ევროკავშირის მხრიდან სანქციების დაწესებას 27 სახელმწიფოს თანხმობა სჭირდება, თუმცა, საქართველოს საკითხზე უნგრეთის პოზიციის გამო კონსენსუსი არ არსებობს, ამიტომ ბლოკის წევრმა სამმა ქვეყანამ ინდივიდუალურად გადაწყვიტეს ეროვნული სანქციები დაუწესონ მათ, ვინც საქართველოში საპროტესტო აქციების "ჩახშობაში მონაწილეობს".
ეს ბალტიისპირეთის ქვეყნების - ლიეტუვის, ლატვიის და ესტონეთის გადაწყვეტილებაა, თუმცა ანალიტიკოსები არ გამორიცხავენ, რომ განგრძობითი ხასიათი მიიღოს.
ლიეტუვის, ლატვიის და ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა, გაბრიელიუს ლანდბერგისმა, ბაიბა ბრაჟემ და მარგუს ცაჰკნამ განაცხადეს, რომ ბალტიის სამი სახელმწიფო, ლიეტუვა, ლატვია და ესტონეთი, ერთობლივად შეთანხმდა ეროვნული სანქციები დაუწესოს მათ, "ვინც საქართველოში ლეგიტიმურ საპროტესტო აქციების ჩახშობაში მონაწილეობს".
ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი, გაბრიელიუს ლანდსბერგისი და ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მარგუს ცაჰკნა იმ ადამიანების სიას აქვეყნებენ, ვისაც ლიეტუვაში და ესტონეთში შესვლა აეკრძალათ, მათ შორისაა საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ბიძინა ივანიშვილი და შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური.
„უარი ეთქვათ ლიეტუვაში შესვლაზე ადამიანის უფლებების დარღვევაზე პასუხისმგებლობის გამო: ბიძინა ივანიშვილს, ვახტანგ გომელაურს, შალვა ბედოიძეს, იოსებ ჭელიძეს, ალექსანდრე დარახველიძეს, გიორგი ბუთხუზს, ზვიად ხარაზიშვილს, მილერი ლაგაზაურს, მირზა კეზევაძეს, ვაჟა სირაძესა და თეიმურაზ კუპატაძეს", - წერს ლანდსბერგისი.
ამასთან, იგივე პირების სიას აქვეყნებს ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, მარგუს ცაჰკნაც და აცხადებს, რომ ესტონეთი უკრძალავს შესვლას იმ ქართველებს, "ვინც ადამიანის უფლებებს არღვევს".
ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ბაიბა ბრაჟეს განცხადებით, ბალტიის ქვეყნებმა სანქციები დაუწესეს საქართველოს იმ მოქალაქეებს, რომლებიც ქართველ ხალხს მშვიდობიანი პროტესტის უფლებას არ აძლევენ.
„ბალტიის საგარეო საქმეთა მინისტრებმა მიიღეს გადაწყვეტილება, დააწესონ შემაკავებელი ზომები, ტერიტორიაზე შესვლის აკრძალვა მათ წინააღმდეგ ვინც საქართველოში მიმდინარე საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით დარღვევებს სჩადის. მშვიდობიანი პროტესტის, საკუთარი აზრის გამოხატვისა და შეკრების უფლება არის ადამიანის ძირითადი ფუნდამენტური უფლებები. საპროტესტო აქციის ჩახშობა, ასობით ადამიანის დაკავება და ცემა არ შეიძლება შედეგების გარეშე დარჩეს. ასე რომ, მივიღებთ ზომებს, დამნაშავეებს ჩვენი ქვეყნების ტერიტორიაზე შემოსვლა ავუკრძალოთ", - აღნიშნა ბაიბა ბრაჟემ.
ექნება თუ არა განვრცობითი ხასიათი სანქციებს
თსუ-ს პროფესორი და ანალიტიკოსი კორმელი კაკაჩია "რეზონანსთან" ამბობს, რომ იმის გამო, რომ ევროკავშირის მხრიდან სანქციების შემოღებას კონსენსუსი სჭირდება და ეს უნგრეთის პოზიციის გამო არაა, ინდივიდუალურად მიიღეს ბლოკის წევრებმა გადაწყვეტილება და ანალიტიკოსი არ გამორიცხავს, რომ ამან განვრცობითი ხასიათი მიიღოს და სხვა ქვეყნებმაც გაითვალისწინონ, მათ შორის ევროკავშირის დიდმა სახელწიფოებმაც.
"ვინაიდან ევროკავშირის დონეზე სანქციები სხვადასხვა მიზეზების, მათ შორის უნგრეთის სავარაუდო ბლოკირების გამო ვერ ხერხდება, სახელმწიფოებმა სანქციებზე ინდივიდუალური მუშაობა დაიწყეს.
„ბალტიისპირეთის ქვეყნების მიერ სავარაუდოდ პერსონალური სანქციები მმართველ ხელისუფლებას შესაძლოა დიდ პრობლემას არ უქმნიდეს, მაგრამ ამას უნდა შევხედოთ, როგორც გავლენის მომხდენს. მათ შეიძლება მიბაძონ მათ შორის დიდმა სახელმწიფოებმა ევროკავშირის შიგნით და აი მაშინ ეს უკვე სერიოზულ პრობლემას შეუქმნის.
"უკვე არის ლაპარაკი, რომ მათ შორის დიპლომატებს, მინისტრებს და მთავრობის წევრების მიმართ, ვისაც დიპლომატიური პასპორტები აქვთ, სავიზო რეჟიმი შემოიღონ. ეს ქვეყნის ხელისუფლების საერთაშორისო იზოლაციას ნიშნავს.
"რაც შეეხება აშშ-ს მხრიდან ნაბიჯებს, გააჩნია ეს დღეები საქართველოში სიტუაცია როგორ წარიმართება, დანარჩენი გამოჩნდება მაშინ, როცა შეერთებულ შტატებში ახალი ხელისუფლება მოვა. თუმცაღა, თუ საქართველოში სიტუაცია გაუარესდა, არაა გამორიცხული, რომ აშშ-მა რაღაც ნაბიჯები გადადგას, თუმცა კონკრეტულად რა, ამაზე ახლა საუბარი ძნელია.
"დასავლეთიდან ზეწონა გაგრძელდება, მართალია "ოცნება" ცდილობს ისეთი პოზა დაიჭიროს თითქოს ამას ყურად არ იღებს, მაგრამ ისინი ამ ყველაფერს ძალიან მტკივნეულად განიცდიან. თუნდაც ის მიზეზი, რაც პრემიერ-მინისტრმა დაასახელა, თითქოს 2028 წლამდე იმის გამო არ ვიღებ მონაწილეობას, რომ ევროკავშირმა არ მოახდინოს ჩვენზე ზეწოლაო, ეს ნიშნავს, რომ ეს ზეწოლა მაინც მოქმედია, უბრალოდ ერთი ნაბიჯია სრულ საერთაშორისო იზოლაციემდე, ხელისუფლებას პრობლემას ეს უქმნის, ევროპელი ლიდერებისგან განცხადებებს და სხვადასხვა ქმედებს საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ, თავის გავლენა მაინც აქვს",- განაცხადა კორნელი კაკაჩიამ "რეზონანსთან".
ანალიტიკოსი გია აბაშიძე "რეზონანსთან" აცხადებს, რომ ევროკავშირის 27-ივე ქვეყანა ერთობლივი ბლოკის სანქციებზე ვერ თანხმდება და ბალტიის ქვეყნების ინდივიდუალური დამოკიდებულება "ონებისადმი" გასაკვირი არაა.
"ბალტიის ქვეყნების პოლიტიკოსები იმ უნამუსო აქტივობებით გამოირჩევიან, რასაც ჰქვია საქართველოში რადიკალური ოპოზიციის წაქეზება და ჩვენს შიდა პოლიტიკაში უხეშად ჩარევა, რაც კატეგორიულად მიუღებელია, როგორც მათი განცხადებები და მათი სირბილი რუსთაველის გამზირზე. "ქართული ოცნებისადმი" მათი ასეთი აგრესიული დამოკიდებულება გასაკვირი არაა და არც პირველად ხდება.
"ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ევროკავშირის ბლოკში, სადაც 27 წევრი ქვეყანაა, სანქციებზე ვერ თანხმდებიან. ის ვითომ გაბატონებული გზავნილი, რომ საქართველოში არჩევნები გაყალბდა, ამას ყველა წევრი არ ეთანხმება, მითუმეტეს სანქციებზე და მითუმეტეს ვითომ ნაწამები და ვითომ პოლიტპატიმარ სააკაშვილის უცხოეთში გადაყვანასთან დაკავშირებით. ეს შიდა კინკლაობა აშკარაა და საჯარო სივრცეში ჩანს თუ რა ხდება ევროკავშირის ბლოკში.
"რაც შეეხება ამერიკის გადაწყვეტილებას სტრატეგიული ურთიერთობის შეჩერებაზე, აქ ძალიან დიდი კითხვის ნიშანია, სტრატეგიული პარტნიორობის რომელი მიმართიულება შეჩერდა, მოუნიჭებელი თავისუფალი სავაჭრო ხელშეკრულება, მოუნიჭებელი პირდაპირი ავიარეისები და მოუნიჭებელი უვიზო მიმოსვლა გაუქმდა თუ რა? აი რით გვემუქრებიან?
"პირველ სერიაში იყო 6 მილიარდი დახმარების დაყვედრება, რომლის უდიდესი ნაწილი მდიდარ ნაცენჯეოებზე დაიხარჯა, ახლა მეორე სერიაში, იმ პერტნიორობის შეჩერებით გვემუქრებიან, რომელიც არ ყოფილა.
„აი, მაგალითისთვის, შევადაროთ ჩინეთთან გაფორმებულ სტრატეგიულ პარტნიორობას, როგორ მალე მოიხსნა სავიზო შეზღუდვები და დაწესდა პირდაპირი ავიარეისები - სტრატეგიული პარტნიორობა ესაა, რომელიც ყოველთვის ხაზს უსვამს უნიკალურ და განსაკუთრებულ მეგობრობას ქვეყნებს შორის, რაც ამერიკის შემთხვევაში, როგორც მინიმუმ ბაიდენის ადმინისტრაციის პირობებში, ასეთი რამ არ მომხდარა, ისინი ნაცრევანშისტებს მუდმივად აქეზებდნენ, არასოდეს უნდათ, რომ "ქართული ოცნება" ხელისუფლებაში იყოს და მისი ყოფნა ხელისუფლებაში არის ხალხის გადაწყვეტილებით და არა რომელიმე ევროკრატის სურვილით თუ სხვა კაპრიზებით.
"დიდი ალბათობით რთული სიტუაცია 20 იანვრის შემდეგ შეიცვლება, როცა ამერიკის 47-ე პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სიტუაციის დალაგებას დაიწყებს, როგორც თავად ქვეყანაში, ისე გლობალურ პოლიტიკაში, სადაც ბოლო ოთხი წლის განმავლობაში, ვაშინტონის მხრიდან ძალიან დიდი ჩავარდნები იყო და ეს დაზიანებული ურთიერთობები საქართველოსთანაც და ბევრ სხვა ქვეყანასთან უნდა აღდგეს და ძველ კალაპოტს დაუბრუნდეს",- განაცხადა გია აბაშიძემ "რეზონანსთან".
პოლიტიკური შეფასებები
"ვულოცავ ბიძინა ივანიშვილს, ყოფილი საბჭოთა კავშირის შემდეგ, ახლა უკვე ევროკავშირის წევრი ქვეყნები უკრძალავენ ჩასვლას თავიანთ ქვეყნებში", - ამბობს კოალიცია „ძლიერი საქართველოს" ლიდერი მამუკა ხაზარაძე, ლიეტუვის, ლატვიისა და ესტონეთის მიერ „ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის, ქართველი პოლიტიკოსებისა და ძალოვნების დასანქცირებაზე. მისი თქმით, დასანქცირებული პირები საქართველოში რუსეთისა და ვლადიმერ პუტინის ინტერესებს ატარებენ.
„ვულოცავ ბიძინა ივანიშვილს, ყოფილი საბჭოთა კავშირის, ახლა უკვე ევროკავშირის წევრი ქვეყნები უკრძალავენ ჩასვლას თავიანთ ქვეყნებში. ეს სამარცხვინო აქტია მისთვის, ეს პროცესი დაწყებულია და გაგრძელდება.
ვინც ამ დანაშაულებრივ და ანტისახელმწიფოებრივ საკონსტიტუციო გადატრიალებაში მიიღო მონაწილეობა და ახლაც ჩვენი ახალგაზრდების დარბევით იღებს მონაწილეობას, ყველას პასუხი მოეთხოვება. ელოდეთ ინტენსიურ გაგრძელებას! თქვენ საქართველოს არ ემსახურებით, თქვენ საქართველოში რუსეთისა და პუტინის ინტერესებს ემსახურებით.
„თქვენი ე.წ. პრემიერ მინისტრი, არალეგალი, არის "ჰამასის" და "ჰეზბოლას" მეგობარი და მათ პანაშვიდებსა და დასაფლავებებზე დადის. ეს კარგად გაიგო ქართველმა ხალხმა, თქვენი ტრიუკები გასაგებია, ეს არ გაგივათ, ამას ქართველი ხალხი გპირდებათ! ევროპის კავშირი არის ადამიანის უფლებები, ევროკავშირი არის ადამიანი, როგორც გამორჩეული სუბიექტი, რომელზეც სახელმწიფოა აგებული და არა პირიქით. ესენი ვინც დასანქცირდნენ არიან კომუნისტური მენტალობის, ბოლშევიკური მენტალობის ადამიანები, რომლებსაც თავისუფლება არ ესმით. ამ ჯგუფს სურს თავისუფალი საქართველო საბჭოთა კავშირში დააბრუნონ, სადაც ადამიანი არ ფასობს. ეს არ მოხდება და პროტესტები სრულ გამარჯვებამდე გაგრძელდება",- განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აშშ-ის მხრიდან სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერების შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ აღნიშნა, რომ აქციების კუთხით ამ გადაწყვეტილებას "დიდი ფასი არ აქვს" და აშშ-ის ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ, "მაქსიმალურ ძალისხმევას" მიმართავენ იმისთვის, რომ "გადაიტვირთოს ქართულ-ამერიკული ურთიერთობები".
„ასეთი პრაქტიკული დატვირთვა აშშ-თან სტრატეგიულ პარტნიორობას არ ჰქონდა, ჩვენ არ გვქონდა არც პირდაპირი ფრენები, არც უვიზო მიმოსვლა, არც თავისუფალი ვაჭრობა და ა.შ, რაც ლოგიკურად უნდა გამომდინარეობდეს სტრატეგიული პარტნიორობიდან.
„ყველა მიმართულებით ჩვენ გვქონდა მცდელობა მთელი ამ წლების განმავლობაში, მაგრამ სამწუხაროდ არ იყო შემხვედრი ნაბიჯები. რაც შეეხება ამ გადაწყვეტილებას, აქციების კუთხით ამ გადაწყვეტილებას დიდი ფასი არ აქვს. უბრალოდ ხდება ასეთი რამ, 20 იანვარს უნდა შედგეს ახალი პრეზიდენტის ინაუგურაცია და მოქმედი ადმინისტრაცია ცდილობს, მაქსიმალურად მძიმე ფონი დაახვედროს ჩვენს რეგიონში ახალ ადმინისტრაციას.
„ეს დიდ გავლენას ვერ მოახდენს ჩვენს ურთიერთობებზე, როგორც კი ინაუგურაცია შედგება, ჩვენ მაქსიმალურ ძალისხმევას მივმართავთ იმისთვის, რომ გადაიტვირთოს ქართულ-ამერიკული ურთიერთობები. ეს არის ჩვენთვის პრიორიტეტი და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე