თამთა ჩაჩანიძე
(01.08.2024)

გიგა ბოკერიამ და თამარ ჩერგოლეიშვილმა „ევროპული საქართველო" დატოვეს, მიზეზი კი, როგორც თავად ამბობენ, პარტიაში არსებული უთანხმოება გახდა, რომელიც პრაიმერიზის ჩატარების წესმა გამოიწვია. ანალიტიკოსები არ გამორიცხავენ, რომ ბოკერია-ჩერგოლეიშვილი წინასაარჩევნოდ რომელიმე ოპოზიციურ პლატფორმაში ვიხილოთ, თუმცა არა „ნაცმოძრაობასთან". „ევროპული საქართველოში" დარჩენილებს კი ჯერჯერობით გეგმა არ აქვთ, თუ რას აპირებს პარტია.

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი და ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ „ევროპულ საქართველოს" ბარიერის გადალახვის პრობლემა აქვს და თუ რომელიმე პლატფორმას არ შეუერთდა, მით უმეტეს ჩერგოლეიშვილ-ბოკერიას წასვლის შემდეგ, არჩევნებში მონაწილეობას აზრი არა აქვს.

„გარკვეული პრობლემები არსებობდა იმასთან დაკავშირებით, რომ „ევროპულ საქართველოს" 5%-იანი ბარიერი გადაელახა. რეიტინგი არ ჰქონდათ, თუმცა პარტიაში მეტად გამოცდილი და იტელექტუალი ადამიანები არიან. არაა გამორიცხული, რომ ისინი (ჩერგოლეიშვილი-ბოკერია) რომელიმე გუნდს შეუერთდნენ, უფრო მეტად მოსალოდნელია პარტია „ახალი", ან „ლელო", „ნაცმოძრაობასთან" ნაკლებადაა შესაძლებელი.

„თვითონ „ევროპული საქართველო" რომელიმე გუნდში აუცილებლად უნდა იყოს. ამის შემდეგ რეიტინგი ალბათ უფრო დააკლდება. მაშინ, როცა 2016 წლის არჩევნების შემდეგ, ეს პარტია ენმ-ს გამოეყო, რეიტინგი ჰქონდათ, მათ შორის 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში - დავით ბაქრაძემ სადღაც 150 ათასანდე ხმა მიიღო, 2020 წელსაც მანდატები მიიღეს.

„როცა წვრილი პარტიები ხვდებიან, რომ არჩევნებში ბარიერის გადალახვა არ შეუძლიათ და მაინც მიიღებენ მონაწილეობას, ეს „ოცნების" წისქვილზე ასხამს წყალს. ამიტომაც უმჯობესია, რომ სხვადასხვა პლატფორმაზე გადანაწილდნენ. „ევროპულ საქართველოსაც" ბარიერის გადალახვა გაუჭირდება, მაგრამ თუ ვინმესთან ალიანსში შევა, უკეთესია",- განაცხადა ნიკა ჩიტაძემ „რეზონანსთან".

„ევრპული საქართველოდან" ბოკერია-ჩერგოლეიშვილის წასვლას ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში ეხმაურება.

„რადიკალურ ოპოზიციაში რაც მეტად და სწრაფად გაიხლიჩებიან საპარლამენტო სიების გამო, მით უკეთესი ქართული დემოკრატიისთვის. პირველი რაუნდი არჩევნებამდე იქნება, მომდევნო, არჩევნების შემდეგ, როცა დახარჯული თუ მითვისებული ფინანსების გამო დანასისხლად გადაეკიდებიან ერთმანეთს.

„სრულდება რაღაც „პარტიუკების" საჯარო სივრცეში არსებობის მრავალწლიანი პერიოდი. გიგა ბოკერია „ევროპულ საქართველოს" ტოვებს ე.წ. სამზარეულოს პარტიაში პრაიმერიზის ჩატარების წესზე უთანხმოების გამო",- წერს აბაშიძე „ფეისბუქზე".

სპეციალურად განმართულ პრესკონფერენციაზე, ჟურნალისტმა ბოკერიას კითხვა დაუსვა, როგორია მისი გეგმები, ცალკე პარტიას შექმნის თუ რომელიმე პლატფორმას უერთდება, რაზედაც უპასუხა, რომ ამ ეტაპზე რაიმე გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ აქვს: „ამასთან დაკავშირებით არანაირი გადაწყვეტილება არც კი განმიხილია, ამ ეტაპზე".

ბიკერიამ ასევე არ გამორიცხა, რომ პარტიაში ნიჰილიზმიც ყოფილიყო იმასთან დაკავშირებით, რომ „ევროპულ საქართველოს" ბარიერის გადალახვა არ შეუძლია.

„შეიძლება ადამიანებს აღარ ჰქონდათ რწმენა, რომ ბარიერის გადალახვა შეგვიძლია. ვთვლიდი, ფორმაში რომ ვყოფილიყავით, ეს შეგვეძლო და შეიძლება ეძებენ გზებს სხვა ტიპის პოლიტიკური მომავლისთვის",- განაცხა ბოკერიამ.

როგორც მან აღნიშნა, პარტიაში პრაიმერიზის ჩატარების წესმა უთანხმოება და სერიოზული დაპირისპირება გამოიწვია.

„საზოგადოებამ იცის, რომ ევროპულ საქართველოში ჩატარდა პრაიმერიზი, დასრულდა ეს პროცესი. მიუხედავად ხარვეზებისა, ჩემი აზრით, ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი პრეცედენტი საქართველოს პოლიტიკურ კულტურაში, როდესაც წინასწარ რეგისტრირებულმა დელეგატებმა შეარჩიეს საპარლამენტო სია. სამწუხაროდ, ამ პროცესს პარტიის შიგნით მოჰყვა სერიოზული დაპირისპირება. პარტიის ნაწილისთვის მიუღებელი აღმოჩნდა როგორც შედეგები, ისე განსაკუთრებით ჩემი, როგორც პარტიის თავმჯდომარის პოზიცია. კერძოდ, მე მხარი დავუჭირე ამ კონკურენციაში მეორე სიას, რადგან ვთვლიდი, რომ მეორე სიაში უკეთ იყო წარმოდგენილი ის გუნდი, ვინც ლომის წილი შეიტანა იმ პროცესებში, რაც ჩვენს პარტიაში ბოლო სამი წლის განმავლობაში ხდება. ძალიან რთული მდგომარეობიდან ჩვენს პარტიას ჰქონდა ზრდა, შეიქმნა სერიოზული შინაარსი და კამპანია. ეს ჩვენი კონკურენტების კვლევებმაც დაადასტურეს. სამწუხაროდ, პარტიის მნიშვნელოვანმა ნაწილმა, გენერალურმა მდივანმა, პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარემ ეს ასე არ ჩათვალეს. საკითხი მივიდა სერიოზულ დაპირისპირებამდე. დაისვა ჩემი პასუხისმგებლობის საკითხი, როგორც ამ პარტიის თავმჯდომარის.

„მე ვთვლი, რომ ამ ვითარებაში, როდესაც ისედაც სერიოზული კამპანია მიდის „ევროპული საქართველოს" წინააღმდეგ „ხმების გაფლანგვის საფრთხესთან", დაკავშირებით, ხმების ჩუქებასთან დაკავშირებით რეჟიმისთვის, რაც არ შეესაბამება სინამდვილეს, ასეთი დაპირისპირების გაღრმავება შეუძლებელს გახდის კამპანიის წარმატებით ჩატარებას. ასევე ძალიან დიდი აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია პრაიმერიზის წესმა. ჩვენ შეთანხმებული ვიყავით, რომ ამ პროცესში მონაწილეობა უნდა მიეღო მხოლოდ ჩვენი პოლიტიკური ძალის აქტიურ მხარდამჭერებს. ეს იყო თავდაპირველი შეთანხმება. სამწუხაროდ, პარტიის გენერალურმა მდივანმა, აკაკი ბობოხიძემ და მისმა მხარდაჭერებმა, ეს გადაწყვეტილება შეცვალეს, როგორც ჩანს, კონკურენციაში მათი ინტერესებიდან გამომდინარე და პოლიტსაბჭოს უმრავლესობამ ამას მხარი დაუჭირა. ესეც ძალიან სერიოზული ფაქტორი იყო ამ დაპირისპირებისთვის.

„მე ვერ ავიღებ პასუხისმგებლობას როგორც პარტიის თავმჯდომარე საპარლამენტო არჩევნებზე ამ მდგომარეობაში მყოფ პარტიის წარდგენაზე. ამიტომ, მივიღე გადაწყვეტილება, გადავდგე პარტიის თავმჯდომარის პოზიციიდან, არ მივიღო მონაწილეობა შემდეგ არჩევნებზე ყრილობაზე, რომელიც დანიშნულია 11 აგვისტოს. ამასთან, ამ ვითარებამ გამოავლინა ჩემთვის სრულიად მოულოდნელი ფასეულობითი კონფლიქტი ჩემს იქამდე უახლოეს პოლიტიკურ პარტნიორთან აკაკი ბობოხიძესთან და მის მხარდამჭერებთან. ამიტომ, მე ვერ დავრჩები ვერც საპარლამენტო სიაში და ვერც პოლიტიკურ გუნდში. უკვე პარტიის შიგნით დაპირისპირების გაღვივების გარეშე პოლიტსაბჭოს თავმჯდომარეს გიგი წერეთელს, გენერალურ მდივანს აკაკი ბობოხიძეს და იმ გუნდს, ვინც იქ რჩება, ექნებათ საშუალება, თვითონ მიიღონ გადაწყვეტილებები პარტიის სტრატეგიის და მომავლის თაობაზე", - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე