არჩევნებზე ოპოზიციის ერთიანი სიით წარდგენის იდეა ჩაიშალა. როგორც „ნაცმოძრაობის" დეპუტატი ლევან ბეჟაშვილი ამბობს, „ლელომ" და „ახალმა" ამაზე უარი განაცხადეს. ასევე „ლელოსა" და გახარიას პარტიის გაერთიანებას მხარეები უარყოფენ, თუმცა „ლელოში" ამბობენ, რომ მოლაპარაკებები სხვა პარტიებთან მიმდინარეობს. რა კონფიგურაციით წარსდგება ოპოზიცია არჩევნებზე? ანალიტიკოსებს დიდი კონფიგურაციის მოლოდინი არა აქვთ და 2-3 პოლიტიკური ცენტრის შექმნას ვარაუდობენ.
„შესაძლოა პატარა პარტიები ერთმანეთის ხმების წართმევის მაგივრად, ერთმანეთის ხმების გადამრავლებაზე გადავიდნენ. ეს მეჩვენება კონფიგურაციის ახალ საფუძვლად, თუმცა ასეთ ვარიანტს დიდი პერსპექტივა არა აქვს, რადგან მათი მხარდამჭერების რაოდენობა მაინც მცირეა. ამიტომ ხმების გაყოფა მათთვის შესაძლოა მიუღებელი იყოს", -აცხადებს ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე „რეზონანსთან".
ლევან ბეჟაშვილის თქმით, ერთიანობის იდეიდან გამომდინარე, „ნაცმოძრაობა" მზად იყო დაეთმო სახელი, ნომერი და მინიმალური მონაწილეობა მიეღო ერთიანი სიის ფორმირებაში.
„ნაცმოძრაობამ" სახელის კორექტირება მოახდინა და ეს ჩვეულებრივი ამბავია, როცა არჩევნებიდან არჩევნებამდე პოლიტიკურ სლოგანს ირჩევენ ესა თუ ის სუბიექტები. ერთიანობა დღეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი", - აღნიშნავს ბეჟაშვილი.
კითხვაზე, რომელ პარტიებზე საუბრობდა დეპუტატი, რომლის გამოც ერთიანობა ვერ შედგა, ლევან ბეჟაშვილმა უპასუხა, რომ ეს პარტიები „ახალი" და „ლელოა", რომლებმაც „ნაცმოძრაობასთან" თანამშრომლობაზე კატეგორიული უარი განაცხადეს.
„რამდენიმე დღის წინ, პარტია „ახალის" ხელმძღვანელებმა, ასევე, „ლელოს" წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ჩვენთან ერთად არ სურდათ და, ზოგადად, რამდენიმე პარტიასთან არ უნდოდათ ამ ერთობის გაფორმება. შესაბამისად, მათ მიაჩნდათ, რომ ოპოზიციურ ველზე რამდენიმე პოლიტიკური ცენტრის არსებობა მისცემდა ამომრჩეველს საშუალებას, რომ არჩევანის მრავალფეროვნებით ესარგებლა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ოპოზიციურმა პარტიებმა შეძლონ გაერთიანება და სამწუხაროა, რომ „ახლებმა" და „დროა-გირჩმა" ვერ მოახერხეს „ლელოსთან" მოლაპარაკება", - განაცხადა ბეჟაშვილმა.
ინფორმაციას „ლელოსა" და გახარიას „საქართველოსთვის" გაერთიანების შესახებ „ლელოს" ლიდერი მამუკა ხაზარაძე გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ამ თემაზე გახარიას პარტიასთან კომუნიკაცია არ ყოფილა.
„ამ დღეებში ბევრი ინფორმაცია მოვისმინე - მსგავსი კომუნიკაცია არ გვაქვს. ჩვენ ახლა კონსულტაციებს ვატარებთ სხვადასხვა პარტიასთან. უახლოეს ხანში მოგახსენებთ, თუ რა კონფიგურაციით წარვდგებით არჩევნებზე", - აღნიშნავს ხაზარაძე.
გახარიას პარტიაშიც ამბობენ, რომ მათ შორის შეთანხმება ვერ შედგა. „გახარია საქართველოსთვის" პოლიტიკური მდივანი კახა ქემოკლიძემ აცხადებს, რომ „ლელოსთან" თანამშრომლობას არჩევნების შემდეგ განიხილავენ.
„ლელოს" ჩვენ განვიხილავთ როგორც ადამიანებს, რომლებთანაც თანამშრომლობა შესაძლებელია, ოღონდ არჩევნების შემდეგ, იმიტომ, რომ „ლელო" ჩვენ გვჭირდება პოსტარჩევნების ვითარებაში" , - თქვა ქემოკლიძემ.
„ლელოს" პოლიტიკური მდივანი, სალომე სამადაშვილი კი დამოუკიდებლად მონაწილეობას გამორიცხავს და ამბობს, რომ პოლიტიკური ცენტრის შექმნას გეგმავენ, რადგან ხმები არ დაიკარგოს.
რა კონფიგურაციით წარსდგება ოპოზიცია
რამაზ საყვარელიძის თქმით, უკეთესი იქნებოდა თუ ოპოზიცია ამომრჩევლების მიხედვით დახარისხებულიყო.
„სიმართლე გითხრათ, დიდი კონფიგურაციის მოლოდინი არ მაქვს, რადგან ალბათ ყველაზე რეალური „ნაცმოძრაობისა" და „სტატეგია აღმაშენებლის" კონფიგურაცია იყო, სადაც საფუძველი იქნებოდა „ნაცმოძრაობის" ამომრჩეველთა ხმები საიმისოდ, რომ ბარიერი გადაელახათ. ასევე დავუშვათ, დანარჩენი ოპოზიციის ერთიანი სია, ოღონდ მათი ისე შერჩევა, რომ ერთმანეთისთვის ამომრჩევლები არ წაერთმიათ. ანუ ოპოზიცია უნდა დახარისხებულიყო ამომრჩევლების მიხედვით და ამით ეხელმძღვანელათ. მაგალითად „ლელოსა" და „გახარია საქართველოსთვის" ერთი ტიპის ამომრჩეველი ჰყავთ, ასევე ზურაბ ჯაფარიძეს და „დროას".
„არ ვიცი, „ლელოსთვის" ვინ უფრო მისაღები იყო, რადგან „ლელოს" ის ამომრჩეველი, რომელიც ტრადიციულად „ნაცმოძრაობას" ხმას აძლევდა, საეჭვოა, რომ „ლელოზე" იყოს ორიენტირებული. ერთადერთი გახარიასთან შეიძლება აერთიანებდეს ის, რომ ამ ორივეზე ორიენტირებულ ამომრჩევლებს საერთო ღირებულებები ჰქონდეთ, ბიზნესი და სხვადასხვა საქმიანობა და ამითი ამით გაერთიანდნენ. თორემ პოლიტიკური ორიენტაციები და მათი ჯგუფების მიმართ სიმპათიები ძალიან განსხვავებული ექნებათ, თითოეული პარტიის მხარდამჭერს", - განაცხადა საყვარელიძემ.
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორის, ნიკა ჩიტაძის აზრით კი რამდენიმე პოლიტიკური ცენტრის შექმნა ბევრად უკეთესია, ვიდრე ერთიანი სია.
„ლელოსა" და გახარიას შორის გაერთიანება ვერ შედგა, რადგან ამომრჩეველთა დაახლოებით 25-30% აცხადებს, რომ ხმას „ნაცმოძრაობას არ მისცემს და ამის გამო გახარიას პარტიას არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილეობა სურს, ანუ ისინი ე.წ. შუაშისტ ამომრჩევლებზე არიან ორიენტირებული. შესაძლოა „ლელოც" ამ მიმართულებაზე თამაშობდეს. ნუ, კი მიდიოდა მათ შორის მოლაპარაკება, მაგრამ, როგორც ჩანს, ბოლოს მაინც ვერ შეთანხმდნენ.
„საბოლოოდ კარგია, რომ რამდენიმე ცენტრი იქნება და არა ერთიანი სია. კი, ერთიანს თავისი პლუსები ჰქონდა, რადგან ბევრ პროდასავლურ პარტიას ბარიერის გადალახვის შესაძლებლობა ექნებოდა, თუმცა ამას მინუსებიც აქვს. „ოცნების" პროპაგანდის შედეგად მოსახლეობის დაახლოებით 30% აცხადებს, რომ „ნაცმოძრაობას" ხმას არავითარ შემთხვევაში არ მისცემდა ხმას, ამიტომ ეს ხმები დაიკარგებოდა. ასე რომ, 2-3 ცენტრის შექმნა ბევრად უკეთესია", - აღნიშნავს ჩიტაძე „რეზონანსთან".
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე