ნატალია ჯვარიძე
(01.06.2024)

ორშაბათს საბოლოოდ გახდება ცნობილი, თუ ვინ აწერს ხელს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის „ქართულ ქარტიას". ოპოზიციური პარტიების უმრავლესობა მზადაა ამ დოკუმენტს შეუერთდეს, თუმცა, ანალიტიკოსების აზრით, ქარტია გარკვეულ კითხვებს იწვევს და მასში ბევრი რამ დასაზუსტებელია. რა გავლენას მოახდენს პრეზიდენტის ეს წამოწყება ამომრჩეველთა განწყობასა და პოლიტიკურ პროცესებზე?

ანალიტიკოსების აზრით, ამას პოლიტიკურ ცხოვრებაში გარკვეული მნიშვნელობა ექნება, თუმცა არა გადამწყვეტი.

„მგონია, რომ სალომე ზურაბიშვილი ამ ქარტიით ცდილობს ერთი გასროლით რამდენიმე კურდღელის მოკვლას და ოპოზიციის ლიდერი გახდეს", - აცხადებს ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე „რეზონანსთან".

ანალიტიკოს ნიკა ჩიტაძის აზრით კი, ამ ქარტიას დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან ოპოზიცია საქართველოში დემოკრატიის დასამკვიდრებლად ბრძოლას დაიწყებს და შესაბამისად ეს დაკავშირებულია „ოცნების" დამარცხება.

პარტია „სამართლიანობისთვის" ლიდერი, ეკა ბესელია ამბობს, რომ 1-ლ ივნისს პარტიები პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ წარდგენილ ქარტიაზე თანხმობას განაცხადებენ, ხოლო ქარტიას ხელი ორშაბათს მოეწერება. იგი ამასთანავე აღნიშნავს, რომ ქარტიას პარტიათა უმეტესობა მხარს უჭერს, თუმცა სახელისუფლებო, ან „ოცნებასთან" დაკავშირებული პარტიების ეწინააღმდეგებიან.

„რაც მე ვიცი, კონსულტაციებიც ყოველდღიურად იმართება. არ ვიცი არავინ, ვინც ამბობს „არას", გარდა სახელისუფლებო ან მასთან პირადად დაკავშირებული პარტიებისა. ვიცი, უმეტესი პარტიების პოზიცია. მოვისმინე პირადად, რომ ისინი ქარტიის პრინციპებს ეთანხმებიან, ქარტიისა, რომელიც არის პრეზიდენტის პროდასავლური ფრონტის და ევროკავშირის დღის წესრიგის ამსახველი მთავარი ხედვა", - თქვა ბესელიამ.

სალომე ზურაბიშვილის მიერ წარმოდგენილი სამოქმედო გეგმა პრაქტიკულად მიზნად ისახავს ოპოზიციის ერთი ქოლგის ქვეშ გაერთიანებას. ქარტიის თანახმად, 26 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ უნდა ჩამოაყალიბდეს დროებით მთავრობას, რომელიც რამდენიმე თვის განმავლობაში იმუშავებს და ევროპასთან დასაახლოვებლად მნიშვნელოვან რეფორმებს გაატარებს. ამის შემდგომ კი რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები დაინიშნება.

ეს არ ნიშნავს, რომ ქარტიაზე ხელისმომწერი პარტიები უნდა გაერთიანდნენ ერთ საარჩევნო ბლოკად ან გაერთიანებად. პრეზიდენტ ზურაბიშვილის თქმით, საპარლამენტო არჩევნებში ქარტიაზე ხელისმომწერი ყველა ოპოზიციური პარტია იმ ფორმით მიიღებს მონაწილეობას, რა ფორმითაც სურს.

პრეზიდენტის გეგმის თანახმად, პარლამენტმა, რომელსაც 26 ოქტომბერს მოქალაქეები აირჩევენ, საჭირო საკანონმდებლო ცვლილებები საგაზაფხულო სესიიის პერიოდში უნდა მოასწროს, ანუ 2025 წლის თებერვლიდან ივნისამდე, რის შემდეგაც ვადამდელი არჩევნები დაინიშნება. ამ პარლამენტს ექნება კონკრეტული ამოცანა, რომელიც ასევე გაწერილია ქარტიაში.

ანალიტიკოსები მიუთითებენ, რომ ქარტიის ზოგიერთი პუნქტი ბუნდოვანია ან სხვადასხვაგვარი ინტერპრეტაციის საშალებას იძლევა, რაც მომავალში შესაძლოა გარკვეული პრობლემების მიზეზი გახდეს. მაგალითად, დროებითი მთავრობის ფორმირება, რომელიც, დოლუმენტის თანახმად, პოლიტიკურად ნეიტრალური პროფესიონალებით უნდა დაკომპლექტდეს და ამასთან, მათი შერჩევა უნდა მოხდეს პრეზიდენტთან შეთანხმებით.

პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა „ქართული ქარტიის" შესახებ განცხადება დამოუკიდებლობის დღეს, 26 მაისს გააკეთა და მისი ტექსტი პირადად გააცნო ორბელიანების სასახლესთან შეკრებილ საზოგადოებას. ქარტიასთან მიერთებაზე თანხმობა პრაქტიკულად მაშინვე განაცხადა ოპოზიციური პარტიების უმეტესობამ - ენმ-მ, „ლელომ", „ახალმა", „ევროპულმა საქართველომ", „გირჩი - მეტი თავისუფლებამ", „დროამ", „მოქალაქეებმა" და რესპუბლიკურმა პარტიამ. დოკუმენტზე ხელის მოწერისაგან თავს იკავებენ ექსპრემიერ გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის" და „გირჩი", თუმცა აცხადებენ, რომ ქარტიის ძირითადი პრინციპები მათთვის მისაღებია.

მმართველი პარტიისთვის კი პრეზიდენტის ეს წამოწყება სრულიად მიუღებელია. პრემიერი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ სალომე ზურაბიშვილმა ამით ფაქტიურად „უცხოური აგენტების რეესტრის შექმნა დაიწყო".

„მანამდეც ვამბობდით, რომ ყველა ეს ადამიანი ერთი პოლიტიკური ძალაა, რომელსაც კოლექტიურ „ნაცმოძრაობას" ვუწოდებთ და ახლა ხდება კოლექტიური „ნაცმოძრაობის" სიის ფორმალიზება. ამისთვის განსაკუთრებული მადლობა სალომე ზურაბიშვილს", - განაცხადა კობახიძემ.

ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე მიიჩნევს, რპმ პრეზიდენტის ქარტიას ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე გარკვეული გავლენა ექნება, მაგრამ არა გადამწყვეტი. მთავარი კი მისი აზრით ისაა, თუ რა ფორმით წარსდგება ოპოზიცია არჩევნებზე.

„ეს ქარტია პოლიტიკურ ცხოვრებაზე გარკვეულ გავლენას მოახდენს, თუმცა არა გადამწყვეტს. ყველაფერი იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ როგორ წარსდგება ოპოზიციური სპექტრი არჩევნებზე. ანუ ყველანი გაერთიანდებიან ისინი, თუ იქნება ორი ან სამი პოლიტიკური ცენტრი. მგონია, რომ მეორე ვარიანტი უფრო რეალისტურია, რადგან გაერთიანებას რამდენიმე პროდასავლური პარტია ეწინააღმდეგება.

„ასევე გადამწყვეტი იქნება საარჩევნო სიები და კიდევ ის, თუ ვინ იქნება აღნიშულ სიაში წარმოდგენილი. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ისიც, თუ როგორ წარიმართება „ოცნებისა" და ოპოზიციის წინასაარჩევნო კამპანია და ვინ შეძლებს ამომრჩევლისთვის საკუთარი სიმართლის დარწმუნებას.

„ბუნებრივია, ის ამომრჩევლები, რომლებიც ოპოზიციას უჭერენ მხარს, არც ამ ერთობის წინააღმდეგი იქნებიან. რაც შეეხება „შუაშისტ" ამომრჩევლებს, რომლებსაც ქვეყანაში ცლილებები უნდათ, ალბათ მათი ნაწილიც დაეთანხმება", - ამბობს ნიკა ჩიტაძე „რეზონანსთან".

ზაალ ანჯაფარიძის აზრით კი, სალომე ზურაბიშვილს სურს ოპოზიციის არაფორმალური ლიდერი გახდეს და ასე წარმოაჩინოს თავი როგორც ქვეყანაში, ასევე მის ფარგლებს გარეთ.

„მე მგონია, რომ სალომე ზურაბიშვილი ამ ქარტიით ცდილობს ერთი გასროლით რამდენიმე კურდღელის მოკვლას. პირველი მას უნდა, რომ ოპოზიციის არაფორმალური ლიდერი გახდეს და ასე წარმოაჩინოს თავი როგორც ქვეყანაში, ასევე მის ფარგლებს გარეთ. მეორე - აღნიშნული ქარტია ერთგვარი პროდუქტია, რომელიც მან განსახილველად ბრიუსელში უნდა წაიღოს. იგი დასავლეთს წარუდგენს და ეტყვის - „თქვენი ინტერესების გათვალისწინებით, მოვახერხე და შევკრიბე კონკრეტული პარტიები და ახლა ამ პარტიებს მხარი უნდა დავუჭიროთ". ეს არის ამის მიზანი, რომ „პროევროპული" პარტიები დაუპირისპირდნენ „ოცნებას".

„ჩემი აზრით, ამ ქარტიას მხარს დაუჭერს იმდენი ამომრჩეველი, რამდენიც მიტინგებზე გამოდიოდა. ეს არის დაახლოებით მოსახლეობით 20-25%-ია", - აცხადებს ზაალ ანჯაფარიძე „რეზონანსთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე