ნატალია ჯვარიძე
(29.05.2024)

„რადგან ეს პროცესი დაიწყო, ის გაგრძელდება და მიიღებს უფრო მკვეთრ გამოხატულებას როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთაც. არჩევნებამდე კი „ოცნება" იმ ხმებსაც დაკარგავს, რომელიც ახლა აქვს," - აცხადებს პოლიტოლოგი იგორ კვესელავა, რომელსაც „რეზონანსი" ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე ესაუბრა.

იგორ კვესელავა: საქართველოს მძიმე რეალობა კარგა ხანია დგას და ეს უკვე კულმინაცია იყო. სამწუხაროა, რომ ხელისუფლება ამდენი ხალხის აზრს არ ითვალისწინებს. არ მესმის, ამას რატომ აკეთებენ. აქ ლაპარაკი ხომ არ არის 100 და 200 კაცზე. აქ საუბარია მთლიან მასაზე. არა მარტო თბილისში მაცხოვრებლებზე, არამედ რეგიონშიც. როდესაც ევროპისა და ამერიკის ლიდერები აანონსებენ, რომ კანონის მიღების შემთხვევაში სანქციებს დააწესებენ, ეს ხელწამოსაკრავი არაა. ამიტომ, მათგან მკვეთრ რეაქციებს უნდა ველოდოთ.

მთავრობაში რომ მოდის ახალი ხელისუფლება, ადრე დაშვებულ შეცდომებზე უნდა მუშაობდეს, თუმცა ამათთან პირიქით მოხდა და უფრო დაამძიმეს მდგომარეობა. რაც ახლა საქართველოში ხდება, ასეთი რამ არ მეგულება არც ერთ პოსტსაბჭოურ ქვეყანაში.

ამრიგად, ჩემი აზრით, რადგან ეს პროცესი დაიწყო, ის გაგრძელდება და მიიღებს უფრო მკვეთრ გამოხატულებას როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთაც. არჩევნებამდე ცოტა დრო დარჩა და ეს პერიოდი სამწუხაროდ, ქართველ ხალხს კოშმარივით დააწვება. 2 წლის წინ ვამბობდი, რომ კატასროფამდე მივალთ-მეთქი და სამწუხაროდ, უკვე მივედით. ვერ გავიგე, ამ ხელისუფლებას რა უნდა. ამბობენ, რომ რუსეთი არა, ქცევებიდან ჩანს, რომ ევროპა და აშშ-ც არა, მაშინ ვინ უნდათ? რა მიმართულებით მიდიან?

თქვენ ნახავთ რამხელა წინააღმდეგობებს გამოიწვევს ჩინეთის ახალი წამოწყება, როგორც რუსეთის, ასევე ამერიკისა და ვეროპის მხრიდან. ჩინეთს თავისი ინტერესები აქვს.

„რეზონანსი": როგორ შეაფასებდით პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ახალ ინიციატივას?

ი.კ: პრეზიდენტსა და ხელისუფლებას შორის ასეთი დამოკიდებულება არ მახსოვს ვინმეს ჰქონოდა. ვინ არის ამაში დამნაშავე? მაინცდამაინც ზურაბიშვილი? არ არის ასე, მითუმეტეს მისი დანაშაული არ სცნო არც ამერიკამ და არც ევროპამ. პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ აშშ და ევროპა ახლა საქართველოს პრეზიდენტის მხარეს დგას.ზურაბიშვილმა დაშვებული შეცდომები გამოასწორა. ის იდეა კი, რაც ახლა მან წამოაყენა, შესანიშნავია. თუ აქამდე ის ჩიტის მდგომარეობაში იყო, ახლა საქართველოს ხელისუფლებამ არწივად გადააქცია, რომელიც ასპარეზზე გამოვიდა და ერის გაძღოლის ფუნქცია აიღო. „ოცნებამ" საზოგადოება ცალკ-ცალკე დაჰყო და ამის გაერთიანებას ზურაბიშვილი ცდილობს. ამიტომ, მე მივესალმები რეფერენდუმის იდეას.

„რ": არსებული ვითარებიდან გამომდინარე, დაკარგა თუ არა „ოცნებამ" ამომრჩევლები?

ი.კ: „ოცნების" წევრები ლაპარაკობენ, 80% გვიჭერს მხარსო. საქმე იმაშია, რომ მათ მხარს მათი გუნდელების 80% უჭერს მხარს, 100%-იც არაა. როცა ამას ჰყვირიან, დიდ შეცდომას უშვებენ. ჩვენ ვხედავთ, რომ ბევრი თანამდებობას ტოვებს, ეს კიდევ გაგრძელდება. ეს რას ნიშნავს? ე.ი. შიგნით რაღაც სერიოზული გარღვევები აქვთ.

იაგო კაჭკაჭიშვილი არის შესანიშნავი მეცნიერი, რომელსაც ძალიან სამართლიანი კვლევის მექანიზმები აქვს და ის ამბობს, რომ „ოცნებას" ამხელა ხმების რაოდენობა გამორიცხულია, ჰქონდეს. ხელისუფლებას ახლა მხარს უჭერს დაახლოებით 40%. აქედან 10% სახელმწიფო სტრუქტურებიდანაა. ისინი არჩევნებზე წინ წაგდებული 10%-ით მოდიან. თუმცა თუ ასე გაგრძელდება შეიძლება ამ რიცხვმა კიდევ უფრო დაიწიოს.

„რ": რას ნიშნავს 26 მაისს ირაკლი კობახიძის სიტყვის გამოსვლისას გაკეთებული განცხადება, რომ 2030 წლისთვის საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას აღადგენს?

ი.კ: ეს წინასაარჩევნო კამპანია კი აღარაა, არამედ წინასაარჩევნო ტყუილია. ეს მიანიშნებს იმაზე, რომ მათ უჭირთ და ასეთ ტყუილებს იგონებენ. არ იცის ამ ადამიანმა, რომ ეს საკითხი რუსეთის გარეშე ვერ გადაწყდება? დავუშვათ რუსეთმა გადაწყვიტა, აფხაზეთის გარეშე ეს ხომ ასე ვერ მოხდება? აფხაზურ-ქართული ურთიერთობა მე ძალიან კარგად ვიცი. გამორიცხულია ასეთ სიტუაციაში აფხაზები საქართველოს შემადგენლობაში დაბრუნდნენ. რას ფიქრობენ ისინი, რომ თუ დასაველეთსა და ამერიკას ჩამოშორდებიან, რუსეთი ამაში დაეხმარება? ჰგონიათ, რომ რუსეთი აფხაზეთის წარმომადგენლებს დაუძახებს, ეტყვის, რომ თქვენ საქართველოსთან უნდა დაბრუნდეთ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი მათ ყურს აახევს. ეს იარაღის გარეშე შეუძლებელია და როგორ გგონიათ, რუსეთი ჩვენ გამო სისხლს დაღვრის? რა თქმა უნდა, არა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე