არჩევნებამდე 3 თვით ადრე სულ უფრო საინტერესო ხდება კონკრეტულად რას სთავაზობენ პოლიტიკური პარტიები ამომრჩეველს რათა მათი ხმები მოოპოვონ. ანალიტიკოსების გარკვეული ნაწილის აზრით, არც ერთი პარტია მოსახლეობის საჭიროებებზე არ მუშაობს. მათივე თქმით, ოპოზიცია ერთობის იდეით არის დაკავებული, რაც საზოგადოებას არ აინტერესებს, ხოლო „ოცნებას" რაღაც „გლობალური ომის პარტიაზე" აქვს ყურადღება გადატანილი, რაც მეტ-ნაკლებად მუშაობს.
ყოფილი სახელმწიფო მინისტრისა და კონფლიქტოლოგის პაატა ზაქარეიშვილის აზრით, დღევანდელი ხელისუფლება ხალხს ზღაპრებს სთავაზობს, რაც პრემიერმა ირაკლი კობახიძემ თავის გარემოცვას დააჯერა. როგორც იგი აღნიშნავს, ბევრ მიმართულებაზე ჩავარდნა აქვთ, თუმცა, ამაზე არავინ მუშაობს. მაგრამ, მას მიაჩნია, რომ არც ოპოზიციაში არიან ორიენტირებული ხალხისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე.
„ჯერჯერობით „ოცნება" „გლობალური ომის პარტიის" საშუალებით ინტერესის მოპოვებას ცდილობს და საზოგადოებას სხვა ვერაფერს სთავაზობს გარდა ამ ზღაპრებისა, რომ ვითომ რაღაც გლობალური ომის პარტია არსებობს და კიდევ კარგი ისინი არიან, თორე ომი იქნებოდა. ეს არის სრული ბოდვა, მაგრამ, როგორც ჩანს, მუშაობს, რადგან ამ პოზიციას მუდმივად იყენებენ.
„ოპოზიციურ პარტიებს კი გაერთიანებაზე აქვთ ყურადღება გადატანილი. საბოლოო ჯამში, არცერთი პარტია მოქალაქეების ინტერესებსა და საჭიროებებზე არ მუშაობს - სასამართლო რეფორმის საკითხზე, სიღარიბეზე, უმუშევრობსზე და სხვა პრობლემებზე.
„აბსოლუტურად ყველა პარტია ისეთ თემებს სთავაზობენ, რომლებიც საზოგადოებისთვის უმნიშვნელოა, იმიტომ, რომ გლობალური ომის პარტია ბუნებაში არ არსებობს, როგორც ჩანს, ეს მხოლოდ ირაკლი კობახიძის თავშია მოხარშული, თავის გარემოცვასაც აჯერებს და ბიძინა ივანიშვილმაც გაიმეორა. სიღარიბეზე ხმას არავინ იღებს, არადა დღითიდღე იზრდება ღარიბების რაოდენობა. „ალბათ, რაც უფრო მეტი ღარიბი იქნება, ეს „ოცნებისთვის" კარგია. სასამართლო რეფორმებზე კი ვნახეთ, რაც გააკეთეს. მოკლედ, ყველა მიმართულებაზე ჩავარდნები აქვთ და ევროპულ ღირებულებებზე უარს ამბობენ. ასევე, არღვევენ კონსტიტუციას და 78-ე მუხლს არ ასრულებენ. ანუ მხოლოდ ომზე ლაპარაკობენ, რომელიც არ არსებობს", - აღნიშნავს ზაქარეიშვილი.
ზაქარეიშვილის თქმით, ოპოზიცია გაიძახის, რომ ისინი კარგები არიან, ხოლო „ოცნება" ცუდი, მაგრამ რითი არიან კარგები, გაუგებარია. როგორც მან განაცხადა, მოსახლეობის დიდ ნაწილს ოპოზიციიც ერთობა არ აინტერესებს და ვიღაცეებს რუსეთიც კი უნდათ, ამიტომ მათ უნდა აჩვენონ რითი ჯობია ევროპა რუსეთს.
„ოპოზიციური პარტიები იძახიან, რომ ხელისუფლება ცუდია, ისინი კი კარგები არიან და რატომ არიან კარგები ესეც გაუგებარია. ისინი მხოლოდ ერთი და იგივეს იმეორებენ - „ჩვენ ვერთიანდებით". რომც გაერთიანდნენ, ან პირიქით, ამით მოქალაქეებს რა? რა სარგებელი ექნებათ მათ იმით, რომ „რუსული ოცნება" წავა და რაღაც გაერთიანება მოვა? ამით ხალხი რას მიიღებს? როგორი ფასები იქნება? შემცირდება თუ არა სიღარიბე? როგორი განათლების სისტემა იქნება? და სხვა, საზოგადოებას ეს აინტერესებს და ამაზე უნდა ილაპარაკონ.
„ვიღაცა აუცილებლად იტყვის „რა დროს ეგაა ახლა რეფერენდუმი ტარდება რუსეთსა და ევროპას შორის და უნდა ავირჩიოთ", თუმცა, შესაძლოა საზოგადოების დიდი ნაწილისთვის დიდი განსხვავება არაა. თუ „ოცნება" თავს იწონებს იმით, რომ რუსეთთან ურთიერთობები მოაგვარა, ომის საფრთხე მოხსნა, გააუქმა სავიზო რეჟიმი და აღადგინა ფრენები, ბევრისთვის ეს მოსაწონია, რადგან საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი რუსეთზეა მიბმული. „ოცნება", რომ „რუსულია" ამაში სადავო არაფერია, ეს რამდენად ყველასთვის ცუდია, ესაა ზუსტად პრობლემა.
„ოპოზიცია ხალხს ვერ აჩვენებს რით ჯობია ევროპა რუსეთს. მე ვიცი და არ მჭირდება ახსნა, მაგრამ, წადით რეგიონებში რა ხდება. იქ თავისი პროდუქციის გაყიდვაზე ფიქრობენ და მათ რუსეთში გაყიდვა ურჩევნიათ.
„ოპოზიციამ უნდა აჩვენოს ევროპის უპირატესობა, რადგან სამწუხაროდ, „ოცნება" ევროპული ღირებულებების დისკრედიტაციას წარმატებით ახდენს. ასე რომ, ოპოზიციას ბევრი სამუშაო აქვს, მიუხედავად მათი გაერთიანება/ვერ გაერთიანებისა. თუ შედგა ერთობა ეს ძალიან კარგია, თუმცა ეს გადამწყვეტი არაა. გადამწყვეტია ის საკითხები, რაც ჩამოვთვალე. ამიტომ მე არ მესმის რითი აპირებს ოპოზოციამ თავისი განსხვავებულობა აჩვენოს „ოცნების" მიმართებაში, გარდა იმისა, რომ ისინი რუსები არიან, ესენი კი ევროპელები", - ამბობს ზაქარეიშვილი.
როგორც ზაქარეიშვილი აღნიშნავს, ეს წინასაარჩევნო კამპანია სხვებისგან იმით განსხვავდება, რომ ოპოზიციას არც გამოკვეთილი ლიდერი ჰყავს და არც იდეები არ აქვთ.
„ეს წინასაარჩევნო კამპანია წინებისგან იმით განსხვავდება, რომ ოპოზიციას გამოკვეთილი ლიდერი არ ჰყავს, რაც ძალიან კარგია. ზვიად გამსახურდიასგან მოყოლებული ოპოზიცია ლიდერის პოზიციაშია წარმოდგენილი და არჩევანი ყოველთვის ვიღაც ლიდერის საშუალებით იყო.
„მაგალითად მოდიოდა გამსახურდია, მერე შევარდნაძე ბრუნდებოდა, შემდეგ მიხეილ სააკაშვილის, ნინო ბურჯანაძისა და ზურაბ ჟვანიას ერთობა გამოჩნდა. ახლა არავინ არ მოდის და ეს ჩემთვის კარგია, თუმცა შეიძლება ვიღაცისთვის დამანგრეველი იყოს.
„პირველად დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში არ არის ვიღაც ცხენზე ამხედრებული გმირი. შესაბამისად, საზოგადოება იბნევა, ეს ჩემზე არ მოქმედებს და პირიქით მომწონს ის, რომ ახლა მოდის ულიდერო ოპოზიცია, სადაც იდეას უნდა მისცე ხმა. თუმცაღა მე პრობლემა მაქვს იმაზე, რომ არც ლიდერია და არც იდეა. „ოცნებას" ივანიშვილის სახით ჰყავს ლიდერი, ვიღაცას მოწონს, ვიღაცას არა, თუმცა ხომ არის. ოპოზიციაში ცარიელი ადგილია ლიდერის ნაცვლად", - აცხადებს პაატა ზაქარეიშვილი „რეზონანსთან".
ანალიტიკოს ედიშერ გვენეტაძის აზრით კი, ოპოზიციასთან, რომელიც „ნაცმოძრაობის" შემადგენელი ნაწილია, პოლიტიკურ პროგრამებზე საუბარიც ზედმეტია.
„წინასაარჩევნო კამპანიაში გამოკვეთილია, რომ ქვეყანაში ორი ძალაა: „ოცნება" და „ნაცმოძრაობა", დანარჩენი არაფერი არ არსებობს. ყველა ოპოზიციური პარტიები „ნაცმოძრაობა" ან მისი ანასხლეტია, რომლებსაც საერთო მიზანი აქვს.
„რომელ პოლიტიკურ პროგრამაზეა საუბარი, როდესაც მათი ხელისუფლებაში ყოფნის დროს ჩვენს ქვეყანაში 300 ათასი პრობაციონერი ჰყავდათ. რომელ სოციალურ პრობლემაზე შეიძლება მათთან საუბარი, როდესაც უამრავ ადამიანს კერძო საკუთრება წაართვეს, რომელიც ჩვენი კონსტიტუციით ხელშეუხებელია.
„ამდენად, მათ ახლა იციან, რომ ხელისუფლებაში ვერანაირად ვერ მოვლენ, გამორიცხულია. მათ მხოლოდ ერთადერთი გზით შეუძლიათ მოსვლა და ეს სახელმწიფო გადატრიალებაა, რის შესახებაც დაუფარავადაა ჩაწერილი იმ ე.წ. ქარტიაში, რომელიც არალეგიტიმურმა პრეზიდენმა სალომე ზურაბიშვილმა შექმნა.
„მოდი გულწრფელად ვთქვათ, დღევანდელ ოპოზოციას გარე ძალებისგან ერთადერთი რამ აქვს დავალებული და ეს არის ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლა, რაც გამორიცხულია. ამის შემდეგ კი, მათ ყველანაირად ეცადონ, რომ საქართველო ომში ჩაებას.
„ამრიგად, ამ ოპოზიციიდან გამომდინარე მათი წინასაარჩევნო კამპანიებზე საუბარი ზედმეტია. რა უნდა ელაპარაკო მათ, რომელთა საერთო სახელია „კოლექტიური ნაცმოძრაობა", - თქვა გვენეტაძემ.
ედიშერ გვენატაძის აზრით კი, აქამდე ასე ცალსახად არ გვინახავს, რომ გარე ძალებს ოპოზიციისთვის სახლმწიფო გადატრიალების დავალება ჰქონოდათ მიცემული.
„აქამდე, წინასაარჩევნოდ ჩვენ არ გვინახავს, რომ ასე ცალსახად მათ სახელმწიფო გადატრიალების დავალება მიცემული ჰქონოდათ, რადგან მაშინ მათ ინტერესებში ეს არ შედიოდა. 2022 წლის 24 თებერვლის შემდეგ მათ პირდაპირ მიცემული აქვთ დავალება, რომ საქართველოში ხელისუფლება ძალადობრივი გზით შეცვალონ. ამიტომ ისინი ცდილობენ დესტაბილიზაციას, წინააღმდეგ შემთხვევაში ფულს არ მისცემენ", - აცხადებს ედიშერ გვენეტაძე „რეზონანსთან".
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე