ნატალია ჯვარიძე
(24.05.2024)

24 მაისს, 19:00 საათზე, თავისუფლების მოედანზე „თავისუფლების მარში" გაიმართება და შეკრებილი აქციის მონაწილეები მსვლელობით შინაგან საქმეთა სამინისტროსკენ გადაინაცვლებენ. ორგანიზატორ გიორგი მშვენიერიძის თქმით, ეს აქცია შსს-მიერ უკანონოდ დაკავებული ადამიანების სოლიდარობისთვისაა. ანალიტიკოსების აზრით, საპროტესტო მუხტი 28 მაისს, ვეტოს დაძლევის დღეს გააქტიურდება. როგორც ისინი აღნიშნავენ, ამაზე ამერიკის მიერ „ოცნების" სავარაუდო დასანქციერება დიდ როლს შეასრულებს.

„დღევანდელი აქცია არის შსს-მიერ უკანონოდ დაკავებული ადამიანების სოლიდარობისთვის და მათ მიერ სასტიკად ნაცემი ადამიანებისთვის. ამიტომ, ამ მარშით გვინდა ჩვენ სოლიდარობა გამოვხატოთ მათ მიმართ. ბოლო კვირების განმავლობაში, ვინც აქციების დროს რაიმე სახის დაზიანება მიიღო ან და დაკავებულია, ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები უფასო იურიდიულ დახმარებას უწევენ და იბრძოლებენ მათი უფლებების დასაცავად. ჩვენ ასევე ვიზრუნებთ, რომ ამ ადამიანების მიმართ დაკისრებული უკანონო ჯარიმები იყოს გადახდილი, რომ ეს მათ ტვირთად არ დააწვეთ. დღევანდელი აქცია, რა თქმა უნდა, იქნება კვლავ არაძალადობრივი, კონკრეტული მესიჯებითა და გზავნილებით გაჯერებული.

თავისუფლების მოედნის პარალელურად, „სტუდენტური მოძრაობის" წევრები შეკრებას რუსთაველის მეტროსთან 18:00 საათზე აანონსებენ. მათი ინფორმაციით, რუსთაველის მეტროსთან შეკრებილი აქციის მონაწილეები მსვლელობით, თავისუფლების მოედანზე შეკრებილ აქციის მონაწილეებს შეუერთდებიან.

ანალიტიკოს ვახტანგ ძაბირაძეს მიაჩნია, რომ დღეს აქციაზე დიდად ბევრი ხალხი არ იქნება, თუმცა სამშაბათს, ვეტოს დაძლევის დღეს საპროტესტო მუხტი აიწევს. მიაჩნია, რომ შესაძლოა ხელისუფლებამ ვეტო დაძლიოს, მაგრამ შემდეგ აშშ-ს ევროკავშირიც შეუერთდება და „ოცნება" რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდება.

„საპროტესტო მუხტი აქტიურია და ასევე დარჩება, თუმცა არ მგონია, რომ კონკრეტულად დღეს იქნება მრავალრიცხოვანი გამოსვლა. დღეს უფრო აქტივისტები გამოვლენ, მაგრამ სამშაბათს, ვეტოს დაძლევის დღეს, ძალიან ბევრი ხალხი იქნება, თუმცა ამას ხელისუფლების გადაწყვეტილების მიღებაზე არა მგონია რაიმე გავლენა ჰქოდეს. აქციებთან ერთად ჩვენ ვიხილეთ აშშ-ს მიერ „ქართული ოცნების" წევრების სავარაუდო დასანქცირება. ეს გარკვეულ როლს შეასრულებს, მაგრამ ალბათ ვეტოს დაძლევენ. ამის შემდეგ კი პროცესები ურთულესად წავა. ევროკავშირი აშშ-ს შეუერთდება და მე დარწმუნებული ვარ, რომ „ოცნება" მძიმე ვითარებაში აღმოჩნდება. მთავარი ამოცანა კი ის არის, რომ საზოგადოებამ პოლიტიკურ ძალებთან ერთად საპროტესტო აქციები არჩევნებამდე მიიყვანონ და უნდა ვეცადოთ, რომ პროტესტის უკიდურესი გამწვავებით ხელისუფლების ცვლილება უნდა მოხდეს. აქცია მრავალრიცხოვანი უნდა იყოს, თუმცა გამოკვეთილად მშვიდობიანი". - განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ „რეზონანსთან".

ანალიტიკოსის ზაალ ანჯაფარიძის აზრით კი აშშ-ის მიერ გამოცხადებული ხელისუფლების სავარაუდო დასანქცირება ოპოზიციისთვის ერთგვარი სტიმული იქნება, რომ ოდნავ მინავლებული აქციები ხელახლა გააქტიურონ, სლოგანით „დასავლეთი ჩვენთან არის". მისივე თქმით, საპროტესტო მუხტი სამშაბათს უფრო მოიმატებს.

„რა კი აქცია გამოცხადდა შედგება კიდეც, მაგრამ რამდენად მრავალრიცხოვანი იქნება არ ვიცი, თუმცა იმედს ვიტოვებ, რომ ის მშვიდობიანად დასრულდება და ძალადობაში არ გადაიზრდება.

აშშ-ის მიერ გამოცხადებული ხელისუფლების სავარაუდო დასანქცირება ოპოზიციისთვის ერთგვარი სტიმული იქნება, რომ ოდნავ მინავლებული აქციები ხელახლა გააქტიურონ, სლოგანით „დასავლეთი ჩვენთან არის". ოპოზიციონერი პოლიტიკოსებისგან და მათი მხარდამჭერებისგან ასეთი ნარატივები მოდის.

სამშაბათს უფრო გააქტიურდება აქცია, რადგან კანონის მიღებამდე ერთი ნაბიჯი რჩება. ოპოზიცია ამას ხელიდან არ გაუშვებს, რადგან საზოგადოებასა და დასავლეთს თავი კიდევ ერთხელ შეახსენოს. დღეს „ლელოს" ოფისში ბრიფინგი გაიმართა და მათმა წარმოამდგენელმა პირდაპირ განაცხადა, რომ მათ დასავლეთის მხარდაჭერის იმედი აქვთ.

ხელისუფლების განცხადებებიდან გამომდინარე ისინი არ აპირებენ, რომ გადახედონ თავიანთ თავდაპირველ მიდგომას, კანონი უკან გაიწვიონ ან პირიქით ვეტოს დაძლევის პერიოდი გადადონ. ერთადერთი ვარიანტი რჩება ის, რომ კომიტეტმა ვეტო დაძლიოს, მაგრამ პარლამენტის მიერ ვეტოს დაძლევა გარკვეული ვადით გადაიდოს. ეს არის ერთადერთი ვარიანტი, რომ დასავლეთთან დაძაბული ურთიერთობა ცოტა განმუხტონ, მაგრამ არამგონია ასე მოხდეს.

მე ვფიქრობ, რომ რაც ახლა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა და სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკელმა გააკეთა განცხადება არის გამაფრთხილებელი გასროლა „ქართული ოცნების" მისამართით. მათ გვითხრეს, რომ ჩვენ ვიწყებთ ასეთ პროცედურებს, ახლა კი თქვენზე არის დამოკიდებული თუ რას გააკეთებთ. თუ აშშ-მ ეს გადაწყვეტილება მიიღოს ეს სერიოზულად დააზიანებს ორმხრივ ურთიერთობებს. თუ ამერიკელებს იმის იმედი აქვთ, რომ ისინი აქ საპარლამენტო არჩევნებს არალეგიტიმურად გამოაცხადებენ და ამით რევოლუციურ პროცესებს შეუწყობენ ხელს, რომ ხელისუფლებაში ოპოზიცია მოვიდეს, ჩემი აზრით, ეს ფუჭი იმედია. ჩემი მოლოდინი მაინც არის იმის, რომ რაღაც წერტილოვანი სანქციები იქნება, მაგრამ ეს არ შეეხება ძალიან ბევრ პირს. ან შეიძლება საერთოდ არც არაფერი მოხდეს. შესაძლოა პროცესები გაიწელოს, რადგან ბლინკელმა განაცხადა, რომ ის ქართულ-ამერიკული ურთიერთობების მთელი სპექტრის გადახედვას იწყებს. ამ გადახედვამ კი შესაძლოა გარკვეული დრო წაიღოს. ეს ასე მარტივად არ ხდება. ამრიგად, მე ვფიქრობ, რომ ამერიკელებიც და ევროპელებიც არჩევნებს დაელოდებიან," - განაცხადა ზაალ ანჯაფარიძემ „რეზონანსთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე