რისთვის ჩამოვიდა ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოადგილე უზრა ზეია საქართველოში, რომელიც ხელისუფლებასთან და ოპოზიციასთან შეხვედრებს მართავს. რა გზავნილები ჩამოიტანა ზეიამ საქრათველოში, რომელიც პრემიერ მინისტრ ირაკლი კობახიძეს 12 ივლის შეხვდება. ანალიტიკოსები „რეზონანსთან“ თანხმდებიან იმაზე, რომ ზეია „ოცნების“ გასაფრთხილებლად ჩამოვიდა და დიდი ალბათობით, ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ სიტუაციას ადგილზე გაეცნობა.
„მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, შეწყვიტოს ანტიდემოკრატიული ქმედებები და ანტიამერიკული დეზინფორმაცია“ - ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოადგილე სოციალურ ქსელ X-ზე „ოცნების“ ქალ დეპუტატებთან შეხვედრის შესახებ წერს.
უზრა ზეიას განცხადებით, მმართველი გუნდის დეპუტატებთან დემოკრატიული ნორმების და ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელობაზე ჰქონდა საუბარი.
„ვისაუბრე „ოცნების“ ქალ ლიდერებთან დემოკრატიული ნორმების და ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელობაზე. შტატები მტკიცედ უჭერს მხარს ქართველი ხალხის ევროატლანტიკურ მისწრაფებებს, მაგრამ „ოცნების“ ქმედებებმა შეაფერხა პროგრესი ამ მიზნისკენ. მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, შეწყვიტოს ანტიდემოკრატიული ქმედებები და ანტიამერიკული დეზინფორმაცია,“ - წერს ზეია.
დღის ბოლოს ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოადგილე პრეზიდენტს შევხდა. სალომე ზურაბიშვილს არ უთქვამს, რა აქცენტები დაისვა ამ შევხედრაზე.
„ქართულმა ოცნებამ“ თუ ოდნავ მაინც ვითარება არ შეცვალა, რა თქმა უნდა, სანქციები გაგრძელდება და ეს უფრო ნათელი და ღია იქნება თითოეული მოქალაქისთვის. მეორეს მხრივ, ისინი მკაფიო მხარდაჭერას გამოხატავენ მოქალაქეების მიმართ, საქართველოს სახელმწიფოს მიმართ და რაც მთავარია, მზაობა სადამკვირვებლო მისიების და მაღალი წარმომადგენლობის ვიზიტით საქართველოში გამოხატულ იქნა,“ - თქვა პლატფორმა „ერთიანობისთვის“ ლიდერმა, თამარ კორძაიამ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მიადგილესთან შეხვედრის შემდეგ.
პარტია „საქართველოსთვის“ წევრის, ანა ბუჩუკურის განცხადებით, ზეიას ვიზიტი მნიშვნელოვანი გზავნილია ხელისუფლებისთვის, ასვე დიდი გზავნილია ჩვენი ხალხისთვის, რომ სტრატეგიული პარტნიორები, მიუხედავად ანტიდასავლური რიტორიკისა, არ ტოვებენ ქვეყანას მარტო.
პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილმა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილესთან, უზრა ზეიასთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან შეხვედრის დეტალებზე ისაუბრა.
„გვესაუბრა ბევრ საკითხზე, მათ შორის პრობლემურ საკითხებზეც. კარგი შესაძლებლობა იყო, გაგვეზიარებინა ერთმანეთისთვის არგუმენტები. მიგვეწოდებინა ჩვენი მოსაზრებები. პოლიტიკურ დიალოგს ჩვენს პარტნიორებთან ალტერნატივა არ აქვს", - თქვა ბოჭორიშვილმა.
კითხვაზე, როგორ წარმოუდგენია "ოცნებას" შტატებთან ურთიერთობის გადატვირთა, როცა საერთაშორისო პარტნიორი სანქციების დაწესებაზე საუბრობს, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა:
„სანქციების დაწესების მუქარით ნამდვილად ვერ მოხდება ურთიერთობების გადატვირთვა”,- განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
სამხედრო ანალიტკოსი ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან“ ამბობს, რომ უზრა ზეიას ვიზიტი არ ემსახურება იმას, რომ ორ ქვეყანას შორის პოლიტიკის გადატვირთვა მოხდეს. მაშინ, საქართველოს არა ეს ქალბატონი, არამედ თავად სახელმწიფო მდივანი ბლინკენი უნდა სწვევოდა. ან რომელიმე სხვა უფრო მაღალი რანგის პოლიტიკოსი. მისი აზრით, ზეიას ვიზიტის მთავარი მიზანი, მაინც საქართველოში სიტუაციის ადგილზე გაცნობაა, რომელიც ამის შესახებ ინფორმაციას ბაიდენის ადმინისტრაციას მიაწვდის.
„ალბათ ამ ქალბატონის ვიზიტის ერთ-ერთი მთავარი მიზანი მაინც „ოცნების“ ხელისუფლებაზე კიდევ ერთხელ ზეწოლის მიტანაა. მას დიდი ალბათობით კონკრეტული მესიჯები ექნება ჩამოტანილი და ამაზე პრემიერთან კარს მიღმა ისაუბრებს. ის ადგილზე შეეცდება ორივე მხრიდან ობიექტური ინფორმაციის მიღებას. ამის ანალიზის შედეგად კი ვაშინგტონში იმ სურათის შესახებ ჩაიტანს ინფორმაციას, როემლიც თბილისში დახვდა. პოლიტიკის გადატვირთვაზე ალბათ უფრო მაღალჩინოსნებს გამოგზავნიდნენ და ამაზე საუბრი და მზადყოფნა რომ ყოფილიყო ორივე მხრიდან, მაშინ ბლინკელნი ჩამოვიდოდა. ზეიას ალბათ ადმინისტრაციამ გამოიტანა გზავნილი, რომ საქართველოში კიდევ უფრო არ მოხდეს ადამიანის უფლებების გაუარესება, ასევე არჩევნების ძალიან გამჭვირვალედ ჩატარება იქნება მოთხოვნილი. ამერიკელებისთვის არჩევნების დროს გამოკვეთილი დარღვევები წითელი ხაზების გადაკვეთა იქნება. ამიტომ მე მაინც მგონია, რომ „ოცნების“ ხელისუფლების გასაფრთხილებლად არის გამოგზავნილი“, - ამბობს მაისაია.
მისივე აზრით, პრემიერ კობახიძის მხრიდან ამერიკასთან გადატვირთვის პოლიტიკაზე საბარი, უფრო შიდა პოლიტიკური მოხმარებისთვის არის განკუთვნილი.
ანალიტიკოსი გაი აბაშიძე „რეზონანსთან“ მიიჩნევს, რომ უზრა ზეიას ვიზიტი საქართველოში, ე.წ. რევიზორის ვიზიტს ჰგავს. მას აქვს დავალებული, რომ საჯაროდ დატუქსვის გზავნილები გაავრცელოს საქართველოში და დასავლურ მედიაში.
„ამ ქალბატონს ამერიკაში ძალიან კარგად იცნობენ და ახაისაითებენ, როგორც ინტრიგან დიპლომატს. თავის დროზე მისი თანამემამულე ინდოელი დიპლომატი დააჭერინა, იმ შავბნელი სქემებით, რასაც სპეცსმსახურები აკეთებენ. მას კი სახელმწიფო დეპარტამენტში ქულები დაუწერეს. ეს ქალბატონი ჩამოსვლისთანავე, დაკავებული იყო „ოცნების“ დამუნათებით. მისი ვიზიტის დროს სახელწმიფო დეპარტამენტმა განცხადებაში აღნიშნა, რომ ზეია როცა თბილისში ჩამოფრინდა დაწერა, რომ არადემოკრატიულ სახლემწიფოში იმყოფებოდა.
„ამის გამო კი ხელისუფლებას უნდა შეუტიოს. მისი ნეიტრალურობა და ობიექტური შეფასების კრიტერიუმები არ არსებობს. ქართული საზოგადოება უკვე შეეჩვია დასავლეთიდან ე.წ. რუსული კანონის გამო დამუნათებას. აქ პრობლემა იმაშია, რომ საქართველოს სტრატეგიების შეფასებებში სერიოზული ჩავარდნაა და ქართულ საზოგადოებას ობიექტურად ვერ აფასებენ. ამიტომ აქ ეს ქალბატონი რაღაცა ობიექტური დამკვირვებლის როლში არ მგონია რომ ჩამოსულიყო. დიდი ალბათობით ის ისევ თითის დაქნევის პოლიტიკის გაგრძელებას შეეცდება“, - ამბობს აბაშიძე.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე