ნატალია ჯვარიძე
(01.08.2024)

მთავრობის სხდომაზე ირაკლი კობახიძემ რამდენიმე საკითხზე ისაუბრა, მან უკანონო ხე-ტყის ჭრაზე ახალი სანქციები გამოაცხადა. ასევე თქვა, რომ სახელმწიფო განახორციელებს ფინანსურ ინტერვენციას და 20 ათასზე მეტ მევენახეს მოსავლის რეალიზაციის საშუალება მიეცემა. ისიც დაანონსა, რომ 2-დან 8 აგვისტოს ჩათვლით ანაზღაურებად სტაჟირებაზე კონკურსი ცხადდება.

პრემიერის განცხადებით, ხე-ტყის უკანონო ჭრასა და უკანონო ტყითსარგებლობაზე დაწესებული სანქციები აქამდე თუ 1 წლამდე თავისუფლების აღკვეთა იყო, ახლა 1- დან 3 წლამდე განისაზღვრება.

„ცვლილებების თანახმად, სახერხი საამქროს მიერ რეგისტრაციის მოთხოვნათა დარღვევაზე მკაცრდება სანქცია. აქამდე იყო 1 წლამდე თავისუფლების აღკვეთა და 1-დან 3 წლამდე განისაზღვრება ახალი სანქცია. ასევე, სისხლის სამართლის კოდექსს დაემატება ახალი, 287-ე სეკუნდა მუხლი, რომელიც ეხება სახერხი საამქროს ტერიტორიაზე არამარკირებული მრგვალი ხე-ტყის, იგივე მორის განთავსებას. ამ სამართალდარღვევისთვის მანამდე გათვალისწინებული იყო მხოლოდ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა, ახლა უკვე განისაზღვრება სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა - საუბარია 1-დან 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთაზე. თუ დიდი ოდენობით ხდება მრგვალი ხე-ტყის უკანონოდ განთავსება, ამ შემთხვევაში 3-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთა არის სანქციად გათვალისწინებული", - განაცხადა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურის თქმით, სანქციები ასევე მკაცრდება მერქნული მცენარის გაჩეხვასა და დამზადებაზე.

„ცვლილებებით ასევე დგინდება სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა სახელმწიფო ტყეში ან დაცულ ტერიტორიაზე მერქნული მცენარის დიდი ოდენობით უკანონო გაჩეხვისთვის და გათვალისწინებული იქნება 5-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა. ასევე სანქციები მკაცრდება მრგვალი ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირებაზეც. აქაც არის მკაცრი სანქცია - 3-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთა", - განაცხადა კობახიძემ.

ასევე კობახიძემ აღნიშნა, რომ კანონპროექტი უახლოეს დღეებში იქნება ინიცირებული პარლამენტში და საკანონმდებლო ორგანოს მხარდაჭერის იმედი გამოთქვა.

ასევე მან ყურადღება გაამახვილა მევენახეების მოსავლის რეალიზებაზე და თქვა, რომ სახელმწიფო განახორციელებს ფინანსურ ინტერვენციას და 20 ათასზე მეტ მევენახეს მოსავლის რეალიზაციის საშუალება მიეცემა.

მისივე თქმით, რთველის სუბსიდირება მიმდინარე წელსაც განხორციელდება, რათა სრულად დაბინავდეს მოსავალი, ფერმერებმა მიიღონ ადეკვატური შემოსავალი და ღვინის ინდუსტრიამ შეძლოს სტაბილური განვითარების ტემპის შენარჩუნება.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, წლიდან წლამდე ვითარდება ქვეყანაში მევენახეობა, მეღვინეობა და ამ დარგის მიმართ სახელმწიფოს მხარდაჭერა ძალიან დიდია.

„სახელმწიფო განახორციელებს ფინანსურ ინტერვენციას, 20 ათასზე მეტ მევენახეს მოსავლის რეალიზაციის საშუალება მიეცემა, ასევე რთველში ჩართულ 500-მდე კომპანიას ექნება იმის საშუალება, რომ ყურძნის შეუფერხებლად შესყიდვა-გადამუშავება განახორციელოს. ეს არის სუბსიდიის ამოცანა.

მთავრობის გადაწყვეტილებით, სახელმწიფო სუბსიდიას მიიღებს ის კომპანია, რომელიც 2024 წლის რთველის განმავლობაში შეიძენს და გადაამუშავებს რეგიონში მოწეულ არანაკლებ 100 ტონა რქაწითელის ჯიშის ყურძენს და შესყიდული ერთი კილოგრამი ყურძნის სანაცვლოდ, ყურძნის ჩამბარებელს გადაუხდის არანაკლებ ერთ ლარს.

კახეთის რეგიონში მევენახის მიერ მოწეული ყურძნის შესყიდვის სანაცვლოდ კომპანიებზე გასაცემი სუბსიდია შეადგენს ერთ კგ რქაწითელზე 20 თეთრს. საკოორდინაციო შტაბი გაიხსნება იმისთვის, რომ ორგანიზებულად მოხდეს მოსავლის ჩაბარება. ყველაფერი გაკეთდება, რომ დავეხმაროთ ჩვენს ფერმერებს და ასევე შესაბამის კომპანიებს."

ასევე მან თქვა, რომ 2012 წელს გადამუშავდა სულ 52 000 ტონა ყურძენი, ხოლო 2023 წელს გადამუშავებული ყურძნის მოსავალმა შეადგინა 221 000 ტონაზე მეტი და ამ მხრივ ძალიან დიდი ზრდაა.

პრემიერმა ანაზღაურებად სტაჟირებაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ 2-დან 8 აგვისტოს ჩათვლით კონკურსი ცხადდება. როგორც მან განმარტა, შერჩევის მთავარი კრიტერიუმი აკადემიური მოსწრება იქნება, კონკურსი ორ ეტაპად ჩატარდება, ანაზღაურებადი სტაჟირების შესაძლებლობა კი 3000-მდე კურსდამთავრებულს მიეცემა.

„უწყებებმა სპეციფიკის შესაბამისად განსაზღვრეს დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნები, 2-ეტაპიანი კონკურსი ჩატარდება, საბუთების გადარჩევა, შემდეგ იქნება, ასევე, გასაუბრებები და მთლიანობაში 3000-მდე კურსდამთავრებული მიიღებს სტაჟირების გავლის შესაძლებლობას საჯარო სტრუქტურებში, რაც მათთვის შექმნის კარიერული წინსვლის მნიშვნელოვან საფუძველს, ისინი საჯარო სამსახურის სისტემაში შევლენ და საჯარო სისტემის ფუნქციონირებას გაეცნობიან", - აცხადებს კობახიძე.

პრემიერის თქმით, 6 თვის მონაცემებით დაფიქსირდა 9%-იანი ეკონომიკური ზრდა, რაც საუკეთესო მაჩვენებელია არა მხოლოდ რეგიონში, არამედ, ევროპის მასშტაბით.

„გუშინ გამოქვეყნდა ეკონომიკური ზრდის მონაცემები და 6 თვის მაჩვენებელი დაფიქსირდა, 9%-იანი ეკონომიკური ზრდა, რაც საუკეთესო მაჩვენებელია არა მხოლოდ რეგიონში, არამედ, ევროპის მასშტაბით. ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანაა ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპის შენარჩუნება. ეკონომიკური ზრდა ნიშნავს ქვეყნის განვითარებას ყველა მიმართულებით, მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას და შემდეგი თვეების განმავლობაშიც ჩვენი საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა ამის შენარჩუნება იქნება",- განაცხადა პრემიერმა.

პრემიერმა ანაკლიის პორტთან დაკავშირებულ საკითხებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ საერთაშორისო ტენდერები დასრულდა და შეირჩა ბელგიური კომპანია, რომელიც განახორციელებს უშუალოდ ნავსადგურის მშენებლობასთან დაკავშირებულ სამუშაოებს

„საერთაშორისო ტენდერები დასრულდა. შეირჩა ბელგიური კომპანია, რომელიც განახორციელებს უშუალოდ ნავსადგურის მშენებლობასთან დაკავშირებულ სამუშაოებს. ეს არის ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანია ამ სფეროში, რომელიც ძალიან მალე შეუდგება მუშაობას. რა თქმა უნდა, ერთ-ერთი პრიორიტეტია ჩვენთვის ანაკლიის პორტის განვითარება, რასაც განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ჩვენი ქვეყნის დაკავშირებადობის ფუნქციის განვითარებისთვის, შუა დერეფნის ინიციატივის ფარგლებში, ჩვენი ფუნქციის განსაკუთრებით გამოკვეთისთვის", - აღნიშნავს კობახიძე.

ამასთან, მთავრობის მეთაურის თქმით, სახელმწიფოს მიერ ანაკლიის პორტთან დაკავშირებით საარბიტრაჟო დავის მოგება სახელმწიფო ინტერესების დასაცავად ძალიან მნიშვნელოვანი იყო.

კობახიძემ, ძიუდოისტ ლაშა ბექაურს მეორე ოლიმპიური ოქრო მიულოცა და განაცხადა, რომ საქართველო 200 ოლიმპიურ გუნდს შორის მე-14 ადგილს იკავებს.

ამასთან, პრემიერი ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის გენერალური დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის გარდაცვალების გამო მწუხარება გამოთქვა.

„ბატონი თენგიზი მრავალი წლის მანძილზე ემსახურებოდა ქვეყანას, ადამიანებს, ადამიანების ჯანმრთელობას. მან ძალიან დიდი წვლილი შეიტანა ქართული მედიცინის განვითარებაში და მინდა, მივუსამძიმრო მის ახლობლებს", თქვა კობახიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე