უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ღიად ასახელებს იმ ქვეყნებს, რომლებიც უკრაინის ნატოში გაწევრიანებას მხარს არ უჭერენ, რომელთა შორის არიან - აშშ, გერმანია, უნგრეთი და სლოვაკეთი. უნდა აღინიშნოს, რომ ბუდაპეშტი და ბრატისლავა, კიევის წინააღმდეგ პოზიციას მუდმივად აფიქსირებდნენ სხვადასხვა გადამწყვეტ მომენტში, რაც ანალიტიკოსებისთვისაც არაა გასაკვირი, თუმცა კითხვებია ამ მხრივ განსაკუთრებით ბერლინზე.
რაც შეეხება აშშ-ს, 20 იანვრის ინაუგურაციის შემდეგ, პრეზიდენტ ტრამპს უკრაინასთან მიმართებაში მკვეთრად გამოხატული პოზიცია არ დაუფიქსირებია, თუმცა როგორც იანუგურაციამდე "ვოლ სთრით ჟურნალმა" საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, "ტრამპი მხარს არ უჭერს უკრაინის ნატოში გაწევრიანებას, მაგრამ სურს იხილოს ძლიერი, კარგად შეიარაღებული უკრაინა საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტის შემდეგ".
გამოცემა წერს, რომ ეს განცხადება ტრამპმა 7 დეკემბერს პარიზში უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისა და საფრანგეთის პრეზიდენტთან, ემანუელ მაკრონთან შეხვედრაზე გააკეთა. თუმცა ანალიტიკოსთა ნაწილი არ გამორიცხავს რომ ტრამპმა გარკვეული გარემოებებიდან გამომდინარე ახლა პოზიცია შეცვალოს.
უნდა აღინიშნოს, რომ ნატოს წევრი ესტონეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე მარკო მიხელსონი აცხადებს, რომ ალიანსმა უკრაინასა და საქართველოს ალიანსში გაწევრიანებასთან დაკავშირებით პირობა უნდა შეასრულოს, რომელიც ჯერ კიდევ 2008 წელს დადო.
„ნატო-მ ჯერ კიდევ 2008 წელს გადაწყვიტა, რომ უკრაინა და საქართველო გახდებიან ალიანსის წევრები. ნატო-მ, მათ შორის აშშ-მა და გერმანიამ, თავისი სიტყვა უნდა შეასრულოს", - წერს მიხელსონი სოციალურ პლატფორმა იქს-ზე.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ კი დავოსის ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში მედიასთან შეხვედრისას განაცხადა, რომ უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების საკითხი აშშ-ზეა დამოკიდებული.
„ყველაფერი აშშ-ზეა დამოკიდებული. თუ პრეზიდენტი ტრამპი მზად იქნება, რომ უკრაინა ნატო-ში იხილოს, მაშინ ჩვენ ნატო-ში ვიქნებით. ამას მხარს ყველა დაუჭერს. თუ პრეზიდენტი ტრამპი მზად არ იქნება, მაშინ ნატო-ში არ ვიქნებით", - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ოთხი სახელმწიფო: აშშ, გერმანია, უნგრეთი და სლოვაკეთი უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებას მხარს არ უჭერენ.
„ჩვენ უსაფრთხოების გარანტიებისთვის ვიბრძვით, ნატო-ში ყოფნა გვსურს, ნატო-ს ქვეყნების უმეტესობა მხარს გვიჭერს", - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
რა პერსპექტივა აქვს უკრაინას და საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის კუთხით
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი და სამხედრო ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია ამბობს, რომ ამ მხრივ საკვანძო იქნება დონალდ ტრამპისა და ვლადიმირ პუტინის შეხვედრა.
"ჯერჯერობით ტრამპის მხრიდან თავად ნატოს მიმართ პოზიციაა გასარკვევი. ჯერჯერობით ტრამპმა აქცენტი მხოლოდ შიდაპოლიტიკურ პროცესებზე გააკეთა და იმ საგარეო პროცესებზე, რომელიც აშშ-ს კონტინენტს ეხება. წინასაარჩევნოდ და მერეც კი თქვა, რომ მშვიდობაზე იქნებოდა ორიენტირებული, თუმცა რა იგულისხმა ეს არ დაუკონკრეტებია. მისი მოხსენება უფრო ნეოიზოლაციონისტური იყო. არაა გამორიცხული, რომ რასაც წინასაარჩევნოდ საუბრობდა ტრამპი, იმის საწინააღმდეგოდაც იმოქმედოს და ახლა რას იზამს ძნელი სათქმელია.
"პუტინისა და ტრამპის შეხვედრა ყველა ვარიანტში იქნება და ალბათ ეს სავარაუდოდ მარტში გაიმართება, არაა გამორიცხული ადგილს არჩევდნენ, შესაძლოა სტამბულშიც გადაწყდეს, რადგან პუტინი ჰააგის ტრიბუნალის ბრალდებულია და ევროპის ქვეყნებში შეხვედრა ალბათ ვერ გამოვა. ამის მერე უფრო ნათელი გახდება ტრამპის პოზიციაც დათანხმდება თუ არა უკრაინის ნატოში გაწევრიანებას.
"ალბათ ამ შეხვედრაზე სამშვიდობო მოლაპარაკებების პერსპექტივაზე იქნება საუბარი და არც იმას გამოვრიცხავ, რომ პუტინის ერთ-ერთი პირობა იყოს, რომ უკრაინამ ნატოში გაწევრიანებაზე უარი თქვას, თუმცა არც იმას გამოვრიოხავ, რომ სიტუაცია ისე წავიდეს, რომ ნატოს სკითხს საერთოდაც არ შეეხონ",- განაცხადა მაისაიამ.
ანალიტიკოსმა ზელენსკის განცხადების იმ ნაწილზეც ისაუბრა, სადაც აშშ, გერმანია, უნგრეთი და სლოვაკეთი უკრაინის ნატოში გაწევრიანებას ეწინააღმდეგებიან.
"გერმანია და ამერიკა აქამდე ამბობდნენ, რომ უკრაინის ნატოში გაწევრიანების მომხრეები იყვნენ, სლოვაკეთი-უნგრეთი გასაგებია, რომ რუსეთის ფაქტორიდან გამომდინარე ავითარებენ მაგ იდეას.
არ ვიცი გერმანიაზე ზელენსკიმ საიდან მოიტანა ასეთი ამბავი, ალბათ იქიდან, რომ გერმანიას მაინც ფრთხილი პოლიტიკა აქვს და არ გამოვრიცხავ, რომ სკეპტიკური პოზიციაც დაეფიქსირებინა ახალ გაფართოებასთან დაკავშირებით და როცა უკრაინაში ომია, ბერლინი გულმხურვალე მომხრე ალბათ არ იყო უკრაინის ნატოში გაწევრიანების.
აშშ-ს ვარიანტში ალბათ ტრამპის პოლიტიკის კონტექტში თქვა, რომ ნატოსთან დაკავშირებით ძალიან ფრთხილი პოლიტიკა აქვს. თავად ნატოს მომავალ პერსპექტივებთან დაკავშირებითაც ტრამპის განცხადებებს უნდა დაველოდოთ.
"რაც შეეხება საქართველოს პერსპექტივებს, პრორუსულ ხელისუფლებასთან ნატოს მჭიდრო თანამშრომლობაზე საუბარი ცოტა რთულია, თუმცა ალბათ მაინც რაღაც დონეზე ურთიერთობები შენარჩუნდება წვრთნისა და აღჭურვის პროგრამის ფარგლებში, შესაძლოა რამდენიმე ერთობლივი სამხედრო სწავლებაც განხორციელდეს, ან რაღაც მცირე მასშტაბის წვრთნები, რითაც მინიმალურ დონეზე დაიყვანენ სამხედრო ურთიერთობებს.
"რაც შეეხება გაწევრიანებას, ეს დღევანდელი მმართველი პოლიტიკური ძალის პირობებში არ მგონია, რადგან ნატოს საერთოდაც არ ახსენებენ, პირიქით,"ოცნება","ხალხის ძალა" და ა.შ. ისეთი შინაარსით საუბრობენ თითქოს ნატო ერთგვარი მტერია. ერთადერთი ნატოს აპოლოგეტები არიან სალომე ზურაბიშვილი და ის ოთხი პოლიტიკური ოპოზიციური პარტია, რომლებიც პროდასავლურ პლატფორმაზე არიან.
"ფორმალურად კონსტიტუციაში კი გვაქვს 78-ე მუხლი, მაგრამ რეალურად ის შეჩერებული მუხლია ამ რუსული კანონებით. სანამ ხელისუფლება არ შეიცვლება და არ მოვა პროდასავლური ხელისუფლება ნატოში გაწევრიანების პერსპექტივა არ გამოჩნდება. ევროკავშირთან ასე ახლოს ვიყავით და 2028 წლამდე ვაპაუზებთო და ნატოსთან მით უემეტეს დაპაუზებულია.
"საქართველო ნატოს სტანდარტებს რომ მიუახლოვდეს საკმაოდ ბევრი რამ აქვს გასავლელი, პირველ რიგში პოლიტიკური კონტექსტი არ უწყიბს ამას ხელს, სანამ არ გაიწვევა კანონები უკან, სანამ სასამართლო, საარჩევნო და სხვა სტრუქტურები არ გაჯანსაღდება, მანამდე საუბარი ზედმეტია. გარდა ამისა, სამხედრო-ტექნიკური და სამხედრო-სტრატეგიული თვასაზრისითაც ბევრი რამ გვაქვს გასაკეთებელი. ამ პერიოდში შეგვეძლო, რომ სტანდარტებთან თავსებადი ვყოფილიყავით, მაგრამ სამწუხაროდ დღეს ამ ვითარებაში ვართ",- განაცხადა ვახტანგ მაისაიამ "რეზონანსთან".
ანალიტიკოსი გია აბაშიძე "რეზონანსთან" აცხადებს, რომ ნაკლებსავარაუდოა, რომ იმ ვითარების გათვალისწინებით, რაშიც დღეს უკრაინაა, ტრამპი ქვეყნის ნატოში გაწევრიანებას დათანხმდეს.
"ძალიან დიდი მწუხარებით ვიტყვი, რომ უკრაინის, როგორც სახელმწიფოს არსებობა ძალიან დიდი კითხვის ნიშნის ქვეშაა. ეს არის ავაზაკი ზელენსკისა და მისი მარიონეტი გლობალური ომის პარტიის მხარდამჭერების გამო.
ძალიან საცოდაობაა რაც უკრაინაში ხდება და რაც აწი მოხდება. მე, როგორც რიგითი მოქალაქე და მით უემეტეს დედის მხრიდან მაქვს უკრაინული ფესვები, ვიტყვი, რომ საშინელება ხდება.
"დონალდ ტრამპი პოლიტიკური ბიზნესმენია, მისთვის ფინანსური ხეირია თუ არა - მთელს მსოფლიოს ასე უყურებს, ზოგისთვის კარგია, ზოგისთვის ცუდი.
უკრაინის შემთხვევაში თქვა, რომ კი ბატონო, ომს მალე დაამთავრებს, შემდეგ მისმა მრჩევლებმა თქვეს, რომ ას დღეში დამთავრდებაო, მაგრამ უწინარესად უკრაინელთა ინტერესები უკვე ფეხვეშ გათელილია და ამ სახით რა ნატოსა და ევროკავშირი გაწევრიანებაზეა საუბარი? ეს ხალხი ჯერ ფინანსურ და ჰუმანიტარულ დახმარებას საჭიროებს",- განაცხადა აბაშიძემ.
კითხვაზე, რა პერსპექტივა აქვს საქართველოს ნატოში ინტეგრაციას, აბაშიძემ გვითხრა: "ამ შემთხვევაში, კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ "ქართულ ოცნებას" ძალიან შორსმჭვრეტელი, დაბალანსებული და ბრძნული პოლიტიკა აქვს.
ამდენი გლობალური ვეშაპების ფონზე, ქართულმა სახელმწიფოებრივობამ თავისი თვითმყოფადობა და თავისუფლება რომ შეინარჩუნოს, ამას ძალიან დიდი მოთმინება და ბეწვის ხიდზე გავლა უნდა. "ოცნება" ამ ვიწრო ხიდზე კვლავ გადის და ჯერ გამარჯვებას ვერ მივულოცავ. არ აქვს მნიშვნელობა რომელი მმართველი იქნება აშშ-ში, მოსკოვსა თუ პეკინში, ჩვენ ჩვენი თვითმყოფადობა უნდა დავიცვათ",-განაცხადა გია აბაშიძემ "რეზონანსთან".
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე