სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტზე საქართველოს საკითხზე იმსჯელეს, ამერიკელი კანონმდებლები საქართველოს ხელისუფლებისგან სამ მთავარ საკითხზე ელიან ნაბიჯების გადადგმას, თუმცა, როგორც საქართველოს პრემიერ მინისტრი ირაკლი კობახიძე აცხადებს, ის ვაშინგტონისგან აქეთ ელის „შემხვედრ" ნაბიჯებს და მისი თქმით, „მაშინვე მოხდება ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გადახედვა".
სამი მთავარი საკითხი, რაზედაც 30 ივლისს ამერიკელმა მარალჩინოსნებმა იმსჯელეს იყო - დემოკრატიული და თავისუფალი სამართლიანი არჩევნების ჩატარება, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის გაუქმება, ან ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა და აღარ იხილებოდეს ჩინეთი, როგორც ანაკლიაში ღრმაწყლოვანი პორტის შემქმნელი.
ანალიტიკოსთა ნაწილი აღნიშნავს, რომ კობახიძის პოზიცია, რომ აქეთ ითხოვს შემხვედრ ნაბიჯს, სწორია. ნაწილი კი ამბობს, რომ აშშ-სთან და ევროკავშირთან ურთიერთობების გაფუჭების მთავარი მიზეზი „ქართული ოცნებაა" და კობახიძემ იცის, რომ სანამ კანონი არ გაუქმდება აშშ-სგან არანაირი შემხვედრი ნაბიჯები არ გადაიდგმება, თუმცა, რეალურად ეს „ოცნების" ამომრჩეველზეა გათვლილი.
რას ამბობს კობახიძე და რა გზავნილები აქვს აშშ-ს
30 ივლისს სენატში საგარეო ურთოერთობათა კომიტეტზე საქართველოზე მსჯელობას პრემიერი ირაკლი კობახიძე გამოეხმაურა, რომელიც აცხადებს, რომ როგორიც კი გადმოიდგმება „შემხვედრი ნაბიჯები" აშშ-სგან, მაშინვე მოხდება ქართულ-ამერიკული ურთიერთობების „გადახედვა". რაც შეეხება სანქციებს, მისი თქმით,„ასეთი ტონი კონტრპროდუქტიულია და ვერ ჩაითვლება შემხვედრ ნაბიჯად".
„რაც შეეხება ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებს - ჩვენ ვართ მოლოდინის რეჟიმში. ჩვენ ვართ თავიდან ბოლომდე მზად იმისათვის, რომ მოხდეს ურთიერთობების გადატვირთვა. თქვენ იცით, რომ გასული სამი-ოთხი წლის განმავლობაში ძალიან ბევრი რამ გაფუჭდა ამ ურთიერთობებში, შესაბამისად, ურთიერთობებს ესაჭიროება გადატვირთვა.
„ჩვენ ვართ აბსოლუტურად მზად ამისთვის, მთავარია, რომ ვიხილოთ შემხვედრი ნაბიჯები. როგორიც კი გადმოიდგმება შემხვედრი ნაბიჯები, მაშინვე მოხდება ამ ურთიერთობების გადახედვა. ჩვენ ვართ მოლოდინის რეჟიმში," - აღნიშნა კობახიძემ.
კითხვაზე, „მეგობარი აქტი" იყო თუ არა ნაბიჯი, კობახიძე პასუხობს, რომ ეს სინამდვილეში არის „დაუძინებელი მეგობარი აქტი", რადგან აღნიშნული დოკუმენტი პირდაპირი ფორმით შანტაჟს შეიცავს.
„სინამდვილეში თუ ნახავთ ამ აქტის შინაარსს, ეს არის არა „მეგობარი აქტი", არამედ ეს არის „დაუძინებელი მეგობარი აქტი". ასე უნდა ერქვას, გამომდინარე იქიდან, რომ ეს აქტი შეიცავს პირდაპირი ფორმით შანტაჟს. თქვენ ეტყობა არ წაგიკითხავთ. არ შეიძლება ამ აქტს დაარქვა „მეგობარი აქტი" და ამ აქტის მთავარ მიზნად აქციო შანტაჟი. ეს თავისთავად არ არის ის ნაბიჯი, რომელიც ხელს შეუწყობს ურთიერთობების გადატვირთვას.
„ჩვენ ველოდებით სამართლიან, პრაგმატულ და მეგობრულ ნაბიჯებს. რაც შეეხება სანქციებს - სწორედ ასეთი ტონი არის კონტრპროდუქტიული, რაც ვერავითარ შემთხვევაში ვერ ჩაითვლება შემხვედრ ნაბიჯად. ნაცვლად შანტაჟისა, მუქარისა ჩვენ უნდა გვქონდეს ჯანსაღი საუბარი ურთიერთობების გაჯანსაღებასთან, გადატვირთვასთან დაკავშირებით," - განაცხადა კობახიძემ.
გარდა ამისა, მან სანქციებთან დაკავშირებით ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის, ჯეიმს ობრაიენის განცხადებაზე ისაუბრა.
„რაც შეეხება შანტაჟის ენით საუბარს - ეს არის კონტრპროდუქტიული. მე მინდა ასევე შეგახსენოთ, რომ 2004-212 წლებში, როდესაც საქართველოს ჰქონდა უმძიმესი პრობლემები, როდესაც ქვეყანაში იყო დამკვიდრებული სააკაშვილის „ნაცმოძრაობის" ავტორიტარული რეჟიმი, როცა პატიმრებს აწამებდნენ, როდესაც სასამართლო თავიდან ბოლომდე დაქვემდებარებული იყო სააკაშვილი-ადეიშვილის კლანს, როდესაც მედიების პირდაპირ მიტაცება ხდებოდა, მაშინ არ უსაუბრია არავის სანქციებზე და პირიქით, მაშინდელი ხელისუფლება ძალიან დიდი მხარდაჭერით სარგებლობდა. კითხვები უნდა დაისვას საზოგადოების მხრიდან.
„რა თქმა უნდა, არ არის სწორი შანტაჟის ენით საუბარი, მითუმეტეს, იმ ხელისუფლების მიმართ, რომელმაც ფუნდამენტურად შეიცვალა ის ვითარება, რომელიც დაამკვიდრა ამ ქვეყანაში უცხოეთიდან მხარდაჭერილმა ხელისუფლებამ", - განაცხადა კობახიძემ.
რაც შეეხება აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ჯეიმს ობრაიენის შეფასებას, ამბობს, რომ სანქციების საკითხი კვლავ აქტიურად განიხილება, თუმცა უკან დაბრუნების გზა არსებობს.
"ევროკავშირმა თქვა, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწვერიანების გზა ახლა შეჩერებულია.თქვენ სანქციების შესახებ იკითხეთ. ჩვენ აქტიურად განვიხილავთ ჩვენ ვარიანტებს ამ სფეროში, წინასწარ არაფერს განვიხილავ, მაგრამ ამას [სანქციების საკითხს] განვიხილავთ. ეს მხოლოდ მათ არ ეხება, ვინც სარგებელი იპოვა კორუფციისგან, არამედ მათაც, ვინც ჩართულია ადამიანის უფლებების დარღვევაში. ამ ყველაფერთან ერთად, ჩვენ გამოვაცხადეთ პოლიტიკა, რომელიც ამ ტერიტორიაზე უკვე ზღუდავს აშშ-სკენ წვდომისკენ.
„ორი რამ: პირველი, საქართველოში მმართველი პარტიისთვის ნათელი უნდა იყოს, რომ უკან დაბრუნების გზა არსებობს. თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება, სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ ძალადობის გარეშე. ნებისმიერი "გამჭვირვალობის" საჭიროების შექმნა, რომელიც მათ სურთ, თუნდაც ამ "უცხოური აგენტების" კანონის, ევროკავშირის კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანა, ვიდრე რუსულ კანონთან შესაბამისობა.არ ჰყავდეთ ჩინეთი, როგორც ანაკლიაში ღრმაწყლოვანი პორტის შემქმნელი.ეს არის ნაბიჯები, რომლებიც ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვის", - აღნიშნა მან.
ამასთან, მისი თქმით, სახელმწიფო დეპარტამენტი იმუშავებს კონგრესთან საქართველოსთან დაკავშირებულ კანონპროექტებზე.ობრაიენის განცხადებით, აშშ-მა "ქართული ოცნებისგან" ერთი წლის წინაც ნახა "არასწორი გზის ნიშნები", რის შემდეგაც მმართველმა პარტიამ თავისი კურსი შეცვალა და იმედი გამოთქვა, რომ ამას კვლავ იხილავს.
"რისი გაკეთება შეუძლია კონგრესს - ვიცი, რომ კანონპროექტზე მუშაბთ და როდესაც შეიმუშავებთ, ვიცი, რომ სამუშაოდ ჩვენ შემოგიერთდებით, როგორც ვმუშაობთ უფრო ფართო შავი ზღვრის სტრატეგიაზე - საქართველო ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი შეიძლება იყოს, თუ სანდო პარტნიორი იქნება. ასევე, მინდა კონგრესის წევრების ძალისხმევა აღვნიშნო მესიჯის მიტანის მხრივ, რომ საქართველოს ორპარტიულ, დიდი ხნის მეგობრებს სჯერათ, რომ ეს არასწორი გზაა. ერთი წლის წინ ვნახეთ არასწორი გზის ნიშნები და ამის შემდეგ მმართველმა პარტიამ თავისი კურსი შეცვალა და მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა ამ მხრივ. იმედი მაქვს, რომ ამას კვლავ ვნახავთ", - განაცხადა მან.
რას გულისხმობს კობახიძის განცხადება
ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ აშშ-სგან კანონის გაუქმებაზე საუბარი მხოლოდ მიზეზია, რეალური მიზეზი კი მისი აზრით ჩინეთია, რომელსაც საქართველოში ანაკლიის პორტის აშენება უნდა. ამბობს, რომ კობახიძის პოზიცია სწორია.
„ამერიკის მხრიდან ნაბიჯების გადადგმა ნიშნავს იმას, რომ აშშ-მა ჩვენთან მუქარის ენით არ ილაპარაკოს და იმ ხაზს არ გაჰყვეს, რასაც ჰქვია პირადი თუ სახელმწიფო დონეზე სანქციები. თუ ამერიკულ ლოგიკას მივყვებით, ესე იგი საქართველოს უფლება არ აქვს თავისი პარტნიორების საკითხი გადაწყვიტოს. არადა საქართველოს ჩინეთი აწყობს, უპირველეს ყოვლისა ეკონომიკური თვალსაზრისით, რასაც ეკონომისტებიც ადასტურებენ.
„ხალხის მიერ არჩეული მთავრობის კრიტიკა კონკრეტული პიროვნებების კი არა, ხალხის კრიტიკაა და ძალისხმევაა ამერიკის მხრიდან, რომ ამ ხალხს გადაწყვეტილება შეაცვლევინოს. ეს პოზიციაა ვაშინგტონისგან შესაცვლელი იმისთვის, რომ ამერიკასთან დიალოგი გქონდეს.
„ფსიქოლოგიური ომია, როცა ამერიკა გეუბნება, რომ შენი ხელისუფლება გადააგდე, თუ არადა შეზღუდვებს და დასავლეთის ქვეყნებთან ურთიერთობებს გადავხედავ. ამერიკა საქართველოსთან ფსიქოლოგიური ომის რეჟიმშია, რადგან რეალურად შენ ჩინეთთან აპირებ ურთიერთობას. ამ ხელისუფლებას კი ამ პრინციპის შეცვლა უნდა, რომ ეს ფისიქოლოგიური ომის ელემენტები ქართულ-ამერიკულ ურთიერთიობაში არ იყოს.
„ერთი ამბობს კანონი გააუქმეთო და მეორე, კანონი მოიყვანეთ ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაშიო, თუ ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა შეიძლება, მაშინ მის განხილვსას მოწვევა იყო და მოდი და დავსხდეთ და ვისაუბროთ, რატომ არავინ არ გამოჩნდა? იმიტომ, რომ მთავარი ეს კანონი კი არა, ჩინეთთან ურთიერთობაა. აშშ-ს მიაჩნია, რომ ჩინეთის კავკასიაში შემოსვლა მისი ინტერესების შეზღუდვაა. ამით არათუ საქართველოს, არამედ ევროპასაც წირავს, რადგან ეს ტვირთები, რომლებმაც აქ უნდა გაიაროს, ევროპისკენ მიდის.
„კობახიძის ნათქვამი სწორია, რომ ჯერ აშშ-მა გადმოდგას ნაბიჯები, ადრე საუბარი იყო იმაზე, რომ „ქართული ოცნება" რევოლუციის გზით გაეშვათ ხელისუფლებიდან, ივანიშვილმა ისიც კი თქვა, რომ ეს კანონი ხელმეორედ მაგიტომ დავაბრუნეთო, რომ დროზე ადრე მოგვეხდინა ამის პრევენციაო. ეს ამერიკულ და ევროპულ რიტორიკაში სულ იგრძნობა, რომ აქ ხელისუფლების შეცვლა უნდათ. ხელისუფლებაზე ეს შეტევა და მისი შეცვლის მცდელობა ამ კანონის შემოტანის ერთ-ერთი მიზეზი იყო.
„თუკი ხელისუფლების შეცვლის იდეა დასავლურ წრეებში მართლაც არსებობს, ეს მარტივად არ გაქრება და თუ საქართველოს ხელისუფლება გადადგამს იმ ნაბიჯებს, რასაც დასავლეთიდან ითხოვენ, მერე ხელისუფლების დათმობასაც მოითხოვენ. ამიტომაცაა, რომ ქართული მხარე ფიქრობს, რომ აქეთ უნდა დაუთმონ",- განაცხადა რამაზ საყვარელიძემ „რეზონანსთან".
ყოფილი სახელწიფო მინისტრი და კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი „რეზონანსთან" აცხადებს, რომ კობახიძეს ეს განცხადებები მხოლოდ თავის ამომრჩეველზე აქვს გათვლილი, რეალურად კი იცის, რომ აშშ არანაირ შემხვედრ ნაბიჯს არ გადადგამს, სანამ კანონი არ გაუქმდება.
„ამას კობახიძე მხოლოდ თავისი ამომრჩევლის მოსასმენად ამბობს, რადგან „ქართული ოცნების" ამომრჩეველი შეშფოთებულია, რომ დასავლეთთან ურთიერთობები აშკარად ფუჭდება, როგორც აშშ-სთან, ისე ევროკავშირთან.
„იმის მაღალი ალბათობაა, რომ „ოცნების" ამომრჩეველთა გარკვეულმა რაოდენობამ გული აიყაროს და ამიტომაც მხოლოდ მათ გასაგონად ამბობენ. თორემ დანარჩენებმა ყველამ იცის, რომ აშშ-სთან და ევროკავშირთან ურთიერთობების გაფუჭების მთავარი მიზეზი „ქართული ოცნებაა", იმ დაწყევლილი კანონის გამო, რასაც ქართველმა ხალხმა რუსული კანონი შეარქვა და რაც მკაფიოდ და ცალსახად აშშ-სა და ევროკავშირის სახელმწიფოების მტრებად გამოცხადებას გულისხმობს.
„კობახიძე ფარისევლობს როცა ამბობს, რომ ამერიკელები პოლიტიკას შეცვლიან. ამერიკელები პოლიტიკას იქამდე არ შეცვლიან, ვიდრე ეს კანონი იარსებებს - ეს „ქართული ოცნების" ამომრჩეველმა ძალიან მკაფიოდ უნდა იცოდეს. ეს კობახიძემ კარგად იცის, მაგრამ იტყუება, ვიდრე ეს ანტიამერიკული, ანტიევროკავშირისა და ანტინატოს კანონი იარსებებს, რითაც ჩვენ კონსტიტუციას ვარღვევთ, არცერთი მათგანი საქართველოსთან მიმართებაში პოლიტიკას არ შეცვლის და არავითარი გადატვირთვა არ მოხდება.
„ან „ოცნებამ" ეს კანონი უნდა გაიწვიოს, ან იმ პოლიტიკურმა ძალამ, რომელიც მას ჩაანაცვლებს, მაგრამ, ვიდრე კანონი იარსებებს, არაფერი გადატვირთვა და ცვლილებები არ იქნება. ნაბიჯები პირიქით „ოცნებამ" უნდა გადადგას.
„ჩვენ ქრისტიანი ხალხი ვართ და გავიხსენოთ სახარებაში რა წერია, ქრისტე დედამიწაზე არა ვინმესთან საბრძოლვლად, არამედ ხალხის გადასარჩენად მოვიდა. თუ ის ვინმეს მართლა ებრძოდა, ებრძოდა ფარისევლებს. სიტყვა ფარისეველი ზოგადად უარყოფითი სიტყვა არაა, ის პარტიას ნიშნავს, მაგრამ ყველა ენაში უარყოფითი კონტექსტით შევიდა, როცა მე ვამბობ ერთს და მეორეს ვაკეთებ.
„ქრისტე მუდმივად ააშკარავებდა ამ პარტიის წვერებს, რომლებიც ტაძარში საკურთხეველთან ყველაზე ახლოს იდგნენ და ყველაზე მეტად ატყუებდნენ ხალხს. „ქართული ოცნება" ფარისევლურია, იძახიან ევროპაში მივდივართო და რუსეთში მიდიან, ლოგოს სამარცხვინოდ ევროკავშირის დროშა დაახატეს, როცა ევროკავშირთან არაფერი საერთო არ აქვს. ეს ერთადერთი მიზეზის გამო გააკეთეს, რომ ამომრჩევლის დიდ ნაწილს ევროკავშირი უნდა", - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა „რეზონანსთან".
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე