ნატალია ჯვარიძე
(30.05.2024)

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ტენდერის ჩინური კონსორციუმისთვის გადაცემაზე აჟიოტაჟი არ ცხრება. ოპოზიცია და საზოგადოების ნაწილი ამას საგარეო პოლიტიკური ვექტორის ცვლილების პრიზმაში განიხილავს, მთავრობა კი პრაგმატული პოლიტიკის გაგრძელებად მიიჩნევს და ამტკიცებს, რომ ეს ქვეყნის ეკონომიკისთვის ყველაზე მომგებიანი ნაბიჯი იყო.

ამ საკითხზე ანალიტიკოსების აზრიც ორად იყოფა - პოლიტიკური პრეფერენციების მიხედვით. ოპონენტები მიიჩნევენ, რომ ოფიციალური პეკინის შავ ზღვაში შემოყვანით საქართველოსა და მისი სტრატეგიული მოკავშირეების, პირველ რიგში კი ამერიკის ინტერესები ზიანდება.

მთავრობა იმასაც ამბობს, რომ პრინციპში სხვა გამოსავალი არც ჰქონდათ, რადგან ანაკლიის ტენდერზე წინადადება მხოლოდ ერთმა, ჩინურ-სინგაპურულმა კონსორციუმმა წარადგინა.

აღსანიშნავია, რომ ჩინელებს ეს ტენდერი ოფიციალურად ჯერ მოგებული არცა აქვთ. ეკონომიკის მინისტრ ლევან დავითაშვილის განცხადებით, „დიდი შანსია", რომ ჩინურ-სინგაპურული კონსორციუმი ანაკლიის პორტის პროექტის გამარჯვებულად უახლოეს დღეებში გამოცხადდება. მისი მტკიცებით, გამარჯვებული კონსორციუმის ჩინური კომპანია ტვირთბრუნვის მიხედვით მსოფლიოში მე-6-7 ადგილზეა.

ამერიკული „ფორბსის" თანახმად, შარშან კომპანიამ 106 მილიარდ დოლარზე მეტი შემოსავალი მიიღო. 2023 წლის მონაცემებით, მისი აქტივების ჯამური ღირებულება 218.8 მილიარდი დოლარია. ის ძირითადად ინფრასტრუქტურულ პროექტებშია ჩართული: პორტების, გზების, ხიდებისა და რკინიგზის მშენებლობაში.

„რადიო თავისუფლების" ინფორმაციით, კონსორციუმი მონაწილე ჩინური კომპანიის (China Communications Construction Company Limited) შვილობილი ფორმები აშშ-ის სავაჭრო დეპარტამენტს ჰყავს სანქცირებული. ისინი აშშ-ის სავაჭრო დეპარტამენტმა 2020 წლის აგვისტოში სამხრეთ ჩინეთის ზღვაში ხელოვნური კუნძულების მშენებლობის გამო დაასანქცირა. ჰონგ-კონგის სუვერენიტეტის დარღვევა, გარემოსთვის მიყენებული ზიანი - ეს იყო აშშ-ის პრეტენზიები ჩინეთის მიმართ ტრამპის პრეზიდენტობის პერიოდში.

თუმცა სანქციების შესახებ ინფორმაციას უარყოფენ ეკონომიკის სამინისტროში.

„გავრცელებული ინფორმაცია კომპანიის სანქციებთან დაკავშირებით სიმართლეს არ შეესაბამება, კომპანიის მიმართ არ ვრცელდება საერთაშორისო სანქციები. გამარჯვების შემთხვევაში კომპანიას თავისუფლად შეუძლია მონაწილეობა მიიღოს ანაკლიის პორტის პროექტის განხორციელებაში", - აცხადებენ ეკონომიკის სამინისტროში, თუმცა მის შვილობილ კომპანიებზე კომენტარს არ აკეთებენ.

რას ამბობენ ოპოზიციაში

ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ანაკლიის პორტის პროექტის გამარჯვებულად ჩინური კონსორციუმის გამოცხადება საქართველოსთვის უმსხვილესი გეოპოლიტიკური მარცხი და დასავლეთისგან დისტანცირებისკენ გადადგმული გიგანტური ნაბიჯია. როგორც მან ფეისბუქზე დაწერა, დღეს ჩინეთი და რუსეთი ერთი და იგივეა.

„ამასობაში, ვაზიანის ამერიკული სამხედრო ტრენერების ცენტრთან ერთად, ჩინელებისთვის ანაკლიის (ლაზიკის) გადაცემას აპირებენ. ეს საქართველოსთვის უმსხვილესი გეოპოლიტიკური მარცხი და ჩვენი დასავლეთისგან დისტანცირებისკენ გადადგმული გიგანტური ნაბიჯია. ჩინელები და რუსები დღეს ერთი და იგივეა და სტრატეგიულ აქტივებში მათი შემოყვანა სასიკვდილო მარცხის მატარებელია",- წერია სააკაშვილის წერილში.

ჩინური კომპანიის საქართველოში შემოსვლით, შავ ზღვაში აბსოლუტურად ახალი მოთამაშე შემოდის, უთხრა „ნაციონალური მოძრაობის" წევრმა დიმიტრი შაშკინმა „პალიტრანიუსს.

„შავ ზღვაში შემოდის აბსოლუტურად ახალი მოთამაშე, რომელსაც უკვე პრობლემები აქვს თურქეთთან, ევროპასთან, აშშ-სთან. ერთადერთი, ვისთანაც პრობლემა არა აქვს, არის რუსეთი. ამ ორი მოთამაშის ინტერესი აბსოლუტურად გასაგებია, ზედა დერეფანი დაიხურა და ახლა უნდათ, რომ ხელში ჩაიგდონ შუა დერეფანი. ქვედა დერეფანს თურქეთი აკონტროლებს", - განაცხად შაშკინმა.

„ნაცმოძრაობის" გენერალურმა მდივანი პეტრე ცისკარიშვილი კი პირდაპირ ამბობს, რომ ანაკლია რუსული კონტროლის ქვეშ გადადის.

„რეალურად, ანაკლიის პორტი გადის რუსული კონტროლის ქვეშ. აი, ამ სქემის მიხედვით უკვე ყველაფერი არის წინასწარ ნათელი. ეს ჩინურ-სინგაპურული კომპანიის და ვითომ ინვესტორის შემოყვანა არის ყველაფერი ტყუილი. ისიც ტყუილია, რომ საქართველოს სახელმწიფოს მფლობელობაში იქნება 51 პროცენტი," - განაცხადა ცისკარიშვილმა.

„ევროპული საქართველოს" წევრის, გიგი წერეთლის თქმით, ხელისუფლება უარს ეუბნება დასავლეთს და გზას უხსნის ჩინეთს.

„არავინაა ჩინეთთან ჯანსაღი ეკონომიკური თანამშრომლობის მოწინააღმდეგე, მაგრამ ჩინეთის ეკონომიკური ექსპანსიის წინააღმდეგია დასავლეთი და დღეს ერთ-ერთ საფრთხედ არის გამოცხადებული. ასეთ ვითარებაში საქართველოს ხელისუფლება კიდევ ერთ, ამგვარ გეოპოლიტიკურ ნაბიჯს დგამს, უარს ეუბნება დასავლეთს და გზას უხსნის ჩინეთს," - აცხადებს წერეთელი.

რას ამბობენ „ოცნებაში"

როგორც პრემიერმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას ხუთშაბათს თქვა, ჩინური კომპანიის მიერ ამ ტენდერის მოგება იძლევა იმის გარანტიას, რომ ანაკლიის პროექტი უმაღლეს დონეზე განხორციელდება.

„უამრავი სპეკულაცია მოვისმინეთ ჩინურ კომპანიაზე. ამ დროს, ეს არის ერთ-ერთი უმსხვილესი ჩინური სახელმწიფო კომპანია, რომელსაც აქვს უდიდესი გამოცდილება, მათ შორის ამ ტიპის პროექტების განხორციელების ძალიან დიდი გამოცდილება, შემოიტანეს ძალიან კარგი განაცხადი ამ პროექტის განვითარებაზე.

„ეს არის ჩვენი ინტერესი. ჩინური კომპანიის მონაწილეობით ამ პროექტის განხორციელება არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი, გამომდინარე იქიდან, რომ ჩინურ ტვირთებს ენიჭება განსაკუთრებული მნიშვნელობა ამ პორტის მაქსიმალურად ეფექტიანი ფუნქციონირებისათვის," - განაცხადა კობახიძემ.

თბილისის მერმა, კახა კალაძემ კი ევროკავშირთან ვაჭრობის კონტექსტს გაუსვა ხაზი.

„დაახლოებით, 800 მილიარდამდე ვაჭრობა აქვს ჩინეთს ევროკავშირთან და საქართველოს გავლით სულ მცირე, 2-3% ტვირთების გატარება რომ მოხდეს, რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. პორტის ეს პროექტიც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის, სახელმწიფოებრიობისთვის, სუვერენიტეტისთვის," - თქვა კალაძემ.

„ეს ჩინური კომპანია რუსეთს აწყობსო - შე დალოცვილო, თუ პოლიტიკა არ იცი, გავიგე, მაგრამ ეკონომიკა მაინც არ უნდა იცოდე? როგორ შეიძლება რუსეთს აქ ჩინური კომპანია აწყობდეს, როდესაც პირდაპირი კონკურენტია?" - ამბობს „ხალხის ძალის" დეპუტატმი გურამ მაჭარაშვილი. „ - ეს რუსეთის ფედერაციას აწყობდეს? ეს პირველ რიგში, აწყობს საქართველოს."

საფრთხე თუ უნიკალური შანსი?

პოლიტოლოგისა და ყოფილი სახელმწიფო მინისტრ პაატა ზაქარეიშვილის აზრით, ეს არის რუსეთის და საქართველოს გარიგება, რომ შედარებით სუსტი ჩინეთი შემოუშვას არაჩინურ რეალობაში.

„ეს უაღრესად სახიფათო პროექტია, რადგან შავი ზღვა პრაქტიკულად ნატოს ზღვაა. თურქეთი ნატოს წამყვანი ქვეყანაა. ასევე ბულგარეთი, რუმინეთი ალიანსის წევრებია, უკრაინა და საქართველო მიდიან. მხოლოდ რუსეთია, რომელიც ამ ყველაფერს ეწინააღმდეგება. ჩინეთს არაფერი საერთო რეგიონთან არა აქვს. რეგიონში ორი ძლიერი და გავლენიანი ქვეყანაა, ეს არის რუსეთი და თურქეთი. ჩინეთის შავ ზღვაზე შემოსვლით ფიქსირდება შორეული ჩინეთის ინტერესები. ფატქობრივად, ჩინეთი ფეხს დგამს ნატოს რეალობაში და ახალი მოთამაშე შემოდის. აქამდე თუ ორი მოთამაშე იყო, რუსეთი და ნატო, ახლა მესამეც დაემატა. მას აქვს უაღრესად დიდი გეოპოლიტიკური განზომილება. ჩინეთი ნატოს ინტერესთა სფეროში ხელების ფათურს იწყებს. რა თქმა უნდა, ამას რუსეთის ნებართვის გარეშე ვერ გააკეთებდა, მაგრამ რუსეთი ვერ შემოდის. მას არ უნდა, რომ კავკასია დაკარგოს და ნატოს, დასავლეთს და დემოკრატიას დაუთმოს, ამიტომ მზად არის რაღაცებზე თვალი დახუჭოს.

„რუსეთს იმედი აქვს, რომ ჩინეთს კავკასიაში ცივილიზაციური ბმები არა აქვს, არც ენით, კულტურით, ტერიტორიით და არც რელიგიით. თურქეთსა და რუსეთსაც კი აქვთ გარკვეული ბმები. ამიტომ ჩინეთი ცივილიზაციურად კავკასიაში ფეხს ვერ მოიკიდებს. რუსეთი ასე ფიქრობს და მას უნდა, რომ დრო გაწელოს, შეაფერხოს საქართველოს ნატოში გაწევრიანება და შემდეგ ისევ ფეხი მოიკიდოს. აქ ეკონომიკა არაა წამყვანი, აქ მთავარი გეოპოლიტიკაა.

„ეს არის რუსეთის და საქართველოს გარიგება, რომ შედარებით სუსტი ჩინეთი შემოუშვას არაჩინურ რეალობაში. ჩინეთი ძლიერია ცენტრალურ აზიაში, ინდო-ჩინეთში და ა.შ. მაგრამ კავკასიაში - არა. ამიტომ, რუსეთს შეუძლია შედარებით სუსტი მოთამაშე იყოს, ვიდრე დემოკრატიული ქვეყნები," - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა „რეზონანსთან".

პოლიტოლოგ ედიშერ გვენეტაძის თქმით, ანაკლიის პორტის მშენებლობა უნიკალური შანსია, რომ საქართველო ერთ-ერთი უმთავრესი გზაჯვარედინი გახდეს.

„ანაკლიის პორტის მშენებლობა ორივე მხარისთვის აუცილებლობას წარმოადგენს. ეს არის უნიკალური შანსი, რომ საქართველო გახდეს ერთ-ერთი უმთავრესი გზაჯვარედინი, არამხოლოდ აღმოსავლეთსა და დასავლეთს, არამედ სამხრეთსა და ჩრდილოეთს შორისაც. ეს მართლაც ისტორიული შანსია, რომელიც ჩვენმა ქვეყანამ ხელიდან არ უნდა გაუშვას და ეჭვიც არ მეპარება, რომ არ გაუშვებს. ჩემი აზრით, ანაკლიის პორტის აშენება საქართველოსთვის ამ ბინძური ბრძოლის მოგების ტოლფასია. როგორც ამბობენ ეს პროექტი საფრთხის მომტანიო, არავითარ შემთხვევაში არ ვეთანხმები. ამ ქვეყანაში გაცილებით მეტ საფრთხეს სხვა ადამიანები წარმოადგენენ," - უთხრა ედიშერ გვენეტაძემ „რეზონანსს".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე