თამთა ჩაჩანიძე
(02.08.2024)

1-ელ აგვისტოს, ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში პრესსპიკერმა პიტერ სტანომ ესპანურ გამოცემა „ევროპა პრესთან" საუბრისას განაცხადა, რომ უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის ძალაში შესვლის შემდეგ, ევროკავშირი საქართველოსთვის დახმარების შეჩერებას განიხილავს. მანვე აღნიშნა, რომ ევროკავშირის დიპლომატიური სამსახური "სერიოზულად შეშფოთებული რჩება საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენებით", ხოლო საკამათო კანონის ძალაში შესვლა ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე "უკან გადადგმულ ნაბიჯს წარმოადგენს".

„ეს დახმარება არა მაღალჩინოსნების ჯიბეში, არამედ დარგების განვითარებაზე მიდის. როგორ შეიძლება ქართველ ჯარისკაცს 30 მილიონი შეუწყვიტო, რომელიც ავღანეთსა და ერაყში იბრძოდა, ცხოვრება და სამსახური საოკუპაციო პირობებში უწევს და ამ დროს, ქართულ ჯარს, რომელიც საქართველოში რეიტინგებით ნომერ პირველია, დახმარებას უწყვეტ?!" - აცხადებს ანალიტიკოსი გია აბაშიძე „რეზონანსთან". აღსანიშნავია, რომ აშშ-ს შემდეგ საქართველოს მთავრობისადმი ფინანსური დახმარების შეჩერების შესაძლებლობას ევროკავშირიც განიხილავს.

სტანოს თქმით, მოკლევადიან პერსპექტივაში ევროკავშირმა უკვე შეამცირა პოლიტიკური კონტაქტები საქართველოს ოფიციალურ პირებთან - "ისეთების გარდა, რომლებიც არსებული ვითარებიდან გამოსასვლელი გზის ძიებაზეა ფოკუსირებული".

"[საქართველოს] მთავრობისადმი ჩვენი ფინანსური დახმარების შეჩერების შესაძლებლობას განვიხილავთ", - განაცხადა სტანომ და აღნიშნა, რომ ევროკავშირმა "ევროპის მშვიდობის მექანიზმის" ფარგლებში უკვე გაყინა სამხედრო დახმარების 30 მილიონი ევრო.

ივლისის შუა რიცხვებში საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ წარმოადგინა 5 წლიანი ანგარიში თუ რა დაფინანსება გამოყო ევროკავშირმა საქართველოსთვის ამ პერიოდში და რა სფეროებს ხმარდებოდა ის.

„2019-2024 წლებში ევროკავშირისგან მიღებული 46.1 მილიონი ევროს ორ მესამედზე მეტი განკუთვნილი იყო სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის საქართველოს მოსახლეობის დასახმარებლად და სერვისების ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად ისეთ სფეროებში, როგორებიცაა: მოწყვლადი ჯგუფების მხარდაჭერა, პროფესიული განათლება, მეწარმეობა, სოციალური სერვისები, ახალგაზრდების ჩართულობა და თემის განვითარება, კულტურის სფერო, გარემოს დაცვის ღონისძიებების გატარება.

„დაფინანსების ერთი მესამედი განკუთვნილია სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის, რომლებიც მონიტორინგს ახორციელებენ, ხელს უწყობენ და თანამშრომლობენ სამთავრობო უწყებებთან ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა ადამიანის უფლებები, ევროკავშირის სტანდარტების მიღება, გენდერული თანასწორობა და დეცენტრალიზაცია.

„საქართველოში ევროკავშირის დახმარების (2019 2024 წწ.) უმსხვილეს 10 ბენეფიციარს შორის შემდეგი სამთავრობო ინსტიტუტებია: 111,55 მილიონი ევრო - რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო/ადგილობრივი თვითმმართველობები; 101,40 მილიონი ევრო - ფინანსთა სამინისტრო; 62,75 მილიონი ევრო - თავდაცვის სამინისტრო; 57 მილიონი ევრო - გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და სააგენტოები; 5 მილიონი ევრო - ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო; 25,07 მილიონი ევრო - ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო და სააგენტოები; 19 მილიონი ევრო - მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისია; 12,85 მილიონი ევრო - განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო; 10,5 მილიონი ევრო - შინაგან საქმეთა სამინისტრო; 4 მილიონი ევრო - მთავრობის ადმინისტრაცია; (მე-11 არის საქართველოს პარლამენტი - 4.8 მილიონი ევრო)",- ნათქვამია განცხადებაში.

„ამგვარი გადაწყვეტილებები საქართველოს საზოგადოებაში ანტიდასავლურ განწყობებს ქმნის. ხალხმა „ქართული ოცნების" ხელისუფლება სამჯერ აირჩია და ამ ხელისულებას ის ძალები ამუნათებენ, რომლებიც მხარს რადიკალურ ოპოზიციას უჭერენ. ამ ბოლო წლების განმავლობაში, ეს ხომ თვალსაჩინო გახდა? უკვე გაჩნდა ის მოსაზრებაც, რომ სანქციების მეშვეობით ცდილობენ, რომ ნაცოპოზიციას დამატებითი ქულები დაუწერონ, ეს სრული აბსურდია, რომელიც რაციონალურობის ყველანაირ საზღვარს გასცდა.

„დამთხვევებად იქცა, რომ როგორც კი ასეთ გადაწყვეტილებებს იღებენ, პარალელურად, სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებები ქვეყნდება, რომელთა მიხედვით, საქართველო მოწინავეა არა მხოლოდ ევროკავშირის ყველა კანდიდატს შორის, არამედ ფართო რეგიონში - აღმოსავლეთ ევროპაში ლიდერობს. როდესაც საქართველოში ამას ეცნობიან, გარკვეულწილად გაუგებრობაში არიან, როგორ შეიძლება, რომ ქვეყანა სხვადახსვა ინდექსებში ლიდერობდეს და ამ დროს, მას იმის გამო ამუნათებდნენ, რომ მან დემოკრატიის გზას გადაუხვია, რუსეთისკენ მიექანება და ა.შ. ეს სრული აბსურდია და პირიქით, ამგვარი გადაწყვეტილებებით, სანქციები იქნება, მუქარები თუ სხვა, საქართველოში მეხუთე კოლონას კი არ გააძლიერებენ. არამედ პირიქით, „ქართულ ოცნებას" საზოგადოებაში უფრო მეტი პოზიციონირება ექნება.

„ორჯერ ორი ოთხია, რომ როცა ხალხის მიერ არჩეულ ლეგიტიმურ ხელისუფლებას ამუნათებენ, არ აქვს მნიშვნელობა უცხოეთიდან ვისი მხრიდან იქნება, იქ ხელისუფლება და საზოგადოება უფრო შეკავშირებული ხდება. ეს თუ დასავლეთის წარმომადგენლებს არ ესმით, რომლებუც ამ სიგიჟეში არიან ჩართულები, რასაც ჰქვია დემოკრატიული და სუვერენული საქართველოს უსინდისოდ დამუნათება, ეს მათი სერიოზული პრობლემაა",- განაცხადა აბაშიძემ.

კითხვაზე, რა სფეროებს ხმარდება ევროკავშირის ის დახმარება, რაზედაც სტანო ამბობს, აბაშიძემ გვითხრა:

„ეს არის ინსტიტუციური განვითარება - იქნება ეს მართლმსაჯულება თუ სხვადასხვა უწყებებები. ეს დახმარება მაღალჩინოსნების ჯიბეში კი არ მიდიოდა და მიდის, არამედ მიდის დარგების განვითარებაზე, როგორ შეიძლება ქართველ ჯარისკაცს 30 მილიონი შეუწყვიტო, რომელიც ავღანეთსა და ერაყში იბრძოდა, ცხოვრება და სამსახური საოკუპაციო პირობებში უწევს და ამ დროს, ქართულ ჯარს, რომელიც საქართველოში რეიტინგებით ნომერ პირველია, დახმარებას უწყვეტ?! ამ აბსოლუტური გაუგებრობის გამო, ნამდვილად იქმნება ანტიდასავლური განწყობა, რომ ოკუპირებული საქართველოს ჯარისკაცს დასავლეთი დახმარებას უწყვეტს და ამ ფინანსურ რესურსებს ამისამართებ იმ არასამთავრობო ორგანიზაციების სასარგებლოდ, რომლებიც ხელისუფლებას ებრძვიან და რომელთა მოწონების რეიტინგი თვად დასავლურ კვლევებშიც უმდაბლეს დონეზეა. ეს იგივეა, რომ შევადაროთ იმას, რაც ოლიმპიადის გახსნაზე ხდებოდა, ეს ხომ არა მხოლოდ ქართულმა, არამედ მსოფლიო საზოგადოების უმრავლესობამ დაგმო?! ასეთი ყალბი პოლიტიკის გატარება დასაველთისთვის ნამდვილად დამაზიანებელია",- განაცხადა გია აბაშიძემ „რეზონანსთან".

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე