საარჩევნო ტექნოლოგიების საყოველთაო დემონსტრირება 28 ივლისს დასრულდა, რომლის მიზანი იყო ახალი ტექნოლოგიების დანერგვის შესახებ ამომრჩეველთა ინფორმირება და ხმის მიცემის პროცედურების პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავება. 26 ოქტომბერს ამომრჩეველთა თითქმის 90% ხმას სწორედ ამ ელექტრონული აპარატების გამოყენებით მისცემს. მმართველი პარტია აცხადებს, რომ ახალი ტექნოლოგიები გაყალბებას გამორიცხავს, თუმცა, ოპოზიციას კითხვები აქვს.
ახალმა ტექნოლოგიებმა ტესტირება 6-28 ივლისის პერიოდში 64 მუნიციპალიტეტში გაიარა, პროექტი აღნუშნული პერიოდის ყოველ შაბათ-კვირას, ნებისმიერ მსურველს საშუალებას აძლევდა შეერჩია მისთვის სასურველი ლოკაცია, მონაწილეობა მიეღო იმიტირებულ კენჭისყრაში და ენახა თუ როგორ მუშაობს საარჩევნო ელექტრონული აპარატურა.
ანალიტიკოსი გია აბაშიძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ახალ ტექნოლოგიებს არაერთი თავდაცვითი მექანიზმი აქვს, რაც გაყალბებას თითქმის სრულიად გამორიცხავს. მისი თქმით, დამთავრდება სპეკულაციები ეგზიტპოლებზე და ხმების პარალელურ დათვლებზე.
კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე კი „რეზონანსთან" აცხადებს, რომ რამდენიმე კითხვის ნიშანი არსებობს, მათ შორის ის თუ პირადობის მოწმობის რეგისტრაციისას, პროგრამა მხოლოდ იმას ამოწმებს, ეს პირი არის თუ არა უბნის ამომრჩეველთა სიაში, მაგრამ არ აკეთებს ამომრჩევლის იდენტიფიცირებას მისი ბიოლოგიური პარამეტრებით - სახის, თვალის, ან თითის ანაბეჭდის იდენტიფიცირებით.
ამიტომ, მისი თქმით, დამკვირვებლებისგან თუ კომისიის წევრებისგან პირველ რიგში შესამოწმებელი იქნება ის, რომ პირადობის მოწმობის წარმდგენი მართლა ის პირია, თუ სხვისი პირადობის მოწმობა აქვს ხელში.
უბნების 90%-ზე მეტი ხმას ელექტრონულად მისცემს
ანალიტიკოსი გია აბაშიძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ახალ სისტემას ბევრი თავდაცვითი მექანიზმი აქვს, სატესტო რეჟიმმაც აჩვენა, რომ აპარატურას ხარვეზი არ აქვს, რაც გამორიცხავს გაყალბებას.
„საქართველოს ისტორიაში ეს უნიკალური არჩევნებია, როცა პირველად საარჩევნო უბნების 90%-ზე მეტი ხმას ელექტრონულად მისცემს. საერთაშორისო კომპანიის ორი სხვადასხვა აპარატია - ერთია რეგისტრატორი, მეორე, ელექტრონული საარჩევნო ყუთი, სადაც ბიულეტენის შეცურება მოხდება. რაც მთავარია, საარჩევნო ყუთი ინდივიდუალურად ფუნქციონირებადია და ინტერნეტთან არანაირად არაა შეერთებული, რაც ჰაკერულ თავდასხმას გამორიცხავს.
„ბიულეტენებს ორნაირად ითვლიან, ერთია ელექტრონულად, რომელიც 8 საათის მერე საერთო სურათს აჩვენებს, მერე ამ ე.წ. ჩეკის მერე, ჩაგდებული ბიულეტენების ხელით ითვლება, კომისიის წევრების მიერ. იქ ყველაფერი გამოჩნდება, რომელ პარტიას მისცეს ხმა და რომელი ბიულეტენია გაფუჭებული.
„მთვლელი იმითაცაა უნიკალური, რომ შეუძლებელია სხვა ამომრჩეველი სხვა უბანზე მივიდეს, აპარატი ხმოვან სიგნალს იძლევა, რომელიც რეგისტრატორს აქვს და ეს ელექტრინული პირადობის მოწმობით უნდა დაფისქირდეს, ანუ აქ ე.წ. კარუსელები გამორიცხულია.
„ასეთი თავდაცვითი მექანიზმაბი არაერთია და მე პირადად მინახავს თუ შუალედურ არჩევნებში (ფოთში და ვანში) ეს სისტემა როგორ მუშაობდა. საკმაოდ ეფექტურია და ნებისმიერი ამომრჩევლისთვის გასაგები. ბიულეტენი კი არ უნდა შემოხაზო, არამედ პატარა წრე უნდა გააფერადო, რასაც მთვლელი კითხულობს.
„ცესკომ გიგანტური შრომა გასწია, უწყება არ დარჩა, კერძო თუ საჯარო სექტორი, სადაც ცესკოს ხელმძღვანელობა არ წავიდა და არ ჩაატარა პირობითი არჩევნები. 99.99% არანაირი ხარვეზი არ აქვს, თუ უბანზე ელექტროენერგია გაითიშა, სისტემა მაინც მუშაობს. ეს საქართველოში მანამდეც უნდა ყოფილიყო, ძალიან ეფექტურია, თუმცა აპარატურა საკმაოდ ძვირია. აქ უკვე სპეკულაციები გამორიცხულია, რომ ბიულეტენები ჩაყარეს, ან კარუსელები იყო შავბნელი მეთდებით და ა.შ.
„ამომრჩეველი მხოლოდ ერთ უბანზე მიდის და თავის აიდი ბარათს სხვა უბანზე ვეღარ გამოიყენებს, შედეგებიც უკვე ძალიან ადრე გახდება ცნობილი. წინასწარი შედეგები სადღაც ცხრის წუთებზე გვეცოდინება. დამთავრდება სპეკულაციები ეგზიტპოლებზე და ხმების პარალელურ დათვლებზე, როცა მაგალითად 2020 წელს „ისფედმა" მანიპულაციები ჩაატარა. რადიკალების მხრიდან არჩევნების გაყალბებაზე საუბრისას უფრო იმაზე იქნება აპელირება, რომ ხალხი დააშინეს, მოისყიდეს, რუსეთი ჩაერია, (ოღონდ რანაირად ეს გაუგებარია). ძირითადად აპელირება საარჩევნო პროცესზე იქნება, რომ თითქოს თავისუფალი არ იყო",- განაცხადა გია აბაშიძემ „რეზონანსთან".
რა კითხვის ნიშნები არსებობს ელექტრონულ არჩევნებში
კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ იმ მოდელზე, რომელიც საქართველოშია გამოყენებული, რამდენიმე კითხვა არსებობს, პირველი ის, რომ პირადობის მოწმობის რეგისტრაციისას, პროგრამა მხოლოდ იმას ამოწმებს არის თუ არა კონკრეტული პირი იმ უბნის ამომრჩეველთა სიაში და არ აიდენტიფიცირებს მისი ბიოლოგიური პარამეტრებით.
„ელექტრონული კენჭისყრის სხვადასხვაგვარი მოდელი არსებობს. იმ მოდელზე, რომელიც ჩვენთანაა გამოყენებული, პირველი კითხვის ნიშანი მაშინ ჩნდება, როდესაც უბანზე მისული ამომრჩევლის რეგისტრაცია ხდება. რეგისტრაცია ტარდება ასე - უნდა წარადგინოთ პასპორტი, ან ელექტრონული პირადობის მოწმობა, მას სათანადო მოწყობილობაში ათავსებენ, რომელიც ადასტურებს, ან უარს ამბობს, რომ ეს ადამიანი ნამდვილად ამ უბნის ამომრჩეველია და თუ დაადასტურა, მაშინ ბიულეტენი ეძლევა.
„აქ ჩნდება ასეთი ტიპის პრობლემა, მაგალითად, მისული (პირობითად) პეტრიაშვილი სინამდვილეში პავლიაშვილია, ანუ სხვისი პირადობის მოწმობით მივიდა.
„პირადობის მოწმობის რეგისტრაციისას, პროგრამა მხოლოდ იმას ამოწმებს, ეს პირი არის თუ არა უბნის ამომრჩეველთა სიაში, მაგრამ არ აკეთებს ამომრჩევლის იდენტიფიცირებას მისი ბიოლოგიური პარამეტრებით - სახის, თვალის, ან თითის ანაბეჭდის იდენტიფიცირებით.
„ამიტომ დამკვირვებლებისგან თუ კომისიის წევრებისგან პირველი შესამოწმებელი იქნება ის, რომ პირადობის მოწმობის წარმდგენი მართლა ის პირია, თუ სხვისი პირადობის მოწმობა აქვს ხელში. თუმცაღა, თუ პირადობის მოწმობის მფლობელი ამომრჩეველთა სიაში არაა, ამას პროგრამა ზუსტად იტყვის.
„შევსებული ბიულეტენი სათანადო მოწყობილობაში თავსდება, რომელიც ადგენს მისცა თუ არა ვინმეს ხმა ამომრჩეველმა. მოგეხსენებათ, რომ ამომრჩეველმა ხმის მიცემისას უნდა გააფერადოს პარტიის წინ არსებული წრე, ანუ შემოხაზვა აღარ არის, რასაც ხალხი მიჩვეულია. თუ მხოლოდ ძალიან მცირე ნაწილი იქნა გაფერადებული, მაშინ მანქანა იტყვის, რომ ეს ბიულეტენი ბათილია. მემგონი, სადღაც წრის 30 თუ 40% მაინც უნდა იყოს გაფერადებული, რომ პროგრამამ თქვას - ბიულეტენი ნამდვილია.
„ყუთი, სადაც მანქანიდან ბიულეტენი ვარდება, ორი სექციისგან შედგება, ერთში ბათილი ბიულეტენები ცვივა, მეორეში - დადგენილი, თუ ვის მისცა ხმა ამომჩეველმა, რაც კომპიუტერში აღირიცხება. თან, ამ დროს, პროგრამულად სრული ანონიმურობაა დაცული - მას მერე, რაც მანქანა ბიულეტენს წაიკითხავს, უკვე ვეღარავინ გაარკვევს ვის მიერ იყო შევსებული - ესე იგი, ფარულობა სრულიად დაცულია.
„როგორც კი ბოლო ამომრჩეველი ხმას მისცემს, უბანი იხურება და რამდენიმე წუთში მანქანა კენჭისყრის შედეგებს ამობეჭდავს - ანუ იტყვის რამდენმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა არჩევნებში, რამდენი ბიულეტენი იყო ბათილი, რამდენი ნამდვილი და რომელმა პარტიამ რამდენი ხმა მიიღო. ეს ე.წ. წინასწარი მონაცემებია, რომელიც ვებ გვერდზე უნდა აიტვირთოს და ყველას შეგვეძლოს ნახვა თუ მანქანამ რა დაადგინა. თუმცაღა, ამის მერეა შესაძლებელი შედეგების გაყალბება, რა დროსაც დიდი ყურადრებაა საჭირო.
„რა მაქვს მხედველობაში - მას მერე, როცა მანქანა შედეგს ამობეჭდავს, საუბნო კომისიამ ყუთიდან ბათილი ბიულეტენები უნდა ამოიღოს, ყველა დაათვალიეროს, ხომ არაა მათ შორის ისეთი, რომელიც მანქანამ კი ბათილად ჩათვალა, მაგრამ ოდნავ იყო გაფერადებული და თვალით ჩანს, რომ ამომრჩეველმა კონკრეტულ პარტიას მისცა ხმა.
„საუბნო კომისიამ გადაწყვეტილება უნდა მიიღოს, სცნოს თუ არა ეს ბიულეტენი ნამდვილად და თუ სცნო, მაშინ ოქმი უნდა შეადგინოს, რომელშიც აღნიშნავს, რომ მაგალითად, ოცი ბათილი ბიულეტენიდან ხუთი ნამდვილი აღმოჩნდა. შემაჯამაბელ ოქმში კი, შესაბამისი კორექტივი უნდა იყოს შეტანილი.
„ეს ნაკლებადსახიფათოა - აქ იმის ალბათობა დაბალია, რომ ისეთი ბიულეტები ბევრი იქნება, რითაც მანიპულაციებს შეძლებენ და არჩევნების შედეგებში მნიშვნელოვან ცვლილებებს შეიტანენ.
„ამის მერე უკვე სერიოზული სიყალბის ჩადენა შეიძლება, ისეთი ტიპის, რაც ხელით დათვლისას მომხდარა ხოლმე. საქმე ისაა, რომ კანონის თანახმად, მანქანის მიერ დადგენილი შედეგი, კენჭისყრის მხოლოდ წინასწარი შედეგია.
„ყუთში ჩაყრილი ნამდვილი ბიულეტენები კომისიამ ხელთ უნდა გადათვალოს. იურიდიული ძალა კი, ხელით დათვლილ და დადგენილ შედეგს აქვს. ხელით გადათვლისას, რა საკვირველია შეიძლება მოხდეს ის, რომ მთვლელმა ერთი პარტიისთვის მიცემული ხმასხვა პარტიას დაუდოს. ეს უკვე მანქანის მიერ დადგენილ შედეგთან განსხვავებას მოგვცემს. თუ მანქანის მიერ დათვლილსა და ხელით დათვლილს შორის, მნიშვნელოვანი განსხვავება აღმოჩნდა, ეს სერიოზულ და საფუძვლიან ეჭვს ბადებს პირველ რიგში ხელით დათვლილი შედეგის მიმართ",-განაცხადა კონსტიტუციონალისტმა.
ხმალაძის თქმით, თუ ხელისუფლება გაყალბებაზე წავიდა, არჩევნების ლეგიტიმურობას არავინ არ აღიარებს.
„წინა წლებში დამთვლელი მანქანებით არჩევნები უკვე არაერთ უბანში გაიმართა და რაც ხარვეზები აღმოჩნდა, შემდგომ გასწორდა და ბოლო პერიოდში მანქანების მიმართ პრეტენზია აღარ გამოთქმულა. ამიტომ ეჭვი უფრო ხელით დათვლილი შედეგების მიმართ გაჩნდება და ბუნებრივია, ეს უბანზე დადგენილი შედეგის გასაჩივრების საფუძვლად იქცევა, როგორც ზემდგომ კომისიაში, ასევე სასამართლოში.
„თუ ხელისუფლებამ ნამეტანი თავზე ხელი არ აიღო, ის სერიოზულ გაყალბებაზე არ უნდა წავიდეს, რადგან თუ ამდაგვარი რაღაცა მოხდა, გარანტირებულად შეიძლება ითქვას, რომ ამ არჩევნების ლეგიტიმურობას არავინ არ აღიარებს. ბიულეტენების ხელით გადათვლისას დიდი ყურადღებაა საჭირო",- განაცხადა ვახტანგ ხმალაძემ „რეზონანსთან".
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე