ნატალია ჯვარიძე
(16.07.2024)

ევროკავშირის წარმომადგენლობამ ევროკომისიის მონაცემების ბოლო ანალიზი თავიდან გაავრცელეს, რომლის მიხედვითაც, ევროკავშირის მიერ დაფინანსება გაცილებით მეტი იყო სამინისტროებისა და სახელმწიფო სტრუქტურების, ვიდრე სამოქალაქო საზოგადოებისა. ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ „ოცნების" მიერ გაკეთებულმა „უმადურმა" განცხადებებმა ევროკავშირი აიძულა ეს მონაცემები ხელმეორედ დაედო. ასევე, ისინი ვარაუდობენ, რომ მათი ფინანსური დახმარებებები თანდათან შემცირდება.

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ინფორმაციით, ევროკომისიის მონაცემების ბოლო ანალიზის საფუძველზე, 2019-2024 წლებში საქართველოს სამინისტროებისა და სხვა სახელმწიფო ინსტიტუტების მიერ მიღებული ევროკავშირის დაფინანსება 517 მილიონ ევროს შეადგენდა, მაშინ როცა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის გამოყოფილი თანხა 46.1 მლნ ევროა.

„ევროკავშირის 46.1 მილიონი ევროს დაფინანსება მოიცავდა საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა სექტორში მომუშავე 170-ზე მეტი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მიერ განხორციელებულ 47 პროექტს:

• ადამიანის უფლებები და გენდერული ანასწორობა - 8.6 მლნ ევრო;

• დემოკრატიული ჩართულობა და დამოუკიდებელი მედია - 8 მლნ ევრო;

• ბიზნების განვითარება და პროფესიული განათლება - 7.9 მლნ ევრო;

• ისაფრთხოების სექტორის რეფორმის ხელშეწყობა - 4.9 მლნ ევრო;

• კულტურა და შემოქმედებითი ინდუსტრიები - 4.6 მლნ ევრო;

• ნდობის აღდგენა კონფლიქტის მოგვარებისთვის - 4 მლნ ევრო;

• დეცენტრალიზაცია და სოფლის განვითარება - 3.9 მლნ ევრო;

• გარემოს დაცვა და კლიმატი - 2 მლნ ევრო;

• საჯარო მმართველობის რეფორმის ხელშეწყობა - 1.2 მლნ ევრო;

• იურიდიული და სასამართლო რეფორმა - 1 მლნ ევრო.

2019-2924 წლებში ევროკავშირისგან მიღებული 46.1 მლნ ევროს ორ მესამედზე მეტი განკუთვნილი იყო სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის საქართველოს მოსახლეობის დასახმარებლად და სერვისების ხელმისაწვდობის უზრუნველსაყოფად ისეთ სფეროებში, როგორიცაა:

o მოწყვლადი ჯგუფების მხარდაჭერა;

o პროფესიული განათლება;

o მეწარმეობა;

o სოციალური სერსვისები;

o ახალგაზრდების ჩართულობა და თემის განვითარება;

o კულტურის სფერო;

o გარემოს დაცვის ღონისძიებების გატარება.

დაფინანსების ერთი მესამედი განკუთვნილია სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვუს, რომლებიც მონიტორინგს ახორციელებენ, ხელს უწყობენ და თანამშრომლობენ სამთავრობო უწყებებთან ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ადამიანის უფლებები, ევროკავშირის სტანდარტების მიღება, გენდერული თანასწორობა და დეცენტრალიზაცია.

საქართველოში ევროკავშირის დახმარების (2019-2024წწ) უმსხვილეს 10 ბენეფიციარს შორის შემდეგი სამთავრობო ინსტიტუტებია:

 111.5 მლნ ევრო - რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო/ ადგილობრივი თვითმმართველობები;

 101.40 მლნ ევრო - ფინანსთა სამინისტრო;

 62.75 მლნ ევრო - თავდაცვის სამინისტრო;

 57 მლნ ევრო - გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და სააგენტოები;

 5 მლნ ევრო - ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო;

 25.07 მლნ ევრო - ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო და სააგენტოები;

 19 მლნ ევრო - მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისია;

 12.85 მლნ ევრო - განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო;

 10.5 მლნ ევრო - შინაგან საქმეთა სამინისტრო;

 4 მლნ ევრო - მთავრობის ადმინისტრაცია;

 4.8 მლნ ევრო - პარლამენტი", - ნათქვამია ინფორმაციაში.

„როგორც ევროკავშირმა თქვა, ბევრი პროექტები თანდათან ჩაიხსნება და ეს იქნება იქამდე, მანამ საქართველოში ნორმალური სიტუაცია არ შეიქმნება, ეს შეეხება დემოკრატიის, არჩევნების და სხვა საკითხებს. ვინაიდან, საყოველთაოდ აღიარებულია, რომ ხელისუფლებამ ევროპულ გზას გადაუხვია, ამიტომ სანამ არ გაუმჯობესდება ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური მდგომარეობა და „ოცნება" საზოგადოების დაყოფას არ შეწყვეტს, ევროკავშირი ასე გააგრძელებს", - აცხადებს თსუ-ს პროფესორი და საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის დირექტორი კორნელი კაკაჩია „რეზონანსთან".

რონდელის ფონდის მკვლევარის კახა გოგოლაშვილის აზრით, „ოცნების" უმადურობა, დემოკრატიული გზიდან გადახვევა, საგარეო კურსის შეცვლა, ეს ის მიზეზებია, რის გამოც ევროკავშირი ოფიციალური სტრუქტურების საქართველოში დახმარებაზე უარს ამბობს.

„ეს ახალი ინფორმაცია არაა, ერთი თვის წინაც გამოაქვეყნეს, მაგრამ გასაგებია, რომ თავიდან გაუსვეს ხაზი, რადგან ხელისუფლების წარმომადგენლები მაინც უტიფრად რაღაც ვერსიებს აჟღებებდნენ, თითქოს ევროკავშირი სამოქალაქო სტრუქტურებს აფინანსებდა და არა სახელმწიფოს. ამიტომაც მოუწიათ ევროკავშირის წარმომადგენლებს ამის გამეორება.

„ევროკავშირი ახლა აპირებს შეუმციროს დახმარება ოფიციალურ სტრუქტურებს საქართველოში და ამის ერთ-ერთი მიზეზი უმადურობაცაა. აბსოლიტური დაუფასებლობა, რასაც ევროკავშირი წლების მანძილზე საქართველოსთვის აკეთებს.

„ასევე მეორე მიზეზია რა თქმა უნდა, გადახვევა დემოკრატიული ღირებულებებიდან და ქვეყნის ავტორიტარულ რეჟიმზე რელსებზე, საგარეო კურსის შეცვლა და თვითნებურად სხვა კურსის გამოცხადება.

„თვითნებურია, რადგან არსებობს კონსტიტუცია, რომელიც ჩვენს პოლიტიკურ კურსს განსაზღვრავს და არცერთ მთავრობას ამის შეცვლის უფლება არ აქვს. აქედან გამომდინარე, ევროკავშირის დაფინანსება შემცირდება, მაგრამ ზუსტად როგორ არ ვიცი", - განაცხადა კახა გოგოლაშვილმა „რეზონანსთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე