თამთა ჩაჩანიძე
(24.05.2024)

„თუკი მეორედ გამოტანილი კანონი „ოცნებამ" უკან წაიღო იმიტომ, რომ დააძალეს, მისმა ამომრჩეველმა შეიძლება ეს სისუსტედ ჩათვალოს, რაც არ უყვართ და ამიტომ შეიძლება თავისი ელექტორატი დაკარგოს", - ამბობს „რეზონანსთან" ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენების შეფასებისას. მისი თქმით, მიუხედავად მოსალოდნელი სანქციებისა და ქვეყანაშე მიმდინარე მოვლენებისა, „ქართული ოცნება" უკან დამხევი არ ჩანს.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი აშშ საქართველოში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაში პასუხისმგებელ ან თანამონაწილე პირებზე და მათი ოჯახის წევრებზე სავიზო შეზღუდვების პოლიტიკას აცხადებს.

ამ განცხადებას „ოცნების"პოლიტსაბჭო გამოეხმაურა, რომლის განცხადებაში ნათქვამია, რომ მმართველი პარტია უკან არ დაიხევს, „სანქციები მხოლოდ კონტრპროდუქტიულია და თავად სანქციის დამწესებელს აზიანებს".

„არ ვაპირებთ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტითა და უსაფრთხოებით ვაჭრობას. ვერავითარი შანტაჟი ვერ გვაიძულებს ჩვენი ქვეყნის საწინააღმდეგო ნაბიჯი გადავდგათ. ასეთ ვითარებაში, სანქციები მხოლოდ კონტრპროდუქტიულია და თავად სანქციის დამწესებელს აზიანებს. შესაბამისად, მოვუწოდებთ ყველას, იმოქმედონ პრაგმატულად და გადადგან ქმედითი ნაბიჯები ურთიერთობების გაჯანსაღებისთვის, რაც თანაბრად შედის როგორც ქართველი, ისე ამერიკელი ხალხის ინტერესებში", - აცხადებს „ქართული ოცნება".

ამასთან, „ოცნება" მომავალ კვირას გეგმავს პრეზიდენტის ვეტო დაძლიოს - პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა ორშაბათს, 27 მაისს, გაიმართება. სხდომის დღის წესრიგში პირველ საკითხად წერია „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტზე პრეზიდენტის მიერ დადებული ვეტოს განხილვა. პროცედურის თანახმად, პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებში შესწორების შეტანა შეუძლებელია. მიუხედავად ამისა, იურიდიული კომიტეტის სხდომაზე მოუსმენენ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს და შეკითხვებს დასვამენ პარლამენტის წევრები. ამის შემდეგ კომიტეტი მოტივირებულ შენიშვნებს კენჭს უყრის, რომლის შედეგებისგან დამოუკიდებლად, საკითხი პლენარულ სხდომაზე გავა.

როგორც ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე ამბობს, თუ „ოცნებამ" კაონო უკან გაიტანა, ეს „დაჩოქება" გამოდის, რასაც ამომრჩეველი სისუსტეში ჩაუთვლის.

„შეურაცხმყოფელია, როცა გკარნახობენ, როგორ მოიქცე. არათუ გკარნახობენ, მერე უკვე აღმოჩნდება, რომ გაიძულებენ კიდეც. იძულებით მოქმედება - დაჩოქება, ღირსეული მდგომარეობა არაა. ასეთი იძულების სურათის მაგივრად, ყოფილიყო დიალოგი, გარჩევა, საუბარი, რომელშიც დაარწმუნებდნენ, ეს შეთავაზება იყო „ოცნებისგან", რომ დაგვარწმუნეთ რაში ვართ მცდარი და გადავხედავთ ჩვენს პოზიციასო. დიალოგი არ შედგა - არავინ ასეთი დარწმუნება არ სცადა და არის მხოლოდ მუქარა. მუქარის ფონზე კი, ადამიანს რომ უკანდახევა არ უნდოდეს, ეს ბუნებრივი რეაქციაა.

„რაც შეეხება პოლიტიკიურ მხარეს - თუკი მეორედ გამოტანილი კანონი „ოცნებამ" უკან წაიღო, იმიტომ, რომ დააძალეს, მისმა ამომღჩეველმა შეიძლება ეს სისუსტედ ჩათვალოს, რაც არ უყვართ და ამიტომ შეიძლება თავისი ელექტორატი დაკარგოს.

„ისეთი შთაბეჭდილება რჩება, მით უმეტეს ამ ბოლო პერიოდის მოვლენების შედეგად, რომ „ქართული ოცნების" ელიტა ფიქრობს დასავლეთის კონსერვატიულ ჯგუფებთან ერთიანობას, ვიდრე არაკონსერვატიულ ფრთასთან. ეს გამოიხატებოდა უნგრეთში ვიზიტშიც და ასევე გახმაურებული მუქარის შინაარსიც ისეთია - კონსერვატორი პოლიტიკოსის მაგალითია მოყვანილი და ა.შ. ალბათ „ოცნების" ლიდერები ფიქრობენ, რომ მათ მხარდაჭერა სწორედ კონსერვატორების მხრიდან ექნებათ. პოლიტიკური სასწორი ახლა ლიბერალური ძალების სასარგებლოდაა გადახრილი, წელს უამრავი არჩევნებია და ალბათ ვარაუდობენ, რომ პროპორცია კონსერვატორული ძალებისკენ გადაიწევს და შესაძლოა ეს მათთვის წარმატებული აღმოჩნდეს.

„ოცნება" ყოველდღიურად აცხადებს, რომ ვეტოს დაძლევას აპირებს, ყველა შეტევის შემდეგ, უკან არ იხევს და არ იცვლება თეზისი, რომ ვეტო დაიძლევაო. ლოგიკა არ გვკარნახობს, რომ მათი ეს განაცხადი საეჭვო იყოს. ალბათ დაძაბულობა იქნება, ჩვენ საქართველოში გვიყვარს დაძაბული მდგიმარეობა, მაგრამ პიკი უკვე იყო და მეეჭვება, რომ იმ ხარისხის იყოს, თუმცა დაძაბულობა ალბათ იქნება", - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ „რეზონანსთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე