პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი არასამთავრობო ორგანიზაციებს უერთდება და „უცხოური გავლენების" კანონის გასაუქმებლად ემზადება, რომლის შესახებაც სარჩელს ორშაბათს შეიტანს. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ამ საკითხზე არასამთავრობოებთან ერთად მუშაობას იწყებს და პირველი შეხვედრა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში უკვე გაიმართა, რომელსაც პარტია „სამართლიანობისთვის" ლიდერი, ეკა ბესელიაც დაესწრო.
კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე ფიქრობს, რომ ამ სარჩელის სამართლებრივი საფუძველი ნამდვილად არსებობს. როგორც მან აღნიშნა, პრეზიდენტმა ვეტოს დადებისას დარღვევები მიუთითა, თუმცა „ოცნებამ" არ გაითვალისწინა.
„თავის დროზე, როცა პრეზიდენტმა კანონს ვეტო დაადო, მან მიუთითა კონსტისუციის რიგ მუხლებზე, რომელიც ამ კანონით ირღვეოდა, მაგრამ ეს „ოცნებამ" არ გაითვალისწინა, ვეტო დაძლია და კანონი აამუშავა. გარდა ამისა, ვენეციის კომისიის დასკვნა იყო, რომელიც მიუთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციისა და კიდევ სამოქალაქო პოლიტიკური უფლებების აქტის რიგ მუხლებზე, რომელიც ამ კანონით ირღვევა. ასე რომ, სამართლებრივი საფუძველი ნამდვილად არის," - უთხრა ხმალაძემ „რეზონანსს".
ანალიტიკოს ედიშერ გვენატაძის აზრით კი ახლა ამის გამოცხადება ამერიკის სახელმწიფო მდივანის მოადგილის ჩამოსვლას უკავშირდება.
„რატომ გაკეთდა ეს განცხადება, ახლავე გეტყვით - ჩამოვიდა ამერიკის სახელმწიფო მდივანის მოადგილე, უზრა ზეია, მანამდე ისინი მოლაპარაკებულები იყვნენ და რაც უთხრა, გაიმეორა ამანაც. კანონი მიღებულია პარლამენტის მიერ, სადაც უნდა იქ ასაჩივროს, თუმცა აქამდე რატომ არ ასაჩივრებდა? ხომ დაადო ვეტო, ესეც სამართლებრივად სწორად იყო დაძლეული. არაფერი, რომ არ დარჩათ ახლა ამას აკეთებენ," - აცხადებს გვენეტაძე.
არასამთავრობო ორგანიზაციებმა 30 მაისს განაცხადეს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში წარსადგენად სარჩელს ამზადებენ, სადაც „უცხოური გავლენების" შესახებ კანონის გაუქმებას მოითხოვენ. 100-ზე მეტმა ორგანიზაციამ სარჩელი უკვე მოამზადა, სავარაუდოდ, ამას პრეზიდენტიც შეუერთდება და მისი სახელით შევა. საუბარია ამ კანონის არაკონსტიტუციურად ცნობასა და 78-ე მუხლის დარღვევაზე.
კონსტიტუციის 78-ე მუხლის თანახმად, რომელიც ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციას შეეხება, კონსტიტუციურმა ორგანოებმა, თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში, უნდა მიიღონ ყველა ზომა ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად.
ეკა ბესელიას თქმით, სარჩელთან დაკავშირებით უფრო მეტი დეტალი ძალიან მალე გასაჯაროვდება.
„საკონსტიტუციო სასამართლოში ამ კანონის გასაჩივრება არის ძალიან მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ შეჩერდეს ამ კანონის მოქმედება. მისი საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე სასამართლომ თავიდან უნდა აიცილოს გამოუსწორებელი ზიანი, რომელიც შეიძლება სექტემბერში ამ კანონის ამოქმედებას მიადგეს. 78-ე მუხლი, რომელიც კონსტიტუციაში სპეციალური ჩანაწერია ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით, ამ მუხლით უნდა გასაჩივრდეს, ასეც მოხდება. ძალიან მალე გეცოდინებათ ამ სარჩელთან დაკავშირებით უფრო მეტი", - თქვა ეკა ბესელიამ.
„ნაცმოძრაობის" თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა ამბობს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს დამოუკიდებელი გადაწყვეტილების მიღებაზე იმედი არ აქვს.
„ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ საკონსტიტუციო სარჩელზე იმიტომ, რომ „რუსული კანონი", რომელიც ძირს უთხრის ქართულ დემოკრატიას და ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკურ არჩევანს, რაც გაწერილია საქართველოს კონსტიტუციაში, არის ანტიკონსტიტუციური. ვერ ვიტყვი, რომ დიდი მოლოდინი მაქვს, საკონსტიტუციო სასამართლო მიიღებს დამოუკიდებელ გადაწყვეტილებას, რადგან გვინახავს მთელი რიგი სხვა გადაწყვეტილებები, სადაც საკონსტიტუციო სასამართლო, ისევე როგორც სხვა ინსტანციის სასამართლოები, პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს იღებენ", - ამბობს ბოკუჩავა.
ვახტანგ ხმალაძის თქმით კი, სხვა ყველაფერთან ერთად, 78-ე მუხლიც დაირღვა და ამაზე არაერთი მსოფლიო ლიდერი აფრთხილებდა, თუმცა „ოცნებამ" არ გაითვალისწინა.
„რაც შეეხება 78-ე მუხლს, ეს ცალკე სამსჯელო საკითხია. მე მიმაჩნია, რომ ეს მუხლი დარღვეულია. ამის მტკიცებულებაა გახლავთ ის, რომ ამ კანონის მიხედვით დაირღვა სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოთა ვალდებულება მიიღოს ყველა ზომა საქართველოს ინტეგრირებისთვის ევროატლანტიკურ სტრუქტურებში. სანამ ამ კანონს მიიღებდნენ, როგორც ევროკავშირში შემავალი ქვეყნები, ასევე ნატოს ხელმძღვანელები და შეერთებული შტატების ოფიციალური პირები „ოცნებას" პირდაპირ აფრთხილდებდნენ, რომ ამ კანონის მიღება ევროკავშირის სამართლებრივ მოწესრიგებას ეწინააღმდეგება. მიღების შემთხვევაში კი ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების პროცესს პრობლემა შეექმნებოდა. ეს დადასტურდა კიდეც, ჯერ ამერიკამ ხოლო შემდეგ ევროკავშირის ქვეყნებში საქართველოს ხელისუფლებასთან ურთიერთობის ფაქტობრივი შეჩერება დაიწყეს. ეს არის მტკიცებულება იმისა, რომ ხელისუფლების მოქმედებამ არა თუ შეასრულა კონსტისტიციის 78-ე მუხლის მოთხოვნა, არამედ მათი ქმედებით ეს მუხლი დაირღვა", - აცხადებს ვახტანგ ხმალაძე „რეზონანსთან".
როგორც გვენეტაძე აღნიშნავს, სალომე ზურაბიშვილი დამოუკიდებლად გადაწყვეტილებას ვერ იღებს და ის გარე ძალების დავალებებს ასრულებს.
„მე ამ საკითხზე ერთადერთ რაღაცას ვფიქრობ, სალომე ზურაბიშვილი საქართველოში მეხუთე კოლონის წარმომადგენელია, რომელი კოლონაც დასავლეთის გლობალური ომის პარტიას ჰყავს დანიშნული და მათ დავალებებს ასრულებს, აქ მეტი ისეთი არაფერია. ხომ არ ჰგონია, რომ ზურაბიშვილი დამოუკიდებელი პიროვნება იყოს? რასაც ეუბნებიან, იმას ასრულებს", - აცხადებს ედიშერ გვენეტაძე „რეზონანსთან".
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე