ბოლო დღეებში საუბარი მიდის „ლელოსა" და გიორგი გახარიას „საქართველოსთვის" გაერთიანებაზე. ჯერჯერობით თავად მხარეებს განცხადება არ გაუკეთებიათ. ამ საკითხზე ანალიტიკოსების გარკვეული ნაწილი ფიქრობს, რომ გამორიცხული არაა ორივემ შინაგანი ბარიერი გადალახონ და დასავლეთის ზემოქმედებით ერთად დადგნენ. მეორე ნაწილი კი ვარაუდობს, რომ გაერთიანების შემთხვევაში ეს პოლიტიკური ჯგუფი ოპოზიციაში პირველობისთვის იბრძოლებს.
„გამიჭირდება იმის თქმა, თუ რამდენად რეალისტურია ამ ორის გაერთიანება, თუმცა შემიძლიათ გითხრათ, რომ ეს აუცილებელია. „ლელო" და გახარია თუ გაერთიანდება ეს იქნება ის ძალა, რომელიც პარტიებს შორის პირველი ადგილის მოსაპოვებლად იბრძოლებს", - აცხადებს ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე „რეზონანსთან".
ანალიტიკოს ზაალ ანჯაფარიძის აზრით კი, თუ იაგო კაჭკაჭიშვილის ორგანიზაციის გამოკითხვას დავეყრდნობით, ჯამურად 10%-ს აიღებენ, რაც უმრავლესობის მოპოვებისა და მთავრობის ჩამოყალიბებისთვის საკმაირისი არაა.
„ძალიან რთული საკითხია განსაზღვრო წინასწარ სოციოლოგიური გამოკითხვის გარეშე, რა პერსპექტივა ექნება ამ გაერთიანებას. იმ გამოკითხვიდან, რომელიც იაგო კაჭკაჭიშვილის ორგანიზაციამ ჩაატარა და რომელსაც საგულდაგულოდ მალავდნენ, ჩანს, რომ ამ ორი პარტიიდან არც ერთს მაინც და მაინც დიდი პერსპექტივა აღარ აქვს. ჯამურად სადღაც 10%-ს ააგროვენენ და ეს საკმაირისი არ არის იმისათვის, რომ ამ ორმა ჯგუფმა უმრავლესობა მოიპოვონ და მთავრობა ჩამოაყალიბონ".
პარტია „ხალხის ძალის" ინფორმაციით, მზადდება პოლიტიკური პლატფორმა „გახარია საქართველოსთვის" ლიდერის გიორგი გახარიას და „ლელოს" ლიდერის, მამუკა ხაზარაძის გასაერთიანებლად.
როგორც მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, „ჯერ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ქოლგის ქვეშ ბესელია-შალელაშვილი-ჩუგოშვილის ლეღვის ფოთოლთა პლატფორმას შექმნიან, ხოლო შემდეგ გახარიას და ხაზარაძეს ფრთხილად შეუერთებენ, რომ რაც შეიძლება ნაკლები პოლიტიკური დანაკარგი განიცადონ და ამ საფარქვეშ საზოგადოებისთვის უფრო ბუნებრივი გახადონ შეუთავსებელთა ერთიანობა".
„ლოგიკურად ჩნდება კითხვა - რა მიზანი აქვთ ადგილზე მოქმედი წვრილფეხა აგენტურის პატრონებს? რატომ დახარჯეს დრო, ენერგია და რესურსი ამ არაფრის მომცემი გაერთიანების დასალაგებლად? სწორედ აქ მივადექით მთავარ სათქმელს - მზადდება პოლიტიკური პლატფორმა გიორგი გახარიას და მამუკა ხაზარაძის გასაერთიანებლად. სწორედ ეს სასაცილო პლატფორმა გახდება ის ადგილი, სადაც ერთ დროს ერთმანეთზე სამკვდრო-სასიცოცხლოდ გადაკიდებული ადამიანები „გამონახავენ" საერთო ენას, ხოლო ბესელია, შალელაშვილი და ჩუგოშვილი მათზე აფარებული ლეღვის ფოთლები იქნებიან.
„შესაძლოა ვინმეს გაუჩნდეს ლოგიკური კითხვა - თუ აგენტურა ყველა დავალებას უსიტყვოდ ასრულებს, რა საჭიროა ასეთი პოლიტიკური სპექტაკლების დადგმა, რატომ არ გააერთიანეს ეს ორი ძალა პირდაპირ, ყოველგვარი პოლიტიკური სპექტაკლების გარეშე?
„პასუხი მარტივია: გახარიას და ხაზარაძეს იმდენი აქვთ ერთმანეთი ნაგინები და საზოგადოების თვალში ამ ორი ძალის ერთად ყოფნა იმდენად შეუთავსებელი ჩანს, რომ მათი პირდაპირ, უხეში ფორმით გაერთიანება უაღრესად არასერიოზულად იქნება აღქმული საზოგადოებაში," - ნათქვამია „ხალხის ძალის" განცხადებაში.
ანჯაფარიძეს ეეჭვება მათი გაერთიანების, თუმცა მიაჩნია, რომ „თუ დასავლეთმა მითითება მისცა", შესაძლებელია ასეც მოხდეს. მისივე თქმით, იმ გამოკითხვას თუ დავეყრდნობით და ერთად 10%-ს აიღებენ, მაშინ სხვა პარტიასთან კოალიციაში შესვლა მოუწევთ.
„ამ ეტაპზე მათი გაერთიანების პერსპექტივას ვერ ვხედავ, თუმცა ვინაიდან ორივე გარედან მიღებულ დავალებას ასრულებსნ, დღეს კი ეს გარე ძალები ჩვენს არჩევნებში აქტიურად ერევიან, არ არის გამორიცხული, რომ ამათი ზემოქმედებითა და ზეწოლით გადალახონ ეს შინაგანი ბარიერი და დროებით, საარჩევნოთ ერთად დადგნენ.
„ერთ ისტორიას გავიხსენებ, ვარდების რევოლუციამდე ზურაბ ჟვანიასა და მიხეილ სააკაშვილის პარტიები ძალიან სერიოზულად იყვნენ ერთმანეთთან დაპირისპირებულები. მერე ვიღაცის უხილავმა ხელმა აიღო, მოკიდა ხელი და ორივე ერთი ქოლგის ქვეშ დააყენა. არ არის გამორიცხული, რომ აქაც იგივე მოხდეს. შესაძლოა შინაგანად ერთმანეთთან გაერთიანება არ სურდეთ, მაგრამ მასზე უფრო ძლიერი ძალის მითითებას დაემორჩილონ.
სავარაუდოდ, თუ ესენი გაერთიანდნენ და კაჭკაჭიშვილის ორგანიზაციის გამოკითხვის მიხედვით ამდენ ხმას აიღებენ, მაშინ ალბათ სხვა პოლიტიკურ ძალებთან კოალიციაში შესვლა მოუწევთ, რაც დასავლეთის დიდი სურვილია. მათ უნდათ, რომ აქ კოალიციური მთავრობა იხილონ და „ოცნების" საკონსტიტუციო უმრავლესობის აღება არაფრით არ სურთ. შესაბამისად, ყველაფერი კეთდება, რომ სწორედ ის სცენარი განხორციელდეს, რომ ორი სამი პოლიტიკური ცენტრი ჩამოყალიბდეს და კოალიციური მთავრობა შეიქმნას. მე ასეთი განცდა მაქვს, რომ საქმე აქეთ მიდის", - აცხადებს ზაალ ანჯაფარიძე.
ძაბირაძის აზრით კი აქ ბარიერის გადალახვაზე არანაირი პრობლემა არაა და მათი ამომრჩევლები ე.წ. შუაშისტებიც იქნებიან.
„აქ 5%-იანი ბარიერის გადალახვაზე პრობლემა არ იქნება, ასეთ შემთხვევაში ე.წ. შუაშისტური ხმები და არა მხოლოდ ეს, მთლიანად ამ პოლიტიკურ ჯგუფზე წავა. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ასეთი გადაწყვეტილება მიიღონ", - ამბობს ვახტანგ ძაბირაძე.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე