც ჩვენმა წინაპრებმა შემოგვინარჩუნა საქართველო, ჩვენც ამ ბეწვის ხიდზე სიარულით უნდა გავაგრძელოთ შენარჩუნება, რომელიც პირველ რიგში გადის იმაზე, რომ ყველანაირად თავიდან ავირიდოთ ომი. ამას ჩვენი უახლოესი ისტორია გვიჩვენებს, აფხაზეთის, თუ აგვისტოს ომი, რომელიც რა თქმა უნდა ქვეყნის გარე ძალების მიერ იყო თავმოხვეული, მაგრამ აქაურმა პოლიტიკოსებმა, რომლებიც მაშინ იყვნენ ხელისუფლებაში, გინდა აფხაზეთის და გინდა 2008 წლის ომის დროს გარკვეულწილად ხელიც შეუწყვეს და იმის მაგივრად ყველაფერი გაეკეთებინათ, რომ არ ჩავთრეულიყავით ამ ომში, მათ ეს არ გააკეთეს და პირიქით ხელი შეუწყვეს",- განაცხადა ირაკლი ალადაშვილმა "რეზონანსთან".

გერმანიის პოზიცია

ევროპელებს ახლა იმაზე მეტი პასუხისმგებლობა ეკისრებათ ევროპის უსაფრთხოებაზე, ვიდრე ოდესმე, აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის გადაწყვეტილებების მიუხედავად, - ამის შესახებ გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა „დოიჩე ველესთან" ინტერვიუში განაცხადა.

„მიუხედავად იმისა, თუ როგორია დონალდ ტრამპის, თეთრი სახლისა და ახალი ადმინისტრაციის დღის წესრიგი, ჩვენ ჩვენს თავზე უფრო დიდი პასუხისმგებლობა უნდა ავიღოთ", - განაცხადა პისტორიუსმა, როდესაც უპასუხა შეკითხვას, იყო თუ არა მისი ლიეტუვაში ვიზიტი ერთიანი სტრატეგიის ნაწილი, რომელის მიზანი, რუსეთის სამხედრო აგრესიასთან დაპირისპირების კონტექსტში, ევროპის აქტიური პოზიციის დემონსტრირებაა.

გერმანიის თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელმა ასევე განაცხადა, რომ ამ სტრატეგიის ერთ-ერთი კომპონენტია 2023 წლის ზაფხულში მიღებული გადაწყვეტილება ლიეტუვაში ბუნდესვერის ბრიგადის მუდმივად განლაგების შესახებ.

„ამ პროგრამის განხორციელება გეგმის მიხედვით მიდის და საგზაო რუკა დროულად დასრულდება", - განაცხადა პისტორიუსმა და დასძინა, რომ ბრიგადა სრულად იქნება მომზადებული ინფრასტრუქტურის უზრუნველყოფის გათვალისწინებით.

მინისტრის თქმით, 2025 წლის ბოლომდე ლიტვაში განლაგდება ბუნდესვერის პირველი 500-მდე ჯარისკაცი 5 000 ჯარისკაციდან, რომლის განლაგება მომდევნო ორი წლის განმავლობაშია დაგეგმილი.

ამასთან, კითხვაზე, შეძლებს თუ არა შეერთებული შტატები უკრაინაში ომის დასრულებას, როგორც ამას პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, გერმანიის თავდაცვის მინისტრმა უპასუხა, რომ პირველ რიგში უნდა ვისაუბროთ ცეცხლის შეწყვეტაზე, შემდეგ კი უკრაინის მდგრად მშვიდობაზე, რაც ნიშნავს, რომ უკრაინას სჭირდება უსაფრთხოების გარანტიები ყველა სხვა ქვეყნისგან. მისი განმარტებით, თუ ეს სცენარი არ განხორციელდება, ძალიან მაღალია რუსეთის მხრიდან თავდასხმის განმეორების ალბათობა სულ რაღაც ორიოდე წელიწადში და სწორედ ამ პრობლემას გადაჭრის წინაშე მოუწევს ევროპას აღმოჩენა მომავალი თვეებისა და წლების განმავლობაში.

გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ არ მოსწონს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ნებისმიერი მოლაპარაკების სტრატეგიის საჯარო განხილვის იდეა

„ეს არ არის ის, რის შესახებაც საჯაროდ უნდა ვისაუბროთ", - აღნიშნა პისტორიუსმა.

კითხვაზე, მიიღებს თუ არა კიევი გერმანიის მიერ დაპირებულ 3 მილიარდ ევროს სამხედრო დახმარების პაკეტის ფარგლებში 23 თებერვალს დაგეგმილ არჩევნებამდე, პისტორიუსმა უპასუხა: „იმედი მაქვს, დიახ".

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე