ნატალია ჯვარიძე
(03.12.2024)

ხელისუფლებამ მწვავე კრიზისის განმუხტვისა და მოვლენების საკონსტიტუციო ჩარჩოში დაბრუნების შანსი თავადვე მოსპო - ასე აფასებს ოპოზიცია და პოლიტიკურ ანალიტიკოსთან ნაწილი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელმაც 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით პრეზიდენტისა და 30 ოპოზიციონერი დეპუტატის სარჩელი წარმოებაში არ მიიღო.

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ეს გადაწყვეტილება პოლიტიკური იყო:

„ეს ხელისუფლება რიგგარეშე არჩევნების გამართვას არ აპირებს. ეს არის რეალობა და რამდენად კონსტიტუციურია, თუ პირიქით, ამას არანაირი არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება და არა სამართლებრივი".

საკონსტიტუციო სასამართლოში წარდგენილი სარჩელებით პრეზიდენტი და ოპოზიცია 26 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნების არაკონსტიტუციურად გამოცხადებას ითხოვდა. სარჩელის ავტორების დავის საგანი ფარულობისა და საყოველთაო და თავისუფალი არჩევნების ჩატარების უფლების დარღვევა იყო.

განჩინება, რომელიც სასამართლოს ვებ-გვერდზე 3 დეკემბერს გამოქვეყნდა, საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.

განჩინებას თან ერთვის მოსამართლე გიორგი კვერენჩხილაძის განსხვავებული აზრი სარჩელების არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმასთან დაკავშირებით, სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც საზღვარგარეთ მყოფი ამომრჩევლების არჩევნებში მონაწილეობის ხელმისაწვდომობას შეეხება.

ასევე განჩინებას თან ერთვის მოსამართლე თეიმურაზ ტუღუშის განსხვავებული აზრი სარჩელების არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმასთან დაკავშირებით, სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც კენჭისყრის ფარულობასა და საზღვარგარეთ მყოფი ამომრჩევლების არჩევნებში მონაწილეობის ხელმისაწვდომობას ეხება.

ოპოზიციის განსაკუთრებული კრიტიკა გამოიწვია საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე ირინა იმერლიშვილის პოზიციამ, რომელსაც განსხვავებული აზრი არ დაუფიქსირებია და სარჩელის წარმოებაში მიღებაზე უარს დაეთანხმა. ამასთან დაკავშირებით თავად იმერლიშვილმაც გაავრცელა განცხადება, სადაც წერს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში ყოფნისას გადაწყვეტილება პირადი ან პარტიული სიმპათიებით არასდროს მიუღია.

„როდესაც პრეზიდენტის იმპიჩმენტს არ დავეთანხმე, მაშინ მომნათლეს „ნაციონალების" მომხრე მოსამართლედ; როდესაც უგულავას სარჩელი არ დავაკმაყოფილეთ, მაშინ „ოცნების" მომხრედ გამომაცხადეს; მელიას ან/და „რუსთავი 2-ის სარჩელზე განსხვავებულ აზრზე დარჩენის შემდგომაც „ნაციონალი" ვიყავი. უსასრულოდ შეიძლება საქმეების ჩამოთვლა...

„ახლა, როდესაც არჩევნების მომწესრიგებელი ნორმების წარმოებაში მიღების კანონისმიერი საფუძვლის არარსებობაში დავეთანხმე მოსამართლეთა უმრავლესობის სამართლებრივ არგუმენტებს, ვიხელმძღვანელე მხოლოდ კანონმდებლობის შესაბამისად. მოსამართლე, ნებისმიერ დროსა და შემთხვევაში, ყოველთვის უნდა დარჩეს მიუკერძოებელი. საკონსტიტუციო სასამართლოში ყოფნისას არასდროს მიმიღია გადაწყვეტილება პირადი ან პარტიული სიმპათიებით, რისი დასტურიცაა ჩემ მიერ მიღებული უამრავი გადაწყვეტილება. ვერთგულობ მხოლოდ მოსამართლის ფიცს.

„მჯერა, საქართველო აუცილებლად გახდება ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი! ჩვენ კი, საქართველოს თითოეული მოქალაქე, პასუხისმგებლობით მოვეკიდებით ჩვენთვის დაკისრებულ მოვალეობებს და ჩვენი უფლებამოსილების ფარგლებში ვიმოქმედებთ ევროპის კავშირსა და ჩრდილო ატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად", - წერს იმერლიშვილი.

პოლიტიკური შეფასებები

საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას პრეზიდენტი სალომე ზურაბიშილი საგანგებო ბრიფინგით გამოეხმაურა. მისი თქმით, არსებობდა შანსი, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით ქვეყანა საკონსტიტუციო ჩარჩოში დაბრუნებულიყო.

„დღეს საკონსტიტუციო სასამართლომ განაჩენი თავის თავს და ქვეყანას და ქვეყნის ყველა ინსტიტუტს გამოუტანა. არსებობდა შანსი, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ქვეყანა საკონსტიტუციო ჩარჩოში დაბრუნებულიყო. იმ სიტუაციამ, სადაც არჩევნებამდე ვიყავით, რაც საწყისია მთელი ამ არალეგიტიმური, ერთმანეთზე გადაბმული მოვლენებისა, მიგვიყვანა იქამდე, რომ ამ ქვეყანაში არცერთი ლეგიტიმური ინსტიტუტი აღარ არსებობს - არა პარლამენტი, არა ამ პარლამენტის მიერ არჩეული მთავრობა, არა საკონსტიტუციო სასამართლო, რომელმაც თავისი არსება დაკარგა და არა მთელი რიგი იმ ინსტიტუციებისა, რომლებიც სრულად დამოკიდებულები არიან ერთპარტიულ წყობაზე, რომელიც ქვეყანაში დამკვიდრდა", - განაცხადა პრეზიდენტმა.

ოპოზიციაში ასევე აცხადებენ, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილება მიიღო. „კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი ნიკა გვარამია „ფეისბუქზე" წერს, რომ არჩევნების „კონსტიტუციასთან შესაბამისობის შემოწმების ინსტიტუტი უბრალოდ თეორიულადაც არ არსებობს" და ეს როლი პრეზიდენტმა უნდა შეითავსოს.

„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ბოლო რგოლი იყო ხელისუფლების უზურპაციის წრედის შეკვრაში და ასეც მოხდა.

„წარმოებაში არმიღების (როგორც აღმოჩნდა, 1 კვირის წინანდელი) განჩინებით, სასამართლომ გვითხრა, რომ საქართველოში არჩევნების განხორციელების (ანუ ნორმების რეალიზაციის) კონსტიტუციასთან შესაბამისობის შემოწმების ინსტიტუტი უბრალოდ თეორიულადაც არ არსებობს და მისი კომპეტენცია მხოლოდ არჩევნების მომწესრიგებელი ნორმის შემოწმებაა, ისიც 15-თვიანი ხანდაზმულობის ფარგლებში.

„ამით საკონსტიტუციო სასამართლო გვეუბნება, რომ ქვეყნის მთავარი კონსტიტუციური პროცესის - არჩევნების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს თბილისის სააპელაციო სასამართლო.

„მთავარი: შეუძლებელია, არჩევნების კონსტიტუციურობის დამდგენი ინსტიტუტი ქვეყანაში არ არსებობდეს. მას შემდეგ, რაც საკონსტიტუციო სასამართლო ღიად ჩაერთო ქვეყანაში ხელისუფლების უზურპაციის პროცესში, ერთადერთი, ვისაც შეუძლია ეს გააკეთოს, არის საქართველოს პრეზიდენტი, როგორც სახელმწიფოს მეთაური (სამართლებრივად) და ხელისუფლების ერთადერთი ლეგიტიმური წყარო (ფაქტობრივად)", - წერს ნიკა გვარამია.

ასევე, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას გამოეხმარა „ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი ანა ნაცვლიშვილიც, რომელმაც „ფესიბუქზე" დაწერა: „ამ წუთიდან საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებსაც უნდა იცნობდეთ, როგორც რუსეთის ჯალათებს საქართველოს წინააღმდეგ".

„საკონსტიტუციო სასამართლომ მწვანე შუქი აუნთო ყველა სისასტიკეს და უკანონობას, „ოცნების" მარბიელ რაზმებს, მოქალაქეთა მტვრევას, ძალაუფლების მიტაცებას და კონსტიტუციურ გადატრიალებას.

„დღეს, მან გამოაცხადა, რომ განსახილველად არ მიიღებს არც პრეზიდენტის და არც მე-10 მოწვევის დეპუტატების სარჩელს. ეს სარჩელები იყო ის ვიწრო სამართლებრივი ბილიკი, რომლითაც შესაძლებელი იყო პროცესი დაბრუნებულიყო კონსტიტუციურ ჩარჩოში, ხელისუფლებას ვეღარ გაეგრძელებინა ახალგაზრდების მტვრევა, დანიშნულიყო ახალი არჩევნები და საზოგადოებას მისცემოდა შესაძლებლობა, ახალი და თავისუფალი არჩევნებით დაებრუნებინა თავისი ქვეყანა კონსტიტუციურ კალაპოტში, ევროპულ გზაზე. ამ წუთიდან საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებსაც უნდა იცნობდეთ, როგორც რუსეთის ჯალათებს საქართველოს წინააღმდეგ", - აცხადებს ნაცვლიშვილი.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, დავით მათიკაშვილის აზრით კი, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება ნიშნავს, რომ „კონსტიტუციური ნორმები არცერთი მნიშვნელობით არ დარღვეულა".

„საკონსტიტუციო სასამართლო არის სასამართლო და ის იქცევა იმ წესების მიხედვით, რომელიც ძალიან მნიშვნელოვან და ავტორიტეტულ სისტემას აქვს. ეს არის კონსტიტუცია, ის წესები და კანონები, რომლებიც მის საქმიანობას არეგულირებს. სასამართლო ადეკვატურია და არ იღებს ისეთ სარჩელს, რომელიც, თავისი შინაარსიდან გამომდინარე, არ ექვემდებარება მიღებას. ეს ნიშნავს, რომ ამ სარჩელში აღნიშნული გარემოებები და ფაქტები არ წარმოადგენენ საკონსტიტუციო სასამართლოსთვის საინტერესო თემას, ესე იგი, არანაირი კონსტიტუციური ნორმა არცერთი მნიშვნელობით არ დარღვეულა. ეს სწორედ ამას ნიშნავს, რაც საზოგადოებამ კარგად უნდა გაიაზროს", - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

ანალიტიკოს ვახტანგ ძაბირაძის შეფასებით, რეალურად ეს „ქართული ოცნების" მიერ მიღებული პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლომ გაახმოვანა.

„საკონსტიტუციო სასამართლო გადაწყვეტილებებს რეალურად არ ღებულობს. ეს არა საკონსტიტუციო სასამართლოს, არამედ ხელისუფლების გადაწყვეტილებაა, რომელიც საკონსტუტუციო სასამრთლომ გაახმოვანა. აქედან შეიძლება გავაკეთოთ ერთი დასკვნა -„ქართული ოცნება", რომელსაც ეს ბერკეტი ჰქონდა, რომ თუ საჭიროდ ჩათვლიდა საკონსტიტუციო სასამართლო მიიღებდა გადაწყვეტილებას არჩევნების არალეგიტურობის შესახებ და არჩევნებს თავიდან ჩაატარებდა, ამ ბერკეტზე უარს ამბობს.

„ეს ხელისუფლება რიგგარეშე არჩევნების გამართვას არ აპირებს - ეს არის რეალობა და რამდენად კონსტიტუციურია თუ პირიქით, ამას არანაირი არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება და არა სამართლებრივი", - განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ „რეზონანსთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე