ხუთშაბათიდან ძალაშია „გავლენების შესახებ" კანონი, რომელიც, 20%-ზე მეტი დაფინანსების უცხოეთიდან მიღების შემთხვევაში, არასამთავრობო და მედია ორგანიზაციებს საჯარო რეესტრში რეგისტრაციას ავალდებულებს. არასამათავრობოების დიდი ნაწილი კანონის ლეგიტიმაციას არ აღიარებს და რეგისტრაციის გავლას არ აპირებენ, რასაც მთავრობის მხრიდან სანქციები მოჰყვება.
ანალიტიკოს ვახტანგ ძაბირაძის აზრით, „ოცნებამ" ეს კანონი მიიღო იმისათვის, რომ არჩევნებში გამოიყენონ. „თუ ორგანიზაციები რეგისტრაციაზე უარს იტყვიან, შესაძლოა, დაუკითხავად გაატარონ, თუ რეგისტრაციაში არ გატარდა, მაშინ მოსალოდნელია, რომ არარეგისტრირებული არასამთავრობოები არჩევნებზე დამკვირვებლად არ გაუშვან. ხელისუფლებას ხომ ძირითადად ეს აწუხებს, რომ უბნებზე დაკვირვებლები არ ჰყავდეთ, მითუმეტეს არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები, რომლებსაც საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვთ და შესაბამის დასკვნებს აკეთებენ, მათ ეს პრობლემა აქვთ".
როგორია რეგისტრაციის პროცედურა?
ორგანიზაციებს, პირველი აგვისტოდან პირველ სექტემბრამდე, ერთი თვე აქვთ იმისთვის, რომ „უცხოური ინტერესების გამტარებლის სტატუსით" რეესტრში დარეგისტრირდნენ.
ერთთვიანი ვადის გასვლის შემდეგ, იუსტიციის სამინისტრო მონიტორინგს იწყებს. აღმოჩენილ და დაურეგისტრირებელ უცხოური ინტერესის გამტარებელს 25 000 ლარით დააჯარიმებს, შემდეგ კი იუსტიციის სამინისტრო თავად დაარეგისტრირებს. მონიტორინგის წესი ჯერ უცნობია.
დაურეგისტრირებელი ორგანიზაციების შესახებ ინფორმაციის მოკვლევის დაწყება სახელმწიფოს კერძო განცხადების საფუძველზე დაყრდნობითაც შეუძლია.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ვალდებულია რეგისტრაციის მსურველს მიმართვიდან 2 სამუშაო დღეში მისცეს წვდომა ვებგვერდზე. მას კი 10 სამუშაო დღე აქვს განაცხადის შესავსებად და სავალდებულო ფინანსური დოკუმენტაციის ასატვირთად.
ორგანიზაცია ვალდებულია საფინანსო დეკლარაციაში დაწეროს:
• განაცხადის ავტორის საიდენტიფიკაციო მონაცემები;
• ორგანიზაციის ადგილსამყოფლის მისამართი;
• განაცხადის ავტორის ვებგვერდის მისამართი;
• წინა კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული ნებისმიერი ფულადი თანხისა და ქონებრივი ღირებულების, სხვა სახის მატერიალური სიკეთის წყაროს, ოდენობისა და მიზნის შესახებ;
• წინა კალენდარული წლის განმავლობაში დახარჯული ნებისმიერი ფულადი თანხის ოდენობისა და მიზნის შესახებ;
• განაცხადის შევსების თარიღი.
კანონში წერია, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ უფლებამოსილმა პირმა 30 სამუშაო დღის განმავლობაში უნდა შეისწავლოს და გამოიკვლიოს წარდგენილი ინფორმაცია, დადებითი დასკვნის შემთხვევაში დაარეგისტრიროს „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად" და აღრიცხოს ასეთი ორგანიზაციების რეესტრში.
რა ზომები იქნება მიღებული
არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი რეესტრში რეგისტრაციაზე უარს ამბობს.
„ერთ-ერთი მთავარი პრობლემა დაგეგმილი არჩევნებია. არჩევნების თავისუფლად და სამართლიანად შეფასების ერთ-ერთი კომპონენტი თავისუფალი წინასაარჩევნო გარემოა, ერთი მხრივ პოლიტიკური პარტიებისთვის, მაგრამ ამავე დროს დამკვირვებელი ორგანიზაციებისთვის იმისათვის, რომ მათ თავისუფლად და შეუფერხებლად დააკვირდნენ საარჩევნო პროცესს. ჩვენ არ ვაპირებთ „რუსული კანონით" ცხოვრებას და რეგისტრაციის გავლას", - ამბობს „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების" აღმასრულებელი დირექტორი, ნინო დოლიძე.
კანონის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში სამი სარჩელი შევიდა, პრეზიდენტისა და სამოქალაქო სექტორის შემდეგ, სასამართლოს ბოლოს ოპოზიციონერი დეპუტატების ჯგუფმა მიმართა.
„ოცნების" დეპუტატმა, ნინო წილოსანმა განაცხადა, რომ იუსტიციის სამინისტროს ექნება უფლება, არასამთავრობო და მედია ორგანიზაციების შესახებ ინფორმაცია, მათ შორის, ფიზიკური პირებისგან მოიძიოს.
„არსებობს სახელმწიფოს უფლება, მოვალეობა და ვალდებულება, რომლითაც უნდა აღსრულდეს კანონი. მათ შორის, კანონში გაწერილია და უკვე კანონქვემდებარეებში დეტალურად გაიწერება რეგისტრაციის პირობები და ნებაყოფლობით არ დარეგისტრირების შემთხვევაში, თავისთავად იუსტიციის სამინისტროს აქვს უფლება და ვალდებულება, რომ მოიძიოს ინფორმაცია, საჯარო წყაროებიდან იქნება ეს, კონკრეტული ორგანიზაციებიდან თუ სხვადასხვა საშუალებებიდან, მათ შორის, ფიზიკური პირებისგან და შეგროვებული ინფორმაციით თავად დაარეგისტრიროს ეს ორგანიზაციები რეესტრში", - განაცხადა წილოსანმა.
ანალიტიკოს გია აბაშიძეს მიაჩნია, რომ ეს ოპოზოცოოს მორიგი მცდელობაა, რომ წინასაარჩევნოდ ხელისუფლება ჯალათად წარმოაჩინონ.
„საქართველოში მრავალი არასამთავრობო ორგანიზაცია არსებობს, თუმცა მათთან შედარებით მცირე ნაწილი, რომელიც პოლიტიკურ რადიკალიზმშია გადართული და კანონის დაუმორჩილებლობას აპირებს, რაც აბსოლიტურად გაუგებარი და ირაციონალურია. როდესაც გამჭვირვალობაზე თვითონ აპელირებენ და ამ დროს თვითონ ეწინააღმდეგენიან ე.წ. რუსულ კანონს, სინამდვილეში კი ქართულ-გამჭვირვალობის შესახებაა.
„სხვადასხვა ინფორმაციები ვნახე, სადაც აცხადებენ, რომ ზოგიერთი ორგანიზაციის დაფინანსებას საფრთხე ემუქრება. როგორ ემუქრება საფრთხე, როდესაც ძალიან მარტივი პროცედურაა გასავლელი, როგორც საჯარო მოხელეები აფიქსირებენ შესაბამის რეესტრში თავიანთ ქონებას და შემოსავალს, ასევე სპეციალურ რეესტრებში უწევთ ამის გაკეთება.
„რასაკვირველია დაუმორჩილებლობაზე ჯარიმაა, თუ არ გადაიხდიან, შესაბამისი პროცესები დაიწყება, რაც ამ თანხის ამოღებას გულისხმობს და ეს არანაირად არ უკავშრდება რაღაც ავტორიტარიზმს, დიქტატურას და ა.შ. მაგრამ მთავარი, რასაც მე პირადად ვხედავ, არის ის, რომ ცდილობენ წინასაარჩევნოდ პოლიტიკიკური ტემპერატურა მაქსიმალურად აწიონ, რათა „ოცნება" მდევნელად და ჯალათად წარმოჩინდეს, რომელიც თავისუფალ სიტყვასა და სამოქალაქო სექტორს ავიწროებს.
„აქ ძალიან მარტივი, ლოგიკური შეკითხვაა, როდესაც სუფთა ხარ, ეწევი დემოკრატიულ და სამოქალაქო საქმიანობას რა გაქვს დასამალი? რა არის ისეთი, რაც არ გინდა, რომ საზოგადოებას აჩვენო? ეს აჩვენს ეჭვს, რომ საზღვარგარეთიდან მიღებული თანხები არ ხმარდება სხვადასხვა შემთხვევაში დემოკრატიული პროცესების ხელშეწყობას", - განაცხადა გია აბაშიძემ „რეზონანსთან".
ვახტანგ ძაბირაძის თქმით კი „ოცნება" ყველანაირად ეცდება, რომ ეს საკუთარ ინტერესებს მოარგოს.
„ხელისუფლება შეეცდება, რომ ოპოზიციურ პარტიებს კი არ გაუყინოს მედიასაშუალებები, ან შევარდნენ ტელესტუდიებში და სხვა ძალადობრივი ქმედებები, არამედ, აი, ამ სანქციებით და შემდეგი პროცესებით არასამთავრობო ორგანიზაციებს არ მისცენ საშუალება, რომ არჩევნებს დაესწრონ. მე სხვა მოვლენების განვითარებას არ ველოდები.
„იგივე ხდება მედია საშუალებებზე, საზღვარგარეთიდან დაფინანსებულ მედიებსაც იგივე ბედი ელით, ოღონდ როდის და რას გამოიყენებენ, ეს ცალკე სამსჯელო თემაა, თუმცა აუცილებლად რომ გამოიყენებს, ეს გარანტირებულია, ნუ, თუ საკონსტიტუციო სასამართლომ არ ჩათვალა, რომ კანონი არაკონსტიტუციურია.
„სამოქალაქო სექტორიდან გაჟღერებული განცხადებები, რომ კანონი არალეგიტიმურია, ცოტა უცნაურია. რას ნიშნავს არალეგიტიმურობა? მაშინ მთლიანად პარლამენტია არალეგიტიმური, რადგან მან მიიღო კანონი, სხვას ხომ არ მიუღია? როცა ამაზეა ლაპარაკი ცოტა მეტი სიფრთხილეა საჭირო", - განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ „რეზონანსთან".
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე