ელზა პაპოშვილი
(23.05.2024)

გაერთიანების იდეამ ოპოზიციურ ფლანგზე ახალი დაპირისპირება გამოიწვია. მიხეილ სააკაშვილის მოწოდებას საერთო საარჩევნო სიის შექმნაზე პარტიების დიდი ნაწილი ეწინააღმდეგება. „ლელოს“ ლიდერის განცხადებას კი ოპოზიციონერი ლიდერების ნაწილის უკმაყოფილება მოჰყვა. ბევრის მიერ არასწორ სტრატეგიად ფასდება მამუკა ხაზარაძის პოზიცია, რომელიც „ნაციონალური მოძრაობისგან“ ცალკე, ალტერნატიული ცენტრის ჩამოყალიბებას გულისხმობს.

ერთი სიისა და ერთიანი ფრონტის ფორმირების უპირატესობაში დასარწმუნებლად ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტიიდან „ლელოს“ შიდა კვლევის შედეგებზეც მიუთითეს. „ნაციონალური მოძრაობისა“ და პარტიების ნაწილისთვის მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების გზა დიდ ოპოზიციურ გაერთიანებაზე და საერთო სიაზე გადის. თუმცა პოლიტიკური აქტორების ნაწილი გამოსავალს მაქსიმალურ კოორდინაციაში და რამდენიმე ოპოზიციური ცენტრის შექმნაში ხედავს. პოზიციები გაიყო, რასაც ერთმანეთის მისამართით კრიტიკული გზავნილებიც მოჰყვა.   

პარლამენტის ფრაქციის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია“ წევრი, ანა წითლიძე არჩევნებზე პარტიების შესაძლო კონფიგურაციასა და ერთიან სიაზე საუბრობს. მისი აზრით, საერთო ოპოზიციურ სიაში მოიაზრებენ ყველას, ვისაც ამის სურვილი ექნება. ამაზე ის „ღამის კურიერის“ ეთერში საუბრობს.

„საერთო ოპოზიციური სიის პირობებში, რაც მიხეილ სააკაშვილის და „ნაციონალური მოძრაობის“ ინიციატივაა, ჩვენ ვგულისხმობთ ყველა პარტიას, მიუხედავად განსხვავებისა, ყველას, ვისაც სურვილი ექნება, რომ ამ პლატფორმაში იყოს და ერთიანი ოპოზიცია გავიდეს ერთიანი სიით, რაც ნიშნავს იმას, რომ ყველას მოვიაზრებთ. მზად ვართ, მათ შორის, რომ საარჩევნო ნომერი ნეიტრალური იყოს, მზად ვართ ბევრი იმ დათმობისთვის, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობას“ მოუწევს და ა.შ. ჩვენი მთავარი არგუმენტი არის ის, რომ გვესმის ამ ბრძოლის მნიშვნელობა და გვესმის ის, რომ საქართველოს მოქალაქეების მთავარი დაკვეთაა, ოპოზიცია ნახონ ერთიანი.

„როცა ვამბობთ საერთო ოპოზიციურ სიას, ვგულისხმობთ ყველას. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ წითელი ხაზები შეიძლება ბევრ ადამიანთან გვქონდეს, მათ შორის პიროვნული და ა.შ. ჩვენ ამ ყველაფერს ვივიწყებთ საერთო სიის პირობებში,“ - განაცახდა ანა წითლიძემ. 

„ლელოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე კი პირდაპირ ამბობს, რომ ერთიან სიას არ ეთანხმება და პარტია ენმ-ის გარეშე ალტერნატიული ცენტრის შექმნაზე მუშაობს.

„არ ვეთანხმები ერთიანი სიის იდეას, ვეთანხმები ალტერნატიული ცენტრის იდეას. ჩვენ ამომრჩეველს უნდა მივცეთ ალტერნატიული პლატფორმის და არჩევანის საშუალება...

არ მჯერა არანაირი ერთიანი სიის, ამას გეუბნებით ძალიან მკაფიოდ, ამიტომ ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას ამ ალტენატიული ცენტრის შექმნაზე. გვაქვს ამასთან დაკავშირებით ნაბიჯები გადადგმული, მაგრამ მეტ დეტალს, სამწუხაროდ, ახლა ვერ გეტყვით.

„ეს იქნება ცენტრი ნაციონალური მოძრაობის გარეშე. ჩვენ ნაციონალურ მოძრაობასთან ერთად ერთ სიაში არ ვიქნებით. ამას მკაფიოდ ვამბობდით, ვამბობთ და გავიმეორებთ მომავალში“, -ამბობს ხაზარაძე. 

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე „რეზონანსთან“ ამბობს, რომ საერთო სიებზე საუბარი ოპოზიციაში დიდი სისულელეა, რადგან ყველაზე მეტად ახლა ვისაც ეს აწყობს, „ქართული ოცნებაა“. მიიჩნევს, რომ პირიქით, მესამე ცენტრი უნდა გაკეთდეს, რადგან „ნაციონალებსაც“ და „ოცნებასაც“ საკუთარი ამომრჩეველი მაინც გარანტირებული ჰყავს. 

„არ ვიცი, ამ ოპოზიციამ რით ვერ  გააკეთა ანლიზი რეალურად რის გამო აგებენ არჩევნებს. საერთი სიებზე და გაერთიანებაზე ნაციონალურ მოძრაობასთან, საუბარიც კი „ოცნების“ წისქვილზე ასხამს წყალს. ამდენი წელია ხელისუფლება სწორედ ამით იგებს და მუდმივად ამას ცდილობს, რომ ნაციონალურ მოძრაობად მონათლოს მთელი ოპოზიცია და მასთან დარჩეს პირისპირ. გასაგებია, რომ ნაციონალებს საკუთარი დღის წესრიგი აქვთ და სხვა არ ადარდებთ, მაგრამ დანარჩენი ოპოზიცია რაზე ფიქრობს?

„მათ ვურჩევ, რომ მესამე ცენტრი შექმნან, სადაც იქნება „ლელო“, გახარია, დოლიძე, ელისაშვილი, თუნდაც საპარალმენტო გირჩი, რომელიც შეიძლება საკმაოდ სერიოზული ძალა გახდეს. ჯერ ერთი ამ სიებზე წავა ისეთი ხოცვა, რომ წარმოუდგენელია ვინმე რამეზე მორიგდეს. ჩვენთან ყველას ისეთი ამბიციები აქვს, რომ გამორიცხულია სიის ბოლო რიგებს დასთანხმდნენ. მერე დავა წავა მინისტრთა კაბინეტის დაკომპლექტებაზე. აქ, რა თქმა უნდა, ნაციონალები მოითხოვენ პრემიერს, ძალოვან სტრუქტურებს და დანარჩენ ოპოზიციას რაღა დარჩება?! „ოცნება“ გავა პირველ ადგილას, ამაში ორი აზრი არაა. თუმცა, როგორც ჩანს, ნაციონალებს უკვე ეჭვი ეპარებათ, რომ ოპოზიციურ ფლანგზე ნომერ პირველები იქნებიან. ამიტომაც აქვთ ეს ახალი გეგმა“, - ამბობს ძაბირაძე. 

მისი თქმით, არ არის გამორიცხული, რომ „ნაციოანლებს“ ეს შიში გაუჩნდეთ, ამიტომაც დაიწყეს საერთო სიაზე საუბარი. მიიჩნევს, რომ ოპოზიცია დარწმუნებული არ უნდა იყოს სააკაშვილის განცხადებებში, რადგან არჩევნებამდე სააკაშვილი არის თუ არა ბოლომდე ჩამოყალიბებული არავინ იცის - „ის პოლიტიკურად არაადეკვატურია, ამიტომ მისი წინადადებების მიღება მთელი ოპოზიციისთვის დამღუპველი იქნება.“ 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე