„საქართველოს მთავრობის ტყუილის შემცველი განცხადებები არ შეესაბამება ევროკავშირისა და ნატოს ნორმებს“ - ბლინკენი
თამთა ჩაჩანიძე
(01.08.2024)

„გავლენების კანონის" მიღების შემდეგ, აშშ-მა საქართველოსთან ორმხრივი ურთიერთობის გადახედვა დაანონსა, რომლის ფარგლებშიც საქართველოს მთავრობისთვის გამოყოფილი 95 მილიონზე მეტი დოლარის დახმარება შეაჩერა. ამის შესახებ 31 ივლისს შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, მანამდე კი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძისგან ითქვა, რომ ვაშინგტონისგან შემხვედრ ნაბიჯს ელის, ოღონდ არა სანქციების ჭრილში.

კითხვაზე, რა დანაკლისია ამ დახმარების შეჩერება ქართველი ხალხისთვის, ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე „რეზონანსთან" ამბობს, რომ 95 მილიონი სხვადასხვა სფეროებსა თუ სექტორზეა გაწერილი და ის პროგრამები გაიყინება, რასაც აშშ საქართველოში ამ ფინანსებით ახორციელებდა.

ამას „ქართული ოცნება" „გულდასაწყვეტს" უწოდებს. უმრავლესობის დეპუტატი ბექა ოდიშარია წერს, რომ საუბარი იმის თაობაზე, თითქოს დაფინანსება მთავრობას უუქმდება, „რეალობას აცდენილია", თუ რამე ფინანსური ნაკადი მოდიოდა აშშ-დან მთავრობისკენ, „ის არ ხმარდებოდა მთავრობას და „ქართულ ოცნებას", არამედ თითოეული ცენტი, რომლითაც ამერიკელი გადამხდელები ეხმარებოდნენ საქართველოს, მიემართებოდა და ხმარდებოდა ქართველ ხალხს! განსხვავებით იმ ფულადი ნაკადებისაგან, რომელთაც ეპატრონებიან და გველეშაპებივით არიან გადამჯდარი კოლექტიურ ნაცმოძრაობასთან აფილირებული მტაცებელი ენჯეოები!!!"

ოპოზიცია კი აცხადებს, რომ დახმარება „ქართული ოცნების" მოქმედების გამო დაიბლოკა, „სტრატეგია აღმაშენებელის" ლიდერი გიორგი ვაშაძე ირაკლი კობახიძეს ეკითხება, აპირებს თუ არა „ქართველ ხალხს ბოდიში მოუხადოს" ამისთვის.

„მათ ძალიან კონკრეტულად თქვეს, იღებთ „რუსულ კანონს"? ჩვენ გადავხედავთ სტრატეგიულ პარტნიორობასო. თუ გვინდა ეს 95 მილიონი დოლარი და მასთან ერთად 14 მილიარდი ევრო მოვიტანოთ, 26 ოქტომბერს უნდა მივიდეთ არჩევნებზე, ერთიანობით შევცვალოთ ეს ხელისუფლება და ნორმალური განვითარების გზას დავადგეთ", - განაცხადა ვაშაძემ.

ბლინკენის განცხადებაში, სადაც ფინანსური დახმარების შეჩერებაზეა საუბარი, ასევე ნათქვამია, რომ შეერთებული შტატები გააგრძელებს პროგრამებისა და აქტივობების მხარდაჭერას, რომელსაც სარგებელი მოაქვს ქართველი ხალხისთვის დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ეკონომიკური განვითარების გაძლიერებით.

„23 მაისს, საქართველოს მთავრობის მიერ ანტიდემოკრატიული ქმედებების შემდეგ, მე შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის ორმხრივი თანამშრომლობის ყოვლისმომცველი გადახედვა დავაანონსე. ამ გადახედვის შედეგად, შეერთებული შტატები 95 მილიონ დოლარზე მეტ დახმარებას აჩერებს, რომელიც პირდაპირ სარგებელს მოუტანდა საქართველოს მთავრობას. საქართველოს მთავრობის ანტიდემოკრატიული ქმედებები და ტყუილის შემცველი განცხადებები არ შეესაბამება ევროკავშირსა და ნატოში წევრობის ნორმებს. მაშინ, როდესაც ჩვენ ვაჩერებთ საქართველოს მთავრობისთვის დახმარებას ამ ქმედებების გამო, შეერთებული შტატები გააგრძელებს პროგრამებისა და აქტივობების მხარდაჭერას, რომლებსაც სარგებელი მოაქვთ ქართველი ხალხისთვის დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ეკონომიკური განვითარების გაძლიერებით.

„ჩვენს ქვეყნებსა და ხალხებს შორის მეგობრობისა და პარტნიორობის 32 წელზე მეტის განმავლობაში, შეერთებული შტატების ხალხმა დახმარების 6.2 მილიარდ დოლარზე მეტი გამოყო, რამაც წვლილი შეიტანა საქართველოს ეკონომიკისა და დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებასა და გაძლიერებაში. ჩვენმა დახმარებამ წვლილი შეიტანა საქართველოს თავდაცვის ძალებისა და სანაპირო დაცვის აღჭურვასა და წვრთნაში, სკოლებისა და საავადმყოფოების აშენებაში, მასწავლებლების, საჯარო მოსამსახურეებისა და სამედიცინო პროფესიონალების წვრთნაში. ქართველი ხალხისა და მათი ევროატლანტიკური მისწრაფებების ერთგული დავრჩებით", - ნათქვამია ბლინკენის განცხადებაში.

ზაალ ანჯაფარიძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ საქართველოს მხრიდან პოზიციის დაფიქსირება აუცილებელი იყო, თუმცა ხელისუფლებამ რაც არ უნდა თქვას, აშშ ისე მოიქცევა, როგორც საჭიროდ ჩათვლის და ამ ეტაპზე ჩათვალეს, რომ საქართველოს ხელისუფლებას „ყულფი რაც შეიძლება მაგრად შემოუჭირონ". მისი თქმით, აშშ-სგან და ევროპისგან იმაზე სუაბარისას, რომ ისინი მხარს ქართველ ხალხს უჭერენ, მხედველობიდან ერთი რამ გამორჩათ, რომ „ეს მთავრობა ხალხმა აირჩია".

„საქართველო და აშშ ორი შეუდარებლად განსხვავებული გავლენის და მასშტაბის სახელმწიფოებია და გასაგებია, რომ საქართველო აშშ-ს ვერ უკარნახებს, რა გააკეთოს და როგორ მოიქცეს, თუმცა, საქართველოს მხრიდან საკუთარი პოზიციის დაფიქსირება იმაზე თუ აშშ საქართველოს როგორ ექცევა, ალბათ აუცილებელი იყო და პრემიერ-მინისტრმაც თავის სათქმელი თქვა.

„გასაგებია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ რაც არუნდა განაცხადოს, აშშ ისე მოიქცევა, როგორც თავად საჭიროდ ჩათვლის. როგორც ჩანს, მათ ამ ეტაპზე საჭიროდ ჩათვალეს, რომ საქართველოს ხელისუფლებას კისერზე ყულფი რაც შეიძლება მაგრად შემოუჭირონ, სწორედ ამ სანქციებით, დახმარებების შეჩერებით და ა.შ. რომ „ქართული ოცნების" პოზიციები არჩევნებისთვის მაქსიმალურად დაასუსტონ. რა თქმა უნდა, ამას თავად არ ამბობენ, მაგრამ ამით სურთ ხელი შეუწყონ ოპოზიციას და მის ელექტორატს, რომ არჩევნებზე წარმატებას მიაღწიოს.

„თუ ყურადღებას მიაქცევთ, პრაქტიკულად ყველა განცხადებებში ერთიდაიგივე ნარატივი მეორდება, რომ ჩვენ ამ ხელისუფლებას მხარს არ დავუჭერთ იმიტომ, რომ... აქ ჩამოთვლილია რაღაც მიზეზები და ამავე დროს, მხარს დავიუჭერთ ქართველ ხალხსო. პრონციპში, ამერიკელებიც და ევროპელებიც ერთიდაიგივე ნარატივზე სხედან, რომ ჩვენ მხარს არა მთავრობას, არამედ ქართველ ხალხს ვუჭერთო. თუმცღა, მათ ამ ნარატივში მხედველობიდან ერთი დიდი წინააღმდეგობრივი მომენტი რჩებათ - ეს მთავრობა საიდან მოვიდა, ეს ხომ ხალხმა აირჩია? საინტერესოა, მათ არ თვლიან ქართველ ხალხად? სწორედ აქაა წინააღმდეგობა, რაც მათ მიდგომაში ვლინდება, რაც ჩემი აზრით, საქართველოს საზოგადოების ერთ ნაწილიში გარკვეულ უკმაყოფილებას იწვევს", - განაცხადა ანალიტიკოსმა.

ანჯაფარიძე ამბობს, რომ შეჩერებული 95 მილიონიანი დახმარება სხვადასხვა სფეროებსა თუ სექტორზეა გაწერილი და ის პროგრამები გაიყინება, რასაც აშშ საქართველოში ამ ფინანსებით ახორციელებდა.

„რამდენადაც ვიცი, ეს 95 მილიონი დოლარი სხვადასხვა სექტორზეა გაწერილი, სხვადასხვა სფეროების საკმაოდ ფართო ჩამონათვალია - დაწყებული სამხედრო და უსაფრთხოების მიზნებიდან, ასევე ეკონიმიკის განვითარება, ენერგეტიკა, სოფლის მეურნეობა და ა.შ. სადღაც 10 თუ 15 სექტორია, რომელზედაც ეს დახმარება ნაწილდება. რა თქმა უნდა, ამ დახმარების შეჩერება გარკვეულწილად იმ პროგრამებზე აისახება, რასაც აშშ აქ ახორციელებს და ეს პროგრამები დიდი ალბათობით, არჩევნებამდე არ განხორციელდება.

„თუ არჩევნებზე ისევ „ქართულმა ოცნებამ" გაიმარჯვა, მაშინ ბურთი ისევ ამერიკელების მოედანზე იქნება - მათ უნდა გადაწყვიტონ, გააგრძელონ ეს ბოიკოტის და სანქციების რეჟიმი, თუ მაინც ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებას დაელეპარაკონ. იმ პოლიტიკურ იწილო-ბიწილოს, რომ შენ გადმოდგი შემხვედრი ნაბიჯი, არა შენ გადმოდგიო, საბოლოო წერტილს არჩევნების შედეგი დაუსვამს. როგრც ამერიკელები, ისე ევროპელები არჩევნებამდე „ოცნებაზე" წნეხს გააძლიერებენ, ეს შეიძლება იყოს დამატებითი სანქციები, ან თუნდაც მათი მხრიდან ამ რიტორიკის გაგრძელება, რომ ამით „ქართული ოცნების" ამომრჩევლებზე რაღაცნაირად ზემოქმედება მოახდინონ, რომ საქართველოსთვის დახურულია ევროკავშირში მიღების კარი. ოქტომბერში ევროკავშირის ანგარიშს ველოდებით მოლაპარაკების გახსნის თაობაზე და შესაძლოა ეს ანგარიში ნეგატიური იყოს და ამითაც იმოქმედონ „ოცნების" ამომრჩეველზე. ანუ, ჩემი აზრით, სტრატეგიული ხაზია, რომ „ქართული ოცნება" არჩევნებამდე რაც შეიძლება დასუსტებული მიიყვანონ", - განაცხადა ზაალ ანჯაფარიძემ „რეზონანსთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე