ოპოზიციურ ველზე ბოლო დღეებში კონტურები იკვეთება მინიმუმ 3-4 პოლიტიკური ცენტრის ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით. უკვე ცნობილია ვინ იბრძოლებს ენმ-სთან და „ახლებთან", ჯერჯერობით გაურკვეველია საით წავა „ლელო" და დარჩება თუ არა იმავე აზრზე ყოფილი პრემიერის გიორგი გახარიას „საქართველოსთვის". ამ დრომდე გახარიას ჯგუფი აცხადებს, რომ ოქტომბრის არჩევნებზე მარტო გადის.
ანალიტიკოსთა ნაწილი არ გამორიცხავს, რომ „ლელო" და „საქართველოსთვის" წინასაარჩევნოდ ერთად ვიხილოთ, ნაწილი კი აცხადებს, რომ დიდი ალბათობით გახარიას პარტია არჩევნებზე მარტო გავა, „ლელო" კი საბოლოოდ ალიანსში „ახალთან" შევა. საუბარია სხვა კონფიგურაციაზეც.
9 ივლისს გადაწყდა, რომ „ახალი", „დროა" და „გირჩი - მეტი თავისუფლებისთვის" არჩევნებში მონაწილეობას ერთობლივად მიიღებენ. „ახალის" ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ მოლაპარაკებები "ხანგრძლივი და რთული" იყო, ახლა კი ისინი ერთიან წინასაარჩევნო კამპანიას დაიწყებენ. გვარამიას თქმით, 4 ნომერზე შეთანხმებულები არიან. სახელზე მსჯელობენ, ფეისბუქზე კი პოლიტიკოსმა სლოგანი გამოაქვეყნა - „დროა გირჩი-ოთ ახალი".
გვარამიას თქმით, „მცირე განსხვავებების" გამო, „ლელოსთან" შეთანხმება ამ დრომდე ვერ მოხერხდა, თუმცა „ამით პროცესი არ იკეტება". ამასთან რესპუბლიკური პარტიის წევრი ხათუნა სამნიძე ამბობს, ამ ეტაპზე მოიაზრება გაერთიანება „მეორე პოლიტიკურ ცენტრთან", რომლის ფარგლებში განიხილება „ახალი", „ლელო", „დროა" და „გირჩი - მეტი თავისუფლებისთვის". რაც შეეხება „ევროპულ საქართველოს", მისი ლიდერი გიგა ბოკერია ამბობს, რომ გაერთიანებასთან დაკავშირებით საჯაროდ და არასაჯაროდაც მიმართეს „ახლის" და „ლელოს" ხელმძღვანელობას, თუმცა, მათგან საპასუხოდ დუმილია.
8 ივლისს კი, „ნაციონალურმა მოძრაობამ" და „სტრატეგია აღმაშენებელმა" ახალი პოლიტიკური პლატფორმა - „ერთიანობა საქართველოს გადარჩენისთვის" დააფუძნეს. როგორც „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ პარტიის ყრილობაზე განაცხადა, გაერთიანებაში, გიორგი ვაშაძისა და სოფო ჯაფარიძის გარდა, ასევე იქნებიან: გია ჯაფარიძე, ლაშა ბაქრაძე, თამარ კორძაია და არმაზ ახვლედიანი.ახალი გაერთიანება არჩევნებზე „ნაციონალური მოძრაობის" საარჩევნო ნომრით წარდგება.
შესაძლო მესამე ცენტრი
მესამე ცენტრი ამ დროისთვის სავარაუდოდ გახარიას პარტია გამოდის, რადგან არჩევნებამდე არასრული ოთხი თვეა დარჩენილი და საჯარო განცხადებებში შესაძლო გაერთიანებებზე ინფორმაციებს არ ადასტურებს. „საქართველოსთვის" წევრი მიხეილ დაუშვილს არ აქვს ინფორმაცია არც მედიაში გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ საქართველოს პრეზიდენტსა და გიორგი გახარიას შორის გაერთიანებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები მიმდინარეობს.
„რაც შეეხება პრეზიდენტს, ჩვენ ქალბატონ პრეზიდენტთან საუბრები იქამდეც გვქონდა, ახლაც გვაქვს და მომავალშიც გვექნება. ჩვენი პოლიტიკური მხარდაჭერა მას რომ აქვს, ამაში ახალი არაფერი არ არის და არაერთხელ გვითქვამს. პირდაპირ რომ გითხრათ, მე მივესალმებოდი ასეთი ტიპის თანამშრომლობას. დიახ, პრეზიდენტის ნაწილში, ის რომ მასთან გვქონდეს თანამშრომლობა, მათ შორის საარჩევნოდ - ამას მხოლოდ და მხოლოდ მივესალმებით.მე არ მაქვს ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით ჩვენთან ერთად უნდა შექმნას თუ არა რაიმე ერთობა", - განაცხადა დაუშვილმა.
კითხვაზე, ჰქონდა თუ არა საქართველოს პრეზიდენტთან რაიმე სახის კომუნიკაცია "გახარია საქართველოსთვის" ლიდერს, გიორგი გახარიას, დაუშვილმა აღნიშნა, რომ მან არ იცის და ამაზე კითხვა გიორგი გახარიას უნდა დაუსვან.
„რაც შეეხება იმას, რომ პრეზიდენტთან წინასაარჩევნოდ და არჩევნების შემდგომ გვქონდეს თანამშრომლობა და ზოგადად პოლიტიკური მხარდაჭერა, ამას მხოლოდ და მხოლოდ მივესალმებით", - აღნიშნა დაუშვილმა.
ინფორმაციისთვის, „ტვ 24"-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ახალ პოლიტიკურ გაერთიანებას ქმნის და ალიანსის შექმნა გიორგი გახარიას პარტიასთან სურს. მათივე ინფორმაციით, ახალ პარტიაში ეკა ბესელია, შოთა შალელაშვილი და თამარ ჩუგოშვილიც იქნებიან. მათი ინფორმაციით, აქტიური მოლაპარაკებებია გიორგი მარგველაშვილთან, კახა კუჭავასთან და ანა დოლიძესთან.
გახარია და „ლელო" ერთად თუ ცალკ-ცალკე
შავი ზღვის უნივერსიტეტის პროფესორი და ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ გახარიას პარტია დიდი ალბათობით მარტო გავა არჩევნებზე, „ლელო" კი ისევ „ახალთან" გადაწყვეტს ალიანსს,
„გახარიას პარტია დიდი ალბათობით არჩევნებში დამოუკიდებლად მიიღებს მონაწილეობას, რადგან პარტიის წარმომადგენლები თვლიან, რომ საკმარისი რეიტინგი აქვთ, რომ როგორც მინიმუმ 5%-იანი ბარიერი გადალახოს. 2021 წლის ადგილობრივი არჩევნების დროს, მიუხედავად იმისა, რომ პირველად მიიღო მონაწილოება, გარკვეული რეიტინგი გააჩნდა. შესაძლოა ამიტომაც თვლიდეს, რომ მას არ სჭირდება სხვა პარტიებთან კავშირი. მით უმეტეს, მას აღებული აქვს ის ნიშა, რომ არც „ნაცები" და არც „ქართული ოცნება".
„ლელოს" რაც შეეხება, არაა გამორიცხული, რომ პარტია „ახალთან" ვიხილოთ, რადგან გარკვეული კავშირები არსებობს იგივე მელია-ხაზარაძის შორის. თან ვიცით, რომ მათ შორის მოლაპარაკებები მიდის. თუ არადა „ლელოც" დამოუკიდებლად მიიღებს მონაწილეობას. ის „ქართული ოცნების" მერე, მეორე პარტიაა, რომელმაც შემოწირულობები მიიღო და ამიტომაც ალბათ თვლის, რომ მინიმუმ ბარიერს გადალახავს. „ლელო"-გახარიას ერთობა კი არა მგონია შედგეს.
„საპარლამენტო ოპოზიციას რაც შეეხება - „გირჩს" და მოქალაქეებს", მათ ძალიან მცირე შანსები აქვთ, არ მგონია მათთან თანამშრომლობა ვინმემ დაიწყოს. რაც შეეხება „ევროპულ საქართველოს" შესაძლოა ახალთან ვიხილოთ",- განაცხადა ნიკა ჩიტაძემ „რეზონანსთან".
ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე კი „რეზონანსთან" არ გამორიცხავს, რომ „ლელო" და გახარიას პარტია წინასაარჩევნოდ ერთად ვიხილოთ.
„ეს ორი („ლელო" და გახარიას„საქართველოსთვის") ისეთივეები არიან, როგორც „ნაცმოძრაობა" და მისი ყვეელა მისი განშტოება. გახარია, რომელიც ეუბნებოდა „ნაცმოძრაობას", რომ მე თქვენ დაგასრულებთო, ოთხ საკრებულოში ალიანსი ჰქონდათ შეკრული.
„ესენი მათი სულიერი ძმები არიან. „ლელოში" ის ადამიანები არიან შეყრილები, რომლებიც „ნაცებთან" ერთად ვაშინგტონში ჩადიან და ქართველი ხალხისთვის სანქციების დაწესებას ითხოვენ. ჩადიან ძველი ქართველი მოღალატეებივით და ქართულ სახელმწიფოს ასმენენ.
„ლელოს" წარმომადგენლები ის ადამიანები არიან, რომლებიც მიდიოდნენ და პირდაპირ ლაპარაკობდნენ, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი არ მისცეთო. ისინი ერთად და ერთნი არიან, უბრალოდ ახლა გაშლილები არიან, თორე სინამდვილეში ყველა ერთად „ნაციონალური მიძრაობაა", რომლებიც გარედან მოქმედებენ. ისინი ქართული სახელმწიფოსთვის არც არასდროს არაფერს არ აკეთებდნენ და არც გააკეთებენ.
„სავსებით შესაძლებელია, რომ გახარიას და „ლელოს" ერთობა შედგეს, ისინი ერთი მთელის შემადგენელი ორგანული ნაწილები არიან",-განაცხადა ედიშერ გვენეტაძემ „რეზონანსთან".
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე